"რესტორანში, ჩვენ გვერდით მაგიდასთან კონსტანტინე გამსახურდია იჯდა ხშირად, ყოველთვის მარტო იყო და ჩაის მიირთმევდა", "კრემერი იმდენად მკაცრი ყოფილა, ყოფილმა სტუდენტებმა კუბო გაუკეთეს და სახლის კართან მიაყუდესო" - რას იხსენებენ კურსდამთავრებულები თსუ-ს შესახებ
"ირაკლი შენგელია ლექციაზე რომ არ გამოჩნდა, ვიღაცამ მიაკითხა სახლში და გარდაცვლილი დახვდა... მთელი კურსი კი არ ვტიროდით, ვბღაოდით. ქუჩაში მოვდიოდი ხმამაღალი ტირილით"
მოგონებები სტუდენტობის წლებზე დაუვიწყარია თსუ ყოფილი სტუდენტებისთვის და ყოველთვის სიამოვნებით იხსენებენ იმ დროს. ინტერვიუ ჩავწერე ორი სხვადასხვა თაობის ადამიანთან - ქალბატონი მაკა აბესაძე პირველ კორპუსში სწავლობდა, ხოლო ბატონ ელიზბარ ელიზბარაშვილს ლექციები მეორე კორპუსში უტარდებოდა. მოგონებების გარდა, მათ ვთხოვე, აზრი გამოეთქვათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შეერთების საკითხზე... ეს თემა დღის წესრიგიდან მალე მოიხსნა, თუმცა ცვლილებების და რეორგანიზაციის იდეა დარჩა.
მაკა აბესაძე:
- ვსწავლობდი ფილოლოგიის ფაკულტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაზე, დავამთავრე 1989 წელს. ენა მომწონდა ბავშვობიდან და დღესაც მომწონს (ზოგადად, რუსებზე არა მაქვს საუბარი). ყველა მეჩხუბებოდა, მანდ რა გინდა, ინგლისურის განხრით ჩააბარეო, მაგრამ ჩემი გავიტანე. დიდი კონკურსი იყო - ერთ ადგილზე დაახლოებით 10 კაცი. ჯერ დღის დასწრებულზე შევიტანე საბუთები, თუმცა მერე საღამოზე გადავიტანე, არც იქ იყო ნაკლები კონკურსი. შრომითი სტაჟი იყო საჭირო საღამოს განყოფილებაზე ჩასაბარებლად. სტაჟი მქონდა, სკოლა რომ დავამთავრე, იმ წელს უმაღლესში არ ჩავაბარე და ერთი წელი ვმუშაობდი. მისაღები გამოცდებისთვის რომ ვემზადებოდი, ჩემს ახლო ნათესავს, რომელიც მამეცადინებდა, გამოვუცხადე: მაიაკოვსკის ყველა ნაწარმოებს წავიკითხავ, მაგრამ არ ვისწავლი-მეთქი, არ მიყვარდა და იმიტომ. წერით და ზეპირ გამოცდაზეც თემები მაიაკოვსკის შემოქმედებიდან შემხვდა. სკოლაში ნასწავლი მასალაც გავიხსენე და ჩავაბარე, მაგრამ ძალიან ვინერვიულე.
მისაღებ გამოცდებზე რუსულ ენაში კომისიის თავმჯდომარე - დიმა ჭანტურიშვილი შემდეგ უკვე ჩვენი ლექტორი იყო. რუსული ენისა და ლიტერატურის კათედრას ხელმძღვანელობდა ნოდარ ფორაქიშვილი. კურსზე ვსწავლობდით 50 სტუდენტი, ძირითადად, ქართველები, ბიჭი ცოტა გვყავდა, რამდენიმე ჯარში წავიდა და მხოლოდ ოთხი დარჩა. სხვათა შორის, ჩვენი ერთი ლექტორი აღნიშნავდა, რომ ქართველები თემებს რუსულად უკეთ ვწერდით, ვიდრე რუსები. ისინი სასაუბრო ენას შეიძლება ჩვენზე ცოტა უკეთ ფლობდნენ, მაგრამ გრამატიკაში მათზე ძლიერები ვიყავით.

ძალიან მკაცრი იყო ვახტანგ ჭედია, გვასწავლიდა ძველ სლავურ ენას. სიმკაცრის მიუხედავად, ცოდნას არავის უკარგავდა, რამდენჯერმე გადაბარების საშუალებაც გვქონდა. კიდევ იყო კრემერი, ისიც ძველ სლავურს ასწავლიდა. მახსოვს, ერთ-ერთი წინა კურსელი გვეუბნებოდა, რომ კრემერი იმდენად მკაცრი ყოფილა, ყოფილმა სტუდენტებმა კუბო გაუკეთეს და სახლის კართან მიაყუდესო. რამდენად მართალია ეს ამბავი, არ ვიცი. ძველი სლავური მკვდარი ენაა და ერთადერთი წიგნი არსებობდა საჯარო ბიბლიოთეკაში. იქ რომ მივდიოდით, სტუდენტები ერთმანეთს თავზე ვედექით, რომ ჩვენც წაგვეკითხა.
რომელიმე საგნის ჩაწყობა გამორიცხული იყო. ვანო შადური მე-19 საუკუნის ლიტერატურას გვიკითხავდა. თავიდანვე გამოგვიცხადა, არც ეცადოთ ვინმე მომიგზავნოთ პროტექციისთვისო. ერთმა არ დაიჯერა და ვიღაცას ათხოვნინა. შადურმა გამოცდაზე იმ სტუდენტს პირდაპირ მიმართა: დატოვეთ აუდიტორია, ნიშანს ვერ დაგიწერთ, სანამ არ ჩამაბარებთო.
ირაკლი შენგელია იყო უკეთილშობილესი და უიშვიათესი პიროვნება, არასოდეს აძლევდა შენიშვნას სტუდენტს. ვთქვათ, დაინახა, რომ ვიღაცა ღეჭავს „ჟუვაჩკას“, ასე მოგვმართავდა, რა თქმა უნდა, რუსულად: „ძვირფასო კოლეგებო, უწესობაა ღეჭვა ლექციებზე". ანტიკურ ლიტერატურას გვასწავლიდა და ისე საინტერესოდ გვაწვდიდა მასალას, რომ ერთი სიამოვნება იყო მისი მოსმენა. ერთ დღესაც, ბატონი ირაკლი გამოცდაზე არ მოვიდა. ისეთი შეგნებული და სხვანაირი კაცი იყო, რომ ვიფიქრეთ, ალბათ, კიდევ ერთი დღე მოგვცა მოსამზადებლადო. მეორედ მივედით და ისევ არ ჩანს. ვიღაცამ მიაკითხა სახლში, გარდაცვლილი დახვდა... მთელი კურსი კი არ ვტიროდით, ვბღაოდით. ქუჩაში მოვდიოდი ხმამაღალი ტირილით და ყველა მე მიყურებდა. მისი საგანი რისმაგ გორდეზიანმა ჩაიბარა.
არაჩვეულებრივი დევი სტურუა პარტისტორიას გვიკითხავდა და გვეუბნებოდა: რაც გაზეთებში იბეჭდება, ყურადღება არ მიაქციოთ, აბსოლუტურად ყველაფერი ტყუილიაო... დღემდე მაქვს შენახული მაშინდელი გაზეთები, მათ შორის „კომუნისტი“ და ხანდახან ვხალისობ ხოლმე.

ძალიან ხშირად აგვიანდებოდა ლექციებზე ახალგაზრდა ლექტორ ჭიაურელს, ათეიზმს გვიკითხავდა. ზოგჯერ ვსარგებლობდით ამით და სახინკლეში ვიპარებოდით ხოლმე.
ჩემი სტუდენტობის დროს დაიწყო ეროვნული მოძრაობის გააქტიურება. მახსოვს 80-იანი წლების სტუდენტებიდან ერთ-ერთი ლიდერის, დათო ტურაშვილის გამოსვლები. 1989 წლის აპრილის მიტინგებზე ყველანი დავდიოდით, მაგრამ ღამით ვერ ვრჩებოდი, ფეხმძიმედ ვიყავი მეორე შვილზე.
9 აპრილი რომ მოხდა, ჩვენი ლექტორი, ახალგაზრდა კაცი, გვარად კუხიანიძე, რომელიც მეცნიერულ კომუნიზმს გვიკითხავდა, უნივერსიტეტში აღარ გვინახავს.
არ დამავიწყდება ის დღე, როცა მე და ჩემი მეუღლე ტანკებს შორის მოვხვდით. საღამოს 10 საათი იყო, ჩვენ არ ვიცოდით, რომ უკვე კომენდანტის საათი ყოფილა გამოცხადებული. ტანკი ახლოს არასოდეს მენახა, ისეთი შიში გადავიტანე, გონებაში ყველას გამოვემშვიდობე. ჩემი მეუღლე კი მაწყნარებდა, მაგრამ ვეღარ გამოვდიოდით უსაფრთხო ადგილზე. ერთ-ერთი ტანკი გაიჭედა და კოლონადა გაჩერდა. როგორც იქნა, გამოვძვერით იქიდან და სახლამდე მოვაღწიეთ.

რაც შეეხება თსუ და სტუ შეერთებას, მე არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში, თუმცა გაერთიანებაში ტრაგედიას ვერ ვხედავდი და ვერც იმაში, თუ გაერთიანდებოდა, რომელი სახელი დარჩებოდა - თსუ თუ სტუ. გაირკვა, რომ სტუ ტექნიკურ ფაკულტეტებს შეინარჩუნებს და ცალკე უნივერსიტეტად დარჩება. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩემი მეუღლე პაპუნა მეტრეველი ინჟინერია, გპი აქვს დამთავრებული (თბომომარაგება და ვენტილაცია) და მისგან ვიცი, რომ ამ სპეციალობის მქონე დღევანდელმა ახალგაზრდებმა ელემენტარული რამეები არ იციან. მათ არ შეუძლიათ არც პროექტის შედგენა და არც მისი წაკითხვა.
აღარ არის სწავლის საჭირო დონე. ცვლილებები აუცილებელი იყო.
მთავარია, დარჩნენ ლექტორებად ის კომპეტენტური პროფესორ-მასწავლებლები, ვინც იცის საგანი, თორემ ხანში შესულის მიზეზით ვინმეს გათავისუფლება, არასწორად მიმაჩნია. ასაკოვანი იყო ჩემი ლექტორი ირაკლი შენგელია, მაგრამ თავქუდმოგლეჯილი გავრბოდით მის ლექციებზე. წარმოიდგინეთ, დღემდე ყველაფერი მახსოვს მითოლოგიიდან, რაც ამ პიროვნების დამსახურებაა.
ელიზბარ ელიზბარაშვილი:
- სკოლა მედალზე დავამთავრე და 1963 წელს თსუ ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. ის პრესტიჟულ ფაკულტეტად ითვლებოდა, რადგანაც მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტები ჩართულები იყვნენ საკავშირო და საერთაშორისო პროგრამებში და ახალგაზრდა კვალიფიციურ ფიზიკოსებს წინ დიდი პერსპექტივა ელოდათ. ფიზიკის ფაკულტეტზე იყო როგორც ქართული, ისე რუსული სექტორი და საღამოს დასწრებული განყოფილება. ასე რომ, ერთ მიღებაზე 400-ზე მეტი აბიტურიენტი ირიცხებოდა, თუმცა კონკურსი მაინც საკმაოდ დიდი იყო.

უნივერსიტეტმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. იქ აღმოვჩნდი კორიფეების გარემოცვაში. ლექციებს მიკითხავდნენ აკადემიკოსები: მათე მირიანაშვილი, ვაგან მამასახლისოვი, გივი ხუციშვილი, ვლადიმერ ჭელიძე, პროფესორები - ელიზბარ წითლანაძე, დავით კვესელავა, ალეკო იშხნელი, ნიკა პოლიევქტოვ-ნიკოლაძე, გოგი ალექსანდრია და სხვა. მესამე კურსიდან ავირჩიე გეოფიზიკის სპეციალობა. ამ დარგის საფუძვლებს მასწავლიდნენ საქართველოში გეოფიზიკური მეცნიერების ფუძემდებელი და თსუ გეოფიზიკის კათედრის დამაარსებელი პროფესორი მიხეილ ნოდია; გამოჩენილი მეტეოროლოგი, უნივერსიტეტის მეტეოროლოგიური სადგურის დამაარსებელი (1936 წ.) იოსებ ქურდიანი; პროფესორები - მიხეილ ჩხეტია, გრიგოლ მანაგაძე და ზურაბ ხვედელიძე.
თსუ რექტორი იყო აკადემიკოსი ევგენი ხარაძე. იმ დროს უნივერსიტეტში მოღვაწეობდნენ მისი დამაარსებლები, აკადემიკოსები: აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, ივანე ბერიტაშვილი, გიორგი ჩუბინაშვილი და სხვა. რა თქმა უნდა, ისინი ფიზიკის ფაკულტეტზე არ კითხულობდნენ ლექციებს, მაგრამ სტუდენტების დიდ ყურადღებას იპყრობდნენ. ხშირად მისაუბრია თითქმის ყველა მათგანთან. განსაკუთრებული სიამოვნებით მითმობდა დროს ბატონი გიორგი ახვლედიანი.

მესამე კურსზე ვსწავლობდი, როცა ჩვენი კათედრის დოცენტ მიხეილ ჩხეტიას რეკომენდაციით უნივერსიტეტის მეტეოროლოგიური სადგურის დამკვირვებლად მიმიღეს ნახევარ შტატში. შემდეგ გეოფიზიკის კათედრის ლაბორანტი გავხდი, მერე უფროსი ლაბორანტი და ასე ნელ-ნელა, წინ მივდიოდი. ჩემი სტუდენტობისას კათედრაზე მუშაობდა ზურაბ ხვედელიძე (შემდეგ ცნობილი გეოფიზიკოსი), რომელიც თავის დაარსებულ მეტეოროლოგიის სემინარს ატარებდა და მიკრო-სემინარს ეძახდა. ბატონი ზურაბის გარშემო ვიკრიბებოდით ახალგაზრდა მეტეოროლოგები. მისი მეთაურობით ყოველი თვის ბოლოს, სემინარის ჩატარების შემდეგ, ხელფასიდან თანხას ვაგროვებდით და სასტუმრო „საქართველოს“ პირველ სართულზე მდებარე რესტორანში ვქეიფობდით - ერთმანეთს ვადღეგრძელებდით, წარმატებებს ვუსურვებდით... მახსოვს რესტორანში, ჩვენ გვერდით მაგიდასთან ძალიან ხშირად იჯდა კონსტანტინე გამსახურდია, ყოველთვის მარტო იყო და ჩაის მიირთმევდა. შორიდან გავხედავდით ხოლმე, მაგიდასთან მისვლა და გამოლაპარაკება არასოდეს გვიცდია, მისი დიდი მორიდება გვქონდა.

სტუდენტობის დროს ვერაზე ვცხოვრობდი. იქ არის ლამაზი, პატარა ქუჩა (ყაზბეგის ქუჩა ერქვა), რომელიც ფილარმონიიდან იწყებოდა და ბარნოვის ქუჩასთან მთავრდებოდა. ბარნოვზე, 53-ე სკოლასთან ახლოს, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე ცხოვრობდა. თითქმის ყოველ საღამოს, ყაზბეგისა და ბარნოვის ქუჩებზე, მარტო, ყოველგვარი დაცვის გარეშე სეირნობდა ვასილ მჟავანაძე და ყველას გვესალმებოდა, გვიღიმოდა. ზოგჯერ გაჩერდებოდა და გამოგველაპარაკებოდა. მაშინ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით, დღეს კი დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ...
უნივერსიტეტში მუშაობის დროს, მქონდა საზოგადოებრივი დატვირთვაც. ამირჩიეს საზოგადოება „ცოდნის“ ფიზიკის ფაკულტეტის გამგეობის თავმჯდომარედ. პირველი, რაც გავაკეთე, სპორტული კომენტატორი კოტე მახარაძე მოვიწვიე, რომელიც იმხანად მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატს დაესწრო და ძალიან საინტერესო ისტორიები გაგვაცნო. ფიზიკის დიდი აუდიტორია ხალხს ვერ იტევდა, ბევრი ფეხზე იდგა.
თსუ და სტუ შეერთებაზე გადაწყვეტილების მოსმენა თავიდან ძნელი წარმოსადგენი იყო, თუმცა ეს უნივერსიტეტები ფაქტობრივად, სულს ღაფავდნენ. სამწუხაროდ, მიწევს იმის თქმა, რომ დაბალი დონეა როგორც კადრების აღზრდაში, ისე, მეცნიერული კვლევების ხაზით. უამრავ პროფესორს ათეულობით წლების მანძილზე უკავიათ თანამდებობა, მაგრამ არავითარი რეიტინგი არა აქვთ, რა თქმა უნდა, გამონაკლისების გარდა.
კარგია, რომ მთავრობამ გაითვალისწინა უნივერსიტეტების აკადემიური საბჭოს და სენატის მოთხოვნა და უკვე გადაწყდა, რომელი სპეციალობა სად დარჩება და რომელი სად გადავა.
ასევე განისაზღვრა მათი კვოტები საბაზრო მოთხოვნის შესაბამისად. ვფიქრობ, ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს უნივერსიტეტების რეიტინგის გაზრდას და სტუდენტების ცოდნის ხარისხის ამაღლებას.
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)