"9 ფუნტად ვიფრინე შოტლანდიიდან ესპანეთამდე, 10 ევროდ - ესპანეთიდან მაროკოში, ვენიდან იტალიაში - 15 ევროდ... უკვირთ, ამდენს როგორ მოგზაურობო. დაღლა გაივლის, შემდეგ მთელი ცხოვრება ხომ ის გვახსენდება, რაც შთამბეჭდავი ვნახეთ"
მოგზაურობა 55 ქვეყანაში - ირაკლი იაგორაშვილი
"ყველამ ვიცით, ცხოვრების ხანმოკლეობის გამო, ძალიან შეზღუდული დრო გვაქვს, ამიტომაც სულ ვცდილობ, ძალიან ბევრი რამ ვნახო... 55 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, წელს ვაპირებ 65 ქვეყნამდე ავიდე… ერთი ჩასვლით ყველაფერს ვერ ნახავ და ბევრჯერ, ერთ ქვეყანას ისევ მივბრუნებივარ, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებს", - ამბობს ირაკლი იაგორაშვილი.
იგი მოგზაურობის შთამბეჭდავ ამბებს გვიზიარებს, მოგზაურობის მსურველებს კი ურჩევს, როგორ შეძლონ, სასურველ ქვეყნებში სიმბოლურ ფასად იმოგზაურონ...

- ირაკლი, სად დაიბადეთ და გაიზარდეთ, პირველად რომელი ქვეყანა მოინახულეთ?
- დავიბადე ქალაქ თბილისში, გავიზარდე ქალაქ თელავში. ხშირად მიფიქრია, რაც უფრო პატარა გარემოში ცხოვრობ, მით უფრო მეტი შესაძლებლობაა წარმატების მისაღწევად... ჩემი ყველა მოგზაურობა საქმესთან არის დაკავშირებული. 2015 წელს, 15 წლის ასაკში, როგორც კალათბურთელს, ამერიკაში მომიხდა წასვლა. ამერიკის საელჩომ ამარჩია ორკვირიანი პროგრამისთვის. ვაშინგტონში გვქონდა ვარჯიშები, თამაშები, საკმაოდ კარგი პროექტი იყო. დაბრუნების შემდეგ კარიერა აღარ გავაგრძელე, მაგრამ დამრჩა ძალიან სასიამოვნო მოგონებები, უმნიშვნელოვანესი იყო ეს კულტურული გაცვლა, ახალი გარემო, ადამიანები, სამზარეულო და ასე შემდეგ... ვინაიდან ამერიკაში საქმიანი პარტნიორები გვყავს, ყოველ წელს მიწევს ჩასვლა, უკვე ცამეტჯერ ვარ ნამყოფი.

- გვიამბეთ ამ საქმიანობაზე.
- საქართველოში ამერიკელი ფილოსოფოსის და მწერლის - აინ რენდის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ვარ.
აინ რენდი რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში დაიბადა 1905 წელს და საბჭოთა კავშირის პერიოდში ამერიკაში წავიდა. მისი წიგნები ქართულადაც არის ნათარგმნი. მისი ფილოსოფიის ძირითადი ფუნდამენტია - ინდივიდის მთავარი გადარჩენის წყარო. ცხოვრება რომ უკეთესი გავხადოთ, გონიერება და აზროვნებაა საჭირო... როგორც მეცნიერები ვერ შექმნიან პრეპარატებს ემოციებსა და ახირებებზე დაყრდნობით, არამედ, თეორიით და სწავლებით, ასე უნდა მივუდგეთ ჩვენც ცხოვრებას.
ადამიანებს, ძირითადად, საერთო საჭიროებები აქვთ და მერე არსებობს ინდივიდის მიზანი. აინ რენდის ფილოსოფიის მთავარი არსია: შენი გონებით განსაჯო, რა არის შენთვის მთავარი ღირებულება, რა განიჭებს ყველაზე მეტ ბედნიერებას და მუდმივად ამისთვის იბრძოლო… არც სხვას შესწირო შენი ბედნიერება და არც სხვას მოსთხოვო, შენს ბედნიერებას შეეწიროს. ჩვენ გვიყვარს, ყველას ერთი და იგივე რამ მოვარგოთ, მაგრამ ასე არ არის. ადამიანმა შეიძლება სულ სხვა გზა აღმოაჩინოს, რაც მას აბედნიერებს. რჩევა ყველას შეგვიძლია მივცეთ, მაგრამ საბოლოოდ, ინდივიდმა თავად უნდა განსაჯოს, რა არის მისთვის კარგი და ცუდი.
მე ასეთი ხედვა მაქვს: საკუთარ თავს შეიძლება ძალიან ბევრ რამეს ვუკეთებ, მაგრამ გარემოც თუ არ შეცვალე, მარტო განკვეთილად ვერ იცხოვრებ.
ებრაულ სწავლებაში არის ასეთი ფრაზა - სამყაროს შეკეთება. მე, პირადად, ძალიან ბევრი ადამიანისთვის მოხალისეობრივად მისწავლებია, წლების განმავლობაში, სრულიად უსასყიდლოდ.
ამას მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდა: გამოცდილებას ვიძენდი, ახალ ადამიანებს ვიცნობდი და მათ ამ ცოდნას ვუზიარებდი. ჯამში, ორივე მხარე ბედნიერი და კმაყოფილი იყო. სწორი იდეების გავრცელებით, უკეთეს საზოგადოებაში ვიცხოვრებთ. ადამიანებმა უნდა ეძიონ და აღმოაჩინონ ახალი და ღირებული რაღაცები საკუთარ თავში.
მსურს სტიმული მივცე მათ, რაც სურთ აუცილებლად გააკეთონ, თავი არ შეიკავონ, თუ გონივრული მიზანია და არა - რაღაც ახირება. შეცდომაც არ არის ტრაგედია - გაკვეთილია. რა თქმა უნდა, ჩვენი პროექტები ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი, მაგრამ უფრო მეტად ახალგაზრდებისთვისაა, რადგან ახლა იწყებენ ცხოვრებას და მათში სურვილები და მიზნები არ უნდა ჩაკვდეს, უნდა რეალიზდნენ.

- კვლავაც მოგზაურობას რომ დავუბრუნდეთ... ამერიკის შემდეგ ევროპაში იმყოფებოდით?
- დიახ, ბრიტანეთში, გლაზგოში ვსწავლობდი, შემდეგ - ჩეხეთში ვიყავი მოხალისედ, გასულ წელს ვენაში ვიყავი სასწავლებლად. ჩემთვის ევროპაში ყოფნაც არ იყო მხოლოდ სწავლა ან საქმიანი ვიზიტი, იქაური ცხოვრებით ვიცხოვრე. ხშირად ვამბობ, ევროპა იდეალურია დასასვენებლად. ყველაფერი მოგვარებული, მოწესრიგებული, ადამიანზე ორიენტირებულია. თუმცა როგორი კომუნიკაბელური ხალხიც ამერიკაშია, ასეთს უფრო სამხრეთ ევროპაში - იტალიასა და ესპანეთში თუ შეხვდები.
- საფრთხისშემცველი რამ სად უფრო შეგიმჩნევიათ?
- მთელ მსოფლიოში ბევრ ადამიანს აქვს მენტალური პრობლემები. ნიუ-იორკში, ლოს ანჯელესში და პარიზში ეს უფრო ხშირად შემინიშნავს. პარიზში კაცი ჩვენზე თავდასხმას ცდილობდა, მაგრამ კაფეში შევასწარით. აზიაშიც არის კრიმინალი, მაგრამ მაინც უფრო თბილი გარემოა...
ჩვენ უკვე ევროპული ქვეყანა ვართ და იქ ჩვენთვის უცხო აღარაფერია. აზიაში მოგზაურობა რომ დავიწყე, ძალიან საინტერესო, შოკიც კი იყო ჩემთვის ბევრი რამ. ამიტომაც ამ ბოლო დროს სულ აზიისკენ მაქვს გეზი. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, როგორც იქაური, ასევე, მოგზაურობისას შეძენილი. შთამბეჭდავი იყო ნეპალში, კატმანდუ რომ მომატარა მეგობარმა თავისი მოპედით. ბევრი რამეა მიმზიდველი. ძალიან საინტერესო და განსხვავებული კულტურა - რელიგიის, სამზარეულოს ნაწილი... მართალია, ფრენა ძვირია ქართველი ტურისტებისთვის, თუმცა ადგილზე ძალიან დაბალი ფასებია.

ბევრს უყვარს მოგზაურობა, მაგრამ არ უყვარს იმ ქვეყნის კულტურაში ჩახედვა, კულტურულ ტრადიციებში ჩაბმა. სადაც ჩავდივარ, იდეის დონეზე შეიძლება ჩემთვის რამე იქაური ღირებული არ იყოს, მაგრამ მაინც უნდა გამოვცადო, რაც ძალიან საინტერესოა. ინდონეზიაში ძალიან საინტერესო იყო მაგალითად, განბანვის რიტუალი. ტაძრის ტერიტორიაზე, აუზში, ჯერ სურნელოვანი ჩხირებით და ფოთლებით გაჟღენთილ რიტუალში მონაწილეობ და შემდეგ თავი უნდა შეუშვირო ყველა იმ შადრევანს, რომლებიც აუზში კედლებიდან ჩამოდის, თან სურვილები ჩაიფიქრო. მე არ მჯერა სურვილების და ასეთი მისტიკების, მაგრამ ეს მათი კულტურის ნაწილია, კარგი გამოცდილება იყო...
ასევე ვიმყოფებოდი ბალიზე და ჯაკარტაში. ჯაკარტაში ისლამია, ბალიზე - ინდუიზმი. ინდოეთშიც ვარ ნამყოფი, მაგრამ ბალიზე ინდუიზმი იქაური კუნძულის ძველად არსებულ კულტურას, გარკვეულ წეს-ჩვეულებებს არის მორგებული და ძალიან განსხვავებულია.
- ყველაზე უსიამოვნო გამოცდილება რა ყოფილა?
- ინდოეთში, ქალაქ ვარანასში ის პროცესი ვნახე, მიცვალებულებს ან მათ ფერფლს რომ განგის წყალში ყრიან. სიკვდილის შიში არ მაქვს, მაგრამ ამ ყველაფერს რომ ვუყურებდი, ჩემი ფიქრებიც მძაფრი იყო. ჩვენთანაც ხომ არის პანაშვიდი, დაკრძალვა, მაგრამ კრემაციის პროცესი უფრო „სპირიტუალურია" და კიდევ მეტად გაფიქრებს. ბევრისთვის შეიძლება არაესთეტიკური იყოს ის ყველაფერი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სანახაობა და გამოცილება იყო ჩემთვის.

- კიდევ რომელ ქვეყნებში ხართ ნამყოფი?
- ძალიან მაინტერესებდა არაბული ქვეყნები. ვიმოგზაურე მაროკოში, ეგვიპტეში, ომანში, ბაჰრეინში, იორდანიაში... დაგეგმილი მაქვს ერაყში მოგზაურობაც... ისლამურ ქვეყანაში თუ რამადანის დროს ვარ, იფთარს აუცილებლად ვესწრები.

- აზიაში რამე ქართული კვალი გინახავთ?
- თითქმის ყველგან... რამდენიმე თვის წინ შრი-ლანკაზე ვიყავი. იქ არის უზარმაზარი - „ლომის მთა“, ძველი ცივილიზაციის ნანგრევებით, რომელიც იუნესკოს დაცული ტერიტორიაა. შესასვლელში შეგეძლო ფურცელზე ლომი დაგეხატა და შენს ენაზე დაგეწერა. ქართულ ენაზეც დამხვდა წარწერები, რომელსაც ფოტო გადავუღე და სოციალურ ქსელში გავავრცელე, რომელი იყავით-მეთქი...
სხვაგანაც მინახავს ლამაზი ბუნება, მაგრამ შრი-ლანკაზე ბუნება და ადამიანების საცხოვრებელი სახლები ძალიან არის ერთმანეთთან შერწყმული, რაც ძალიან შთამბეჭდავია.
ძალიან დასამახსოვრებელი იყო გარეული სპილოს ნახვა. სპილოსთან მისვლა, შეხება არ შეიძლება, მაგრამ ზოგი ტურისტი ამას არ იცავს. სპილოებს თავიანთი გარემო აქვთ და სიმშვიდე არ უნდა დაურღვიო. არიან სპილოები ტურისტულ ადგილებში, რომლებთანაც შეგიძლია ფოტოები გადაიღო. ვიმყოფებოდი ეროვნულ პარკში, სადაც კიდევ სხვა გარემოა. ყველგან მაქსიმალურად ვცდილობ, იქაური წესები დავიცვა.

- სად იყო ყველაზე შთამბეჭდავი და უცნაური სამზარეულო?
- პირველი დიდი შთაბეჭდილება მაინც ამერიკაში იყო... იქ ვნახე ცალკე ევროპული, იაპონური და სხვა ქვეყნების განსხვავებული სამზარეულო, ფორმა და სანახაობა იყო ძალიან შთამბეჭდავი, ცეცხლის შოუები და ასე შემდეგ... ეს ყველაფერი ხელოვნების ძალიან მაღალ დონეზე იყო აყვანილი. ვიდეოები მქონდა გადაღებული და რომ ჩამოვედი, სკოლაში ყველას ვაჩვენებდი.
ყველაზე განსხვავებული სამზარეულო ბალიზე იყო...
ინდონეზიაში სამზარეულოს კურსი ავიღე: ადგილობრივებს ხილ-ბოსტნეულის ფერმა ჰქონდათ, ფუტკრებიც ჰყავდათ... ერთიანი სერვისია, გარკვეულ თანხას გადაიხდი და მათ მიჰყავხარ ბაზარში, შემდეგ მათ ფერმაში მოსავალს იღებ, ბოსტნეულს ისინი გირეცხავენ... ერთ დღეში 9 სახეობის კერძი მოვამზადეთ. ძალიან დასამახსოვრებელი იყო ახალი გემოები, ეგზოტიკური ხილი, ბოსტნეული. ყველაზე გამორჩეული იყო - „გველის ხილი“. უგემრიელესია, მომჟავო-მოტკბო გემო აქვს, სწორედ ასეთი გემოები მიყვარს…
იქ ქოქოსი ძალიან კარგი პროდუქტია, ყველა ეტაპზე რაღაც სარგებელს იძლევა... მიიღება როგორც წვენი, ასევე, ამზადებენ უგემრიელეს სალათს და ასე შემდეგ.
ვენაშიც მქონდა აღებული კურსი - „საკვები, კულტურა და პოლიტიკა“. კურსზე ყველა სტუდენტს მოჰქონდა თავისი ქვეყნების სხვადასხვა კერძი, ჰყვებოდნენ ისტორიას, რაც ძალიან საინტერესო იყო.

- რა არის ამდენი მოგზაურობის სირთულე და რას ურჩევთ მოგზაურობის მსურველებს, ეს დიდი ფინანსების გარეშეც არის შესაძლებელი?
- შორეულ ქვეყნებში სწრაფად მოგზაურობას აქვს სირთულე, აკლიმატიზაცია, კანზე ცვლილებები, მაგრამ მივეჩვიე... უკვირთ, ამდენს როგორ მოგზაურობო. ყველაფერს ძალიან მარტივად ვუყურებ და ამიტომ, ძირითადად, ჩემი ყველა მოგზაურობა ძალიან ბიუჯეტურია. შევხედავ, სადაც იაფი ბილეთებია, ვიძენ და შემდეგ ვიწყებ დაგეგმვას. აზიაში არ არის იაფი ფრენები, მაგრამ იქაც შეიძლება სხვა გზებით წასვლა, მთავარი სურვილია.
იყო შემთხვევა, როცა ყველაზე იაფად, სიმბოლურ ფასად - ცხრა ფუნტად ვიფრინე შოტლანდიიდან ესპანეთამდე, კოვიდის დროს... პარიზი-ვენის მიმართულებით 10-15 ევროდ მიფრენია. ეს ახლო მანძილებია, მაგრამ ვენიდან იორდანიაში ჩავფრინდი 10 ევროდ.

- რა პერიოდში იყო ასე სიმბოლურ ფასად?
- შობა-ახალი წლის მერე აღარ იყო ბევრი მოთხოვნა მოგზაურობაზე და ამიტომ ღირდა ასე იაფი. ესპანეთიდან მაროკოშიც ჩავფრენილვარ ათ ევროდ... არის შემთხვევები, როცა ფრენა უფრო იაფია, ვიდრე - მატარებლით მგზავრობა... მაგალითად, ამერიკაში. ვენიდან იტალიაში 15 ევროდ გავფრინდი და დაბრუნებისას იგივე ფასი იყო, მაგრამ დრო არ მაწყობდა და ავტობუსის ბილეთში 37 ევრო გადავიხადე.
ჩემი მიზანი მხოლოდ ის არის, სადაც ჩავდივარ, ის ქვეყანა მაქსიმალურად დავათვალიერო. ზოგს უფრო ძვირიანი, კომფორტული მოგზაურობა იზიდავს... არც იმას ვდარდობ, თუ ვთქვათ, ავტობუსს დიდხანს ველოდები. დაღლა გაივლის, შემდეგ მთელი ცხოვრება ხომ ის გვახსენდება, რაც შთამბეჭდავი ვნახეთ.
- საქართველოში თუ მოგზაურობთ?
- დიახ, საქართველოს ყველა კუთხეში ვყოფილვარ - თუშეთი, ხევსურეთი, სვანეთი, ჯავახეთი... ძალიან მომწონს სვანეთი, მაგრამ თუშეთი იმით არის გამორჩეული, სრულიად მოწყვეტილია დღევანდელობას და სხვა სამყაროა. პატარა სოფლები, ყველაფერი ავთენტური, ლამაზი.. სამცხე-ჯავახეთი ყველაზე ნაკლებად პოპულარულია და ამ დროს, ძალიან საინტერესო. განსხვავებული ბუნება, ტბები... უნიკალური სრულიად, განსხვავებული სამზარეულო, რომელიც განსაკუთრებულად მიყვარს.
(სპეციალურად საიტისთვის)
