ნატო რუსეთის მიერ "ოკუპირებული" ესტონეთის "გასანთავისუფლებლად" იწყებს მზადებას? - კვირის პალიტრა

ნატო რუსეთის მიერ "ოკუპირებული" ესტონეთის "გასანთავისუფლებლად" იწყებს მზადებას?

ნატომ „STEADFAST DART 26“ სახელწოდებით ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები გამართა ბალტიის ზღვის სანაპიროზე.

„STEADFAST DART 26“ წვრთნები განიხილება, როგორც ძირითადი ელემენტი ახლად ჩამოყალიბებული ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების მზადყოფნის შესამოწმებლად ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე შესაძლო კრიზისული სცენარებისთვის.

„STEADFAST DART 26“ წვრთნების საზღვაო ფაზა გერმანიაში გაიმართა, რომლის დროსაც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებმა (ARF) შლეზვიგ-ჰოლშტაინის ფედერალურ მიწაზე, პუტლოსის საწვრთნელ ბაზაზე მასშტაბური ამფიბიური შეტევა განახორციელეს.

ეს პოლიგონი ბალტიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზეა,მაგრამ სწავლების ლეგენდის მიხედვით, წვრთნების საზღვაო ფაზის დროს, სამხედროების ამოცანა იყო ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე სიმულირებული მტრის მიერ დაკავებული ტერიტორიის განთავისუფლება.

ანუ თუკი ყველაფერს თავს სახელს დავარქმევთ... ნატოს აღმოსავლეთი წევრი ქვეყნების-ესტონეთის, ლატვიისა თუ ლიეტუვას სანაპიროზე დესანტირება იმისთვის, რომ მათი ტერიტორიები „გაენთავისუფლებინათ“ პირობითი „ოკუპაციისგან“...

ხოლო ვინ შეიძლება პოტენციურად დაემუქროს ნატოს აღმოსავლეთ ფლნგზე მდებარე ალიანსის ამ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს ოკუპაციით, დიდი მიხვედრა არ სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა რეალურად აღიქვამს უკრაინის ომის შემდეგ ანუ სულაც ამ ომის პარალელურად რუსეთის ფედერაციის შესაძლო სამხედრო აგრესიას მის მოსაზღვრე ალიანსის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ,რის შემთხვევაშიც ნატოს, დიდად სურს თუ არა, მოუწევს ალიანსის წესდების მე-5 პუნქტის-კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმის ამოქმედება...

2fotoblogi-1771756653.jpg
თურქულმა უნივერსალურმა სადესანტო ხომალდმა Anadolu-მ ამდენი ჯავშანმანქანა ჩაიტანა ხმელეთაშუა ზღვიდან ბალტიის ზღვამდე, ამ სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად...

რაც შეეხება თავად „STEADFAST DART 26“ წვრთნებს,მისი საზღვაო ფაზის განხორციელება შემდეგნაირად წარიმართა:

დესანტში მონაწილეობა მიიღო ნატოს ექვსი ქვეყნის 15 ხომალდისგან შემდგარმა ARF საზღვაო კომპონენტის სარდლობამ. საზღვაო კომპონენტის შტაბ-ბინა ესპანურ უნივერსალურ სადესანტო ხომალდზე ESPS Castilla-ზე იყო განთავსებული.

ჯგუფში ასევე შედიოდა თურქული ამფიბიური ჯგუფი Anadolu-ზე, ნატოს მუდმივმოქმედი პირველი საზღვაო ჯგუფი (SNMG1), ნატოს მუდმივმოქმედი პირველი ნაღმსაწინააღმდეგო ჯგუფი (SNMCMG1), ესპანური ფრეგატი Cristóbal Colón, თურქული ფრეგატები Oruçreis და Istanbul და დამხმარე გემი Derya. დესანტში სულ 15 ხომალდი მონაწილეობდა 2600-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურით.

ოპერაცია Anadolu-ს გემბანიდან Bayraktar TB-3 დრონის გაშვებით დაიწყო, რომელმაც სადესანტო არეალის დაზვერვა ჩაატარა. აღმოჩენილი სამიზნეები გერმანიის საჰაერო ძალების Eurofighter 2000 გამანადგურებლებმა დაბომბეს, რაც საჰაერო და საზღვაო აქტივების ინტეგრირებული გამოყენების დემონსტრირებას ახდენდა.

ამის შემდეგ, ესპანეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მყვინთავები წყალქვეშა ნავით სანაპირომდე მივიდნენ, რათა ის იმიტირებული ნაღმებისგან გაეწმინდათ.

თურქული და ესპანური სპეცრაზმების დანაყოფების დესანტირება შვეულმფრენებიდან ბაგირებით, სწრაფი დაშვების მეთოდით განხორციელდა, რის შემდეგაც მათ საკვანძო პოზიციები დაიკავეს, ხოლო თურქული დამრტყმელი შვეულმფრენები პირდაპირ საჰაერო მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ.

3fotoblogi-1771756773.jpg

ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები სწავლებისას, გერმანულ პოლიგონზე...

ძირითადი დესანტი - თურქი საზღვაო ქვეითები - სანაპიროს სწრაფმავალი კატარღებით მიუახლოვდნენ, ნაპირზე შეჯავშნული ამფიბიები გამოვიდნენ, რაც ხმელეთზე შეტევის დროს მობილობასა და საცეცხლე მხარდაჭერას უზრუნველყოფდა.

დამატებითი დესანტი განხორციელდა სადესანტო ხომალდების გამოყენებით, ძირითადი მიმართულების აღმოსავლეთით. საბოლოო ეტაპი იყო ესპანეთის სპეციალური ოპერაციების ძალების ევაკუაცია.

"STEADFAST DART 26“ ნატოს წელს ჩატარებული ყველაზე მასშტაბური წვრთნებია, მანევრებში სულ დაახლოებით 10 000 ჯარისკაცი, 20-ზე მეტი თვითმფრინავი, 1500-ზე მეტი ტანკი, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ჯავშანტრანსპორტიორი და სხვადასხვა ტიპის სარაკეტო სისტემები, ასევე 13 ქვეყნის 17 ხომალდი მონაწილეობდა.

საგულისხმოა, რომ ამ სწავლების საზღვაო ფაზაში მონაწილეობას არ იღებდა აშშ-ი,უფრო მეტიც მან თავისი F-35-ები, რომლებსაც სწავლებაში ნატოს საზღვაო დესანტისთვის საჰაერო მხარდაჭერა უნდა გაეწიათ, პენტაგონმა მოულოდნელად მოხსნა სწავლებებიდან და ისინი ახლო აღმოსავლეთისკენ,ირანის სიახლოვეს გადაისროლა.

სამაგიეროდ,ბალტიის ზღვაში გამართულ ალიანსის ამ სწავლებაზე ძალიან სოლიდურად იყო წარმოდგენილი თურქეთი,თანაც თავისი თანამედროვე უნივერსალური სადესანტო ხომალდით Anadolu-თი,რაც უკვე იმაზე მიანიშნებს,რომ თურქეთის მზარდი სამხედრო-პოლიტიკური ამბიციები „ვეღარ ეტევა“ შავ და ხმელთაშუა ზღვებში და უკვე ბალტიის ზღვაშიც ინაცვლებს და ოფიციალურ ანკარას სურს უფრო მსხვილი მოთამაშე გახდეს მსოფლიო პოლიტიკის შექმნაში...