"იყო დრო, როცა ჩვენი საუკეთესო რეჟისორები დახვრიტეს, როცა ხან ერთ მსახიობს მისდიოდა გული შიმშილისგან, ხან - მეორეს, მაგრამ თეატრი მაინც ცოცხლობდა, არსებობდა"
ქეთი ჩხეიძე: "მჯერა, რომ ქართულ თეატრში და ჩვენს სამშობლოში, უკეთესი დღეები აუცილებლად მოვა"
ქართული თეატრი სარკესავით ირეკლავდა ყველა მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც ჩვენს სამშობლოში ხდებოდა და ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. ჩვენი ქვეყნის და თეატრის პრობლემებზე გვესაუბრება ბევრი ჩვენგანისთვის საყვარელი მსახიობი ქეთი ჩხეიძე:
- ყოველთვის დადებით ენერგიას ასხივებთ... ჩვენს დაძაბულ დროში როგორ ახერხებთ ოპტიმიზმის და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას?
- ეს, ალბათ, ჩემი ხასიათის და ბუნების დამსახურებაა, თუმცა, შეიძლება შენ კი იყო იმედიანად და დადებითად განწყობილი, მაგრამ გარემო სულ სხვა განცდებს გაწვდიდეს. ადამიანის ირგვლივ გამუდმებით იქმნება რაღაც გარემოება, რომლის გამოც, მას შეიძლება იმედი გაუჩნდეს, ან პირიქით, გაუცრუვდეს და ეს შემთხვევითი სულაც არ არის: ოპტიმისტი მაშინ ხდები, როდესაც სადღაც პატარა სინათლეს დაინახავ, მაგრამ როცა შენ გარშემო ომია, როცა მძიმე ვითარებაა, ცხადია, მხიარული და ბედნიერი ვერ იქნები. მეც გარემოებებზე და სიტუაციაზე ვარ დამოკიდებული: ოპტიმისტი ვხდები, როდესაც შეიძლება რაღაც გამოსწორდეს, ან ჩვენს ცხოვრებაში რაღაც უკეთესად წავიდეს, მაგრამ როცა ამის იმედი არ მაქვს, მეც პესიმისტური განწყობა მეუფლება. როცა ხედავ, რომ ქუჩაში ახალგაზრდებს სცემენ და იჭერენ, როდესაც პოეტები და მსახიობები ციხეში სხედან, ამ დროს ოპტიმისტი ვერ იქნები. ადამიანი მუდმივად ფიქრობს და მუდმივად აკეთებს რაღაცის ანალიზს და მისი განწყობაც ამის მიხედვით ყალიბდება. გამონაკლისი არც მე ვარ.
- ნუთუ, მხოლოდ გარემოს ბრალია ის ბოღმა და აგრესია, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით?
- აგრესია ჩვენს საზოგადოებაში მართლაც იგრძნობა, მაგრამ მარტო საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში ასეა. არ მიკვირს, რომ აგრესია ახალგაზრდებში ჭარბობს, რადგან ეს ახალგაზრდული ასაკის და ბუნების ბრალია: ამ ასაკში ემოცია უფრო ძლიერია, ვიდრე გონი, მათ უფრო უჭირთ თავის შეკავება, გრძნობები უფრო გაძლიერებული აქვთ. ამიტომ, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ახალგაზრდებში პროტესტის გრძნობა უფრო მწვავედ და მკაფიოდ ვლინდება. ახალგაზრდას რეაქცია ყველაფერზე აქვს, ის მაჭარივითაა, რომელიც უნდა დაღვინდეს, მანამდე კი, დუღს და ფეთქავს.
- საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ბავშვებს მშობლების ყურადღება აკლიათ და მათი აგრესია ამითაც აიხსნება...
- სამწუხაროდ, არაერთი მშობელი ვერ ახერხებს, შვილებს სათანადო დრო და ყურადღება დაუთმოს. საუკეთესო შემთხვევაში, ასეთ ბავშვებს ბებია და ბაბუა ზრდიან, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ბავშვს სითბო და სიყვარული არ მოაკლონ, მაგრამ დედ-მამას ბავშვის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უნდა ეთმობოდეს.
- სამწუხაროდ, დღეს ათასობით მოზარდი დედის გარეშე იზრდება, ესეც ხომ არ არის მათი აგრესიის მიზეზი?
- რასაკვირველია. როცა დედა წლების განმავლობაში ემიგრაციაშია, პატარები ამას ძალიან განიცდიან და ნერვიულობენ. ბავშვს თავისი სამყარო აქვს და ყველაფერს სიტყვით ვერ გამოხატავს. მონატრება ბავშვის ფსიქიკაზეც მწვავედ აისახება და დედის ფსიქიკაზეც: მას არანაკლები დარდი აქვს იმის გამო, რომ შვილი დატოვა და წავიდა. ამ დედებს შვილის მოვლის და მისთვის კარგი განათლების მიცემის საშუალება რომ ჰქონოდათ, უცხო ქვეყნებში ხომ არ გადაიხვეწებოდნენ? ცხადია, არც ერთ დედას შვილის მიტოვება არ უნდა, მაგრამ თუ ვერ ასმევს, ვერ აჭმევს, ვერ ასწავლის და თან, სახლში მოხუცი მშობლები ჰყავს, ასეთ სიტუაციაში ადამიანებმა აღარ იციან, რა იღონონ და გარბიან, რომ თავი გადაირჩინონ!
ადრე, როცა ომი და უფრო მძიმე ვითარება იყო, დედები შვილებს პირდაპირ ბავშვთა სახლში აბარებდნენ და ის მაინც იცოდნენ, რომ მოზარდს საკვები მაინც ექნებოდა. ახლა სხვა გამოსავალი იპოვეს... ის, რომ გაჭირვების დროს ადამიანი რადიკალურ გადაწყვეტილებებს იღებს, არავის უნდა უკვირდეს. ეს მწვავე პრობლემა ქართული თეატრის სცენაზე უკვე აისახება: ემიგრაციაზე არაერთი პიესა დაწერილა და ეს ტკივილი ბევრ სპექტაკლში ჩანს. ასეთია მაგალითად, მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი "დოდოს მოლოდინში", რომელიც დათო ტურაშვილის პიესის მიხედვით შეიქმნა. დოდო, ეს არის ქალი, რომელიც ემიგრაციაშია წასული და სხვებიც მიჰყავს. ის მთავარი ფიგურაა და მის მოლოდინში არიან სხვა ქალები, რომლებმაც უცხოეთში წასვლა გადაწყვიტეს. სიუჟეტი სწორედ ამ ამბის გარშემო ვითარდება. მსახიობები ყველა ეპიზოდზე ვნერვიულობდით და განვიცდიდით, როცა ამ სპექტაკლზე ვმუშაობდით. ემიგრაციის თემაზე ბევრი დრამატურგი მუშაობს, ამ თემაზე ახალგაზრდებიც წერენ, რადგან ეს ძალიან მტკივნეული პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის.
- რას გვეტყოდით თანამედროვე ქართულ თეატრზე და მსახიობებზე, რომლებიც მიზერული ანაზღაურების იმედზე არიან?
- ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე და მტკივნეული თემაა. ჯერ ჩვენი ქვეყანა შორს არის ადეკვატური შეფასებისგან, ვის რა ეკუთვნის - უცნაურია, მაგრამ ამ ღარიბ სახელმწიფოში პარლამენტარის ხელფასი 14-15 ათასი ლარია, მაგრამ ადამიანს, რომელმაც თეატრში 30-40 წელი იმუშავა და თავისი ქვეყნისთვის ბევრი რამ გაუკეთებია, 1000 ან 1200 ლარი აქვს. ჩვენ არავის ვეჯიბრებით, მაგრამ ეს სერიოზული პრობლემაა. როდესაც მსახიობი სახელმწიფო თეატრში მუშაობს, ეს სახელმწიფო მისი შრომის ნორმალურ ანაზღაურებას უნდა უზრუნველყოფდეს. მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანაში, სადაც ხელოვნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან განათლების დონე საკმარისი არ არის. ვერც სკოლა და ვერც უმაღლესი სასწავლებელი ახალგაზრდას სათანადო განათლებას ვერ აძლევს. ბოლო ათწლეულებში დატრიალებულმა ომებმა და უბედურებამ ყველაფერი შეიწირა და ალბათ, დიდი დრო დასჭირდება, ვიდრე იმ დონეს მივაღწევთ, რაც გვქონდა. ეს იმდენად ფაქიზი საკითხია, რომ ერთი ხელის მოსმით ვერ გადაწყდება, ვერანაირი რეფორმა ვერ უშველის, რადგან ამის მოგვარებას წლები დასჭირდება.
- ქალბატონო ქეთი, თუ გაქვთ იმედი, რომ ქართულ თეატრს უკეთესი მომავალი ექნება?
- მე მჯერა, რომ მარტო ქართულ თეატრს კი არა, ჩვენს ქვეყანასაც უკეთესი ხვალინდელი დღე ექნება, რადგან ის, რაც ჩვენ გვახასიათებს, რამდენიც უნდა დათრგუნო, მაინც ამოხეთქავს და ზედაპირზე ამოვა - ეს არის ნიჭი, რომელიც სხვადასხვა თაობაში განსხვავებული სახით ვლინდება. ახლაც ასე მოხდება - შეუძლებელია არ დაიბადონ ისინი, ვინც ადრე დაიბადა: დიდი მეცნიერები, პოეტები, მსახიობები და ა.შ.
ხანდახან უბედურების ხანა დგება: იყო დრო, როცა ჩვენი საუკეთესო რეჟისორები და მსახიობები დახვრიტეს, იყო წლები, როცა მარჯანიშვილის თეატრში ხან ერთ მსახიობს მისდიოდა გული შიმშილისგან, ხან მეორეს, მაგრამ დიდი სპექტაკლები მაინც იქმნებოდა და ჩვენს სცენაზე დიდი მსახიობები თამაშობდნენ!
სწორედ ამის გამო ვამბობ, რომ უკეთესი დღეები აუცილებლად მოვა!
ხათუნა ჩიგოგიძე
(სპეციალურად საიტისთვის)