„თუ ირანის რეჟიმი დაემხო, ცვლილებების ტალღა საქართველოსაც მოსწვდება“ - კვირის პალიტრა

„თუ ირანის რეჟიმი დაემხო, ცვლილებების ტალღა საქართველოსაც მოსწვდება“

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა ახალ საფეხურზე გადადის. ირანისა და შეერთებული შტატების ურთიერთობა, რომელიც წლებია ბირთვული პროგრამის, სანქციებისა და რეგიონული გავლენისთვის ბრძოლით არის დამძიმებული, დღეს უკვე სამხედრო ესკალაციის რეალურ რისკს შეიცავს. პარალელურად, პროცესში სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება ისრაელის როლი, რომელიც ირანის ბირთვულ გაძლიერებას დიდ საფრთხედ აღიქვამს და მოქმედების თავისუფლებას იტოვებს.

ბოლო კვირებში ვაშინგტონმა რეგიონში მნიშვნელოვნად გააძლიერა სამხედრო ყოფნა. სპარსეთის ყურესა და არაბეთის ზღვაში ოპერირებენ ავიამზიდების დამრტყმელი ჯგუფები, რომელთა შემადგენლობაში შედის ავიამზიდი, მართვადი რაკეტების გამანადგურებლები და კრეისერები. მათ გვერდით მოქმედებენ საზღვაო ქვეითთა დანაყოფები და ამფიბიური სადესანტო გემები. რეგიონულ ბაზებზე, განსაკუთრებით კატარში, ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გაძლიერებულია საჰაერო კომპონენტი: განთავსებულია სტრატეგიული ბომბდამშენები (B-52 ტიპის), გამანადგურებლები F-15/F-16, საჰაერო თავდაცვის სისტემები Patriot და THAAD. საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს გაარჩიოს, ვდგავართ თუ არა მორიგი "მართვადი კრიზისის" წინაშე, თუ მოვლენები შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს შეიარაღებულ კონფლიქტში, რომლის შედეგებიც მხოლოდ ახლო აღმოსავლეთს არ შეეხება. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კითხვა: რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ირან-აშშ-ის შესაძლო კონფლიქტს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოზე? იქნება ეს ეკონომიკური შოკი, უსაფრთხოების გარემოს ცვლილება თუ გეოპოლიტიკური ზეწოლის ახალი ფორმები, მოვლენების განვითარება რეგიონს გვერდს ვერ აუვლის.

ჩვენი რუბრიკის სტუმარია აღმოსავლეთმცოდნე, ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი, რომელთან ერთადაც განვიხილავთ ირანში პროცესების განვითარების შესაძლო სცენარებს და შევეცდებით ვუპასუხოთ კითხვას, რა რისკებსა და გამოწვევებს აჩენს ეს ყველაფერი საქართველოსთვის?

batiashvili12-1664221193.jpg

- ალბათობა იმისა, რომ მართლაც დაიწყოს სამხედრო კონფლიქტი აშშ-სა და ირანს შორის, საკმაოდ მაღალია. თუ ვითარებას შევაფასებთ, ამერიკამ სამხედრო ნაწილები და ტექნიკა გადაისროლა რეგიონში და კიდევ აგრძელებს. მათი კონცენტრაცია უკვე ძალიან მაღალია და შეიძლება ითქვას, ბრძანების შემთხვევაში ირანზე შეტევა დაუყოვნებლივ დაიწყება.

პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუმცა, რაც აქამდე მოვისმინეთ, იძლევა საფუძველს ვთქვათ, რომ ეს პროცესი წარუმატებელია. საქმე ის არის, რომ მხარეებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პოზიციები აქვთ: აშშ მოითხოვს ირანისგან ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას და ახლო აღმოსავლეთში ე.წ. პროქსიჯგუფების - "ჰეზბოლას", "ჰამასის", ჰუსიტებისა და სხვათა დაფინანსების შეწყვეტას. ირანი ამ პირობებს არ თანხმდება, რადგან მიაჩნია, რომ ეს კაპიტულაციად შეფასდება და შესაძლოა რეჟიმის დამხობაც გამოიწვიოს.

აშშ ზრდის სამხედრო ზეწოლას ირანზე და ისრაელიც ემზადება შესაძლო სამხედრო მოქმედებებისთვის. ირანის წარმომადგენლებმა უკვე გააკეთეს განცხადებები, რომ შეტევის შემთხვევაში ირანი შეეცდება საპასუხო სამხედრო დარტყმები მიაყენოს არა მხოლოდ ისრაელს, არამედ რეგიონში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს და იმ არაბულ ქვეყნებს, რომლებმაც შესაძლოა საჰაერო სივრცე დაუთმონ აშშ-ს ან სხვა სახის დახმარება აღმოუჩინონ.

არ არის გამორიცხული, ირანმა იერიში მიიტანოს ამ ქვეყნების ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზეც მათი ეკონომიკური დაზარალებისა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის გაზრდის მიზნით.

- მსოფლიო მედია არაერთ სცენარს განიხილავს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სამხედრო კონფლიქტი, თუ ის მართლაც დაიწყო. აშშ-ში აცხადებენ, რომ ეს შესაძლოა რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. თქვენი აზრით, რამდენად მასშტაბური და გრძელვადიანი დაპირისპირება შეიძლება მივიღოთ?

- სამხედრო თვალსაზრისით, პროცესების განვითარების შესაძლო სცენარზე თუ ვისაუბრებთ, უპირველესად ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურება იქნება საჭირო. გასული წლის ირან-ისრაელის 12-დღიანი დაპირისპირების დროს მათი ნაწილი განადგურდა, თუმცა დაახლოებით 15% რუსეთისა და ჩინეთის დახმარებით აღადგინეს. სავარაუდოდ, პირველ სამიზნედ სწორედ ეს აღდგენილი სისტემები იქცევა. ამის შემდეგ სამიზნეში შეიძლება ამოღებულ იქნეს ირანის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ასევე ის ბაზები, სადაც განთავსებულია ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის რეგიონში აშშ-ის ბაზებსა და მის მოკავშირეებს.

ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას ირანის ნავთობგადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის განადგურება, რადგან აშშ-შიც და ისრაელშიც ფიქრობენ, რომ რეჟიმის შეცვლის შემთხვევაში ირანს ეკონომიკური აღდგენა დასჭირდება, თუმცა პროცესების გაჭიანურების შემთხვევაში ეს მიდგომა შესაძლოა შეიცვალოს.

- თქვენ ახსენეთ გასულ წელს ირანისა და ისრაელის დაპირისპირება, რომლის დროსაც მაინცდამაინც ძლიერად ვერ გამოჩნდა ირანის სამხედრო შესაძლებლობები. კონფლიქტის დაწყებიდან მალევე ვნახეთ, როგორ აკონტროლებდა ისრაელი ირანის საჰაერო სივრცეს. როგორ შეიძლება შეფასდეს ამ ქვეყნის დღევანდელი სამხედრო შესაძლებლობები?

- ვერ ვიტყვით, რომ შესაძლებლობები უმნიშვნელოა, თუმცა შარშანდელმა 12-დღიანმა დაპირისპირებამ ბევრი რამ გამოაჩინა, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტიანობის მხრივ. საქმე ის არის, რომ ეს სისტემები ირანს რუსული ჰქონდა, რუსული კი თითქმის ყველაფერი უხარისხოა. საზოგადოდაც, ირანის სამხედრო არსენალის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსული წარმოებისაა. თუ კონფლიქტი აშშ-სთან მართლაც დაიწყო, კვლავ ნათლად გამოჩნდება, რამდენად დიდია ტექნოლოგიური სხვაობა დასავლურ და რუსულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებს შორის.

ირანი თავადაც აწარმოებს იარაღს, მათ შორის ბალისტიკურ რაკეტებს, თუმცა მათი სიზუსტე სათუოა, რაც წინა დაპირისპირებაშიც გამოჩნდა - მათი ნაწილი იოლად გააუვნებლეს, სამიზნეს აცდენილი ნაწილი კი უდაბნოში ცვიოდა.

- მინდა გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც განვიხილოთ შესაძლო კონფლიქტი. ორი ვარიანტი ავიღოთ: პირველი - იწყება დაპირისპირება და მალევე იცვლება ირანში რეჟიმი; მეორე: ომი ხანგრძლივდება და რეჟიმი გადარჩენას ახერხებს. როგორ შეიძლება ერთი ან მეორე სცენარის შემთხვევაში შეიცვალოს რეგიონში ვითარება?

- ჯერ არდაწყებული კონფლიქტის შედეგებზე საუბარი რთულია, თუმცა ჰიპოთეზურად თუ დავუშვებთ, რეჟიმის შეცვლის შემთხვევაში ხელისუფლებაში, დიდი ალბათობით, პროამერიკული ძალა მოვა. თუ ჩვენს რეგიონს გადავხედავთ, სომხეთი და აზერბაიჯანი დღეს უფრო დასავლეთზე არიან ორიენტირებული, მეტიც, უკვე პროამერიკულ სახელმწიფოებადაც კი განიხილებიან, ასეთ შემთხვევაში საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც პრორუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე დარჩება, რაც ანომალიური ვითარებაა. ამიტომაც თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილებების ტალღა საქართველოსაც მოსწვდება და გავლენას მოახდენს. სხვა მხრივ, რთულია იმის თქმა, პროცესები როგორ განვითარდება.

ირანი უზარმაზარი, 90-მილიონიანი ქვეყანაა, ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი ტერიტორიით, ნავთობისა და გაზის უდიდესი მარაგებით, მაგრამ სანქცირებულია, რამაც ათწლეულების განმავლობაში ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო. თუ კონფლიქტი გაიწელა და ეკონომიკაც ჩამოექცათ, მაშინ გარდაუვალი იქნება ჰუმანიტარული კრიზისი, რაც, თავის მხრივ, წარმოშობს ლტოლვილთა ნაკადებს. ამხელა ქვეყანაში 2%-ც რომ იქცეს ლტოლვილად და სადმე წავიდეს, ეს ძალიან დიდი ტალღა იქნება. ისინი ნამდვილად არ წავლენ არც ავღანეთისკენ და არც პაკისტანისკენ, შეიძლება წავიდნენ ჩრდილოეთით - კავკასიისკენ, ან დასავლეთით - თურქეთ-ერაყისკენ. ამხელა მასასთან გამკლავების საშუალება კი ყველა ქვეყანას არ გააჩნია და შესაძლოა ამან დამატებითი ჰუმანიტარული კრიზისები წარმოშვას ირანის მეზობელ ქვეყნებში.

- ირანი ეთნიკურად მრავალფეროვანი ქვეყანაა. რამდენად არსებობს ამ ნიადაგზე კონფლიქტების გაჩაღების რისკი?

- ირანი მართლაც ეთნიკურად ჭრელია, თუმცა საუკუნეების განმავლობაში თანაცხოვრების გამოცდილება აქვთ. ამ ეტაპზე ეთნიკური დაპირისპირების ნიშნები მკვეთრად არ ჩანს, თუმცა მძიმე ეკონომიკურ და სამხედრო კრიზისს შეუძლია შიდადაძაბულობის გაღრმავება.

- კიდევ ერთი თემაა ირანის ხელისუფლების პოლიტიკური ალტერნატივა. არსებობს კი ძალა, რომელიც რეჟიმის შეცვლის შემდეგ შეძლებს ქვეყნის სრულფასოვნად მართვას?

- ეს საკითხი ბურუსით არის მოცული. ირანში არ არსებობს კლასიკური დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა - ძლიერი პარტიები, დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი და ინსტიტუტები. საუბარია შაჰის შესაძლო დაბრუნებაზე, თუმცა თავად აცხადებს, რომ მხოლოდ გარდამავალ ეტაპზე შეიძლება აიღოს პასუხისმგებლობა და მერე ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ ენდომებათ მმართველად და ცხოვრების რა წესს აირჩევენ.

მაგრამ არის ერთი დიდი პრობლემა - ირანს არ გააჩნია დემოკრატიული ცხოვრების ტრადიციები, რაც, როგორც წესი, ძალიან აძნელებს დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას.

- საყოველთაოდ ცნობილია ირან-რუსეთის მოკავშირეობა. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ომის დაწყების პირველივე დღიდან ირანი მის მხარდამჭერად იქცა. რა ტიპის დახმარების იმედი შეიძლება ჰქონდეს ირანის რეჟიმს რუსეთისგან?

- რუსეთის დახმარება, სავარაუდოდ, შემოიფარგლება საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ისიც შეზღუდულად, რადგან თავადაც რესურსების დეფიციტი აქვთ. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ რუსეთის გავლენა ძალიან სუსტდება - ჩვენ ეს დავინახეთ როგორც ყარაბაღის ომში, ასევე სირიაში, სადაც ყველასთვის მოულოდნელად ჩამოაგდეს ასადის რეჟიმი, რომელიც რუსულ ხიშტებზე იდგა. ეს ამბავიც, რაც ირანის თავს ხდება, აჩვენებს, რომ რუსეთს ძალა აღარ აქვს თავისი გავლენის შენარჩუნებისთვის, ირანის რეჟიმის გადარჩენისთვის.

- კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მინდა გავამახვილოთ ყურადღება, არის ჰორმუზის სრუტე, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული არტერიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია - გლობალური ნავთობის საზღვაო ექსპორტის დაახლოებით მეხუთედი სწორედ აქ გადის. სრუტის სიგანე ყველაზე ვიწრო მონაკვეთში დაახლოებით 30-40 კილომეტრია, რაც მას სტრატეგიულად მოწყვლად და სამხედრო თვალსაზრისით ადვილად დასაბლოკად აქცევს. არსებობს საფრთხე, რომ ირანმა სცადოს მისი დაბლოკვა და რა გლობალური ეკონომიკური შედეგები ექნება ამას?

- ასეთი საფრთხე არსებობს, თუმცა არის ბევრი ნიუანსი: თუ სრუტე გადაიკეტა ირანული გემებით, მათ აუცილებლად ამოიღებენ მიზანში და გაანადგურებენ; თუ იქ გამავალ გემებს შეუტიეს, ამერიკელებს ჩატანილი აქვთ ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემები და აუცილებლად შეეცდებიან მათ დაცვას. ამასთან, ირანსაც თავისი ნავთობი სწორედ ამ სრუტით გააქვს და ბლოკირება მასაც ძალიან დააზარალებს. თუ ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას ესეც დაემატა, მაშინ შესაძლებელია სრული ეკონომიკური კოლაფსიც. მოკლედ, სრულმასშტაბიანი ბლოკადა თავად ირანსაც მძიმედ დაარტყამს, სრუტის დროებითმა შეფერხებამ კი შეიძლება ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდა და გლობალური ეკონომიკური შოკი გამოიწვიოს.

- საქართველოს მდგომარეობას დავუბრუნდეთ. თქვენ ახსენეთ, რომ ჩვენი ქვეყანა რეგიონში შესაძლოა აღმოჩნდეს ერთადერთი, ვინც რუსულ ორბიტაზე დარჩება. რამდენად შესაძლებელია ეს მოსალოდნელი გეოპოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით და რას იტყვით ამგვარ შეთქმულების თეორიაზე, რომ შესაძლოა დასავლეთმა ჩვენი ქვეყანა რუსეთს "დაუთმოს"?

- სრულიად არარეალურია "ვაჭრობასა და დათმობაზე" ლაპარაკი. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, აქამდე მოხდებოდა და "ქართული ოცნება" უკვე იზეიმებდა ქვეყნის რუსეთისთვის ჩაბარებას. მთავარი ის არის, რომ ქართველი საზოგადოება არ დათანხმდება რუსეთის სივრცეში ცხოვრებას და არც დასავლეთს აქვს საქართველოს რუსულ ორბიტაზე დატოვების ინტერესი. პროცესი რთული და ხანგრძლივია, თუმცა საბოლოო არჩევანი თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე გადის. ჩვენს წინაპრებს რომ იმგვარად ეცხოვრათ, რასაც დღეს "ქართული ოცნება" ქადაგებს, ეს ქვეყანა დღეს არ იარსებებდა.