კარგი და ცუდი სცენარები საქართველოსთვის, თუ ჩვენს მეზობლად ახალი დიდი ომი დაიწყო - თბილისის გეოპოლიტიკური დილემა
როგორ შეიცვლება გეოპოლიტიკური კონფიგურაცია თუ ირან-ამერიკის ომი დაიწყო და რას მოუტანს ეს საქართველოს, ამ თემაზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ექსპერტი მირიან მირიანაშვილი გვესაუბრება.
- ნამდვილად სერიოზული დილემაა. ამერიკის ადმინისტრაციამ რეალურად ორი ვარიანტი განიხილა: პირველი სამხედრო სცენარი, მათ შორის ირანის ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობა და მეორე - დიპლომატიური გზა, რაც გულისხმობს ირანის წინადადებას ურანის სიმბოლურად გამდიდრების შესახებ, ისე, რომ ბომბის შექმნის შესაძლებლობა გამორიცხული იყოს.
ირანის ლიდერები მზად არიან დათმობებისთვის, თუმცა დიპლომატიური არხებით ცდილობენ გაარკვიონ დათმობების მასშტაბი. თუ აიათოლები გადაწყვეტენ, რომ ტრამპის მიზანი რეჟიმის შეცვლაა, შეეცდებიან ყველანაირ დათმობაზე წავიდნენ, რათა ამერიკის პრეზიდენტს ხისტი მოქმედებების არგუმენტები გამოაცალონ.
თუ დაასკვნიან, რომ პრიორიტეტი ბირთვული ინდუსტრია და სარაკეტო არსენალია, მათ შეეძლებათ ისე დათმონ გარკვეული პოზიციები, რომ სახე არ დაკარგონ“ და ტრამპსაც მისცენ შესაძლებლობა შედეგი წარმოაჩინოს, დაახლოებით ისე, როგორც 12-დღიანი ომის დასრულების შემდეგ, როცა პოზიციების განმტკიცება შეძლეს. როგორც ჩანს, ტრამპს არ სურს ისრაელის დღის წესრიგით იხელმძღვანელოს. ისრაელისთვის პრიორიტეტულია ირანის სარაკეტო პროგრამა და ატომური პროექტის სრული განეიტრალება, ტრამპისთვის კი დამატებით მნიშვნელოვანია ირანის ნავთობის ინდუსტრია. მას არ სურს ეს სექტორი დაინგრეს. პირიქით, მისი ინტერესია, რომ ირანის ნავთობის ინდუსტრია ან ამერიკის გავლენაში მოექცეს, ან, მინიმუმ, ჩინეთისა და რუსეთის კურატორობიდან გამოვიდეს. ამის ერთგვარი მარკერი ისიც იყო, რომ 12-დღიანი ომის განმავლობაში ამერიკას ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის არც ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი არ დაუბომბავს. შესაბამისად, დავა მიმდინარეობს სამი ძირითადი საკითხის გამო: ნავთობისა და გაზის ინდუსტრია, ბირთვული პროგრამა და სარაკეტო არსენალი. თუ ირანი ვენესუელის მსგავსად დათანხმდება ნავთობის სექტორის კურატორობის ამერიკულ გავლენაში გადასვლას და იქიდან რუსეთისა და ჩინეთის გაძევებას, ასევე უარს იტყვის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებზე, შესაძლოა შეთანხმება ბოლო მომენტში შედგეს. არსებობს რუბიოსა და გრემის ფაქტორიც, მათ სპარსეთის ყურეში კავშირები აქვთ სამეფო ოჯახებსა და მსხვილ ბიზნესსტრუქტურებთან. მათი გზავნილი ასეთია: თუ ირანი ნავთობისა და გაზის სექტორზე კურატორობას ამერიკას გადააბარებს და ჩინეთსა და რუსეთს სპარსეთის ყურიდან განდევნის, შესაძლებელია ბირთვულ და სარაკეტო საკითხებში შეღავათები - ანუ გამდიდრებული ურანის ნაწილი ამერიკელებმა შეიძლება წაიღონ, თუმცა განსაზღვრული მოცულობა ირანს დაუტოვონ. ამგვარად, დღეს ირანის საკითხზე რამდენიმე პარალელური მოლაპარაკების მაგიდა არსებობს...
თუ ამერიკამ ირანის ტოტალური დაბომბვა დაიწყო, შედეგი დამანგრეველი იქნება. 12-დღიანი ომის დროს ვნახეთ, რა ზარალი მიაყენა ისრაელმა ირანს, ხოლო ამერიკის სამხედრო რესურსი ისრაელისას მრავალჯერ აღემატება. სხვათა შორის, ჩვენთვის ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ ირანის საკითხი ისე გადაწყდება, რომ იქიდან რუსეთი და ჩინეთი გამოაძევეს, ეს იქნება რუსეთის იმპერიული გავლენის დასასრულის დასაწყისი. ირანი საკვანძო ელემენტია ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ პოლიტიკურ კონსტრუქციაში. თუ ეს საყრდენი დაიკარგა, რუსეთს წინა აზიაში აქტიური ბერკეტი აღარ დარჩება. ასეთ შემთხვევაში მას მოუწევს ფუნდამენტური გეოსტრატეგიული არჩევანის გაკეთება: ან გახდეს ჩინეთის სატელიტი და საბოლოოდ გადავიდეს ანტიამერიკულ-ანტიდასავლურ რელსებზე, ან სცადოს ამერიკის სასარგებლოდ გადაწყობა და ჩინეთისგან დისტანცირება. ირანის შემდეგ ამერიკის მთავარი სამიზნეები მხოლოდ რუსეთი და ჩინეთი რჩებიან. ანტიამერიკული სარტყლის ქვეყნების დიდი ნაწილი დასუსტებულია და, თუ ირანიც გამოეთიშება, გლობალური ძალთა ბალანსი რადიკალურად შეიცვლება. განსაკუთრებით ნიშანდობლივია რუსეთზე ამერიკული სანქციების გახანგრძლივება, სადაც პირდაპირ არის აღნიშნული, რომ რუსეთი ანტიამერიკულ საქმიანობას ეწევა. ისიც აღსანიშნავია, რომ ამერიკის მიერ კუბის წინააღმდეგ მიღებულ დადგენილებაში რუსეთი პირდაპირ არის მოხსენიებული, როგორც ამერიკის მტრული სახელმწიფო. ეს უპრეცედენტო მოვლენაა ტრამპის ერთწლიანი მმართველობის განმავლობაში და ეს ადასტურებს, რომ ადმინისტრაციის საკვანძო ფიგურებმა, მათ შორის რუბიომ, შეძლეს პრეზიდენტის დაყოლიება რუსეთთან უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებაზე.
- როგორი შეიძლება იყოს ეს პოლიტიკა?
- ირანის "მორჯულებისთანავე" დაიწყება რუსეთის ფაქტობრივი ბლოკადა. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, რუსული ნავთობის ფლოტი სერიოზულად შეზღუდეს, ირანის შემდეგ კი რუსეთის ნავთობის ფლოტის ტოტალური დარბევა შეიძლება ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცეს. ფაქტობრივად, რუსეთს საგარეო ვაჭრობას ჩაუკეტავენ. საზღვაო ვაჭრობისა და ნავთობის ექსპორტის გარეშე რუსეთის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ეს ამერიკისთვის აუცილებელ ნაბიჯადაც შეიძლება იქცეს, თუ ირანისა და ვენესუელის ნავთობის ინდუსტრიები მის გავლენაში გადავა. ასეთ შემთხვევაში ამ ორი უმნიშვნელოვანესი მარაგის რეალიზება გახდება პრიორიტეტი, რაც ნიშნავს, რომ ნავთობის ბაზრიდან რუსეთის ჩამოშორება აქტუალური ამოცანა იქნება. ამ კონტექსტში რუსეთი ამერიკის პირდაპირ კონკურენტად იქცევა ნავთობპროდუქტების ვაჭრობაში, ხოლო ამერიკისთვის მისი ეკონომიკური "მოხრჩობა" ადვილი იქნება. საქართველოსთვის ეს თვისებრივად ახალი რეალობაა. მე საქართველოს როლს პესიმისტურად არ ვუყურებ.
- რას გულისხმობთ?
- თუ ამერიკა ირანში სერიოზული სამხედრო მოქმედებებით ჩაერთვება, ეს მინიმუმ 6-7-თვიან ეპოპეას ნიშნავს. თუ ნახევარი წლის განმავლობაში ამერიკა ამ რეგიონზე იქნება კონცენტრირებული, ეს ნიშნავს, რომ საქართველო მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე იმ პერიოდში, როდესაც ამერიკა ვენესუელასა და კუბაზე იყო ფოკუსირებული სამხედრო-პოლიტიკური ქმედებებით. შეიძლება ითქვას, საქართველო მსოფლიო პოლიტიკის ავანსცენაზე დაბრუნდება შესაძლებლობების თვალსაზრისით. როგორ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება, ეს სხვა საკითხია.
- მოდი, განვიხილოთ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების კარგი და ცუდი სცენარები.
- დავიწყებ ცუდი სცენარით. რუსეთი ირანის თემაში არ ჩაერევა, ეს ცალსახაა, მაგრამ როცა ირანის შემდეგ ამერიკა რუსეთის სავაჭრო ფლოტის "მოხრჩობას" დაიწყებს, ვშიშობ, საქართველოზე რუსეთის გავლენამ ანტიამერიკულ რიტორიკაში არ გადაგვაგდოს. იმედია, ბიძინა ივანიშვილი ანტიდასავლური ტონალობიდან ანტიამერიკანიზმში არ გადავა. თუ საქართველოს ხელისუფლება ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას შეძლებს იმ დროს, როდესაც ამერიკა ანტირუსულ ნაბიჯებს გადადგამს, ვფიქრობ, ამერიკელების პირველი კომუნიკაცია სწორედ ბიძინა ივანიშვილთან იქნება, რომ ისინი რეგიონში რუსეთის შეკავებას იწყებენ და საქართველომ ამ პროცესში აქტიური ჩართულობა არ უნდა გამოიჩინოს რუსეთის სასარგებლოდ. ვფიქრობ, სწორედ აქედან დაიწყება დიალოგი. ეს არის ერთი და იმავე პროცესის როგორც ცუდი, ისე კარგი სცენარის განვითარების შესაძლო დასაწყისი.
ხათუნა ბახტურიძე