„თუ დასავლეთს სურს სამხრეთ კავკასიაში გავლენის გაძლიერება, მთავარი აქცენტი საქართველოზე უნდა გაკეთდეს“ - კვირის პალიტრა

„თუ დასავლეთს სურს სამხრეთ კავკასიაში გავლენის გაძლიერება, მთავარი აქცენტი საქართველოზე უნდა გაკეთდეს“

აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი მრავალწლიანი სანქციების გახანგრძ­ლივება, ევროკავშირის მზადება უკვე მეოცე სასანქციო პაკეტის მისაღებად და პარალელურად სამხრეთ კავკასიაში ენერგეტიკული გავლენებისთვის გამწვავებული კონკურენცია, რომელიც სომხეთის ატომურ სექტორში რუსეთის შესაძლო ჩანაცვლების პერსპექტივით გამოიხატება, უფრო აძლიერებს დისკუსიას რუსეთის რეალური ძალისა და შესაძლებლობების შესახებ... რუსეთი სუსტდება თუ კვლავ ინარჩუნებს გრძელვადიანი წინააღმდეგობის უნარს, ანალიტიკოსი ლაშა ძებისაშვილი გვესაუბრება.

- რუსეთს დღეს აღარ აქვს იმის შესაძლებლობა,­ რომ "ხორცსაკეპი მანქანის"­ მეთოდით, მცირე­ 50-100-მეტრიან წინსვლას მიაღწიოს. ნებაყოფლობითი, საკონტრაქტო საფუძველზე გაწვეული რუსი მოქალაქეების რესურსი თითქმის ამოწურულია. რუსეთი დადგა დილემის წინაშე: ან ჩაატარებს მასობრივ მობილიზაციას, ან ვერ მიაღწევს სამხედრო წარმატებას. ამას ემატება კომუნიკაციის ტექნოლოგიური პრობლემაც. მიუხედავად მცდელობისა, რომ საკუთარი რესურსებით ჩაანაცვლოს ქვედანაყოფებს შორის კავშირის სისტემა, რომელიც ადრე სტარლინკსა და ტელეგრამზე იყო დაფუძნებული, ამ დრომდე ვერ ახერხებს. უკრაინას კი აქვს თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემები და სტარლინკის ფართოდ გამოყენების საშუალება, რის გამოც რუსულ დანაყოფებს ოპერატიულ მართვაში სირთულეები ექმნებათ... მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა ეკონომიკური სფეროა, მესამე - სანქციები. დასავლეთის ქვეყნები ერთობლივად ამკაცრებენ ზომებს, მათ შორის რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ნავთობფლოტის­ წინააღმდეგ. საუბარია ხომალდებზე, რომლებსაც სხვადასხვა რეგისტრაციითა და ყალბი დროშებით გადააქვთ რუსული ნავთობი და ცდილობენ მისი სხვა ქვეყნის სახელით­ რეალიზაციას. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის­ ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ენერგოშემოსავლებს ეფუძნება, მათი შემცირება­ ფინანსურ სისტემაზე სერიოზული ზეწოლაა და დამატებით რესურსებს საჭირო­ებს, დავასკვნით, რომ რუსეთი სისტემურ კრიზისშია.

ამ კრიზისიდან გამოსავლის ორი ძირითადი გზაა - კონფლიქტის დასრულება­ და დასავლეთთან შეთანხმება, რაც კრემლისთვის პოლიტიკურად წარმოუდგენელია, ან ომის გაგრძელება და კონფლიქტის უფრო ფართო ესკალაციის მცდელობა, რათა შიდა მობილიზაციის საჭიროება გამართლდეს. თუმცა ასეთი ესკალაციის შედეგები გაცილებით ფართო გამოწვევებთან არის დაკავშირებული - შეიძლება მალე ვიხილოთ დაპირისპირების გამწვავება უშუალოდ რუსეთსა და ევროკავშირს შორის, ან რუსეთსა და ნატოს შორის, რადგან კონფლიქტის ასეთი გაფართოება და ესკალაცია კრემლს მისცემს შესაძლებლობას გაამართლოს ეროვნული მასშტაბის­ მობილი­ზაცია. სხვა საკითხია, როგორ შეიძლება­ დასრულდეს შესაძლო კონფრონტაცია, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნების ან პოლონეთის მიმართულებით, რაც გაცილებით ფართო და რთული სცენარებია...

- თუ რუსეთი უკვე არსებულ სამხედრო და ეკონომიკურ გამოწვევებს სრულფასოვნად ვერ უმკლავდება, კონფლიქტის გაფართოებისა და მით უფრო ნატოსთან დაპირისპირების შემთხვევაში, რა რესურსს უნდა დაეყრდნოს?

- შეკითხვა ლოგიკურია, მაგრამ კრემლში კარგად ესმით, რომ ეკონომიკური­ კრიზისის ზრდის პირობებში მშვიდობის დამყარება მათთვის პოლიტიკურ შედეგს ვერ მოიტანს, რადგან ის მიზნები, რაც ომის დაწყებისას დაისახეს, მიღწეული არ არის, მათ შორის დონბასის სრული კონტროლი. ამიტომ მშვიდობა კრემლისთვის შიდა უსაფრთხოების პრობლემასაც წარმოშობს. უკრაინის ფრონტზე ასიათასობით­ ბრძოლისუნარიანი კონტინგენტია, რომელიც მაღალ ანაზღაურებას იღებს. კონფლიქტის შეწყვეტის შემთხვევაში მათი დემობილიზაცია სერიოზულ რისკებს შექმნის. შესაბამისად, პუტინისთვის ომის გაგრძელება ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზაა. ამასთან, მისთვის შეიძლება უფრო "რაციონალურადაც" კი ჩანდეს კონფლიქტის დროებით გაყინვა უკრაინაში და ყურადღების გადატანა შედარებით სუსტ მიმართულებებზე, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, სადაც, პუტინის შეფასებით, დასავლეთის რეაგირება უფრო რთულად კონსოლიდირდება. ასეთ სცენარში რუსეთი ცდილობს სამხედრო მოქმედებების პარალელურად ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარით შეაკავოს ფართომასშტაბიანი პასუხი. რუსეთში სწორად მიიჩნევენ, რომ ნატოსა და ევროკავშირში სრული პოლიტიკური ერთიანობა არ არსებობს. არის რიხიანი განცხადებები, თუმცა გადაწყვეტილებების მიღება კონსენსუსს საჭიროებს და ეს პროცესს აჭიანურებს.

- ფიქრობთ, ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში ამერიკა მეხუთე მუხლს უგულებელყოფს?

- მეხუთე მუხლი ნატოს კოლექტიური­ თავდაცვის საფუძველია და მისი იგნორირება ალიანსის არსებობას კითხვის ნიშნის­ ქვეშ დააყენებდა. თუმცა კრემლი ყურადღე­ბით აკვირდება დასავლეთის შიდა დისკუს­იებს, სამხედრო ხარჯების საკითხს და ამერიკის სამხედრო ყოფნის შემცირების შესახებ გადაწყვეტილებებს ევროპაში. სწორედ ამ გარემოებებს იყენებს რუსეთი საკუთარი ნარატივის გასამყარებლად, რომ დასავლეთის ერთიანობა მყიფეა.

- ამის მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა ზეწოლის ქვეშაა...

- რუსეთს კვლავ აქვს ფინანსური რესურსები, მათ შორის ეროვნული კეთილდღეობის ფონდში დაგროვილი თანხები და შიდა ფინანსური მექანიზმები, რომლებითაც ომის დაფინანსებას უზრუნველყოფს. პარალელურად, ხელისუფლება ზრდის სამხედრო ხარჯებს და ეკონომიკას ნაწილობრივ სამხედრო რეჟიმზე აწყობს. ეს ამძიმებს სოციალურ მდგომარეობას, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში ომის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს.

- ამის პარალელურად, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც რუსეთის ტრადიციულ გავლენას ეჭვქვეშ აყენებს, მათ შორის სომხეთის ენერგეტიკაში დასავლეთის შესაძლო ჩართულობა.

- ნებისმიერი დასავლური აქტივობა რეგიონში მნიშვნელოვანია, იქნება ეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის მხარდაჭერა, სატრანზიტო პროექტები თუ ენერგეტიკული თანამშრომლობა. თუმცა სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური გასაღები მაინც საქართველოა. რეგიონისა და ცენტრალური აზიის დასავლეთთან დამაკავშირებელი ძირითადი სახმელეთო და სატრანზიტო დერეფანი სწორედ საქართველოზე გადის. ეს კარგად ესმის რუსეთს და ამიტომ ცდილობს აქ საკუთარი გავლენის შენარჩუნებას. სომხეთის გეოგრაფიული და პოლიტიკური გარემო მნიშვნელოვნად ზღუდავს მის როლს, მაშინ როცა საქართველო წარმოადგენს კვანძურ სივრცეს, რომლის მეშვეობითაც რეგიონი დასავლეთს უკავშირდება. შესაბამისად, თუ დასავლეთს სურს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი სტრატეგიული გავლენის გაძლიერება, მთავარი აქცენტი სწორედ საქართველოზე უნდა გაკეთდეს.

ხათუნა ბახტურიძე