„ქართული საკითხი“ ევროპა-რუსეთის მოლაპარაკებებში?! - კვირის პალიტრა

„ქართული საკითხი“ ევროპა-რუსეთის მოლაპარაკებებში?!

სანამ ვაშინგტონში უკრაინის ომის დასრულებაზე მსჯელობენ, ბრიუსელმა წითელი ხაზები გაავლო - 18 თებერვალს გავრცელებული შიდა დოკუმენტით კაია კალასის უწყება რუსეთისგან მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენას ითხოვს, რადგან ამის გარეშე კონტინენტზე მშვიდობა წარმოუდგენელია. შესაბამისად, ევროპა მოსკოვისგან უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას და სამხედრო ძალების განთავსების აკრძალვას მოითხოვს.

ევროპაში შიშობენ, რომ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებმა მათი უსაფრთხოების ინტერესები შეიძლება უკანა პლანზე გადასწიოს. ამიტომ კალასის დოკუმენტი ერთგვარი დაზღვევაა - თუ ამერიკის გეგმით უკრაინის შეიარაღება იზღუდება, რუსეთმაც ზუსტად იგივე უნდა გააკეთოს, რადგან სუვერენულ ქვეყნებში მისი ჯარის ყოფნა ევროპას საფრთხეს უქმნის. ცხადია, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ამ დოკუმენტში საქართველო მოხვდა. ეს აჩვენებს, რომ ჩვენი დეოკუპაციის საკითხი არ არის დავიწყებული და ბრიუსელი მყარ უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს მთელი აღმოსა­ვლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიისთვის. მართალია, ევროკავშირს სამხედრო ზეწოლის ბერკეტი არა აქვს, მაგრამ დოკუმენტში მკაფიოდაა ნათქვამი, რომ სანქციები მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემდეგ მოიხსნება. წესით, ამ დოკუმენტს საქართველოში მოწინააღმდეგე არ უნდა გამოსჩენოდა, რადგან ისეთ საკითხს შეეხება, როგორიც რუსული ჯარის გაყვანაა, თუმცა ამ დღეებში სოცქსელებში ტროლ-ბოტების არნახული აქტიურობა იყო ამ ჩანაწერის წინააღმდეგ. პოლიტიკის ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი­ როგორ ხსნის ამ შეტევას და რა მნიშვნელობა აქვს ასეთ ჩანაწერებს საქართველოსთვის, მას სწორედ ამ საკითხებზე ვესაუბრებით.

- ევროკავშირის ეს მოთხოვნა უდიდესი მნიშვნელობისაა. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის წყალობით, ჩვენ ევროპისგან სრულ იზოლაციაში­ აღმოვჩნდით. ყოველდღიურად ვისმენთ ნარატივს, თითქოს დასავლეთია­ სათავე ყოველივე უბედურებისა, ყველაფერს მათ აბრალებენ. იმასაც კი ამტკიცებენ, რომ დღევანდელი ევროკავშირი ნამდვილ ევროპას აღარც წარმოადგენს. ეტყობა, მათი გადმოსახედიდან ორბანი, ლე პენი ან ვინმე მსგავსი ფიგურა გამოხატავს "ჭეშმარიტ ევროპას". ამ ყველაფერს ემატება ის უმძიმესი რეალობაც, რომ ჩვენი სიტუაცია უკვე კარგა ხანია უკრაინისგან განცალკევებით განიხილება, მით უმეტეს ტრამპის პოლიტიკის მოლოდინის ფონზე და იმ პირობებში, როცა თავად ჩვენი მთავრობა სულაც არ მიისწრაფვის ევროკავშირისკენ. ასეთ სიტუაციაში­ სავსებით შესაძლებელი იყო, რომ რუსეთ­თან მოლაპარაკებების კონტექსტში საქართველო არავის ეხსენებინა, ევროკავშირსაც შეეძლო ფეხებზე დავეკიდებინეთ და საქართველოდან ჯარების გაყვანის საკითხი არც წამოეჭრა. სწორედ ამიტომ აქვს ამ მოთხოვნას უდიდესი ფასი - ეს ნიშნავს, რომ ევროპაში ჩვენი ქვეყანა და რეგიონი კვლავ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ და რუსეთს აქ მოქმედების მწვანე შუქს არ უნთ­ებენ. არავის აქვს იმის მიამიტური ილუზია, რომ რადგან ევროკავშირმა მოითხოვა, რუსები ადგებიან და ხვალვე გაიყვანენ ჯარს, მაგრამ თავისთავად ამ პოზიციის დაფიქსირება ძალიან დიდი მხარდაჭერაა. რასაც ახლა სოციალურ ქსელებში ვხედავთ, ეს არ არის უბრალო ხალხის რეაქცია. ის, რასაც პროსახელისუფლებო ტროლები და ბოტები აკეთებენ, არის მკაცრად ორგანიზებული კამპანია. გამორიცხულია, ეს ზემოდან დავალების გარეშე ხდებოდეს. შეიძლება პირადად ივანიშვილი ან კობახიძე არ ავალებენ, მაგრამ ვინც ამ ბრძანებებს გასცემს, მან ზუსტად იცის, ზემოდან რა მოთხოვნაა და რა ტიპის კამპანია უნდა აწარმოოს.

- როდესაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზეა ლაპარაკი და რუსული ჯარის გაყვანის ჩანაწერს ეწინააღმდეგები, თუნდაც საკუთარ მომხრეებს ამით როგორ დაუმტკიცებ, რომ ევროპა ცუდია?

- ალბათ, ბოღმის ამბავია, ან იქნებ საქართველოს ხელისუფლების ისეთი ქმედებაა, რომელსაც რაციონალურად ვერ ახსნი. არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ ოპოზიციური ფლანგისთვის მავნებლური მგონია ბიძინა ივანიშვილის ცალსახად რუსეთად აღქმა. მართალია, პრორუსული პოლიტიკაც გაუტარებია და ბოლო დროს ყველაფერს რუსეთის სასარგებლოდ აკეთებს, მაგრამ პოლიტიკის სწორად დასაგეგმად მოტივაციის სწორად შეფასება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თუ მთავარი თეზისი ისაა, რომ მოწინააღმდეგე მოსკოვშია და გადაწყვეტილებებს ის იღებს, მაშინ აქ ბრძოლას აზრი ეკარგება. ბიძინა ივანიშვილი ეფ-ეს-ბეს აგენტადაც რომ ჩავთვალოთ, მისი ქმედებები მაინც არალოგიკურია. რაში სჭირდება ახლა ეს კამპანია? ცხადია, ოფიციალურად არ იტყვიან, რომ ტროლებს თავად მართავენ. იქნებ ილუზიის შექმნას ცდილობენ, თითქოს ხალხს ევროპა არ უნდა და კურსის ცვლილებაა საჭირო, მაგრამ შიდა კვლევებით რეალური სურათი ხომ მშვენივრად იციან. ამიტომ გამიჭირდება ამის ახსნა, თუმცა ერთი რამ ცხადია - ბიძინა ივანიშვილს სჩვევია, ჯერ რაღაცას იტყვის და მერე რეალობას ერგება, მაშინაც კი, როცა მისი ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება. ალბათ, ეს ყველაფერი იმით აიხსნება, რომ მათი მთავარი­ ნარატივით ევროკავშირი მტერია. ერთ-ერთმა­ პარლამენტარმა ისიც კი თქვა, კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერიაო, და როცა შენი "დაუძინებელი მტერი" ტერიტო­რიული მთლიანობის აღდგენას­ ითხოვს, პროპაგანდა ინგრევა. ამიტომ ერთადერთი­ პროპაგანდისტული მიზანი შეიძლება ის იყოს, რომ ევროკავშირის, როგორც მტრის იმიჯი არ დაინგრეს.

რუსა მაჩაიძე