„აგენტების კანონის“ ტაქტიკა ევროკურსის წინააღმდეგ?! - კვირის პალიტრა

„აგენტების კანონის“ ტაქტიკა ევროკურსის წინააღმდეგ?!

2013 წლის შემოდგომაზე უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე მოულოდნელად უარი თქვა. მას არ უთქვამს, ევროპა აღარ გვინდა და რუსეთში მივდივართო. ოფიციალური არგუმენტი გაცილებით "დემოკრატიულად" ჟღერდა - მთავრობამ განაცხადა, რომ საჭირო იყო "პაუზის აღება", ეკონომიკური რისკების თავიდან დათვლა და საზოგადოებრივი დებატების დაწყება. რეალურად კი ეს მოჩვენებითი პაუზა და დისკუსიისკენ მოწოდება­ იყო ნიღაბი გეოპოლიტიკური უკანდახევისა და რუსულ ორბიტაზე დაბრუნებისთვის. ისტორიამ და მაიდანმა ნათლად გვაჩვენა, რა მოჰყვა ხალხის ნებისა და ისტორიული კურსის ასეთ შეფუთულ უგულებელყოფას... დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები ჰგავს ამ ისტორიულ პარალელს. თუმცა ყურადსაღებია თავად ამ ნარატივის შემოტანის ტაქტიკა - საგარეო კურსის გადახედვისა და დებატების საჭიროების“საკითხი არა მმართველმა პარტიამ, არამედ მათმა სატელიტურმა ჯგუფებმა გაააქტიურეს და "ოცნებაც"„არ აღმოჩნდა წინააღმდეგი. ეს ხელწერა ზუსტად იმეორებს ე.წ. აგენტების კანონის ინიცირების წინა პროცესს - მაშინაც დაპირისპირების გამომწვევი საკითხი ჯერ "ოცნების"“სატელიტმა ჯგუფმა დააყენა, მერე "ოცნების"“მთავარი თემა გახდა და ხელისუფლების დღის წესრიგად და მიღებულ კანონად იქცა.

რატომ მაინცდამაინც 2026 წელს?

მას შემდეგ, რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, ბუნებრივი მოლოდინი­ ­იყო, რომ 2026 წელი რეფორმების პიკი და ევროკავშირთან დაახლოების თვისებრივად ახალი ეტაპი იქნებოდა. ნაცვლად ამისა, მივიღეთ პროცესის უკუსვლა და ახლა უკვე დებატების შემოთავაზება და საინფორმაციო ველი, რომელიც გადაივსო ანტიდასავლური პროპაგანდით. ამ რეალობაში ევროპას ქვეყნის მთავარ მტრად წარმოაჩენენ. ამ ტაქტიკურ ცვლილებას, როგორც ჩანს, კონკრეტული, სტრატეგიული მიზეზები აქვს, რომელთაგან პირველი პოლიტიკური სტაგნაციის გადაფარვაა. ვინაიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა სასამართლო სისტემის რეფორმისა და სხვა დემოკრატიული პირობების შეუსრულებლობის გამო ფერხდება, ხელოვნურად ინიცირებული დებატები ყურადღების გადასატანი საუკეთესო ინსტრუმენტი ხდება. იმის ნაცვლად, ვალდებულებები შეასრულოს, ხელისუფლება ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს პროცესის შეფერხება არა უმოქმედობის, არამედ ეროვნული ინტერესების გადააზრებისა“და ევროპის მიუღებელი მოთხოვნების შედეგია. პარალელურად, მმართველი გუნდი საინფორმაციო ნიადაგს ამზადებს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. დებატების გახსნით ის ლეგიტიმაციას ანიჭებს ანტიდასავლურ აზრს საჯარო სივრცეში, რათა მომავალი პოლიტიკური ციკლისთვის ევროინტეგრაცია აღარ იყოს ხალხის უმრავლესობის უალტერნატივო არჩევანი, არამედ იქცეს ვაჭრობის საგნად. ამას ემატება პასუხისმგებლობის არიდების ცდაც - დებატების ფორმატი საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, პოპულისტურად განაცხადოს, რომ ისინი კი არ ამბობენ უარს ევროპაზე, არამედ უსმენენ საზოგადოებაში არსებულ განსხვავებულ აზრებს. საბოლოოდ ეს სხვა არაფერია, თუ არა ცდა, რომ კონსტიტუციური ვალდებულება და ისტორიული არჩევანი დაუსრულებელ, უნაყოფო დისკუსიად იქცეს.

რა უჯდება ქვეყანას ეს ხელოვნური გაურკვევლობა?

როცა სახელმწიფო ეჭვქვეშ აყენებს ევროპულ მომავალს, ამას უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური ფასი აქვს. ეკონომიკა ვერ იტანს გაურკვევლობას. მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ უკვე დაიწყო ლაპარაკი რესურსების ოპტიმიზაციაზე, რაც ცხადია, პირდაპირ მიანიშებს, რომ საქმე არც ისე კარგადაა, ამ დროს ევროპული კურსის შესახებ დაწყებული ორჭოფობა კატასტროფულ რისკებს აჩენს ქვეყნის სუვერენული რეიტინგისთვის. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები საქართველოს სტაბილურობასა და საინვესტიციო მიმზიდველობას პირდაპირ აიგივებენ ევროატლანტიკურ კურსთან. დებატების დაწყება ამ კურსის გადახედვაზე ავტომატურად ნიშნავს რეიტინგის ვარდნის საფრთხეს, რაც ქვეყანას უძვირებს სესხებს და აფრთხობს მსხვილ კაპიტალს. ამასთან, პირდაპირი საფრთხე ექმნება ევროპულ ფინანსურ დახმარებებსაც. ანტიდასავლური რიტორიკის გამკაცრება ნიშნავს მილიონობით ევროს დაკარგვას. ამ ეკონომიკურ იზოლაციას ემატება ვაჭრობის დივერსიფიკაციის შეფერხებაც. ნაცვლად იმისა, ქართული ბიზნესი სრულად და შეუქცევადად გადაერთოს ევროპულ სტანდარტებზე, აითვისოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით მონიჭებული სიკეთეები, პოლიტიკური ორჭოფობა აიძულებს კვლავ არასტაბილურ, მუდმივად პოლიტიზებულ რუსულ ბაზარზე დარჩნენ.

ამ პროცესის ყველაზე მძიმე სოციალური შედეგი კი ადამიანური რესურსის გადინება­ და რეგიონული იზოლაციაა. სანამ ამ ხელოვნურ პოლარიზაციასა და დებატებში ვართ ჩაფლული, მოლდოვა და უკრაინა ევროპულ ოჯახში ადგილს იმკვიდრებენ და შედეგისთვის არაფერს ცვლის„"ოცნების"“ძახილი, რომ ჩვენ დაგვჩაგრეს, ისინი კი არ იმსახურებდნენ. იმ დროს, როდესაც გაცილებით რთულ სიტუაციაში მყოფი მოლდოვა და ომში მყოფი უკრაინა დემოკრატიის გაძლიერებისთვის ყველაფერს აკეთებენ, საქართველოს ხელისუფლება პარლამენტის სპიკერის დონეზეც კი ევროკავშირის­ ლანძღვაზეა გადასული და რეგიონულ "რუხ ზონაში"“რჩება მყარი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე.

დებატები, როგორც სტრატეგიული უკანდახევა

თავისთავად, დემოკრატიულ საზოგადოებაში დებატებში ცუდი არაფერია. პირიქით,­ აზრთა გაცვლა-გამოცვლა, კრიტიკული მსჯელობა და ალტერნატივების განხილვა ჯანსაღი სახელმწიფოს ფუნდამენტია. თუმცა, როდესაც დებატების ინიცირება ხდება მიზანმიმართული პროპაგანდის ფონზე, როდესაც პროპაგანდისტი სპიკერები დი-სი-ეფ-ტი-აისა და ასოცირების ხელშეკრულებას ერთმანეთში ურევენ და ერთადერთი ამოცანა კონსტიტუციური მიზნის საბოტაჟია, ეს აღარ არის დემოკრატიული პროცესი. სხვა საკითხია, რომ საზოგადოებას მართლა შეიძლება სჭირდებოდეს იმის ახსნა, რომ ევროპული კეთილდღეობა ერთ დღეში არ მოდის და ამ გზაზე ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო, სტანდარტებით და ხარისხით დაწყებული და დემოკრატიის პრინციპებით დამთავრებული.

რუსა მაჩაიძე