რატომ ვეღარ ერთიანდება ოპოზიცია?!
საქართველოში ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანების თემა აქტუალურობას არ კარგავს და პერიოდულად სხვადასხვა ძალითა და კონფიგურაციით აქტიურდება, ბოლო წლებში კი მიზანი ყოველთვის ერთია - "ოცნების" ჩამოშორება ხელისუფლებიდან. რა არგუმენტები აქვთ გაერთიანების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს და რას გეგმავენ, ამ საკითხებზე ვესაუბრებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ირაკლი ფავლენიშვილს, "გახარია საქართველოსთვის" წევრს გიორგი შარაშიძესა და "ლელოს" წევრს თაზო დათუნაშვილს.
"ერთიანობა უფრო ეფექტურია, ვიდრე ფრაგმენტირებული ბრძოლა"
ირაკლი ფავლენიშვილი: - ძალიან მარტივი პოლიტიკური ლოგიკაა - როდესაც ძალაუფლება ერთი პირის და მისი ბანდის ხელშია, ყველა ინსტიტუცია მიტაცებულია და ყველა რესურსზე შტურმი მიმდინარეობს, ერთიანობა უფრო ეფექტურია, ვიდრე ფრაგმენტირებული ბრძოლა. ჩვენი ისტორიაც გვახსოვს - დიდ ცვლილებებს ყოველთვის წინ უძღოდა გაერთიანება. ეს არ გულისხმობდა, რომ ყველა აქტორი გაერთიანდებოდა, თუმცა ძირითადი ნაწილი მაინც ერთად იყო. ასე იყო "ვარდების რევოლუციის" და ეროვნული მოძრაობის დროს. ივანიშვილმაც მოახერხა თავის დროზე ოპოზიციის დიდი ნაწილის საკუთარი ქოლგის ქვეშ გაერთიანება.
არჩევნების შემდგომ იყო პერიოდი, როდესაც ოპოზიცია კოორდინირებულად თანამშრომლობდა, თუმცა შიდა კონფლიქტებმა ეს ერთიანობა დააზიანა. დღეს საზოგადოების დაკვეთაც ის არის, რომ წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართული ხალხი უფრო მეტად კოორდინირებული იყოს.
- წინა გაერთიანებების დროსაც ხომ ეს პრობლემები და მიზნები იყო, ახლა კონკრეტულად რა იქნება განსხვავებული?
- მთავარი განსხვავება ისაა, რომ პოლიტიკურმა აქტორებმა ერთად უნდა დაგეგმონ ძირითადი აქტივობები. ბოლო პერიოდში ოპოზიციაში რამდენიმე კონფლიქტური კერა გაჩნდა, რამაც დაქსაქსულობის განცდა შექმნა. სიახლე იქნება ის, რომ ოპოზიცია გახდება ისეთი კოორდინირებული, როგორიც კარგა ხანია არ ყოფილა.
- ეს არის გაერთიანება ივანიშვილის წინააღმდეგ თუ მზადება არჩევნებისთვის?
- ეს გაერთიანება, უპირველეს ყოვლისა, არის მზადება იმისთვის, რომ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს. ივანიშვილის რეჟიმის პირობებში არჩევნები, ფაქტობრივად, გაუქმებულია, ამიტომ საპროტესტო ტალღის ერთ-ერთი მიზანი სამართლიანი არჩევნების მოპოვებაა. ჩვენი მიზანია შევთანხმდეთ იმ პრინციპებზე, რომელთა ფარგლებშიც უნდა ჩატარდეს არჩევნები.
- ვინც არ ერთიანდება, ამბობენ, რომ კონკრეტულ საკითხებზე თანამშრომლობისთვის მზად არიან. რატომ ვერ ხერხდება სრული გაერთიანება?
- ეს მათ უნდა ჰკითხოთ. გაერთიანება ბევრ საკითხზე თანამშრომლობას, ერთიან ხედვასა და გეგმას გულისხმობს, იქნება ეს აქციები თუ საგარეო ფრონტზე პარტნიორებთან კომუნიკაცია. თუ ამას ეთანხმებიან, გაუგებარია, რას არ თანხმდებიან.
- თუ არჩევნების წესი არ შეიცვალა და ბლოკები ისევ აკრძალული დარჩა, რას აპირებთ?
- ჩვენ ვიბრძვით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. ივანიშვილის წესებით ჩატარებული არჩევნები ჩვენი მიზანი არ არის. ჩვენ გარკვეულ პრინციპებზე შევთანხმდით და საზოგადოებას მალე გავაცნობთ. ეს თემა მუდმივად ვერ იქნება აქტუალური, ამიტომ შეთანხმების დოკუმენტი სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ჯერ დამუშავების პროცესშია და ამ პროცესში ჩართული პოლიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ დოკუმენტი ღია იქნება ყველასთვის, ვინც მასში გამოთქმულ პრინციპებს გაიზიარებს და ექნებათ შესაძლებლობა, მას მერეც შეუერთდნენ, "ლელომ" და გახარიას პარტიამ უკვე განაცხადეს, რომ ისინი ამ გაერთიანებას არ შეუერთდებიან. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ისინი ერთმანეთთან თანამშრომლობას და "ლელო" ამ ახალ გაერთიანებასთან კოორდინაციას ცალკეულ საკითხებზე არ გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ პოზიციები და არგუმენტები განსხვავებულია.
"ნაციონალურ მოძრაობასა" და მის განაყოფებთან საერთო არაფერი გვაქვს"
გიორგი შარაშიძე: - ჩვენ თავიდანვე გავემიჯნეთ ამ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დაიწყო საუბარი ბოიკოტზე და გაიშალა კამპანია, მთელი ეს პროცესი მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტის თემას მიჰყვებოდა. ეს ყველაფერი უკვე 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის პროვოკაციაში გადაიზარდა და ძალიან ცუდი შედეგებით დასრულდა. დაანონსებული მოლოდინის ნაცვლად, თითქოს ამ დღეს ოპოზიციის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი გარდატეხა უნდა მომხდარიყო, მაგრამ სრულიად საპირისპირო სურათი აჩვენა. ამან კი, რა თქმა უნდა, დაადასტურა, რომ ბოიკოტიც კი (აღარაფერს ვამბობ მშვიდობიან დამხობაზე) ძალიან დიდი შეცდომა იყო. სწორედ ამან განაპირობა "ოცნების" ხელში ძალაუფლების კონსოლიდაცია. 64-ვე მუნიციპალიტეტი ფაქტობრივად ლანგარზე მიართვეს "ოცნებას". შესაბამისად, ამ პარტიებთან, რომლებიც პირდაპირ და ბოლომდე არიან პასუხისმგებელი მომხდარ მავნებლობაზე, რამაც მხოლოდ "ოცნების" წისქვილზე დაასხა წყალი, რა საერთო უნდა გვქონდეს. მით უმეტეს, ამ მძიმე შედეგებზე მათ არც პასუხისმგებლობა აუღიათ, არც რამე აუხსნიათ.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი პარტიის გაძლიერება და მისი თვითმყოფადობის შენარჩუნება. ვფიქრობთ, პოლიტიკურ პროცესებში გაცილებით მნიშვნელოვანი როლის შესრულება დამოუკიდებლად შეგვიძლია, ვიდრე ამ გაერთიანებაში. ვისაც გაერთიანება უნდა, მათ საქმეში არ ვერევით და ნურც ისინი ჩაერევიან ჩვენს საქმეში.
მუნიციპალურ არჩევნებზე ჩვენ და "ლელომ" თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი ვაჩვენეთ. ეს მართლაც უნიკალური შემთხვევა იყო საქართველოს ისტორიაში, თუ როგორ შეიძლება ორმა კონკურენტმა პოლიტიკურმა ძალამ მეტ-ნაკლებად გააერთიანოს რესურსები, გამორიცხოს კონკურენცია და ერთიანი კანდიდატებით წარდგეს ამომრჩევლის წინაშე. რთული ვითარების მიუხედავად, მაინც შევძელით ასეთი პრეცედენტის შექმნა. შესაბამისად, თუ მომავალში ვინმესთან შესაძლო თანამშრომლობაზე ვისაუბრებთ, არა დღეს, რადგან დღეს ეს თემა ჩვენთვის არ არის აქტუალური, ეს ისევ "ლელო" შეიძლება იყოს. დანარჩენებთან კი, მით უმეტეს "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის განაყოფებთან საერთო არაფერი გვაქვს.
- როგორც ხშირად ამბობენ, თუ არჩევნები დაინიშნა, ოპოზიცია იმდენად სუსტი და დანაწევრებულია, რომ "ოცნების" დამარცხებას ვერ შეძლებს. იზიარებთ ამ მოსაზრებას?
- რომელ ოპოზიციაზეა საუბარი? ჩვენ საკუთარ თავს სუსტად არ მივიჩნევთ. ვფიქრობთ, რომ ყოველდღიურად ვძლიერდებით და "ოცნების" წინააღმდეგ დამოუკიდებლად ბრძოლის პრობლემა არა გვაქვს. ვინც ამაში პრობლემას ხედავს და გაერთიანებას აპირებს, მათ ხომ რაღაც ღირებულებების გარშემო უნდა მოახდინონ კონსოლიდაცია? ამ კონკრეტულ პარტიებთან კი ჩვენ საერთო ღირებულებები არა გვაქვს. ეს არის წითელი ხაზი და მათთან გაერთიანებას არასდროს განვიხილავთ. არჩევნები რომც დაინიშნოს, ჩვენ მასში მონაწილეობას კვლავ დამოუკიდებლად მივიღებთ.
"არ გვინდა თავი შევიზღუდოთ მემორანდუმებით, რომლებიც შედეგის მომტანი არ არის"
თაზო დათუნაშვილი: - ბრძოლის ამ ეტაპზე დამოუკიდებელ პოზიციონირებას ვამჯობინებთ ყოველგვარი მემორანდუმების მიღმა. უპირველესად იმიტომ, რომ ვართ "ქარტიის" ხელმომწერები - ეს ერთადერთი დოკუმენტია, რომელიც ივანიშვილის შემდგომ თამაშის წესებს ადგენს. ის ერთობის კონცეფცია, რომელზეც ახლაა საუბარი, არ მოიცავს ერთიან სტრატეგიას და არ არის გამარჯვების ფორმულა. გამარჯვება შესაძლებელია მხოლოდ საერთო ხედვით. გარდა ამისა, საზოგადოებაში მსგავსი ერთობების სანდოობის კრიზისია - ოპოზიციას ხშირად შეუქმნია მოლოდინი, რომლის ვერასრულებასაც იმედგაცრუება მოჰყვებოდა. ნდობის პრობლემა პოლიტიკურ ძალებს შორისაცაა - ბევრ აქტორს ხელმოწერილი პრინციპები არ დაუცავს, ჩვენ კი ყოველთვის ზედმიწევნით ვასრულებთ ვალდებულებებს. არ გვინდა ვიყოთ ისეთი ერთობის ნაწილი, სადაც მთავარი ფაქტორი - ნდობა არ არსებობს. რასაც ახლა გვთავაზობენ, ეს უფრო ქცევის წესებია, რასაც ჩვენ ისედაც ცალმხრივად ვიცავთ უკვე ნახევარ წელზე მეტია. მას შემდეგ, რაც ჩვენი გზები გაიყო, ვიცავთ თავდაუსხმელობის კოდექსს - არ ვაბრალებთ სხვებს ღალატს და არ ვისვრით პოლიტიკურ ტალახს. მიუხედავად მძიმე შემოტევებისა, ამ პრინციპს არ ვარღვევთ, რადგან ეს საზოგადოების დაკვეთაა და ეს მოგვცემს ძალას რეჟიმის მოსაშორებლად.
- გახარიას პარტიაში თქვენთან კოორდინაციას არ გამორიცხავენ.
- რა თქმა უნდა, ვაპირებთ კონსტრუქციულ დიალოგს ყველა აქტორთან. მაგალითად, ჩვენთვის გახარია ფაქტორია და მასთანაც ვსაუბრობთ. ვაგრძელებთ შეუპოვარ ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ველზე - იქნება ქუჩის პროტესტი, საერთაშორისო თუ საარჩევნო ფრონტი. ამ სტატუსს პასუხისმგებლობით ვეკიდებით, მით უმეტეს, როცა ჩვენი ლიდერები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და წევრები პოლიტიკური დევნისა და უსამართლო სასჯელების ობიექტები არიან. არ გვინდა თავი შევიზღუდოთ მემორანდუმებით, რომლებიც დღეს გარდამტეხი შედეგის მომტანი არ არის. ჩვენი მთავარი სამიზნეა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას და ყიდის სახელმწიფო სუვერენიტეტს. ამ ფოკუსს არ დავკარგავთ.
- გაერთიანების მომხრეები ამბობენ, რომ ივანიშვილის დამარცხება ცალ-ცალკე შეუძლებელია. თქვენ თუ იზიარებთ ამ პოზიციას?
- იმ კონცეფციას, რომ ივანიშვილის დამარცხება ცალ-ცალკე შეუძლებელია, ვერ დავეთანხმები. რეჟიმს ვერ დაამარცხებს მხოლოდ პარტიების ხელმოწერა ქცევის კოდექსზე. გამარჯვება შესაძლებელია დიდი კონსოლიდაციით, რაც პირველ რიგში საზოგადოების გამოღვიძებასა და მის მოქმედებაზე გადასვლას ნიშნავს. ხელისუფლებას ცვლის ხალხის დიდი ენერგია და არა პარტიული შეკავშირება. ჩვენი წვლილი ამ კონსოლიდაციაში ბევრად ეფექტური იქნება "ლელოს", როგორც განსხვავებული იდენტობის მქონე პარტიის ცალკე პოზიციონირებით, ვიდრე მხოლოდ ერთობის დოკუმენტებზე ხელის მოწერით.
რუსა მაჩაიძე