ვის ელოდება რუსთავის ციხე ანუ გაგრძელდება თუ არა საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებები?! - კვირის პალიტრა

ვის ელოდება რუსთავის ციხე ანუ გაგრძელდება თუ არა საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებები?!

„ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, გიორგი ბაჩიაშვილის შემთხვევა ცხადყოფს, რომ სამართლებრივი სახელმწიფო ფორმალურად არ არსებობს და გადაწყვეტილებები ხშირად პირად ან პოლიტიკურ ინტერესებზეა მორგებული.

- ხელისუფლება კანო­ნების გამკაცრებას­ წარმოსახვითი საფრთხეებით ამართლებს, თითქოს დიფ სთეითი გვებრძვის, თითქოს დასავლეთიდან ვიღაც საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. ყველა ავტორიტარული რეჟიმი ჩამოყალიბების პროცესში თითქმის ერთსა და იმავე სცენარს იმეორებს. თუმცა კანონში ცვლილებების შეტანა ერთია, მაგრამ სისრულეში მოყვანა სხვა, ამას ადამიანური და ფინანსური რესურსი სჭირდება. "ქართული ოცნება" მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს ფინანსურ რესურსებს კორუფციასთან ბრძოლის სახელით. ეს გამოცდილი მეთოდია, მსგავს პრაქტიკას იყენებდნენ ალიევის, შევარდნაძის, პუტინის, ლუკაშენკოსა და სააკაშვილის დროსაც. კორუფციასთან ბრძოლის საბაბით ხდება ფულის ამოღება. მთავარია, საით მიემართება ის ფული...

...ავტორიტარული რეჟიმი თავისთავად არასამართლიანია. ბაჩიაშვილმა ქვეყნის არაფორმალურ ლიდერს წინააღმდეგობა გაუბედა. პასუხად მოიტაცეს და მის მიმართ ყველა სამართლებრივი პროცედურა დაარღვიეს. წარმოუდგენლად მიმაჩნია, ვინმეს სჯეროდეს, რომ ბაჩიაშვილი ნეიტრალურ ზონაში სეირნობდა, ანრი ოხანაშვილმა ხელი დაავლო და წამოიყვანა? არა, ბატონებო, ის ნამდვილად მოიტაცეს, ჩამოიყვანეს და მშობლებიც დააკავეს. ივანიშვილმა მიიღო ის, რაც უნდოდა, და გამოუშვა. ზოგიერთს უკვირს, რომ ღარიბაშვილის ცოლისძმამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაბადების დღე მიულოცა. ჩემი აზრით, ეს იმიტომ გააკეთა, რომ ღარიბაშვილს მხოლოდ 5 წელი ჰქონდეს მისჯილი და ქონება შეუნარჩუნდეს. ღარიბაშვილის ოჯახმა ბიძინა ივანიშვილს ასეთი მესიჯი გაუგზავნა, შენ ხარ ჩვენი იმედი და გადამრჩენელიო. მის ცოლისძმას სხვაგვარად რომ დაეწერა და პროტესტი გამოეხატა, იგივე დაემართებოდა, რაც სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს სოსო გოგაშვილს. კიდევაც გააკულაკებდნენ და ციხეშიც უფრო დიდი ხნით გამოკეტავდნენ. ყველაფერი ჯდება კლასიკური ავტორიტარიზმის ჩარჩოში. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს და რამდენს შეძლებს "ქართული ოცნება", დამოკიდებულია საზოგადოებაზე და ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ მდგომარეობაზე. სხვათა შორის, სტალინსაც ჰყავდა საკუთარი პოლიტბიუროს წევრების, მაგალითად, მოლოტოვისა და კალინინის ცოლები დაპატიმრებული. ავტორიტარიზმს ადამიანური რესურსი სჭირდება, ჩვენ კი პატარა ქვეყანა ვართ იმისთვის, რომ სრულფასოვანი დიქტატურა უზრუნველვყოთ. სხვებთან შედარებით, ურთიერთობები და სპეციფიკა განსხვავებულია, მაგალითად, ბელარუსისგან. მთავარი კითხვაა, რამდენად შეძლებს მზარდი ავტორიტარიზმის შენარჩუნებას?

- სუს-ში გამოკითხვაზე­ დაიბარეს ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითა­შვილიც. რას ნიშნავს ეს? გაგრძელდება "ქართული ოცნების" ყოფილი ჩინოვნიკების დაპატიმრება?

- ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რას გადაწყვეტს ხელისუფლება. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: დღეს ქვეყანაში ნებისმიერი შეიძლება დააპატიმრონ. "ქართული ოცნება" დღემდე მნიშვნელოვანწილად დასავლეთთან ურთიერთობების გათვალისწინებით მოქმედებდა, ანუ დასავლეთის განწყობები აკავებდა. ახლა ეს ზღვარი გადალახულია, მთელი დასავლეთი მტრად გამოცხადდა.

მეორე მხრივ, ქვეყანაში არის სისტემური კორუფცია. ე.ი. კორუფცია მთელ სისტემაშია გადანაწილებული, სხვადასხვა დონეზე. ამიტომ ხელისუფლებას შეუძლია ერთი კონკრეტული ფიგურა აირჩიოს და მისი საქმის გამოყენებით, მასზე ზეწოლით მთლიანი სისტემა გააკონტროლოს. ასეთ პირობებში თითქმის ნებისმიერ ადამიანზე შეიძლება მოიძებნოს დარღვევა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველას აუცილებლად შეეხებიან, მაგრამ სისტემის ლოგიკა ასეთია, სამართლებრივი მექანიზმები შეიძლება იქცეს არა მხოლოდ სამართლის აღსრულების, არამედ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტადაც.