„ქოლცენტრების საქმეზე რეაგირება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ეს პოლიტიკურად მიზანშეწონილად ჩაითვალა“
საქართველოს პროკურატურამ ქოლცენტრების საქმე გახსნა. უწყების განცხადებით, 2020-2023 წლებში საქართველოში მოქმედი თაღლითური ქოლცენტრების ნაწილს სუს-ის ექსშეფი გრიგოლ ლილუაშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მფარველობდნენ. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ 9,5 მილიონი აშშ დოლარის მითვისებისა და ფულის გათეთრების ფაქტზე 10 პირზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი უმრავლესობა "ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდა".
აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზება-შეკვეთას ედავებიან, რაზეც წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და მასზე ძებნაა გამოცხადებული. როგორც გაცხადდა, ქოლცენტრების საქმეზე მას ბრალს დაუსწრებლად წაუყენებენ. რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, პროკურატურას ამ ეტაპზე არ დაუზუსტებია, წარედგინა თუ არა ბრალდება აღნიშნულ საქმეზე, თუმცა გამოძიება გრძელდება.
ანდრო გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი:
- თავისთავად ის ფაქტი, რომ საქართველოში ასეთი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული წლების განმავლობაში მოქმედებდა და მას,
როგორც პროკურატურა ამტკიცებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ყოფილი გენერალური პროკურორი მფარველობდნენ, შემაძრწუნებელი ფაქტია, რომელიც აჩვენებს, რა დონეზეა ორგანიზებული კრიმინალი ფეხმოკიდებული საქართველოში.
მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად საუბრობდნენ სხვადასხვა პარტიის, საზოგადოების, მათ შორის მასმედიის წარმომადგენლები, ჩატარდა ჟურნალისტური გამოძიებები და ა.შ., ამ დანაშაულზე რეაგირება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ეს პოლიტიკურად მიზანშეწონილად ჩაითვალა.
სავარაუდოდ, გრიგოლ ლილუაშვილს ამ საქმეზეც წარედგინება ბრალი, ვინაიდან პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ის მფარველობდა ქოლცენტრების ნაწილს. ალბათ, აქვთ საკმარისი მტკიცებულებები. მეორე შემთხვევაში, სავალალოა ის გარემოებაც, რომ რატომღაც ეს გამოძიება ამ ეტაპზე შეჩერებულია მხოლოდ მმართველ პირებზე.
ფარცხალაძე, რომელსაც ქოლცენტრების მფარველობა ბრალდება, საქართველოში ოფიციალურ თანამდებობას 2015 წლის შემდეგ აღარ იკავებს. რა საშუალებებით ახერხებდა 2020-2023 წლებში ქოლცენტრების მფარველობას, მაშინ, როდესაც ის მმართველი პარტიის წევრიც არ იყო, არათუ პარტიის ელიტის წევრი? მფარველობა ნიშნავს სახელმწიფო უწყებების განეიტრალებას, სამართალდამცავ სტრუქტურასთან კორუფციულ ურთიერთობებს... როგორ ახერხებდა ამ ყველაფერს, როდესაც არანაირი თანამდებობა არ ეკავა?
ვფიქრობ, ეს მმართველი პარტიისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო და უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ კრიმინალურ დანაყოფებს იყენებდნენ, მაგალითად, ოპოზიციის წინააღმდეგ, ან საარჩევნო ტექნოლოგიებში. ეს მხოლოდ ვარაუდებია, სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია უსაფრთხოების სამსახურის ამგვარი განეიტრალება გამორჩენოდა მმართველ პარტიას, რომელსაც ამ სამსახურის საკონტროლებლად ყოველგვარი ბერკეტი აქვს.
ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელი სხვადასხვა მაღალჩინოსანი თურმე ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს ხელმძღვანელობდა და მფარველობდა. ერთია, რა იწერება ოფიციალურ ცნობებში და მეორე, რა შეგვიძლია წავიკითხოთ სტრიქონებს შორის.
ფარცხალაძე გენერალური პროკურორი იყო რამდენიმე წლის წინ და ისიც მხოლოდ რამდენიმე თვე. აღმოჩნდა, რომ პოსტზე მხოლოდ რამდენიმე თვე მყოფ პირს ჰქონდა იმგვარი გავლენა, რომ მას შეეძლო მფარველობა გაეწია კრიმინალური სინდიკატებისა და ორგანიზებული დანაშაულისთვის, რომლის გამოძიებაში მთელი ევროპული მედიასაშუალებები, ინტერპოლი და ა.შ იყო ჩართული. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს პირი გავლენას 2013-დან 2025 წლამდე ინარჩუნებდა. სავარაუდოდ, ამაში ჩართული იყვნენ მისი მოადგილეებიც, დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ისინი, რომლებსაც ოპერატიულად უნდა გამოევლინათ ამგვარი დანაშაულები, მაგრამ რატომღაც ვერ ხედავდნენ - ანუ მთლიანი სტრუქტურა ისე იყო შერწყმული ორგანიზებულ კრიმინალთან, რომ არც არავინ ამოწმებდა, არც ინფორმაციას ავრცელებდა და ის, რაც იცოდნენ ჟურნალისტებმა, ვიცოდით ჩვენ, გამოდის, არ იცოდნენ მათ, ვისაც ეს უნდა სცოდნოდა. ეს ხომ წარმოუდგენელია? ამგვარი წაყრუებისგან ჰქონდათ, ალბათ, თანამდებობრივი სიკეთეები, ბენეფიტები. მხოლოდ მინისტრი და გადამდგარი გენერალური პროკურორი ვერაფრით იქონიებდნენ გავლენას, თუ არ ეყოლებოდათ შემსრულებლები. ეს მოწმობს, რომ ყველა ეს სტრუქტურა შერწყმული იყო ორგანიზებულ კრიმინალურ ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, რაც საინვესტიციო გარემოსა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც კატასტროფაა.
- ფარცხალაძე, რომელიც აშშ-მ ეფესბე-ს აგენტად გამოაცხადა და რომელიც ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთად მოიაზრება, სუს-ის ყოფილ შეფთან რომ თანამშრომლობდა ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ქმედებაში, ეს კატასტროფა რაზე მიანიშნებს, რასთან გვაქვს საქმე?
- ინფორმაცია არსებობდა, ფაქტობრივად, ეს იცოდა ყველამ, ოღონდ, როგორც ჩანს, არ იცოდნენ იმათ, ვისაც ეს უნდა სცოდნოდა, კონკრეტულად, საპარლამენტო უმრავლესობამ, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტმა, ნდობის ჯგუფმა, ვსაუბრობ იმ ინსტიტუტებზე, რომლებსაც აქვთ უსაფრთხოების სამსახურზე კონტროლის საშუალება. როგორც ჩანს, არ იცოდა არც პროკურატურამ, რომელიც 2020-2023 წლების დანაშაულზე 2026 წელს საუბრობს. ვფიქრობ, ეს საკითხი ახლა უკავშირდება შიდა გადაჯგუფებებს - ახლა არა მარტო ამ ფრონტზე, ყველგან ხდება ფარცხალაძის მიმართულების შევიწროება, თორემ მანამდე ფარცხალაძე სწორედაც ამ მმართველი ძალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა.
- ითქვა, რომ მას ბრალს დაუსწრებლად წარუდგენენ. მოხერხდება თუ არა რომანოვ-ფარცხალაძის ექსტრადირება რუსეთიდან საქართველოში?
- არა მგონია, თუმცა გააჩნია, მას როგორ აქვს რუსეთში საქმე. რუსეთი თუ მას ფასეულ აგენტად თვლის, მაშინ რაღაც დონეზე რეაგირება მაინც იქნებოდა. შეიძლება ეს არ ყოფილიყო კრემლში მიღებული პუტინის მნიშვნელოვანი განცხადება, მაგრამ რაღაც არხებით გაჟღერდებოდა პოზიცია, რომ რუსეთი მიესალმება ან არ მიესალმება ამგვარ მოქმედებას.
- თქვენი აზრით, როგორი გაგრძელება ექნება ქოლცენტრებთან ბრძოლას?
- ამჟამად არ ვიცი, ისევ არსებობს თუ არა ეს ქოლცენტრები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქოლცენტრების მსხვერპლნი საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ.
ქოლცენტრები შესაძლოა ჩვენგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად არსებობდნენ, ისე, რომ ამას ვერ ვიგებდეთ, ადამიანების დასაქმებისას ისინი მაღალ კონსპირაციას იცავენ და რადგან დაზარალებული საქართველოში არ არის, ამიტომ ნაკლებად ჩანს ეს ყველაფერი.
ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, აქ ერთადერთი შემაშფოთებელი ის არის, რომ ეს ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებები თურმე ინფილტრირებული იყვნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომელიც უნდა ზრუნავდეს ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
მმართველი პარტია ამბობდა და ამბობს, საქართველოს ყველა მტრობსო, ამ დროს კი უსაფრთხოების სამსახური, ნაცვლად იმისა, ქვეყნის უსაფრთხოება დაეცვა, დაკავებული იყო კრიმინალური მოქმედებებით.