კრიმინალური „თრილერი“, რომელიც შესაძლოა სახელმწიფო უსაფრთხოებას დაემუქროს?! - კვირის პალიტრა

კრიმინალური „თრილერი“, რომელიც შესაძლოა სახელმწიფო უსაფრთხოებას დაემუქროს?!

გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში ბევრი გაზეთი გამოდიოდა, მათ შორის სუპერყვითლებიც. ერთ-ერთ მათგანს "კრიმინალური ჯოჯოხეთი" ერქვა, რომელშიც მკვლელობებზე თუ ყაჩაღობებზე გამოგონილ ამბებს წაიკითხავდით. დღეს ისეთი ამბები ხდება, რომ იმ ზემოხსენებულ გაზეთსაც შეშურდებოდა. გაიხსნა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე და ძალიან სამწუხაროა, რომ მასში ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია ფიგურირებს. პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ ქოლცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინა. აი, ეს საქმე უკვე გაცდენილია წმინდა კრიმინალურ ამბავს და შესაძლოა უშუალოდ ქვეყნის უსაფრთხოებას ეხებოდეს. მოკლედ გავიხსენოთ, რა განცხადება გაკეთდა გასულ კვირას პროკურატურაში.

"კონკურენცია" ქოლცენტრებს შორის

"ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს - დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს, ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე. ბრალდების დადგენილება ასევე წარედგინებათ ჯგუფის სხვა წევრებს:­ გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც­ ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ როგორც წინა პერიოდში ჩატარებულ ბრიფინგზეც განვაცხადეთ, 2020-2023 წლებში, მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც არსებობდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლცენტრების დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდა, ხოლო ქოლცენტრების შედარებით­ მცირე ნაწილს მფარველობდნენ გრიგოლ­ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე, მათი უახლოესი გარემოცვის წევრების მეშვეობით.

ორგანიზებული ჯგუფის წევრთა ფუნქციები მოიცავდა დანაშაულებრივი ქოლცენტრების გამართული ფუნქციონირების­ უზრუნველყოფას, ქოლცენტრის უკანონო საქმიანობის სამართალდამცავებისგან და სხვა კონკურენტი ორგანიზაციებისგან­ დაცვა-მფარველობას, გამოაშკარავების შემთ­ხვევაში საინფორმაციო მხარდაჭერას და საჭიროების მიხედვით, ე.წ. დაუმორჩილებელი კონკურენტების საქმიანობის გამჟღავნების უზრუნველყოფას. კერძოდ, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე უზრუნველყოფდნენ ქოლცენტრის გამართულ ფუნქციონირებას, იღებდნენ გადაწყვეტილებებს ქოლცენტრის გაფართოების ან ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ახორციელებდნენ საქმიან პროცესზე აქტიურ ზედამხედველობას, შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვას, ხელფასების და ბონუსების გაცემას, ასევე პარტნიორებისა და მფარველებისთვის გასანაწილებელი თანხების კალკულაციას და განაწილებას. ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები - გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ ქოლცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას, რაც გულისხმობდა სამართალდამცავებისგან და კონკურენტი ორგანიზაციების ჩარევისგან დაცვას. ამასთან, მონაწილეობდნენ ქოლცენტრის ფუნქციონირებისთვის საჭირო, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც.

აღსანიშნავია, რომ ქოლცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის­ არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე გავრცელებით ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. იმავდროულად, იმ კონკურენტი ქოლცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეული, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა.

რაც მხოლოდ ამ ეტაპზე გამოძიებით არის დადგენილი, 2020-2023 წლებში, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ დაახლოებით 9.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას. შემდგომში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით, დაზარალებულებისგან მოტყუებით დაუფლებული ვირტუალური აქტივების დანაწევრებით, მრავალჯერადი ტრანზაქციებით ნაწილდებოდა სხვადასხვა კრიპტოსაფულეზე, რომლებსაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები განკარგავდნენ, ხოლო ვირტუალური აქტივების კონვერტაციის შედეგად მიღებული ნაღდი ფული ხმარდებოდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საჭიროებებს - ხელფასებისა და ბონუსების გაცემას, ქოლცენტრების მიმდინარე ხარჯების დაფარვას, ასევე, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში აკუმულირებული სახსრები, ჯგუფის წევრების მიერ, როგორც თითქოსდა კანონიერი­ გზით მიღებული შემოსავალი, მიმართულ იქნა უძრავ-მოძრავი ქონებების შესაძენად", - განაცხადეს პროკურატურაში.

ეფ-ეს-ბე და რუს-ქართველი ოლიგარქი

ახლა გავიხსენოთ, რა განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძის შესახებ, როდესაც მას სანქციები დაუწესა (წყარო "ინტერპრესნიუსი", 2023 წლის 14 სექტემბერი)

"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (ეფ-ეს-ბე) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართველ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე. საქართველოში საზიანო გავლენასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე, რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე ონიშჩენკოს ასახელებს, რომელიც ასევე, შეყვანილია სასანქციო სიაში...

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია, რომელიც,­ სავარაუდოდ, დაეხმარა მის პარტნიორ ფარცხალაძეს რუსეთის პასპორტისა და შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობის აღებაში­. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაცი­ით,­ ფარცხალაძემ სრულიად აითვისა რუსული იდენტობა და რუსეთში ხშირად მოგზაურობს. მათი ცნობით, ონიშჩენკო და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეზე საკუთარ ბერკეტებს იყენებდნენ, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინათ ქართველ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე... იმავდროულად, გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძე ეფ-ეს-ბესთან კავშირებით პირად სარგებელს იღებდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანუ რა გამოდის - ეფ-ეს-ბეს აგენტი ოთარ ფარცხალაძე-რომანოვი და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი კრიმინალური ბიზნესპარტნიორები იყვნენ?! დიახ, თუ პროკურატურას დავუჯერებთ, ასე გამოდის. ისიც ვთქვათ, რომ, როდესაც ხარ ეფ-ეს-ბეს აგენტი, რჩები აგენტად და მუშაობ ეფ-ეს-ბეზე, მიუხედავად იმისა­, თუ სად იმყოფები გეოგრაფიულად და რითი ხარ დაკავებული.

რა ევალება ეფ-ეს-ბეს აგენტს, მით უმეტეს, ფულიანს? კონკრეტული სახელმწიფოს სტრუქტურებში ღრმად შეღწევა, ინფორმაციის მოპოვება და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თანამდებობის პირების გადმობირება. რიტორიკული კითხვა: არის თუ არა ასეთი ფიგურა სპეცსამსახურის ხელმძღვანელი? #1 სამიზნეა. გამოიყენებდა თუ არა ეფ-ეს-ბე თავისი აგენტისა და მეზობელი­ ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლობას საკუთარი მიზნებისთვის? რა თქმა უნდა. დანაშაულის ამსახველი ფაქტი, მაგალითად, საქართველოს პროკურატურის ხელში ბრალდების წაყენების საფუძველია, ეფ-ეს-ბეს ხელში კი - კომპრომატი შანტაჟისთვის.

რა თქმა უნდა, არაფერს ვამტკიცებთ. თუმცა მიგვაჩნია, რომ ეფ-ეს-ბეს აგენტ ოთარ ფარცხალაძე-რომანოვისა და სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის "მეგობრობის" ამბავი კარგად არის შესასწავლი. თუმცა, მოდი, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი... არ უნდა დარჩეს ბუნდოვანი­ კითხვა, რატომ იყო ოთარ ფარცხალაძე ე.წ. რუხი კარდინალი? ძალიან­ კარგად ვიცით, რომ, როდესაც ფარცხალაძე 2015 წლის 30 დეკემბერს გენპროკურორობიდან გადადგა, დიდი ხნის განმავლობაში "უგვირგვინო" გენპროკურორი იყო. მის გარეშე არც ერთი მნიშვნელოვანი საქმე არ წყდებოდა. 2017 წელს აუდიტის სამსახურის მაშინდელ ხელმძღვანელს ლაშა თორდიას სცემა და შერჩა. 2018 წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფარცხალაძემ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი გაიტაცა, სარდაფში ჩაკეტა და ანგარიშსწორებით ემუქრებოდა - საქმე ერთ-ერთ ბიზნესდავას ეხებოდა. 2023 წელს, როდესაც ამერიკამ ფარცხალაძე დაასანქცირა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკები დაავალდებულა, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ გავრცელებულიყო სანქციები, თუ ქვეყნის სასამართლო სისტემას კონკრეტული პირი დამნაშავედ არ ჰყავს აღიარებული - ანუ რეალურად ფარცხალაძის გამო რეგულაციები შეცვალეს და ლამის თავად სებ-ი აღმოჩნდა კრიზისში, რადგან პროტესტის ნიშნად ვიცე-პრეზიდენტებმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა თანამდებობები­ დატოვეს.

ოთარ ფარცხალაძე, გარდა ქოლცენტრების საქმისა, ბრალდებულია ბიზნესმენ­ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთაშიც. ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე ჯანგველაძის მძღოლმა გაიხსენა, რომ ბიზნესმენისა და ფარცხალაძის ერთ-ერთი შეხვედრა ფინანსურ პოლიციაში შედგა - ანუ სახელმწიფო უწყებებს, სადაც შესვლა ჩვეულებრივ მოქალაქეებს მხოლოდ საშვებით შეუძლიათ, ფარცხალაძე იყენებდა, როგორც ოფისს.

ყოველივე ზემოხსენებული მართლაც ძალიან შემაშფოთებელია და საზოგადოებამ უპასუხო კითხვებზე შესაბამისი განმარტება უნდა მიიღოს.

გიორგი კვიტაშვილი