რუსული რეპრესიების ახალი ტალღა აფხაზეთში
5 თებერვალს როსტოვში დააკავეს ახალგაზრდა აფხაზი მეცნიერი, იურისტი ირაკლი ბჟინავა, რომელსაც ექსტრემისტული განცხადებების გაკეთება ედება ბრალად. ამის შემდეგ დაიწყო მორიგი რეპრესიების ტალღა სხვა "ანტირუსი" აფხაზების წინააღმდეგაც. 11 თებერვალს სოჭის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა 7 აფხაზ ოპოზიციონერს, მათ შორის ერთი მოქმედი "დეპუტატი" და ოპოზიციის ლიდერი კან კვარჩიაა, რომელსაც რუსეთი უკვე წელიწადია დევნის, ხოლო 12 თებერვალს აფხაზეთის ე.წ. პროკურატურას გაეგზავნა "წინასწარ პატიმრობამისჯილი და ძებნილი" 10 კაცის სია, რომლებიც აფხაზეთში იმყოფებიან და რუსული მხარე მათ გადაცემას მოითხოვს. მათ ბრალად ედებათ გასული წლის 5 ნოემბერს რუსი პოლიტტექნოლოგების ოფისში შეჭრა, სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ძარცვა. რუსული გამოძიების მასალებში ნათქვამია, რომ თავდამსხმელი 40-მდე პირი იყო.
რუსი პიარტექნოლოგების საქმე
10 აფხაზის სისხლისსამართლებრივი დევნა უკავშირდება გასულ წელს აფხაზეთში დე ფაქტო მუნიციპალური არჩევნების წინ რუს პოლიტტექნოლოგებთან მომხდარ ინციდენტს. კან კვარჩიამ და რამდენიმე ოპოზიციონერმა აქტივისტმა სოხუმის ცენტრში აღმოაჩინეს ოფისი, სადაც რუსეთის სამი მოქალაქე დე ფაქტო პრეზიდენტ გუნბას შტაბისთვის ფარულად მუშაობდა. 5 ნოემბერს კან კვარჩია და ოპოზიციის აქტივისტები მათ ოფისში შეიჭრნენ, წაართვეს მობილურები და ლეპტოპები, დაამტვრიეს ინვენტარი. გამოქვეყნებული მასალებიდან გამოჩნდა, რომ ისინი მუშაობდნენ საარჩევნო შტაბში, უშვებდნენ გაზეთს, ბეჭდავდნენ პლაკატებს, ატარებდნენ გამოკითხვებს და ასევე ქირაობდნენ არასრულწლოვნებს, რომ ოპონენტების პლაკატები ჩამოეხიათ. ოპოზიციამ აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურს მოსთხოვა დაწყებულიყო გამოძიება უცხო ქვეყნის მოქალაქეების "აფხაზეთის არჩევნებში" უკანონო ჩარევის ფაქტზე. ამის ნაცვლად დე ფაქტო სამართალდამცავმა უწყებებმა რუსი მოქალაქეები უსაფრთხოების მოტივით გააძევეს სოხუმიდან. აფხაზეთის დატოვების შემდეგ რუსმა პოლიტტექნოლოგებმა განაცხადეს, რომ მათ სცემეს და იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. რუსეთში სს საქმე აღიძრა აფხაზი ოპოზიციონერების წინააღმდეგ, რომელთაც, რუსული მხარის მტკიცებით, "პარლამენტარი" კან კვარჩია ხელმძღვანელობდა. სს საქმეში ნათქვამია, რომ რუსეთის სამ მოქალაქეზე "სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და იარაღით" ყაჩაღური თავდასხმა მოხდა და ზარალმა 1.975.000 რუბლი (25.000 აშშ დოლარი) შეადგინა. დანაშაული 8-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მოგვიანებით ანალოგიური საქმეები აღიძრა თავად აფხაზეთშიც როგორც ოპოზიციის წევრების, ისე რუსი პოლიტიკური სტრატეგების წინააღმდეგ. რუს პოლიტტექნოლოგებს აფხაზეთის შიდა საქმეებში ჩარევის გამო ჯარიმა 1.500 რუბლის გადახდა დაეკისრათ.
გასულ წელს ამ საქმეზე რუსეთმა 3 აფხაზი ოპოზიციონერის - კან კვარჩიას, ეშსოუ კაკალიასა და ხინა დუმავას ძებნა გამოაცხადა, ახლა კი "დასასჯელთა სია" გაიზარდა. წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა 7 ოპოზიციონერს: მოქმედ "დეპუტატ" კან კვარჩიას, მის შვილს ეფემ კვარჩიას, ე.წ. პროკურორის ყოფილ მოადგილე ეშსოუ კაკალიას, ყოფილ "დეპუტატებს": ალმასხან არძინბასა და გარი კოკაიას, აქტივისტებს დავით ნაყოფიასა და ხინა დუმავას. 12 თებერვალს აფხაზეთში გაიგზავნა 10 "დამნაშავის" სია. მათგან 7-ს წინასწარი პატიმრობა სოჭში დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. 12 თებერვალს გამოძიება დაიწყო სოხუმშიც. ამ სიიდან სამი "ბრალდებული" - გარი კოკაია, ალმასხან არძინბა და ხინა დუმავა - ნებაყოფლობით გამოცხადდნენ დე ფაქტო პროკურატურაში. მათ ორთვიანი შინაპატიმრობა შეუფარდეს. დღეში მხოლოდ 2 საათით აქვთ სახლიდან გასვლის უფლება და ასევე აკრძალული აქვთ ტელეფონის, საკომუნიკაციო მოწყობილობებისა და ინტერნეტის გამოყენება. დე ფაქტო პროკურატურაში ასევე გამოცხადდა კიდევ ორი "ბრალდებული" ეშსოუ კაკალია და ასლან კმუზოვი, ისინი გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს სახლში. კან კვარჩიას წინააღმდეგ "პროკურატურაში" სს საქმე აღძრული არ არის, ამისთვის საჭიროა "დეპუტატს" ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მოეხსნას, ამიტომ "პროკურატურამ" მოთხოვნა დე ფაქტო პარლამენტში უკვე გაგზავნა.
18 თებერვალს სოხუმში ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართა, სადაც მოითხოვეს "რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების გადატვირთვა", რაც გულისხმობს ყველა ადრე ხელმოწერილი შეთანხმებისა და ხელშეკრულების გადახედვას, ასევე დე ფაქტო შს მინისტრის გადადგომას.
ბჟინავას საქმე
დაკავებული მეცნიერი, ადვოკატი ირაკლი ბჟინავა, როსტოვის უნივერსიტეტის პროფესორი და აფხაზეთის სათვისტომოს ხელმძღვანელია. სასამართლომ ბჟინავას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისკენ, საჯაროდ მოწოდების ბრალდებით, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბჟინავას დაკავება მოჰყვა მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოზიციას აფხაზეთში რუსული შიდა პასპორტების გაცემის უკანონობის შესახებ. ბჟინავამ დაკავების წინადღეს კატეგორიულად მიუღებელი უწოდა "დამოუკიდებელი ქვეყნის - აფხაზეთის რესპუბლიკის" მოქალაქის მიერ საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციისადმი ერთგულების ფიცის დადებას. "აფხაზეთი არ არის რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, არამედ დამოუკიდებელი სახელმწიფოა!" - დაწერა მან. გარდა ამ განცხადებისა, სს საქმეში ასევე დევს 2024 წელს ერთ-ერთ აფხაზურ ტელეგრამ-არხზე გავრცელებული განცხადება, სადაც ბჟინავა ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგ გამოდის. სასამართლოს თქმით, ბჟინავას "სკანდალური ონლაინბლოგერის რეპუტაცია აქვს, რომელიც ანტირუსულ განცხადებებს აკეთებს და ეთნიკური სიძულვილის გაღვივებას ცდილობს". მის დაკავებას სოხუმში ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა.
რუსული პასპორტების თემაზე სკანდალი ე.წ. აფხაზეთის პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის დახურულ სხდომას მოჰყვა, სადაც კან კვარჩიამ და კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერმა "დეპუტატმა" აფხაზებისთვის რუსული შიდა პასპორტების გაცემის პროცედურების კანონიერება ეჭვქვეშ დააყენეს. კვარჩიამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ რუსეთის შს სამინისტროს წარმომადგენლების აფხაზეთში ყოფნა და მათ მიერ პასპორტების გაცემა "სუვერენული სახელმწიფოს" შიდა საქმეებში ჩარევაა და ის უნდა შეჩერდეს. ამ განხილვიდან მეორე დღეს დააკავეს ბჟინავა, ხოლო ორი დღის შემდეგ მოსკოვმა აფხაზეთში რუსული შიდა პასპორტების გაცემა შეწყვიტა. ასევე შეწყდა რუსული მართვის მოწმობების გაცემაც. აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩმა მიხაილ შურგალინმა პირდაპირ დაადანაშაულა კვარჩია და განაცხადა, რომ აფხაზებს ახლა მოუწევთ რუსეთში მოგზაურობა, მგზავრობაზე ფულის დახარჯვა და სახელმწიფო გადასახადის გადახდა, რომელიც ათჯერ აღემატება წინა 300 რუბლს.
ცნობისთვის: აფხაზეთში პასპორტების გაცემა 2025 წლის შემოდგომაზე დაიწყო, ვლადიმირ პუტინის ბრძანებულების შემდეგ.
"რუსეთი ცდილობს აფხაზები ისე დაღალოს, რომ თავად თქვან, ჯანდაბას, აღარ გვინდა ეს დამოუკიდებლობაო"
პაატა ზაქარეიშვილი, რეინტეგრაციის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი: - რუსეთს სჭირდება არა უბრალოდ აფხაზეთი, არამედ რუსეთს დამორჩილებული აფხაზეთი. მოსკოვში ბჟანიას მმართველობის პერიოდის მწარე გამოცდილება აქვთ და ახლა ცდილობენ აფხაზეთში ნებისმიერი ანტირუსული გამოვლინება ჩაკლან. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს რუსეთზე რამე ამოყირავებულის მთქმელი აფხაზების რეპრესიები. თუ ყველას შეაშინებენ და აფხაზებს თავიანთ სახლებში შერეკავენ, ხელახლა დაუბრუნდებიან აპარტამენტისა და ინვესტიციების საკითხებს. პიარტექნოლოგების დარბევის თემაც რუსეთმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა, სს საქმე დაიწყო მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკურში გადასულიყო და ამით ეთქვათ, რომ ყველას, ვინც რუსეთის წინააღმდეგ გამოვა, ეს ბედი ელის. ჯერჯერობით 10-კაციანი სიაა გამოგზავნილი, გამორიცხული არ არის, სია კიდევ გაიზარდოს. გარდა ამისა, აფხაზეთში კიდევ სხვა სს საქმეებიც აქვთ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როცა ანტისომხური ტალღა წამოვიდა, შეიძლება ის ხალხი გაასამართლონ.
- რუსეთი გამორჩეულად ერჩის ოპოზიციონერ "დეპუტატ" კან კვარჩიას. ახლა დე ფაქტო პარლამენტმა მას ხელშეუხებლობის იმუნიტეტი უნდა მოუხსნას. თუკი "პარლამენტი" იმუნიტეტს არ მოუხსნის, ეს იქნება თუ არა რუსეთის სისუსტის მაჩვენებელი, რომ მისი რეპრესიები შედეგს ვერ დებს და მოსკოვს ერთ აფხაზ "დეპუტატთან" ბრძოლის მოგებაც არ შეუძლია?
- 2013 წელს მოკლეს რუსი ბიზნესმენი სერგეი კლემანტოვიჩი, რომლის გატაცების დამკვეთად ეჭვმიტანილი იყო "დეპუტატი" კვიწინია და მაშინ დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთის გაგებით "თავხედური" ნაბიჯი გადადგა, იმუნიტეტი არ მოუხსნა "დეპუტატს". ეს სკანდალური ამბავი იყო და თუ მკვლელობაში ეჭვმიტანილს არ მოუხსნეს იმუნიტეტი, ახლა რატომ უნდა მოუხსნან, ვინმე მოკლა კან კვარჩიამ? ეს აფხაზი საზოგადოების გამოწვევა იქნება. აგერ ვნახეთ, იმავე ხალხს, ვისაც რუსეთის სასამართლომ სოჭში მიუსაჯა პატიმრობა, იმავე საქმეზე აფხაზურმა "სასამართლომ" სოხუმში მიუსაჯა შინაპატიმრობა. აფხაზურმა "სასამართლომ" ვერ გაბედა გაემეორებინა რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება. არადა, პირდაპირ უკარნახა სოჭის სასამართლომ აფხაზურს, ჩასვით ციხეში, რომ შემდეგ მოსკოვს გადასცეთო, მაგრამ სოხუმში ვერ გაბედეს, თან, სიაში მარტო კვარჩია არ არის, სხვა ოპოზიციონერებიც არიან და ისინი არ აპირებენ დაშინებით გაჩუმდნენ. თუ კვარჩიას ჩამოართვეს იმუნიტეტი, ეს გამომწვევი ნაბიჯი იქნება და შეიძლება მასობრივი გამოსვლა მოჰყვეს.
რუსეთის პოლიტიკა დროებით ასეთია, ვიდრე არ ჩატარდება დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები. ახლა კვარჩიას არ ჩასვამს, არ სჭირდება ხალხის გაღიზიანება, თორემ რომ უნდოდეს, გაიტაცებს კიდეც და ჩასვამს კიდევაც. ახლა რუსეთს სჭირდება როგორმე მიაგოროს სიტუაცია "არჩევნებამდე", ამიტომ აშინებს კონკრეტულ პერსონებს, ამ ცალკეული მცირე რეპრესიებით ცდილობს მოსინჯოს ძალები, რათა ჩაერიოს შემდეგ "არჩევნებში", რომ მომავალ "პარლამენტში" შეიყვანოს მხოლოდ პრორუსი პირები. აფხაზეთის ნამდვილი ათვისება სწორედ ახალი "პარლამენტიდან" დაიწყება.
- აფხაზეთში რუსული პასპორტების გაცემა აბსურდული არგუმენტით შეჩერდა. რუსეთის ე.წ. ელჩმა თქვა, რომ თუკი აფხაზეთში ვინმე თვლის, რომ ეს სუვერენიტეტს ლახავს, პასპორტები აღარ გაიცემა. რუსეთისთვის მიუღებელი ფიგურის, კვარჩიას კრიტიკის გათვალისწინება რას ნიშნავდა?
- ძალიან კარგი მაგალითია იმის დასანახად, რა ხდება აფხაზეთში და რა უნდა რუსეთს აფხაზეთისგან - მას აფხაზების დამორჩილება უნდა და ეს პასპორტები მშვენიერი მაგალითია, როგორ სჯის მოსკოვი ამჯერად არა პერსონებს, არამედ მთლიანად ხალხს. ვიღაც კვარჩიას ერთი განცხადების გამო ჩაიშალა პუტინ-გუნბას დონეზე არსებული შეთანხმება, რაც სრული აბსურდია. რუსეთმა ამით დასაჯა აფხაზები, უთხრა, ვიდრე გეყოლებათ ასეთი იდიოტი ლიდერები, როგორიც არის კვარჩია, მანამდე არ გეშველებათ არაფერიო. კარგი რამეც მოხდა. კვარჩიამ თქვა, ჩვენ დამოუკიდებლები ვართ თუ ვინ ვართო. იგივე თქვა როსტოვში მცხოვრებმა ირაკლი ბჟინავამაც, რომელსაც, როგორც ჩანს, კარგად ესმის იურისპრუდენცია. მან თქვა, რომ თუ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაშინ რატომ არის რუსეთის პოლიციის უბნები ქალაქში? საკონსულო უნდა აკეთებდეს ამას. დაისვა აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვები, მათ ეჭვი შეიტანეს რუსეთის გულწრფელობაში მათ დამოუკიდებლობასთან მიმართებით და ამ ეჭვის გამო მათი დასჯით დადასტურდა, რომ რუსეთი აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ უყურებს - უყურებს როგორც თავის რეგიონს, როგორც ჩრდილოეთ კავკასიას, როგორც ჩეჩნეთს, დაღესტანს. ამაზე გაამახვილეს ყურადღება კვარჩიამ და ბჟინავამ და რუსეთის პასუხი იყო: არ გინდათ ჩვენი დახმარება? მაშინ კარგად იყავით, იარეთ სოჭში და იქ აიღეთ ეს შიდა პასპორტებიო. უმრავლესობამ კი თქვა, დიახაც, ვივლით სოჭში, იმიტომ არ ვიბრძოდით, იმიტომ არ დავღვარეთ სისხლი, რომ რუსეთის რეგიონი გავხდეთო...
აფხაზეთში ყველამ იცის, რომ "მოკავშირე რუსეთი" არ არსებობს ბუნებაში, რომ რუსეთი მტერია. უბრალოდ, ამას ხმამაღლა არ ამბობენ. იმიტომ ებრძვიან და დასდევენ კან კვარჩიასა და სხვებს, რომ გაანადგურონ მოლაპარაკე თავები და აფხაზებმა თავჩაქინდრულებმა აღიარონ, სხვა გზა არ არის, საქართველომ მიგვატოვა, რუსეთი იმპერიალისტურია, ამიტომ ჩავბარდეთ, ხომ არ გვხოცავენ მაინც და ვიყოთ კავკასიის რეგიონი, ჯანდაბამდე გზა ჰქონია ჩვენს დამოუკიდებლობასო.
ეკატერინე ბასილაია