როგორ უნდა მოიქცეთ, თუ განქორწინების შემდეგ შვილის ნახვის უფლებას გიკრძალავენ - კვირის პალიტრა

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ განქორწინების შემდეგ შვილის ნახვის უფლებას გიკრძალავენ

ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.

გვაქვს ავტოფარეხი, რომელსაც მეორე სართულზე აქვს დაშენებული საცხოვრებელი ფართობი. გვინდა აბონენტად ავიყვანოთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნახაზია არასწორი. ნახაზის მიხედვით, მოსაზღვრე მეზობელი ფარავს ჩვენს ფართობს. პროექტის ნახაზის გასწორებაზე ის წინააღმდეგია. როგორ შეიძლება მეზობელთან არ მქონდეს ეს საკითხი შესათანხმებელი?

- თუ თქვენსა და მეზობელს შორის ვერ ხერხდება მოლაპარაკება, მაშინ სასამართლოს გზით უნდა მოითხოვოთ ნახაზების გასწორება.

წლებია ვცხოვრობ დაუკანონებელ სახლში. როგორც მითხრეს, შემიძლია გავიფორმო მფლობელობითი ხანდაზმულობით. ვის უნდა მივმართო? არანაირი დოკუმენტი არა მაქვს. ეს სახლი ადრე ბერძნებს ეკუთვნოდა, ისინი საბერძნეთში წავიდნენ და მას შემდეგ არ დაბრუნებულან საქართველოში. მფლობელად რეესტრში ისინი არ ჩანან. როგორ მოვიქცე?

- თუ აღნიშნულ სახლს ფლობდით 2007 წლამდე, მაშინ შეგიძლიათ აღნიშნული სახლის თქვენს სახელზე რეგისტრირება აზომვითი ნახაზის საფუძველზე სპორადული წესით საჯარო რეესტრში.

როცა კომლიდან ამოწერილი ხარ, გაქვს თუ არა წილის მოთხოვნის უფლება?

- თუ თქვენ ამოწერილი ბრძანდებით კომლიდან, წილის მოთხოვნის უფლება არა გაქვთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომლის წევრი გარდაიცვალა 2019 წლის შემდგომ და გაიხსნა სამკვიდრო, ხოლო თქვენ ბრძანდებით გარდაცვლილის მემკვიდრე.

ბინა მქონდა დაქირავებული ერთწლიანი ხელშეკრულებით. ბინის მეპატრონე მეუბნება, რომ ბინა გაყიდა და მთხოვს დაცლას ვადაზე ადრე. რამდენი დღე მეკუთვნის, რადგან ჯერ არა მაქვს ახალი ბინა ნანახი.

- თუ აღნიშნული საკითხი არა გაქვთ მოწესრიგებული და დადგენილი ხელშეკრულებით, მაშინ კანონით დადგენილი 1-თვიანი ვადით შეგიძლიათ ისარგებლოთ.

მაქვს სახლი, რომლის 50% მე მეკუთვნის. ამ სახლში ცხოვრობს ჩემი თანამესაკუთრე და მე ვერ ვსარგებლობ კუთვნილი ქონებით. მინდა გაყიდვა, ჩემი მეწილე წინააღმდეგია და მეუბნება, რომ ვერ გავყიდი ქონებას, რადგან მას ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, არც ამ წილის შესყიდვა უნდა. მეც მყავს არასრულწლოვანი ორი შვილი და ვარ ქირით. რა შეიძლება გავაკეთო?

- უნდა მიმართოთ სასამართლოს ქონების გაყოფის მიზნით, თუ თქვენს თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა ისე ვერ ხერხდება, რომ მას ორი დამოუკიდებელი შესასვლელი ჰქონდეს, ასევე ქონებამ არ დაკარგოს საბაზრო ღირებულება. თუ ვერ ხერხდება ნატურით გაყოფა, მაშინ უნდა მოითხოვოთ ქონების რეალიზება და თანასაკუთრების ისე გაყოფა.

წლების წინ ვიყიდე ბინა მშენებარე კორპუსში, ბინა არის საჯარო რეესტრით ჩემს სახელზე გაფორმებული, მაგრამ მშენებლობა ვერა და ვერ დასრულდა. რამდენიმე მცხოვრებმა იჩივლა სასამართლოში და რადგან ჩვენც ვართ ამხანაგობის წევრები, სასამართლომ ჩვენი ქონება დააყადაღა. არადა, მეც ვარ მათ მსგავსად დაზარალებული. შესაძლებელია, რომ მივმართო სასამართლოს და მოვითხოვო ჩემს საკუთრებაში დამტკიცებულ ბინაზე ყადაღის მოხსნა? კომპანიის მიერ პირობის შეუსრულებლობის გამო მე რატომ უნდა დამადონ ყადაღა?

- საკითხი ეხება მშენებარე ბინას, ამიტომ გასათვალისწინებელია, თუ რა ეტაპზეა მშენებლობა, კერძოდ, გაკეთდა თუ არა განშლა. თუ განშლა გაკეთებულია, მაშინ საჯარო რეესტრში თითოეული მყიდველი მითითებული იქნება მომავალ მესაკუთრედ, ანუ იმ ფართობზე, რომელზეც კონკრეტული პირი არის მომავალი მესაკუთრე, ის არ აგებს პასუხს სამოქალაქო წესით კომპანიის ვალდებულებებისთვის. ასევე, როგორც შეკითხვიდან იკვეთება, სავარაუდოდ, ყადაღა დაედო ქონებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უნდა მოხდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გასაჩივრება, თუმცა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გასაჩივრებისთვის კოდექსით დადგენილია 5 დღე, ანუ გასაჩივრება უნდა მოხდეს განჩინების ჩაბარებიდან 5 დღეში.

დედა გარდამეცვალა, ვართ ორი მემკვიდრე, მე და ჩემი ძმა. მე არ ვცხოვრობ ამ სახლში, ცხოვრობს ჩემი ძმა და არ მომყვება ნოტარიუსთან, რომ გავაკეთოთ სამკვიდრო. ამბობს, დრო რომ გავა, რადგან ცხოვრობს იქ და ჩაწერილია, ქონება ჩემზე გადმოვაო. რა შეიძლება გავაკეთო, რომ მეც შემხვდეს მემკვიდრეობიდან წილი. ჩემი ძმა მოთამაშეა და მეშინია, არ გაყიდოს ეს ქონება. რა შეიძლება გავაკეთო?

- დედის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში უნდა მიმართოთ ნოტარიუსს სამკვიდროს გახსნის მიზნით განცხადებით, რათა მიიღოთ სამკვიდროს თქვენი კუთვნილი წილი.

ქმარს გავშორდი, მაგრამ ოფიციალურად არ აკეთებს განქორწინებას. არის მოძალადე, რაც გახდა ჩვენი დაშორების მიზეზი. სახლიდან რომ წამოვედი, ვიყავი ფეხმძიმედ და ახლა მალე მიწევს მშობიარობა. მისი წინააღმდეგობის გამო ვერ მოვასწარი განქორწინება, მინდა ბავშვი იყოს ჩემს გვარზე დაბადებიდანვე. რა შეიძლება გავაკეთო?

- რადგან იმყოფებით რეგისტრირებულ ქორწინებაში, ბავშვის მამად და ბავშვის გვარად ასევე მიეთითება მამის გვარი. თუ მშობიარობამდე მოასწრებთ განქორწინებას, მაშინ შეგიძლიათ თქვენი გვარი მისცეთ ბავშვს, სხვა შემთხვევაში მამის თანხმობა იქნება საჭირო, რომ თქვენი გვარი ჰქონდეს ბავშვს.

დალომბარდებული აიფონი მქონდა ტარების უფლებით და ორი თვეა პლატა დაიწვა. მას მერე შევწყვიტე ლომბარდის თანხის გადახდა, მირეკავენ და მთხოვენ გადახდას. ვეუბნები, წაიღონ გაფუჭებული ტელეფონი, ისინი კი სასამართლოში ჩივილით მემუქრებიან. რა შეიძლება გავაკეთო?

- აღნიშნულ საკითხზე საკმარისი გარემოება არ არის მითითებული, რაც არ იძლევა მსჯელობის საშუალებას. თუმცა, თუ კრედიტორი სარჩელს შეიტანს, აუცილებელია მოპასუხემ შესაგებლის წარდგენით უპასუხოს.

ბავშვი ფიქსირდება ბინაში თანამესაკუთრედ, ასეთი ბინის გასხვისებას მშობელი შეძლებს?

- მოქმედი კანონმდებლობით, როდესაც ქონება ბავშვზეა რეგისტრირებული და ის არის მესაკუთრე, მშობელი ამ ქონებას ვერ გაასხვისებს. ასეთ დროს აუცილებელია სასამართლოს მიმართოს და დაასაბუთოს, თუ რა მიზნით სურს აღნიშნული ქონების გაყიდვა და რა სარგებელს მოუტანს ეს ბავშვს. თუკი ამ ნაბიჯით მშობელს სურს პირობები გააუმჯობესოს, ვთქვათ, ცხოვრობს პატარა ბინაში და უნდა შედარებით დიდი ფართობის შეძენა, შერჩეული აქვს თუნდაც ბინა, გასაყიდი ბინისთვის მოძიებული ჰყავს კლიენტი, მაშინ დაუკმაყოფილებენ მოთხოვნას. ძირითადად, ეს პრობლემები აქვთ დევნილებს, რომლებსაც სახელმწიფომ მისცა ქონება და ოჯახის ყველა წევრზე დაარეგისტრირა, ბავშვები თანამესაკუთრეები არიან, ამიტომ სასამართლოს გარეშე ოჯახები ვერ ასხვისებენ ქონებას. ეს ცვლილება 2020 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. ბავშვის საკუთრებაში არსებული 1.000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე. ქონების განკარგვის მიზანი შეიძლება იყოს ახალი უძრავი ქონების შეძენა ბავშვისთვის, შესაძლოა ქონების გასხვისებით მიღებული თანხა საჭირო იყოს არასრულწლოვნის ჯანმრთელობისთვის, განათლებისთვის, უსაფრთხოებისთვის და ყველა იმ პირობების შესაქმნელად, რაც საჭიროა მისთვის.

ჩვენი კორპუსის პირველ სართულზე გახსნეს საცხობი და სუნი ამოდის სახლში, რამდენად გვაქვს უფლება რაიმეს მოთხოვნის?

- სამეზობლო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით, მეზობელს აქვს თმენის ვალდებულება, თუმცა გასარკვევია, საცხობს აქვს თუ არა სათანადო წესით მოწყობილი გამწოვები. გამწოვის საკითხი მერიის ზედამხედველობის მეშვეობით უნდა გადამოწმდეს.

ვარ მარტოხელა დედა, მყავს ორი პატარა, ბანკიდან მქონდა კრედიტი გამოტანილი და ვიხდიდი სამი წლის განმავლობაში. შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, ამიტომ ვეღარ ვმუშაობ. არანაირი ქონება არ არის ჩემს სახელზე, თუმცა ჩაწერილი ვარ მშობლების საცხოვრებელ ბინაში. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დედაჩემის ბინას ხომ არ შეექმნება საფრთხე? ვცხოვრობ დედის ბინაში ჩემს შვილებთან ერთად, რადგან ვარ ქმარს გაშორებული.

- დედათქვენის ბინას არ შეექმნება საფრთხე, თუ ის არ არის თქვენი თავდები ამ სასესხო ურთიერთობაში, ან სესხი არ იყო აღნიშნული ბინით უზრუნველყოფილი.

- ცოლთან განქორწინებული ვარ და რადგან ვერ ვახერხებდი შვილის ნახვას, მივმართე სასამართლოს, ხელთ მაქვს გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ დაწესებული მაქვს შვილის ნახვის დღეები, ვერ ვახერხებ შვილთან ურთიერთობას, რა შეიძლება მოვიმოქმედო? არ მინდა ბავშვის ძალით წამოყვანა, რადგან ვურთხილდები მის ფსიქიკას.

- ასეთი შემთხვევები ხშირია. როცა ყოფილ მეუღლეებს შორის ურთიერთობა დაძაბულია, სამწუხაროდ, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ვერ ხერხდება. ბავშვზე ხდება ზეგავლენა, რომ არ გაჰყვეს მეორე მშობელს, იმიტომ, რომ ეშინიათ, მან შეიძლება არ დააბრუნოს უკან. მსგავს შემთხვევებში სოციალური სამსახურის ჩართვა აუცილებელია, ის არეგულირებს ამ საკითხს. მსგავსი შემთხვევები ახლა ნაკლებად გვაქვს, რადგან სასამართლო განხილვის ეტაპზეც კი ითხოვს დროებითი განკარგულების გამოცემას, რათა ბავშვთან ურთიერთობა დასტაბილურდეს. მშობლები, ასე თუ ისე, ამას ეგუებიან და თუკი ძალიან დაძაბული გარემო არ არის, ეს მშობლებს შორის მაინც მიღწევადია. ადრე 10 წლიდან ეკითხებოდნენ ბავშვს აზრს, ახლა ბავშვთა კოდექსი იძლევა შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი ასაკის ბავშვს მოუსმინონ და გაითვალისწინონ მისი აზრი, თუნდაც 2 წლის იყოს. თუ ბავშვი ვერ საუბრობს გამართულად, შეიძლება მან დამოკიდებულებით მიანიშნოს და ამასაც ითვალისწინებს სასამართლო. ბავშვის აზრი მნიშვნელოვანია. საცხოვრებლის განსაზღვრის დროს მნიშვნელობა აქვს ბავშვის აზრს და ადვილად დასადგენია, თუ რა ჩართულობა აქვს მშობელს, ვისზეა ბავშვი მიჯაჭვული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადაწყვეტენ, თუ რომელ მშობელთან დარჩება ბავშვი. გადაწყვეტილება მიიღება ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. თუ არ გაქვთ მიმართული, გირჩევთ მიმართოთ სოციალურ სამსახურს და ჩართოთ საკითხის მოგვარებაში.

გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები