„ამ აკრძალვით იხეირებს ის კომპანია, რომელსაც შედარებით ბიუჯეტური ავტომობილები ჩამოჰყავს, მაგალითად, ჩინური“ - მევლუდ მელაძის ანალიზი: გაძვირდება თუ არ - კვირის პალიტრა

„ამ აკრძალვით იხეირებს ის კომპანია, რომელსაც შედარებით ბიუჯეტური ავტომობილები ჩამოჰყავს, მაგალითად, ჩინური“ - მევლუდ მელაძის ანალიზი: გაძვირდება თუ არა მანქანები?!

1-ლი აპრილიდან საქართველოში აიკრძალება 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია. გამონაკლისი ვრცელდება­ იმ ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება პირველ აპრილამდე დაიწყება ან რომლებიც უკვე შემოყვანილი იქნება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ასეთი ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია 1-ლ აპრილამდე არსებული პირობებით ჩატარდება. "საქსტატის" მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში რეგისტრირებულია 1,814 მლნ ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას (85.7%) მსუბუქი ავტომობილები შეადგენენ. რეგისტრირებულ ავტომობილთა 80.6% 10 წელზე მეტი ხნისაა.

"შეზღუდვა უზრუნველყოფს ავტოპარკის და განსაკუთრებით მსუბუქი ავტომობილების პარკის გაჯანსაღებას, რაც ქვეყანაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების და, შედეგად, ჯანმრთელობის დაცვისთვის გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია", - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ცვლილებას არ ეთანხმება საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე. მისი თქმით, ეს შედეგს ვერ მოიტანს ვერც ეკოლოგიაში და ვერც გზების გადატვირთულობას უშველის.

- გადავხედოთ სხვადასხვა ქვეყნის ისტორიას, ყველგან, სადაც აკრძალვები­ იყო, პრობლემა შეიქმნა. ორი ქვეყანა შევადაროთ: გGერმანია და ეგვიპტე. გერმანია აწარმოებს მანქანებს,­ აქვს ქარხნებიც და წესით, ის უფრო უნდა კრძა­ლავდეს­ ყველაფერს, რადგან გარედან შემოყვანილი მანქანები სულ არ სჭირდება, მაგრ­ამ იქ ნებისმიერი სიძველის ავტომობილს შეიყვან. რაც შეეხება ეგვიპტეს, 2000 წლიდან ხან საგადასახადოს თამასა ასწია, ხან წლები შეზღუდა. ბოლოს დავიდა იქამდე, რომ სამ წელზე უფრო ძველ ელექტრომანქანას ეგვიპტეში ვერ შეიყვან, საწვავზე კი ერთ წლამდე დავიდნენ, ანუ მხოლოდ ახალ ავტომობილს თუ შეიყვან. მაგრამ თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ეგვიპტეში ხუთ წლამდე ავტომობილები მთელი ავტომობილების მხოლოდ 4%-ია, ხოლო 21 წელზე­ მეტი ხნის ავტომობილი - 43%.

გერმანიაში ახალი ავტომობილების გარდა, ანუ 5 წლამდე, 10 წლამდე და 15 წლამდე ავტომობილების პროცენტი დაახლოებით ერთნაირია. თუ ავტომობილი ტექნიკურად გამართულია და გადის ტექდათვალიერებას, ინარჩუნებენ... აშშ-შიც არის შეზღუდვა, მაგრამ იქ 25 წელზე­ ძველი­ ავტომობილის შეყვანა არ შეიძლება. ევროპაში, მგონი, უნგრეთშია მხოლოდ აკრძალვა, მაგრამ აფრიკის ბევრ ქვეყანაში არის სხვადასხვა სახის აკრძალვები, დაწყებული 5-დან 10 წლამდე. ვერც ერთი ქვეყანა, სადაც აკრძალვებია, ვერ დაიკვეხნის, რომ კარგი ავტოპარკი აქვს. ჩვენთანაც შეიძლება შეზღუდვა იყოს, მაგრამ არა აკრძალვა. ყველაფერი სტატისტიკაზე დაყრდნობით უნდა გაკეთდეს, სპეციალისტებთან მსჯელობის შემდეგ უნდა მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება. ბიზნესიც უნდა გაითვალისწინო, ამ ცვლილებაზე ხომ ბევრი­ ხალხის კეთილდღეობაა­ დამოკიდებული. ცოტა ხნის წინ 2013-წლიანზე უფრო ძველი ავტომობილების შეზღუდვა რომ დაწესდა, ამანაც არ იმუშავა, ავტომობილების რაოდენობა უფრო გაიზარდა, იმიტომ, რომ კერძო ავტომობილი ყველაზე მოქნილია იმისთვის, რომ ადამიანმა ოჯახი შეინახოს.

ამ აკრძალვით იხეირებს მხოლოდ ის კომპანია, რომელსაც შედარებით ბიუჯეტური ავტომობილები ჩამოჰყავს, მაგალითად, ჩინური. ჩინური ავტოინდუსტრია კარგ ელექტრომანქანებს უშვებს, აკეთებენ შიდაწვისძრავიან ავტომობილებსაც, მაგრამ მათი ძრავები ხარისხით ვერ დაიკვეხნის, თან ჩინური ავტომობილების სერვისიც რთულია, ტესტი ხომ უნდა გაიაროს, რამდენად­ კარგია. ამიტომ მაინც გამოცდილი გირჩევნია.

- ჩინური წარმოების ავტომობილებზე უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდება?

- ალბათ, ჩინური ხომ იაფია, სადღაც 15.000-დან 22.000 დოლარის ფარგლებში, ევროპულ და ამერიკულ ახალ ავტომობილს ამ თანხით ვერ იყიდი. ჰგონიათ, ამ აკრძალვით ეკოლოგიური მდგომარეობა­ გამოსწორდება და ავტომობილების რიც­ხვიც შემცირდება, მაგრამ არც ერთი და არც მეორე არ მოხდება.

თუნდაც ბასლაინები როგორც მოეწყო ქალაქში, შუქნიშნების ეს მოდიფიკაცია და კუნძულების შექმნა გზებზე თითქოს მიმართული იყო იქით, რომ მოქალაქეები მეტად გამოიყენებდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ამით განიმუხტებოდა ქალაქი, მაგრამ არ გამოიყენეს რამდენიმე მიზეზის გამო: გეოგრაფიულად­ დედაქალაქი ისე არ არის მოწყობილი, კომფორტული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, ანუ ბევრი წყვილი ქუჩებისგან შედგება, სადაც დიდი ავტობუსები ვერ ივლიან. მაშინ უნდა იყოს ჰაბები, მაგალითად, ქალაქში შემოსვლის დროს. თუ ქალაქში შემოხვალ, საპარკინგე სივრცე უნდა არსებობდეს, სადაც მანქანას დატოვებ, ახვალ­ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მიგიყვანს იქ, სადაც გინდა. ასე რომ, კერძო ტრანსპორტი ყველაზე მოთხოვნადი საშუალებაა, რომ გადაადგილება მოახერხო. შეიძლებოდა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება გაგვეზიარებინა და ჩვენი უნივერსალური მოდელი შეგვემუშავებინა. ხომ ვერ ასცდა ვერც ერთი ქვეყანა იმას, რომ საპარკინგე სივრცეები არსებობდეს, როგორც მიწისქვეშა, ისე მიწისზედა. ჩვენთან კი ეს ჯერ ბიზნესად ვერ ჩამოყალიბდა, ბიზნესი ორჭოფობს და ამიტომაც არაფერს გააკეთებს ამ მიმართულებით, თან სახელმწიფოს არ ენდობა. ასეთი პრეცედენტები სახელმწიფომ უნდა გააჩინოს, კონკრეტულ უბნებში საპარკინგე სივრცეები უნდა შექმნას, რაც მერე შეიძლება ბიზნესმართვაში გადასცეს, ამით სახელმწიფოსაც შემოსავალი ექნება და ბიზნესსაც.­ მეორე საკითხი ის არის, რომ ავტობუსს კი აქვს ბასლაინი, მაგრამ სადღაც მაინც იჭედება ჩვენი ქალაქის მოწყობიდან გამომდინარე. ერთადერთი ადგილია იპოდრომთან, სადაც მინი-ესტაკადაა გაკეთებული, მანამდე კი იქ სულ საცობი იყო. საჭიროა ისეთი კონსტრუქციები, რომლებიც თავიდან აგვაცილებს შუქნიშანზე ლოდინის დროს. ამ ახალი კანონის პრობლემა ის არის, რომ მილევადი იქნება, ანუ ჩავრჩებით ძველ მოდელებში, არადა, ყველაზე ოქროს მოდელებია 5-დან 10 წლამდე ავტომობილები ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ ეკონომიკურად. შეგვეძლო ამ წლების მანქანებით განგვეახლებინა ავტოპარკი. ახლა ისევ ის ძველი მანქანები შეგვრჩება, ვერც ეკოლოგიური წარმატება გვექნება და ვერც საცობებს გავექცევით. ყველაზე საჭირო კომპონენტი კი დედაქალაქში მეტროს განვითარებაა, თუმცა მაინც იქნება პრიორიტეტი ავტომობილის ყოლა, რადგან ძალიან რთულია ჩვენს ქვეყანაში ოჯახი შეინახო... თუ გვინდა ეკონომიკა იზრდებოდეს, ამისთვის გვჭირდება უფრო მეტი საშუალება, რათა შეიქმნას ეკონომიკური დოვლათი...