მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავი, რომელიც სკოლის კალათბურთის გუნდში არ მიიღეს - კვირის პალიტრა

მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავი, რომელიც სკოლის კალათბურთის გუნდში არ მიიღეს

1984 წლის 26 ოქტომბერს NBA-ში მაიკლ ჯორდანის სადებიუტო მატჩი გაიმართა. "ჩიკაგო ბულსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დამაჯერებელი ანგარიშით: 109:93 დაამარცხა. ლეგენდარულ კალათბურთელს პირველი თამაშისთვის საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა - 40 წუთში 16 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა, 6 მოხსნა, 4 დაფარება და 2 ჩაჭრა.

მაიკლ ჯორდანი ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად არის აღიარებული.­ 1980-90-იან წლებში ის NBA მსოფლიო მოვლენად გადაიქცა. "ჩიკაგო ბულსისა" და "ვაშინგტონ უიზარდსის" რიგებში 15 სეზონის განმავლობაში ჯორდანმა ფანებს თავი დაამახსოვრა ელიტურ მექულედ, შეუდარებელი დაცვით მოთამაშედ და ზეკონკურენტუნარიან სპორტსმენად, რომელმაც ექვსი ჩემპიონატი მოიგო... 1984 წელს მესამე ნომრად დრაფტში არჩეული ჯორდანი მაშინვე გახდა ვარსკვლავი, ცნობილი თავისი Aირ ჟორდან ნახტომით... ჯორდანმა რევოლუცია მოახდინა სპორტული მარკეტინგის სფეროში Nike-თან (Air Jordan ბრენდი) პარტნიორობით და 1992 წლის "მონსტრების გუნდში" თამაშით, რისი წყალობითაც მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი სპორტსმენი გახდა. 2016 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მაიკლ ჯორდანი­ თავისუფლების მედლით დააჯილდოვა. 2009 წელს ის ნეისმიტის სახელობის კალათბურთის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. ცერემონიაზე ჯორდანმა თქვა: "ერთ დღეს შესაძლოა თქვენ აღმოაჩინოთ, რომ მე 50 წლის ასაკშიც ვთამაშობ კალათბურთს. ნუ იცინით. არასდროს თქვა "არასდროს", იმიტომ, რომ შეზღუდვები, ისე როგორც შიში, ხშირად მხოლოდ ილუზიაა".

მისი კარიერული მიღწევების ჩამოთ­ვლას ჩვენი გაზეთის გვერდი არ ეყოფა,­ ამიტომ ისეთ ფაქტებზე ვისაუბრებთ, რომლებიც მხოლოდ კალათბურთს არ ეხება.

მაიკლ ჯორდანი ცნობილია აზარტული­ თამაშებისა და კაზინოების სიყვარულით. ის ხშირად თამაშობდა მაღალფსონებიან და მრავალსაათიან თამაშებში NBA-ს პლეი-ოფების პერიოდშიც და კარიერის დასრულების შემდგომაც... ერთხელ ბანქოს 36 საათის განმავლობაში უწყვეტად თამაშობდა, სადაც ფსონები 900.000 დოლარამდე აღწევდა; 1993 წლის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალების დროს ატლანტიკ-სიტის კაზინოს ხშირი სტუმარი იყო; ერთხელ, ბლექჯეკის თამაშისას, 500.000 დოლარი წააგო, სხვა დროს კი კაზინოში - 800.000 დოლარი, თუმცა თამაშს მაინც აგრძელებდა...

ჯორდანი უარყოფდა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას და აცხადებდა: "თუ პრობლემა მექნებოდა, მშიერი ვიქნებ­ოდი... მე პრობლემა არა მაქვს, უბრალოდ, მსიამოვნებს აზარტული თამაშები, ეს ჩემი ჰობია... მე შემიძლია აზარტული თამაშების შეწყვეტა\ - განაცხადა ჯორდანმა 1993 წელს Connie Chung-თან ინტერვიუში, რომელიც დოკუმენტურ ფილმშიც შევიდა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს აზარტული თამაშები თანამედროვეობის ნაწილია­, 1990-იანი წლების დამდეგს ეს თემა მაინც ტაბუდადებულად მიიჩნეოდა. ჯორდანი­ არასდროს მალავდა კაზინოების სიყვარულსა და გოლფის მატჩებზე ფსონების დადებას. ერთხელ მედიასათაურებშიც მოხვდა, როდესაც, 1993 წლის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის მეორე მატჩის წინაღამეს, მამასთან ერთად ატლანტიკ-სიტიში გაემგზავრა...

"მამაჩემმა მითხრა, მოდი, წავიდეთ ატლანტიკ-სიტიში... ჩავსხედით ლიმუზინში,­ წავედით, რამდენიმე საათი ვითამაშეთ და დავბრუნდით... ყველა გაგიჟდა, ის წუხელ კაზინოში იყოო", - იხსენებს ჯორდანი დოკუმენტურ ფილმში.

cb762756-91b5-4846-bd1a-05cd90348ded-1771779579.jpg

1993 წლის 23 ივლისს მამამისი, ჯეიმზ­ ჯორდანი მისივე მანქანაში მოკლეს,­ როდ­ესაც­ ჩრდილოეთ კაროლინაში, ავტომაგისტრალის კიდეზე გაჩერებულ მანქანაში ეძინა. მისი ცხედარი ორი კვირის შემდეგ იპოვეს სამხრეთ კაროლინაში, ჭაობში, მოპარული Lexus-იდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. დააკავეს ორი ადგილობრივი­ მოზარდი­ - დენიელ გრინი­ და ლარი დემერი. ისინი დამნაშავედ ცნეს მკვლელობასა და შეიარაღებულ ძარცვაში... გამოძიების­ დასკვნით, მკვლელობა შემთხვევითი­ იყო და კავშირი არ ჰქონია მაფიასა და აზარტულ თამაშებთან. მტკიცებულებებს­ შორის იყო მოპარული ავტომობილი და ჯეიმზ ჯორდანის პირადი ნივთები, მათ შორის NBA All-Star Game-ის ბეჭედი, რომელიც მას მაიკლ ჯორდანმა აჩუქა და რომელიც დენიელ გრინს ვიდეოში ეკეთა. გამომძიებლებმა­ დაასკვნეს, რომ მოტივი მარტივი­ იყო - ძარცვა. დამნაშავეებმა, სავარაუდოდ, მსხვერპლის ვინაობა მკვლელობის შემდეგ გაიგეს, თუმცა თეორიები, რომ ეს მკვლელობა ჯორდანის გადაუხდელ კაზინოების ვალებს უკავშირდებოდა, დღემდე პოპულარულია. ლარი დემერიმ თავი დამნაშავედ ცნო პირველი ხარისხის მკვლელობაში და დენიელ გრინის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. ორივეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, თუმცა გრინი ამტკიცებდა, რომ სროლაში მონაწილეობა არ მიუღია და დემერის მხოლოდ ცხედრის გადატანაში დაეხმარა.

მაფიასთან კავშირების შესახებ ჭორები,­ ძირითადად, გამომდინარეობდა მაიკლ ჯორდანის აზარტული თამაშების ჩვევიდან და ასევე იმ ფაქტიდან, რომ მამის სიკვდილის შემდეგ მაიკლი NBA-დან მოულოდნელად წავიდა. გავრცელდა ვერსია, რომ თითქოს NBA-ს კომისარმა ჯორდანს სპორტიდან ცოტა ხნით წასვლა მოსთხოვა, რათა მისი კაზინოებთან კავშირი და მამამისის მკვლელობის საქმე უფრო ჩასაძიებელი არ ყოფილიყო მედიისთვის.

მაიკლ ჯორდანი ფიქრობდა კარიერის დასრულებაზე, ხოლო მამის გარდაცვალება მისი გადაწყვეტილების ემოციური ფაქტორი გახდა - მან დატოვა კალათბურთი და ბედი სცადა ბეისბოლში, სპორტში,­ რომელიც მამამისს უყვარდა, მაგრამ ის იქ უბრალოდ ჯორდანი იყო და არა კალათბურთის ღმერთად აღიარებული სპორტსმენი.

მოგვიანებით მაიკლ ჯორდანი კალათბურთს დაუბრუნდა და "ბულზთან" ერთად კიდევ სამი ჩემპიონობა მოიგო.

1995 წლის აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალის პირველი მატჩის შემდეგ, სადაც "ორლანდო მეჯიკმა"„"ჩიკაგო ბულზი" დაამარცხა, ორლანდოს მცველმა ნიკ ანდერსონმა საჯაროდ გააკრიტიკა ჯორდანი მისი გადაწყვეტილების გამო, ეთამაშა 45-ნომრიანი მაისურით, ნაცვლად მისი ლეგენდარული 23 ნომრისა.

"45 და 23 განსხვავდება. 45 არ არის 23. მე ბურთს ვერ წავართმევდი 23 ნომერს" - ეს კომენტარი ანდერსონმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მატჩის ბოლო წამებში, გადამწყვეტ მომენტში, ჯორდანს ბურთი წაართვა, რამაც "ორლანდო მეჯიქს"­ 94:91 გამარჯვება მოუტანა.

ჯორდანმა მომდევნო თამაშისთვის დაიბრუნა ძველი #23 მაისური და ამის გამო NBA-სგან 25.000 დოლარის ჯარიმა მიიღო, რადგან ნომრის შეცვლის შესახებ წინასწარ არ შეატყობინა ლიგას.

მეორე მატჩს ,,ორლანდო მეჯიქის" კალათბურთელი ასე იხსენებს:

"ეს პლეი-ოფების მეორე რაუნდი იყო, წინა თამაშში ნიკ ანდერსონმა ჯორდანს ბოლო წამებზე ბურთი წაართვა და შემდეგ დამცინავად უთხრა, რომ 45 ნომერი ვერასდროს იქნებოდა ისეთი კარგი, როგორიც იყო 23. ალბათ, ის იგულისხმა, რომ მას შემდეგ, რაც ჯორდანი ბეისბოლის სათამაშოდ წავიდა და შემდეგ კვლავ დაბრუნდა, ის ვეღარასდროს გახდებოდა ლიგის ნომერი პირველი მოთამაშე...

მატჩი მალე უნდა დაწყებულიყო. ორივე გუნდი გვირაბიდან გამოვედით, ყველა უკვე სათამაშო ფორმაში ვიყავით, მხოლოდ ჯორდანს ეცვა მატჩისწინა მოსაცმელი, რომელსაც, ჩვენს გასაკვირად, თამაშის დაწყებამდე, ბოლო წამამდე არ იხდიდა.­ ალბათ, ეს ყურადღების მისაქცევადაც გააკეთა.­ შემდეგ მსაჯმა მიუთითა, რომ გაეხადა "ჩიკაგო ბულზის" წითელი მოსაცმელი და ყველამ­ დავინახეთ ლეგენდარული 23 ნომერი მის ზურგზე. ნიკ ანდერსონს გადავხედე, გამეცინა და გავიფიქრე "სუპერმენი დაბრუნდა!"­

ჯორდანი იმ მატჩში შეუდარებელი იყო. იმ დღეს მივხვდი, რომ სწორად შეარქვეს მეტსახელად "შავი კატა", რაც ზუსტად ასახავს მისი თამაშის სტილს.

მატჩის მიწურულს ჯორდანს ორი საჯარიმო სროლა ჰქონდა: ისროლა პირველი - ჩააგდო; ისროლა მეორე, რომელიც­ ისე ასცდა კალათს, ნებისმიერი მიხვდებოდა, რომ ეს სროლა სპეციალურად გააფუჭა. მე ამ დროს სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი­. გუნდელებმა ერთმანეთს გადავხედეთ: რას შვრება? შეგნებულად რატომ იფუჭებს სტატისტიკას? არ მახსოვს ვინ, მაგრამ ერთმა გუნდელმა თქვა: ახედეთ ეკრანს. იქ კი გამოკვეთილად ჩანდა: მაიკლ ჯორდანი - 45 ქულა“და "ჩიკაგო ბულზი" ანგარიშით 104:94 გამარჯვებამდე მიიყვანა".

მომდევნო სეზონში (1995-96) განახლებული ენერგიით დაბრუნებულმა ჯორდანმა­ კვლავ 23 ნომრით "ჩიკაგო ბულზი" სეზო­ნში 82 მატჩიდან 72:10 შედეგამდე მიიყვანა და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში­ "ორლანდო მეჯიქი" სერიაში "სვიპით" ანუ 4:0 დაამარცხა.

ნიკ ანდერსონის კომენტარი იმ "შურის­ძიების" გამაღვივებელ ფაქტორად ჩაითვალა, რომელმაც ჯორდანს მეორე სამგზის ჩემპიონობა მოაპოვებინა... მსგავსი შინაარსის ისტორიები მაიკლ ჯორდანის ცხოვრებაში იმდენად ბევრია, რამდენადაც მისი კარიერული მიღწევები. იმდენად სწყუროდა გამარჯვება, რომ მის გუნდელებსაც კი ეშინოდათ მისი, რადგან ყველასგან ისეთივე შრომას ითხოვდა, როგორც თავად შრომობდა.

მაიკლ ჯორდანის ყველაზე ცნობილი ციტატები:

"ჩემს კარიერაში 9 000-ზე მეტი სროლა გავაფუჭე. თითქმის 300 თამაში წავაგე. 26-ჯერ მენდობოდნენ, რომ გადამწყვეტი სროლა შემესრულებინა და ავაცილე. ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ განვიცადე მარცხი - სწორედ ამიტომ მივაღწიე წარმატებას".“

"ზოგიერთს სურს, რომ ეს მოხდეს, ზოგი ოცნებობს, რომ ეს მოხდეს, სხვები კი ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს მოხდეს".

"არასდროს თქვა "არასდროს", რადგან სირთულეები, ისევე როგორც შიში, ხშირად მხოლოდ ილუზიაა".

ნიკოლოზ თევდორაშვილი