ჯანდაცვის სისტემის კრიზისი?!
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა, მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში გარდამტეხი ცვლილებებია საჭირო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანაში უნდა შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სადაც უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება იქნება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის ექსპერტ და საკრებულოს წევრ ვატო სურგულაძეს ვესაუბრეთ.
- ჯანდაცვაში ასეთი ტიპის ცვლილებების განხორციელება საკმაოდ რთულია. საქმეში ჩართული უნდა იყვნენ სპეციალისტები, რომლებმაც იციან, როგორ გამართონ სისტემა. რეფორმის შემუშავებაში აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ პროფესიონალები, სხვაგვარად მოხდება ისე, როგორც განათლების რეფორმის შემთხვევაში - როცა გამოცდილება და ცოდნა ძალიან შეზღუდულია.
- თუ სახელმწიფოს გავლენა გაიზრდება, როგორ შეიძლება ეს აისახოს კერძო კლინიკებსა და სამედიცინო პერსონალზე?
- "ქართული ოცნება" ცდილობს ყველაფერი გააკონტროლოს, დაწყებული კერძო კლინიკებით, დამთავრებული სახელმწიფო დაწესებულებებით. სურთ, სამედიცინო სექტორი იყოს სრულად მართვადი, რათა ყველა კლინიკა მათ მოთხოვნებს დაექვემდებაროს. ისინი ითხოვენ სრულ კონტროლს სამედიცინო სექტორზე.
სახელმწიფომ უნდა ჩამოაყალიბოს საკუთარი წესები, გადაწყვეტილებების მიღებისას კი წარმოდგენილ ფორმატში უნდა იყვნენ ჩართული შესაბამისი პირები. შესაძლებელია შეიქმნას სისტემა, სადაც ყველა მხარე კმაყოფილი იქნება: პაციენტი, ექიმი და ექთანი. შედეგად მივიღებთ ეფექტს, რომელიც ასახავს კონკრეტულ მიზნებსა და ჯამურ მაჩვენებლებს.
- რატომ იზრდება პაციენტების უცხოეთში მკურნალობის ტენდენცია?
- ჯანდაცვის ხარისხი დროთა განმავლობაში სულ უფრო ქვეითდება. როგორ შეიძლება ხარისხი გაიზარდოს, როცა ის ანაზღაურება, რომელსაც სახელმწიფო მედპერსონალს აძლევს, თვიდან თვემდე საკმარისი არ არის! როდესაც არ არსებობს სისტემა უკეთესი მომსახურების უზრუნველსაყოფად, ეს აუცილებლად აისახება ხარისხზე. ჩვენთან ბევრი ექიმია, მაგრამ პროფესიონალიზმის ნაკლებობის გამო, ადამიანებს საზღვარგარეთ მკურნალობა ურჩევნიათ. ეს სამწუხარო რეალობაა. სისტემა პრაქტიკულად არ არსებობს. ჩვენი ექიმების რაოდენობა ბევრად აღემატება ექთნების რაოდენობას, რაც არასწორია. მაგალითად, გერმანიაში ერთი ექიმისთვის 14 ექთანია. ბევრი ფაქტორი იწვევს უნდობლობას ექიმსა და პაციენტს შორის. სწორედ ამიტომ მოქალაქეები სამკურნალოდ მიდიან უცხოეთში, სადაც იციან, რომ მიიღებენ ხარისხიან მკურნალობას, მედიკამენტებსა და საჭირო ყურადღებას.
- თქვენი აზრით, პირველ რიგში რა არის შესაცვლელი ჯანდაცვის სისტემაში?
- პირველ რიგში ხელისუფლების ცვლილებაა აუცილებელია - ეს პოლიტიკური განცხადებაა, მაგრამ... მთავრობაში უნდა იყოს პოლიტიკური ნება, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ჯანდაცვის და მკურნალობის თვალსაზრისით, პირველ რიგში, აუცილებელია ოჯახის ექიმის ფუნქციის აღდგენა. მართალია, არსებობს გარკვეული პროგრამები ოჯახებისთვის, მაგრამ ეს ეტაპობრივად უნდა გაძლიერდეს. ბევრი რამ არის გამოსასწორებელი და სისტემის მოწესრიგების შემთხვევაში, აღარ იქნება ისეთი პრობლემები, როგორიც, მაგალითად, კლინიკაში მომუშავე კადრის თვიური ხელფასია - 800 ლარი. ჯანდაცვის სისტემაში კონკურენცია ყველაზე დაბალია, რაც ასევე საჭიროებს ცვლილებებს.“
- თუ რეფორმა არ განხორციელდა სისტემურად და თანმიმდევრულად, რას შეიძლება ველოდოთ 5-10 წელიწადში?
- თუ ვითარება არ შეიცვალა, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდება. შავი ბაზარი გახდა ხარისხიანი მედიკამენტების მოპოვების წყარო. როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოში ექთნების ნაკლებობაა, რადგან ექთნის პოზიცია ქვეყანაში არ არის პრესტიჟული. ეს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პრობლემაა. თუ ასე გაგრძელდა, მალე მედიცინის მიმართულებით აღარავინ წავა. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს, პრაქტიკულად, არა აქვთ პერსპექტივა... სისტემა კატასტროფულ მდგომარეობაშია - დაწყებული ექიმების რაოდენობით და დასრულებული სამუშაო პირობებით.“
კესო ხოსიტაშვილი