30 მ-იანი ნაპრალი რუსული სარაკეტო ქარხნის სახურავზე - აი, რა შესძლებია უკრაინულ „ფლამინგოს“...
გუშინ, 21 თებერვლის საღამოს ამ ბლოგშივე გამოქვეყნებულ სტატიაში „უკრაინელებმა ამერიკელებს ნახევარსაუკუნოვანი ოცნება აუსრულეს და მთავარ რუსულ სარაკეტო ქარხანას დაარტყეს...“ ვწერდით იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხა უკრაინულმა ფრთოსანმა რაკეტამ „ფლამინგომ“ არანაკლებ 1 300 კმ-ის გაფრენა და რუსეთის მთავარი, ვოტკინსკის სარაკეტო ქარხნის დაზიანება, მაგრამ ამის დამადასტურებელი ვიზუალური მასალა არ არსებობდა, თვითმხილველების მიერ გადაღებული ბოლის გარდა, რომელიც ამ ქარხნის ერთ-ერთ საამქროდან ამოდიოდა... ამ თემაზე დაბრუნებას აღარ ვაპირებდით, მაგრამ ძალზე ოპერატიულად იმოქმედეს დასავლეთის კომერციულმა თანამგზავრულმა კომპანიებმა და გადაიღეს ვოტკინსკის ქარხნის დაზიანებული საამქროს მაღალი ხარისხის ფოტო კოსმოსიდან...
ამ ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ უკრაინული „ფლამინგო“ დიდი სიზუსტით მოხვედრია რუსეთის ვოტკინსკის სარაკეტო ქარხნის მე-19 საამქროს შენობის სახურავს და მასში 30 მ სიგრძისა და 24 მ სიგანის უზარმაზარი ნაპრალი გაუკეთებია...
საგულისხმოა, რომ უკრაინული „ფლამინგოს“ საბრძოლო ქობინის დეტონაცია უკვე უშუალოდ საამქროს შენობის შიგნით უნდა მომხდარიყო, არადა, როგორც ამბობენ, „ფლამინგოს ერთტონიანი საბრძოლო ქობინი გადააქვსო...
ვოტკინსკის სარაკეტო ქარხნის მე-19 საამქროში რაკეტების კორპუსების ლითონების შტამპვასა და მათ გალვანურ დამუშავებას ახორციელებენ და თუკი მის შიგნით ერთი ტონამდე ტროტილ-ჰექსოგენის ნარევი აფეთქდა,ამ საამქროს „შიგთავსიდან“ არაფერი აღარ უნდა დარჩენილიყო...
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვოტკინსკის ქარხანამ შეიძლება დროებით შეაჩეროს „ისკანდერის“ ტიპის რაკეტების წარმოება,რაც გარკვეულ სულისმოთქმად იქცევა იმ უკრაინული ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რომელებსაც პუტინის რუსეთი ყოველღამე ბომბავს სწორედ „ისკანდერის“ კვაზიბალისტიკური რაკეტებითაც...