მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიების ათასობით თანამშრომელი  AI-მ ჩაანაცვლა - კვირის პალიტრა

მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიების ათასობით თანამშრომელი  AI-მ ჩაანაცვლა

დღეს ნებისმიერ საკითხზე გვაინტერესებს AI -ს აზრი ან რჩევა.­ ან უბრალოდ, ისტორიული ფაქტების გადამოწმება, კარგი კერძის რეცეპტი. მოზარდების უმეტესობა სასკოლო თუ საუნივერსიტეტო დავალებებს მისი დახმარების გარეშე აღარ წერს. ზოგიერთი უფრო შორს წავიდა და ხელოვნური ინტელექტის იდეალურობიდან გამომდინარე, მასთან დაქორწინებას ცდილობდა. ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურობაში დღეს ყველაზე ეფექტურად მუშაობს, როგორც დროის შემამცირებელი, იდეების გენერატორი, ტექსტების გრამატიკული და სტილისტური რედაქტორი; შეუძლია ფაქტობრივი ინფორმაციის სწრაფი შემოწმება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების რეზიუმე; პროგრამისტებისთვის ბაგების პოვნა; დიზაინერებისთვის ახალი ხედვის მიწოდება და ა.შ.

ბევრმა წამყვანმა კომპანიამ სამუშაო ადგილები ძალზე შეამცირა და ხელოვნური ინტელექტით ავტომატიზებული გახადა. მაგალითად, International Business Machines Corporation-მა, კომპიუტერული ტექნიკის და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელმა უმსხვილესმა კორპორაციამ მსოფლიოში, დაადასტურა, რომ კომპანიის ათასობით თანამშრომელი AI-მ ჩაანაცვლა. კომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით, ეს პროცესი გაგრძელდება და 2028 წლისთვის ხელოვნური ინტელექტი დაახლოებით 6 ათას თანამშრომელს ჩაანაცვლებს.

კორპორაციული პროგრამული უზ­რუნ­ველ­ყოფის სფეროში Salesforce-მა კლიენტთა ონლაი­ნმომსახურებისა და მხარდაჭერის მიმა­რთულება სრულად ხელოვნური ინტე­ლექტით ჩაანაცვლა, შედეგად, დაახლოებით 9000 თანამშრომელი დაითხოვეს.

მსოფლიოში უდიდესი ამერიკული ინტერნეტმაღაზია Amazon-ი რამდენიმე წელია ხელოვნურ ინტელექტს ნერგავს. კომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით, მომავალში AI საგრძნობლად შეამცირებს ცოცხალი­ პერსონალის რაოდენობას. ახლა Amazon-ი­ მომხმარებელთა მხარდაჭერის სეგმენტს, რაც შეეხება ნივთების დაბრუნებას, მიწოდებას და სხვა ამგვარ საკითხებს, სრულად ხელოვნური ინტელექტით ამუშავებს.

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი შვედური კომპანია Klarna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა 2024 წელს განაცხადა, რომ მომხმარებელთა მხარდაჭერის სფეროში ერთი წლის განმავლობაში არც ერთი ახალი თანამშრომელი არ აუყვანიათ, რადგან ეს სფერო სრულად ხელოვნურ ინტელექტს გადააბარეს. AI-ს ჩატბოტმა დაახლოებით 700 სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლის სამუშაო იტვირთა,­ რაც წელიწადში დაახლოებით 58 მილიონი­ ამერიკული დოლარის სახელფასო დანამატს აღემატება. 2025 წლის ბოლოს კომპანია Klarna-ს ხელმძღვანელების განმარტებით­, მომხმარებელთა მხარდაჭერის ონლაინმიმართულებაში მათ ადამიანური რესურსის­ დაქირავებამ მაინც მოუწიათ, რადგან სრულად ავტომატიზებულმა­ ჩათბოტმა თავი ვერ გაართვა რთულ სიტუაციებს. როგორც განიმარტა, ხელოვნური ინტელექტი სტანდარტულ შემთხვევებს თავს კარგად ართმევდა, რთული შემთხვევის დროს კი საჭირო იყო ადამიანური რესურსის ჩართვა... ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც მომხმარებლებთან ურთიერთობის დროს იქმნება, კლიენტთა ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებაა. მომხმარებელს, რომელსაც შეკვეთილი პროდუქტი ან დაეკარგა, ან დროულად ვერ მიიღო, ან თუნდაც დაზიანებული შეხვდა, სჭირდება პირი, რომელიც მაქსიმალურად შეეცდება დახმარება გაუწიოს. ხელოვნური ინტელექტის პრობლემა კი სწორედ ეს არის, მომხმარებელს სჭირდება ადამიანური ურთიერთობა და არა დასმულ კითხვაზე სწრაფი პასუხი.

უმსხვილესი საერთაშორისო ბრენდები სულ უფრო ხშირად იყენებენ AI-ით გენერირებულ სარეკლამო რგოლებს. მაგალითად, "კოკა-კოლას" 2026 წლის საახალწლო კამპანია სრულად AI-ით იყო შექმნილი.

ამერიკულმა ბრენდმა Nike-მა 2025 წელს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნა კამპანია "Never done evolving". ვიდეორგოლი ხელოვნური ინტელექტით არის გაკეთებული, რომლის მთავარი გმირი ჩოგბურთელი სერენა უილიამსია. ვიდეოში მსოფლიოს ნომერი პირველი ჩოგანის ახალგაზრდა და უფროსი ვერსიები ერთმანეთს ეთამაშებიან. AI-მ არქივის დახმარებით შექმნა ჩოგბურთელის ზუსტი ავატარი.

გერმანულმა ავტომობილის მწარმოებელმა კომპანია BMW-მ ახალი მოდელი­I Vision Dee წარადგინა. გარდა იმისა, რომ ავტომობილი სრულად არის გენერირებული­ ხელოვნური ინტელექტით, მას AI ასისტენტიც ჰყავს, რომელიც არა მარტო ავტომობილის შესახებ გაწვდის ინფორმაციას, შეუძლია ვირტუალური რეალობა შეგიქმნას და დამღლელი გზა ჯადოსნურ მოგზაურობად გიქციოს. ავტომობილის მწარმოებლების განმარტებით, მათ სურდათ ამ მოდელით ეჩვენებინათ, თუ როგორ შეიძლება ადამიანი და ტექნიკა ერთმანეთს ჰარმონიულად შეერწყას.

რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სამოდელო სფეროსა და მოდის სახლების სარეკლამო რგოლებში, იტალიურმა მოდის სახლმა Valentino-მ სოციალურ ქსელში AI-ით შექმნილი ვიდეო გამოაქვეყნა, თუმცა რგოლმა საზოგადოების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია, მას იაფფასიანი უწოდეს. რეალობაც ხომ ეს არის - ათჯერ და ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მეტჯერ ამცირებს გადაღების შემთხვევაში დახარჯული თანხის ჯამს. იმის მიუხედავად, რომ მოდის ინდუსტრიაში AI-მ თავი დაიმკვიდრა, მოდის სახლები სრულად ხელოვნური ინტელექტის ჩართულობისგან თავს იკავებენ. მოდის სამყაროში ეს AI ხშირად აღიქმება როგორც მასობრივი პროდუქციის ინსტრუმენტი და ხელოვნების გაუფასურება. AI-ს კინემატოგრაფში "შეჭრას" კი ხელოვანთა დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. პროტესტი 2023 წლიდან დაიწყო, როდესაც კინოსცენარისტები გაიფიცნენ. ისინი აპროტესტებდნენ ხელოვნური ინტელექტის ჩარევას სცენარებში. მათი თქმით, AI-ს ჩარევა იყო არა ტექსტის შესწორება ან რედაქტირება, არამედ ადამიანების ჩანაცვლების ცდა. სცენარისტთა გაფიცვაში მსახიობთა კავშირიც ჩაერთო.

დრომ აჩვენა, რომ ხელოვნური ინტელექტით შექმნილი აუდიო თუ ვიზუალური ნაწარმი მნიშვნელოვნად ამცირებს წარმოების დროსა და ხარჯებს. ზოგიერთი სარეკლამო რგოლი, რომელთა გადაღებასაც შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირვებოდა, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიძლება რამდენიმე საათში შეიქმნას, თანაც უფასოდ ან ძალიან დაბალი ბიუჯეტით.

შეიძლება ითქვას, ხელოვნური ინტელექტი დროზე სწრაფად ვითარდება. ალბათ, მალე მივალთ იმ წერტილამდე, როდესაც ზოგიერთი პროფესია გაქრება და მათ სრულად ჩაანაცვლებს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩვენი მტერი არ არის და მისი მართვის სადავეები ადამიანებს უჭირავთ. ის არის დამხმარე, რომელიც ადამიანებს საქმის კეთებას უმარტივებს. AI-ს ადამიანის კონტროლი სჭირდება. ასევე, ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა ახალი პროფესიები, რომლებიც მის მართვასა და გონივრულ გამოყენებას უკავშირდება.

სოფო კაჭარავა