"ყველას ვერ ვეყვარები, ეს წარმოუდგენელია, მაგრამ ჩემს ქალაქში თავაწეული სიარული შემიძლია! ძალიან ცელქი ვიყავი, დედას სკოლაში იბარებდნენ,­ ამ ბავშვისგა - კვირის პალიტრა

"ყველას ვერ ვეყვარები, ეს წარმოუდგენელია, მაგრამ ჩემს ქალაქში თავაწეული სიარული შემიძლია! ძალიან ცელქი ვიყავი, დედას სკოლაში იბარებდნენ,­ ამ ბავშვისგან არაფერი გამოვაო"

"როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს,­ მცხეთაში მივდივარ და მთელ დღეს სვეტიცხოვლის ეზოში ვატარებ, 20 წელია ეს ჩვევა მაქვს", - ამბობს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი.­

- დაბადების თარიღი...

- 1965 წლის 9 დეკემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა...

- ჩემი მომავალი საქმიანობა ხელოვნების კუთხით წარმართულიყო, ერთ კონკრეტულ პროფესიაზე არ ვფიქრობდი.

- ჩემზე ამბობენ...

- ფიცხი ხასიათი აქვსო, მაგრამ არ ვეთანხმები. რაღაც არასწორს რომ ვხედავ, რეაქცია მაქვს. როდესაც ადამიანს ჩაგრავენ, მდგომარეობიდან გამოვდივარ. ბოლო დროს ვცდილობ სიმშვიდე რიგ შემთხვევებში მაინც შევინარჩუნო, დიაბეტი მაქვს და ნერვიულობა არ შეიძლება.

- მიყვარს...

- ადამიანებთან ურთიერთობა. ბოლო დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხშირად ვმგზავრობ და მსიამოვნებს, როდესაც მიღიმიან, დადებით განწყობას გამოხატავენ. ბაზარში სიარული, ის უბრალო­ ურთიერთობები მიყვარს, რომელიც იქ არის. ყველას ვერ ვეყვარები, ეს წარმოუდგენელია, მაგრამ ჩემს ქალაქში თავაწეული სიარული შემიძლია. არიან ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ვერ დადიან.

- არ მიყვარს...

- ცინიკოსები. იგნორირება საუკეთესო რამ არის იმ ადამიანთან ურთიერთობისას­, რომელსაც თავი ვიღაცაზე მეტი ჰგონია და ზემოდან იყურება.

- ხშირად მახსენდება...

- სოფიკო ჭიაურელის სიტყვები, როცა შენზე აღარ ილაპარაკებენ, ე.ი. არასწორად­ ცხოვრობო... ვისაც ვუყვარვარ, ყველას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, ვისაც არ ვუყვარვარ, მათიც მადლობელი ვარ, არც კი იციან, როგორ მაძლიერებენ.

meugle-1771785766.jpg

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ისევ ამ გზას ავირჩევდი, ვერ წარმომიდგენია, კულტურის სფეროს გარდა, სხვა საქმე ვაკეთო. სანამ ამ ინტერვიუს დავიწყებდით, ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს ვესაუბრებოდი. წელს 90 წლის ხდება და საიუბილეო საღამოს ვგეგმავთ, მცირე მონახაზი უკვე გვაქვს. უბედნიერესი ადამიანი­ ვარ, ასეთ ლეგენდებთან რომ მაქვს ურთიერთობა. საქართველოდან რომ მივდივარ, 3-4 დღეზე მეტს ვერსად ვძლებ, მონატრება მეწყება. მხოლოდ იახტებში და კოშკებში არ არის ბედნიერება, მთავარი ადამიანური ურთიერთობებია, ამ მხრივ კი უმდიდრესი კაცი ვარ.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- სიყვარული, ადამიანებთან ურთიე­რთობის სურვილი. იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჩემზე ნეგატიური წარმოდგენა­ ჰქონდათ, ზოგიერთი მათგანი დავიმეგობრე. ხშირად არასწორი ინფორმაციით მცდარი წარმოდგენები იქმნება, ამიტომ ადამიანს სიმართლე უნდა უთხრა.

- პატიება შემიძლია...

- მარტივად, ის ადამიანი შეცდომას თუ აღიარებს.

- ვიბნევი...

- როდესაც ადამიანს თვალებში ვუყურებ და მატყუებს. ვფიქრობ, როგორ შეიძლება ასეთი მსახიობი იყო? არის შემთხვევები, როცა ვეუბნები, რომ იტყუება და ის შეშლილი თვალებით მიყურებს.

- ვნანობ...

- ხელი ბევრ ისეთ ადამიანს რომ გავუწოდე, რომელიც ამას არ იმსახურებდა და თვლიდა, რომ ვალდებული ვიყავი, ეს გამეკეთებინა.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ყველა ადამიანს ბოლომდე რომ არ უნდა ვენდო...

kato-1771785766.jpg

- სიყვარული ეს...

- ცხოვრების აზრია. სიყვარული ოჯახიდან იწყება - მშობლები, მეუღლე, შვილები, შვილიშვილები... სიტყვას "მიყვარხარ" ხშირად ვამბობ.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- პატარა ბიჭი ვიყავი, ვაკეში ვცხოვრობდი, კერძო სახლში, მეზობელს ვარდებს ვპარავდი, ხან ბლის ხეზე ავიდოდი და იმ გოგოსთან ვარდები და ჩემი ხელით დაკრეფილი ბალი მიმქონდა. ვეუბნებოდი, შენ გვერდით სხვა არ უნდა იყოს-მეთქი... ძალიან ცელქი ვიყავი, დედას სკოლაში იბარებდნენ,­ ამ ბავშვისგან არაფერი გამოვაო. სიყვარული ყველაზე მეტად გასაფრთხილებელი­ გრძნობაა, დღეს რომ ერთი გიყვარს, ორი კვირის შემდეგ - სხვა და მერე კიდევ სხვა, ეს სიყვარული არ არის. 25 წლის ვიყავი,­ ოჯახი რომ შევქმენი და დღემდე გრძელდება­ ეს სიყვარული. ირინა დოლიძე რომ არ შემხვედროდა, არ ვიცი, ჩემი რთული დღეების გაძლებას ვინ შეძლებდა.

- რომანტიზმი...

- დიდი დოზით არის ჩემს ხასიათში. სიყვარულს დღეს და რიცხვს არასდროს ვუწესებ, ყველა დღე ამ გრძნობით ვცხოვრობ, მაგრამ აღვნიშნავთ ჩვენი გაცნობის, დაქორწინების თარიღებს. ერთ დღეს სახლიდან ისე წამოვედი, ჩვენი გაცნობის თარიღი იყო და ირინას არ მივულოცე, თითქოს ეწყინა, მაგრამ არ შეიმჩნია, მერე ტელეფონზე დავურეკე, სად ხარ-მეთქი. სანაპიროზე ვარო... მანქანით მივადექი და ბუშტები და ვარდები მივაწოდე. ძალიან ესიამოვნა, მეგონა დაგავიწყდაო. მთელი ცხოვრება ვცდილობ ასეთი ფორმით გავალამაზო ჩვენი ყოველდღიურობა. არ აქვს მნიშვნელობა საჩუქრის ფასს, ხშირად ერთი კონა იაც კი უდიდესი ბედნიერების მომტანია.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ჩემს შვილიშვილს. კატოს ისე ვზრდით, რომ სწორი ღირებულებები ჩამოუყალიბდეს. კატოს დაბადების მერე ერთი სული მაქვს, როდის მივალ შინ. ხშირად ერთად ვსეირნობთ, ბაზარშიც კი დამყავს,­ ვუხსნი, შინ პროდუქტი რომ მიგვაქვს, ბებიების და ბაბუების მოყვანილია...

- მაკვირვებს...

- ადამიანებში მომატებული აგრესია. ოჯახის წევრები ერთმანეთს გადაეკიდნენ, მეგობარი მეგობარს ვეღარ ცნობს... ინტერნეტსივრცე უკონტროლოა. ადამიანს თუ ამოიჩემებენ, შეუძლიათ 2 წამში გაანადგურონ. მსოფლიოც არეულია...

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- (პაუზის შემდეგ) ისევ ნდობის ფაქტორთან მივდივარ. ბევრი ტკივილი გადავიტანე, მაგრამ ვფიქრობ, ცუდმა ტალღამ­ გადაიარა. სიკეთე ჩუმად უნდა აკეთო, ამას პრესისა და კამერების წინ თუ აკეთებ, საკუთარი თავის პიარი ჰქვია...

- მეშინია...

- უკვე აღარაფრის! ჩემს ქვეყანას, როგორც შემიძლია, ვემსახურები, რის უნდა მეშინოდეს, სიკვდილის? სიკვდილს თვალებში ჩავხედე, ვიცი, რაც არის, არ მეშინია.

- თქვენი ცემის ფაქტს გულისხმობთ?

- დიახ, თუმცა ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა, რაც მთავარია, იმ ადამიანებმა მოინანიეს და მე ვუთხარი, რომ არასდროს მათ გვარებს და სახელებს არ ვიტყვი. შვილები ეზრდებათ და არ მინდა დაუსვან შეკითხვა, რატომ დამიპირისპირდნენ? მას შემდეგ დიაბეტიკი გავხდი, ყოველ დღე ნემსს­ ვიკეთებ. მაშინ იმასაც ამბობდნენ, ოქიტაშვილმა ეს ცემა სპეციალურად დადგა, თავის თავი ვიღაცებს აცემინაო. გასაოცარი იყო ეს სიბინძურე...

- ის ადამიანები ახლობლები იყვნენ?

- დიახ, რა თქმა უნდა, მათთან ურთიერთობა აღარ მაქვს.

- დღემდე ვერაფრით გავბედე...

- ასეთი არაფერი მახსენდება. რის გაკეთებაც მინდოდა, ყველაფერი გავბედე.­ თქვენ იცით ჩემი ხასიათი, ჟურნალისტებთან ურთიერთობაც მიყვარს და არც სიმართლის თქმის მეშინია. საოცარი განცდაა, როდესაც ადამიანს სჭირდები...­

ძალიან ხშირად ვეხმარები სტუდენტებს, ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ. უშუალობა­ მიყვარს, რომ მეუბნებიან "ბატონო დავით", ვსაყვედურობ, ოქიტა დამიძახეთ-მეთქი. მქონდა ბედნიერება, ტექნიკურ უნივერსიტეტში 35 000 სტუდენტთან მემუშავა. ჩვენ შორის აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, პატივისცემა სულ იყო. არ შეიძლება სტუდენტს დაუპირისპირდე, ჯინში ჩაუდგე...

- მენატრება...

- ბავშვობის ლაღი წლები, ჯანსაღი ურთიერთობები. ვაკის პარკში გავიზა­რდე, მიჩხუბია კიდეც და ხელიც მომხვედ­რია, მაგრამ მაშინ ასე არ იყო, დღეს კი ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- მცხეთაში მივდივარ და მთელ დღეს სვეტიცხოვლის ეზოში ვატარებ. იქ ჩემთვის წყნარად ვარ, 20 წელია ეს ჩვევა მაქვს. პატრიარქის კურთხევით, ჩემმა ოჯახმა ტაძრის ეზოში ხე დავრგეთ, მივდივარ, იმ ხეს ვნახულობ... ენერგეტიკა, რომელიც ამ ქალაქს აქვს, დადებითი ენერგიით მავსებს.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ვინც არ უნდა გახდე, არასდროს დაკარგო ადმიანობა! როგორ დიდ წარმატებასაც არ უნდა მიაღწიო, თავში არ აგივარდეს! ადამიანს ზემოდან არასდროს დახედო! გაჭირვებულს რომ დაინახავ, გვერდი არ აუარო! - დედაჩემის ეს დარიგებები, ჩემი ცხოვრების დევიზად იქცა.

- დაბოლოს გეტყვით...

- "კვირის პალიტრა" არის გაზეთი, რომელიც ძალიან მიყვარს და სულ ვკით­ხულობ.

მინდა ყველა ადამიანს, ვინც ჩემზე ნაწყენია, ბოდიში საჯაროდ მოვუხადო. დღეს ჩვენ ისე არაფერი გვჭირდება, როგორც პატიება და შერიგება. საქართველო ახლა ბეწვის ხიდზე გადის და მტერმა რომ არ გაიხაროს, ქართველები ერთად უნდა ვიდგეთ! როცა ატყობ, ადამიანს უჭირს პატიება და შენკენ პირველი ნაბიჯის გადმოდგმა, შენ გადადგი, ეს არ დაგაკნინებს­. ამ ნაბიჯით ჩვენს შვილებსაც მივცემთ მაგალითს. იმდენად მცირერიცხოვანი ერი ვართ, ჩვენ ერთმანეთი ძალიან, ძალიან უნდა გვიყვარდეს!

თამუნა კვინიკაძე