„ყველა სოფელი მაინტერესებს, სადაც ოდესმე ქართველს უცხოვრია“ - კვირის პალიტრა

„ყველა სოფელი მაინტერესებს, სადაც ოდესმე ქართველს უცხოვრია“

"მაქვს გეოგრაფიული ბლოგი საქართველოში, სადაც მინდა ყველა ქართული სოფლის შესახებ იყოს ინფორმაცია, თავისი რუკით. რუკებს თავად ვადგენ. 80 სოფლის რუკა მაქვს უკვე და გეოგრაფიული ინფორმაცია, მცირე ისტორიით", - ამბობს გეოგრაფი გაგა მუმლაძე. ის ტაო-კლარჯეთის, ჰერეთისა და აფხაზეთის სოფლებს იკვლევს და ამ კვლევის ნაწილი ჩვენც გაგვიზიარა.

- ჩემთვის, როგორც მესხეთში, აწყურში დაბადებული და გაზრდილი ადამიანისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი მხარის და სოფლის დიდებული წარსული. განსაკუთრებით იმ ადგილების შესახებ განვიცდი ინფორმაციის ნაკლებობას, რომლებიც ამჟამად საქართველოს შემადგენლობაში აღარ არის და თურქეთის ტერიტორიაზეა. მაინტერესებს არა მხოლოდ მესხეთის, ტაო-კლარჯეთის სოფლები და ისტორიული ძეგლები, არამედ ყველა სოფელი, სადაც ოდესმე ქართველს უცხოვრია. ამიტომ გავაკეთე პროექტი ,,ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე". ალბომში თავს ვუყრი საინტერესო აღმოჩენებს, რომლებსაც ქართულ, თურქულ და რუსულ ისტორიულ წყაროებში ვიძიებ, რათა არ დაიკარგოს ჩვენი ისტორიული მეხსიერებიდან ისეთი სოფლები, რომლებსაც, მაგალითად, ერთ დროს გიორგისუბანი ერქვა არტაანში, ახლა კი თურქულად თაშქირანი ეწოდება. თურქებს მესხეთი ასეულობით წლების განმავლობაში ეკავათ და დღეს ბევრ სოფელს თურქული წარმოშობის სახელი ჰქვია, იგივე მდგომარეობაა აფხაზეთსა და ჰერეთში.

მაგალითად, სოფელ კაშლიკაიას ადრე ვარდმანა ერქვა. სოფელი ქალაქ ჩილდირთან ახლოს მდებარეობს, თავის მხრივ, ამ ქალაქს ადრე ძურძნა ეწოდებოდა. აღსანიშნავია, რომ სოფელ გიორგისუბნისგან განსხვავებით, სოფელ კაშლიკიას ქართული სახელი 1959 წლამდე შემორჩა, გიორგისუბანს კი სახელწოდება 1933 წელს შეუცვალეს.

სოფლების სახელწოდებებს ვიძიებ არა მხოლოდ არტაანში, არამედ ართვინის პროვინციაშიც, ისტორიულ შავშეთში მდებარე სოფელ ჩიხვთას დღევანდელი თურქული სახელი აკდამლაა. სოფლის სახელწოდება "ჩიხთა" ან "ჩიხვთა" შესაძლოა ქართულ თავსაბურავ "ჩიხტადან" მომდინარეობდეს; ჩიხვთას კოშკი და ეკლესიის ნანგრევები აქ ძველ ქართულ კულტურაზე მიუთითებს. რუსეთის იმპერიის მმართველობის დროს ის ართვინის სანჯაყის შავშეთ-იმერხევის რაიონში შედიოდა. 1886 წლის აღწერის მიხედვით, ჩიხვთა სოფელ ცინალის ერთ-ერთი უბანი იყო.

მე მხოლოდ იმ სოფლებზე ვეძებ ცნობებს, სადაც დღეს მოსახლეობა ცხოვრობს. ბევრგან ახსოვთ, რომ ქართველების შთამომავლები არიან.

- აფხაზეთისა და ჰერეთის სოფლებზეც გვიამბეთ...

- ჰერეთში უამრავი ქართული, ქრისტიანული ნაშთი გვაქვს და ჰერელებს კვლავ აქვთ შენარჩუნებული ჩვენი ენა და კულტურა. ამჟამად ამ ისტორიულ ქართულ მიწებზე 6 ქართული სკოლა ფუნქციონირებს. ჩემთვის ჰერეთის ყველაზე გამორჩეული ქართული ძეგლია ქურმუხის წმინდა გიორგის აგურის ტაძარი.

აფხაზეთშიც არაერთ სოფელს შეუცვალეს ქართული სახელწოდება რუსულად ან აფსუურად. ბოლოს ინფორმაცია მოვიძიე სოფელ პანტის შესახებ, რომელიც გულრიფშის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და დღეს ბაბიშ-იაშტას უწოდებენ, რაც ბაბიშის საძოვრებს ნიშნავს. ბაბიშ მარშანი აფხაზი თავადი იყო. ამ სოფელშიც არის მოსახლეობა. რუკაზე ჩანს, რომ სახლები დგას და მიტოვებულიაო ვერ იტყვი.

ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში მდებარეობს სოფელი აძიუბჟა, რომელსაც XIX საუკუნემდე შუასოფელი ეწოდებოდა. ეს უნიკალური და ერთადერთი სოფელია კავკასიაში, სადაც შავკანიანები ცხოვრობდნენ. ის მდინარე კოდორის მარცხენა სანაპიროზეა გაშენებული. აფრიკელების აფხაზეთში მოხვედრის რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ისინი XVII საუკუნეში მთავარმა შერვაშიძემ იყიდა სტამბოლის მონათა ბაზარზე ციტრუსების პლანტაციებში სამუშაოდ. სავარაუდოდ, ეს იყო შავკანიანი მონების კავკასიაში ჩამოყვანის ერთადერთი და საკმაოდ უიღბლო მცდელობა. 1927 წელს საკითხით დაინტერესებულმა მაქსიმ გორკიმ აფხაზ მწერალთან, სამსონ ჩანბასთან ერთად მოინახულა სოფელი აძიუბჟა, სადაც შეხვდა შავკანიანებს. თავისი მოგზაურობისა და არსებული ლიტერატურის მიხედვით, ავტორმა შავკანიანი აფხაზების წარმოშობის ადგილად ეთიოპია მიიჩნია. ვინაიდან დღეს აფხაზეთი ოკუპირებულია, შეუძლებელია იმის დადგენა, ისინი კვლავ ცხოვრობენ თუ არა აფხაზეთში.