მოდელი მაკო მაჭავარიანი საქართველოდან
მაკო მაჭავარიანი - ამ სახელით იცნობენ 20 წლის მარიამ მაჭავარიანს მოდის სფეროში. მაკო ჯერ კიდევ პატარა მახსოვს, რადგან მისი კოლორიტული და თბილი ოჯახი ძალიან ახლობელია ჩემთვის. წლების წინ მამამისი, ცნობილი თამადა ზურაბ მაჭავარიანი და უფროსი ძმაც - ერთ დროს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრი სოსო მაჭავარიანი ჩემი რესპონდენტები იყვნენ. მაკო მოკრძალებული გოგონაა და არ უყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ისევ ჩვენი ოჯახების სიახლოვის გამო, ინტერვიუზე უარი ვერ მითხრა და შინ მესტუმრა. ასე მოვიპოვე ექსკლუზივი დღეს უკვე ბევრისთვის ცნობილ ულამაზეს მაკო მაჭავარიანთან, რომელიც 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ლეგენდარული იტალიელი დიზაინერის, ჯორჯო არმანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ჩვენებაზე გამოჩნდა.
სამოდელო კარიერის გარიჟრაჟი
მაკო თანატოლი გოგონებისგან ბავშვობიდან გამოირჩეოდა სიმაღლით. მშობლებმა 6 წლის გოგონა მხატვრულ ტანვარჯიშზე შეიყვანეს - რაკი სიმაღლით გამოირჩეოდა, უნდოდათ სხეულის სწორ ფლობას დაუფლებოდა. 9 წლის ასაკში სუხიშვილების ქორეოგრაფიულ სტუდიაში გადავიდა. ემზადებოდა სუხიშვილების ქორეოგრაფიულ ანსამბლში გადასასვლელად, მაგრამ 15 წლისა 184 სმ სიმაღლის გაიზარდა, რაც საცეკვაო კარიერის გასაგრძელებლად პრობლემად იქცა, სამაგიეროდ, 15 წლის ასაკში სააგენტო Look Models Management-ს შეუერთდა და დაიწყო მისი სამოდელო კარიერა. 16 წლისამ მილანის მოდის კვირეულზე ჯორჯო არმანის 40 წლის იუბილე გახსნა, რის შემდეგაც ხშირად თანამშრომლობს ბრენდთან. გარდა ამისა, მონაწილეობდა ისეთი ბრენდების ჩვენებებში, როგორიცაა JSalinas, Luisa Beccaria და AC9world.

ჯორჯო არმანის 40 წლის საიუბილეო მოდების ჩვენება
მაკოს ჯორჯო არმანის ჩვენებაზე გამოსვლას საინტერესო ამბავი უძღვის წინ. ერთ დღეს მილანის ქუჩაში დედასთან, თეა მაჭავარიანთან ერთად საკუთარი სარეკლამო პოსტერით ხელში მიმავალი 16 წლის მაკო არმანის სახლის სამოდელო აგენტმა შეამჩნია. ამავე სახლის კრეატიულმა დირექტორმა ჯერემომ სააგენტოში დარეკა და მაკოს კასტინგზე მისვლა მოითხოვა. კასტინგზე მაკო ჯერემომ ჯორჯო არმანის წარუდგინა, რომელსაც სურდა, თავისი მოღვაწეობის 40 წლის საიუბილეო საღამო გაეხსნა არა ტოპმოდელს, არამედ მოდის სამყაროში სრულიად ახალ სახეს. ქართველმა გოგონამ მოირგო დიდი კუტიურიეს 3 ლუქი, მათ შორის ძვირფასი თვლებით შემკული ლურჯი კაბა, რომელიც აუქციონზე რამდენიმე ასეულ ათას დოლარად გაიყიდა... მაკო არმანის საიუბილეო ჩვენებაზე გამოვიდა დუბაის ბურჯ-ხალიფას ცათამბჯენში, რომელსაც ესწრებოდნენ მსოფლიო შოუბიზნესისა და მოდის ვარსკვლავები - შერონ სტოუნი, კეტრინ ზეტა-ჯონსი, ჯგუფი "ქოლდფლეი".…

საგანგებო ჩვენება
2026 წლის ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მილანის `სან-სიროს" სტადიონზე გაიმართა. თუმცა ქართველი მაყურებლისთვის ყველაზე ემოციური გახსნის ცერემონია - Giorgio Armani-ს საგანგებო ჩვენება აღმოჩნდა.
ლეგენდარული იტალიელი დიზაინერის, ჯორჯო არმანის ხსოვნისადმი მიძღვნილ შოუში ათასობით მაყურებლის წინაშე წარდგა ცნობილი ქართველი მოდელი მაკო მაჭავარიანი.
ცოტა რამ სიყვარულზე...
მაკო ფსიქოლოგიით არის დაინტერესებული და Gipa-ს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. მისი მეუღლე ბიზნესმენი ლუკა მაჩხიძეა. მაკომ ლუკას გაცნობასა და მათ სიყვარულზეც მიამბო: - ჩვენი სიყვარულის ამბავი თითქოს შემთხვევით დაიწყო, თუმცა დღეს დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი შეხვედრები შემთხვევითი არასდროს არის. ერთმანეთი პირველად ახლობლის ქორწილში ვნახეთ. იმ საღამოს ჩვენი ოფიციალური გაცნობა არ შემდგარა, მაგრამ ჩვენ შორის უხილავი ძაფი უკვე გაიბა. ლუკამ მანამდეც იცოდა ჩემ შესახებ. როგორც მოგვიანებით მითხრა, სწორედ იმ საღამოს, როცა დამინახა, კიდევ უფრო მეტად მოვეწონე. ეს არ ყოფილა უბრალოდ ინტერესი - ეს იყო სითბო და ღრმა ემოცია, რომელიც ნელ-ნელა იზრდებოდა და ერთ დღეს მივხვდი, რომ ეს ნამდვილი სიყვარული იყო. სწორედ ამ სიყვარულმა მიგვიყვანა ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე - ოჯახის შექმნამდე.