„მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ მას ვეღარ ვცნობ“
"ოსკარის" მფლობელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი რამდენიმე კვირის წინ ესპანეთში, სან-სებასტიანის კინოფესტივალზე ჩავიდა, პრესკონფერენციაზე მას ჟურნალისტმა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური შეკითხვა დაუსვა: რისი გეშინიათ როგორც ხელოვანს და როგორც ამერიკელს?
რამდენიმე წამის შემდეგ მსახიობმა უპასუხა: "ეს ძალიან რთული შეკითხვაა. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ მას ვეღარ ვცნობ…- მე ყოველთვის საერთაშორისო გარემოში ვცხოვრობდი - ჩემი ოჯახი საერთაშორისოა, მეგობრები, ცხოვრება, ჩემი მსოფლმხედველობა ეფუძნება თანასწორობას, ერთიანობას... ყველაფერი, რაც ადამიანების პირად გამოხატვასა და თავისუფლებებს ზღუდავს, ძალიან საშიშია. ახლა იმდენად მძიმე დრო დაგვიდგა, ფრთხილად უნდა ვიყოთ და არაფერს ვამბობდეთ დაუფიქრებლად".
მედიაში გავრცელდა ხმა, რომ ანჯელინა ჯოლი საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასვლას გეგმავს. ეს მან ესპანეთში პრესკონფერენციაზეც თქვა. ფილმი "Couture", სადაც ჯოლი მონაწილეობს, ფესტივალზე საკონკურსო პროგრამაშია. სიუჟეტი პარიზის მოდის კვირეულის გარშემო ვითარდება და სამი ქალის ისტორიაზე მოგვითხრობს: ჯოლის პერსონაჟი ამერიკელი კინორეჟისორია. ის გაიგებს, რომ ძუძუს კიბო აქვს. ჯოლის ასევე ჰკითხეს, რამდენად ავლებს პარალელებს მის რეალურ ცხოვრებასა და პერსონაჟს შორის? ცნობილია, რომ წლების წინ მსახიობმა ორმაგი მასტექტომია ჩაიტარა, ასევე საკვერცხეებისა და ფალოპის მილები ამოიღო მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ BRCA1 გენის მატარებელია - გენის, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის როგორც ძუძუს, ისე საკვერცხეების კიბოს განვითარების რისკს.
"დედა და ბებია ძალიან პატარა ასაკში დავკარგე, ამიტომ დაახლოებით ათი წლის წინ ორმაგი მასტექტომიის გაკეთება გადავწყვიტე. ეს ჩემი არჩევანი იყო. არ ვამბობ, რომ ყველა ასე უნდა მოიქცეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ადამიანს ჰქონდეს არჩევანის უფლება. ქალთა ონკოლოგიურ დაავადებებს განსაკუთრებული მხარე აქვს, ამ დროს ქალები ვგრძნობთ, როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს ჩვენ თავად და გარშემო მყოფნი".
მსახიობმა აღნიშნა, რომ ფილმი მნიშვნელოვანი გზავნილის მატარებელია - ეს არის დიალოგი სურვილსა და სექსუალობაზე დიაგნოზის მიღების შემდეგ. "როცა ვკითხულობდი, რომ მაქსინს (მთავარი გმირი) კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, წარმოვიდგინე, როგორ განვითარდებოდა ისტორია, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, რომ გრძნობები კვლავ ფილმის ნაწილი იქნებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ქალი ცოცხალი და მიმზიდველი იყოს, ხოლო ვისაც ამ დიაგნოზის მქონე ქალი უყვარს, მიიღოს მისი ქალური ენერგია და კვლავ უყვარდეს", - განაცხადა ჯოლიმ.

მსახიობმა ცრემლები ძლივს შეიკავა, როდესაც დარბაზიდან დამსწრემ მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ "ყოველთვის საუბრობთ პალესტინასა და იმ ადამიანებზე, ვისაც ხმის ამოღების უფლება არა აქვს ან ვერ ახერხებს". აღსანიშნავია, რომ ფილმში ჯოლის თავისი დედის - ასევე მსახიობისა და აქტივისტ მარშელინ ბერტრანის ყელსაბამი უკეთია. "დედაზე საუბარი ჩემთვის ძალიან რთულია…- ფილმში მართლაც მეკეთა დედის ყელსაბამი. ასევე ყოველთვის თან მაქვს მისი ფერფლის ნაწილი. ამ დარბაზში მყოფთაგან, ალბათ, ყველა ერთხელ მაინც მჯდარა საავადმყოფოს პალატაში. შესაძლოა ზოგიერთს უფრო მძიმე გამოცდილებაც აქვს. გადაღების დროს ხშირად ვფიქრობდი ამ ადამიანებზე და ვინატრებდი, რომ დედას ასეთი მხარდამჭერი საზოგადოება ჰყოლოდა. ვისურვებდი, მასაც შესძლებოდა ისეთივე გულახდილი საუბარი, როგორიც მე შევძელი, და რომ ხალხისგანაც ისეთი გულთბილი დამოკიდებულება მიეღო, როგორსაც მე ვგრძნობ თქვენგან".
ჯოლი-პიტის დავა გრძელდება
მიუხედავად იმისა, რომ ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის განქორწინების პროცესი 2024 წელს ოფიციალურად დასრულდა, სამართლებრივი დავა კვლავ გრძელდება, რომელიც მათ ფრანგულ შატოს - Château Miraval-ს - საფრანგეთში მდებარე მამულსა და ვენახს უკავშირდება. წყვილმა მამული 2008 წელს შეიძინა სამხრეთ საფრანგეთში. 2014 წლის აგვისტოში ჯოლიმ და პიტმა სწორედ იქ იქორწინეს. Miraval-ის შატო მოიცავს 35 ოთახს, გარშემო კი ბაღები, შადრევნები, უძველესი აკვედუკები, მარადმწვანე ტყეები აკრავს. მამულის საკუთრებაა ვენახი და ზეთისხილის ბაღი. Miraval-ის ღვინის მარანი 1850 წელს ააგო ჟოზეფ-ლუი ლამბომ - რკინაბეტონის გამომგონებელმა, რომელიც ახლომდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა.
ამჟამად ჯოლი და პიტი, ძირითადად, ფრანგულ მამულსა და ვენახზე დაობენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წელს ჯოლიმ თავისი წილი რუსულ კომპანია Stoli Group-სთან დაკავშირებულ კომპანიას მიჰყიდა. პიტი ამტკიცებს, რომ მათ შორის იყო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ქონების წილის გაყიდვა მეორე მხარის თანხმობის გარეშე არ შეიძლებოდა. პიტის მხარე ითხოვს გაყიდვის ხელშეკრულების ანულირებას ან მისთვის კუთვნილი წილის ანაზღაურებას, ჯოლი კი აცხადებს, რომ ასეთი შეთანხმება არ არსებობდა. არავინ იცის, როგორ დასრულდება დავა ისტორიულ მამულზე, თუმცა მედიის ინტერესი ჯოლი-პიტის განქორწინების თანამდევი მოვლენების მიმართ არ წყდება.