წარსულის მცველი - კვირის პალიტრა

წარსულის მცველი

ის, რომ ადამიანმა მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი არა, ქვეყნისთვისაც უნდა იცხოვროს, ჩვენში უცხო ამბავი არ არის. ერთი ეგ არის, ირგვლივ ასეთი ხალხი ხან ბევრი გვყავს და ხან ნაკლები. მთავარია, ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი უკვდავი მოვლენაა და გვაძლიერებს. ერთი ასეთი კაცი ზუგდიდშიც ცხოვრობს და მის შესახებ სწორედ ამ ქალაქიდან გვწერენ:

"ახალგაზრდა ისტორიკოსი იოსებ შენგელია სოფლიდან სოფლამდე (არა მხოლოდ აქ, სამეგრელოში) იმიტომ მოგზაურობს, რომ მტვერწაყრილი ისტორიული სიძველეები და რელიკვიები მოიძიოს და ისტორია ასე შეინახოს. ის დროის გმირია: ამ რელიკვიების დასაბინავებლად უძველესი მეგრული ჯარგვალი შეიძინა და ყველა სიძველე, რაც კი შეაგროვა, იქ დააბინავა. ამ შესაძლებლობების შექმნა ამ კაცის პირადი ბედნიერებაც არის და ჩვენიც, ვისაც საკუთარი ქვეყნის ისტორია აინტერესებს"

„როდესაც ძველ ნივთს სინათლეზე გამოიტან, თითქოს ის თავიდან ცოცხლდება და არსებობის ახალ ეპოქას იწყებს“

- წარსულის ენერგია ყოველგვარი ფიქრის გარეშე გიზიდავს და, ალბათ, მე განსაკუთრებით მიზიდავდა, რადგანაც ისტორიკოსობა გადავწყვიტე. წლების შემდეგ ზუგდიდში რომ დავბრუნდი, ძველი ნივთების შეგროვება დავიწყე. ვაგროვებ იმას, რის გარეშეც ჩვენი წინაპრების ყოფა-ცხოვრება არ არსებობდა, მერე კი დრომ ჩაანაცვლა და წარსულად, თუმცა ჩვენი ისტორიის განუყოფელ ნაწილად აქცია, იქნება ეს გუთანი, ხმალი თუ სხვა რამ წარსული ეპოქიდან. მათ შორის ბევრი რელიკვია ჩვენს სოფლებში მივიწყებულიც კი არის. ასე ხდება არა მხოლოდ სამეგრელოში, არამედ საქართველოს ყველა კუთხეში. თუმცა სამეგრელო ჩემი მშობლიური კუთხეა, ამიტომაც უმეტესად აქ ვსაქმიანობ. სიძველეს ერთი უნიკალური თვისებაც აქვს: როდესაც ძველ ნივთს სინათლეზე გამოიტან, თითქოს ის თავიდან ცოცხლდება და არსებობის ახალ ეპოქას იწყებს. ამას ვამბობ ხოლმე ყველგან, სადაც კი სიძველეს წავაწყდები. ამიტომ ისეც ხდება, რომ ზოგი სრულიად უსასყიდლოდ მჩუქნის ექსპონატს და მეუბნება, არაფერში მჭირდება, წაიღე და თუ კეთილ საქმეში მოიხმარ, მეც გამიხარდება და ჩვენი წინაპრის სულიც გაიგებსო. მაგრამ ხშირად ისეც ყოფილა, რომ ექსპონატში მართლაც უკანასკნელი ფული მიმიცია, თუმცა ზოგჯერ ისტორია მთელ სიცოცხლედაც ღირს.

racxa1-1771787633.jpg

- უფრო მეტი კეთილი საქმე რაღა უნდა იყოს, ახალგაზრდა კაცმა მუზეუმი საკუთარი ძალებით და სახსრებით შექმენით და ხალხს თავისი ქვეყნის ისტორიის გაცნობის შესაძლებლობას აძლევთ.

- მხოლოდ მე არა, ამ ენერგიაში ის ხალხიც მონაწილეობს, ვინც არც დაფიქრდა და წინაპრების ხელნაკიდები, ოჯახის საკუთრება მუზეუმს უსახსოვრა. ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა ლაზური ნავი, ანუ ფელუკაც კი მაჩუქა მუზეუმისთვის. ეს კაცი მირიან ნუმანიშვილია, საქართველოში ლაზური ნავის, ფელუკას ერთადერთი ოსტატი. ერთხელ შემხვდა და მერე სამუდამოდ დავმეგობრდით. მითხრა, ვიცი, ნავი შენთან კარგად იქნება, რადგან მისი ფასი იციო, და ბათუმიდან ზუგდიდში გამომატანა. ფელუკა ჩვენი ზღვაოსნობის ისტორიის ნაწილია და ეს საჩუქარი ძალიან მეამაყება. საზოგადოდ, რასაც ვაკეთებ, მხოლოდ საკუთარი ენერგიით კი არა, უფლის დახმარებითაც. მუზეუმისთვის მეგრული ბოყვიშ უდე, ანუ ჯარგვალი რომ მინდოდა, ჩემმა მოძღვარმა მითხრა, წადი, იშოვე და ვეცდები შეძენაში დაგეხმაროთო. წავედი და ვიშოვე. აბაშაში ერთი ძველ ოჯახს ჰქონდა. დავნომრეთ, დავშალეთ და ზუგდიდში წამოვიღეთ ასაწყობად. მამაჩემს ჯერ გაუკვირდა, ეს რაში უნდა გამოიყენოო, მაგრამ შემდეგ თავი არ დაზოგა და თავად დამეხმარა Aაშენებაში, აწყობაში და სახსოვრადაც დამიტოვა; დიდი ხანი არ არის, რაც მამა გარდამეცვალა.

- კარგი მამა გყოლიათ, ფესვების მცოდნე. ისტორიის სიყვარულიც, ცხადია, მან გასწავლათ.

- უფროსი თაობა უკეთ ხედავს აუცილებელ საჭიროებებს. მაგალითად, უფროს თაობას აზრად არ მოუვიდოდა, არ სცოდნოდა მეგრული, ახლა კი, სამწუხაროდ, ნახავ მეგრელებსაც და სვანებსაც, რომლებიც თავიანთ შვილებს ლაზურ-მეგრულს და სვანურს არ ასწავლიან. ზოგიერთი ბავშვებს ამ კილოზე საუბარსაც კი უკრძალავს. რატომ მიმაჩნია ასეთი ხალხი ტვინგამორეცხილად? იმიტომ, რომ უარს ამბობენ მრავალათასწლოვან ისტორიაზე და ფეხქვეშ თელავენ წინაპრების ხსოვნას! ეს ენები ხომ მთელ საქართველოს ეკუთვნის და დაცულია ბევრი ისეთი სიტყვა, რომლებიც თანამედროვე სალიტერატურო ქართულში სპარსული, თურქული ან არაბული ლექსიკითაა ჩანაცვლებული, ჩვენ კი ქართული გვგონია. ამ დროს ბევრის შესატყვისი და ნამდვილად ქართული ძირძველი სიტყვა ლაზურ-მეგრულსა და სვანურშია დაცული. სწორად მოაზროვნე საზოგადოება ამ ენებს სასიკვდილოდ კი არ გაიმეტებდა, იზრუნებდა მათ პოპულარიზაციაზე და მათში შემონახულ ნამდვილ ქართულ სიტყვებსაც დაუბრუნებდა სალიტერატურო ქართულს.

- თუ თქვენს მუზეუმში ბავშვები მოდიან, ცხადია, მათაც მოუყვებით ამ ამბებს, დაიმახსოვრებენ და ეგებ მათ აკეთონ ჩვენი საკეთებელი საქმე.

- დიახ, ძალიან მიხარია სანახავად ბავშვები რომ მოდიან. მე ჩემი ქვეყნის მსახური ვარ. მხოლოდ ძველ ნივთებს კი არ ვაგროვებ, ფოტოგრაფიც ვარ, თუკი სადმე იშვიათსა და ისტორიულს წავაწყდი, ვცდილობ გადავიღო, არსებობა შევუნარჩუნო, თუკი საფრთხე ემუქრება. სამეგრელოც ულამაზესი და მდიდარია თავისი უძველესი ძეგლებით. ბევრ მათგანს გადაუდებელი პატრონობაც სჭირდება. თავისებური ძეგლია მეგრული ვაზის უძველესი ჯიშებიც. ამითაც დავინტერესდი, სოფლებში მოვიძიე და 24 ჯიშის სუფთა მეგრული ვაზი გავახარე.

ioseb-shengelias-jargvali-1771787633.jpg

- ძალიან საინტერესოა, როგორ ჟღერს ძირძველი მეგრული ვაზის სახელები.

- ტოროკუჩხი, ჩერგვალი, ზერდაგი, პანეში...…

- ტკბილი ჟღერადობა აქვს. გახარებას გისურვებთ თქვენ, მეგრულ ვაზსაც და იმ ხალხსაც, ვინც უკვე ეწვია და მომავალში ეწვევა თქვენს მუზეუმს.

- გმადლობ. მინდა ყველა კმაყოფილი იყოს. თავადაც ეს განცდა მაქვს, რადგან ჩემს ქვეყანას ვემსახურები.