სკანდალური სტატია: „ღალატი უკრაინის მიმართ - ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ღალატი, რაც კი ამერიკას ჩაუდენია“ - The Guardian - კვირის პალიტრა

სკანდალური სტატია: „ღალატი უკრაინის მიმართ - ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ღალატი, რაც კი ამერიკას ჩაუდენია“ - The Guardian

„ღალატი უკრაინის მიმართ - ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ღალატი, რაც კი ამერიკას ჩაუდენია“ - ასეთი შთამბეჭდავი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია ცნობილი ჟურნალისტი საიმონ ტისდალი, საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველი და ანალიტიკოსი. პუბლიკაციაში იგი არ ერიდება ხისტ და, შეიძლება ითქვას, საკმაოდ არასასიამოვნო ეპითეტებს ამერიკელი ლიდერების მიმართ. ავტორი მწვავედ ამხელს როგორც დონალდ ტრამპს, ასევე, მის წინამორბედ პრეზიდენტებს, ევროპისა და უკრაინის მიმართ, როგორც იგი ამტკიცებს, „ჩადენილ ღალატში“ და მოუწოდებს ევროპას, ქმედითი ზომები მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ევროპის თვალსაზრისით, აშშ-ის უარი (თუ უუნარობა), მტკიცედ დაიცვას უკრაინელი ხალხი რუსეთის აგრესიისაგან, არის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ღალატი იმ ღალატთაგან, რომლებიც ამერიკამ ბოლო პერიოდში ევროპელების მიმართ ჩაიდინა. აშშ-ის მოღალატური მოქმედება გამოიხატება არა მხოლოდ იმ ამაზრზენ ლოიალობაში, რომელსაც თეთრი სახლი იჩენს ვლადიმერ პუტინის - სამხედრო დანაშაულში და მასობრივ მკვლელობებში, კიევისადმი მუქარებში ბრალდებულის მიმართ და არც დონალდ ტრამპის მცდელობებში - გადააქციოს ომი ფულად, ივაჭროს და ყველაფერი „გამოწუროს“ ტანჯული უკრაინელებისგან, ნობელის პრემიის მიღების მიზნით, იმავდროულად კი -ნატოელ მოკავშირეთა სუვერენული უფლებები დაარღვიოს.

რაც ყველაზე მეტად შოკს ჰგვრით და „გულს უსერავთ“ ევროპელებს, ეს არის აშკარა არაკეთილსინდისიერება, გამოვლენილი იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც ისინი ყოველთვის თავიანთ მეგობრად თვლიდნენ. როგორც მე-18 საუკუნის ინგლისელი მწერალი ქალი ენ რედკლიფი აღნიშნავდა, „ადამიანს ყველაზე მეტად ანაწყენებს ვერაგობა მეგობრის მხრიდან, რომელსაც ის ყველაზე მეტად ენდობოდა“. დონალდ ტრამპის გამონათქვამის პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ, როცა მან გრენლანდიასთან დაკავშირებით განუცხადა ევროპელებს - „ამერიკა თქვენს ნეგატიურ რეაქციას დაიმახსოვრებსო“, ახლა უკვე ევროპა დაიმახსოვრებს აშშ-ის ღალატს.

რამდენადაც 24 თებერვალს, ვლადიმერ პუტინის მიერ 2022 წელს დაწყებული ომი, უკვე მეხუთე სისხლიანი წელიწადის ათვლას იწყებს, ევროპა ისევე, როგორც რუსეთი, ღრმა უბედურებაშია ჩავარდნილი. იგივე შეიძლება ითქვას აშშ-ის მიმართაც, თუმცა დონალდ ტრამპი და მისი ყბედი მარიონეტები მარკო რუბიო და ჯეიმს ვენსი ამას ჯერჯერობით ვერ აცნობიერებენ. ევროპელთა უმრავლესობა ამჟამად თავიანთ მთავარ პარტნიორს არასაიმედოდ და თითქმის მტრადაც კი თვლიან. აშშ-ის გლობალური გავლენა და ლიდერობა მსოფლიოში სწრაფად სუსტდება, რაც უდიდეს უპირატესობას აძლევს ჩინეთს. ყველა ქვეყნის ავტოკრატი მმართველები გახარებულნი არიან, ისევე, როგორც ევროპის უკიდურესად მემარჯვენე პარტიები.

„ის, თუ როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, სინამდვილეში ევროპისათვის ეგზისტენციალურ საკითხად ითვლება“, - თქვა ამას წინათ ვოლფგანგ იშინგერმა, მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ, - „ეს ბევრად განსაზღვრავს ევროპის კონტინენტის მომავალს“. იმავდროულად ომი გადამწყვეტი ხდება დონალდ ტრამპისთვისაც და მისი მოძრაობა MAGA-ს მომხრეებისთვისაც. მიუნჰენში გამოსვლისას მარკო რუბიოს არაფერი უთქვამს რუსების სიმხეცეზე (და არც ვენესუელაში განხორციელებულ უკანონო სახელმწიფო გადატრიალებაზეც), მან ყურადღება უფრო მეტად დაუთმო გლობალიზაციის, კლიმატის დამცველებისა და მულტიკულტურიზმის კრიტიკას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ევროპელებს მოუწოდა, დაბრუნებულიყვნენ ულტრანაციონალიზმისა და პროტექციონიზმისაკენ, საზღვრების დახურვისა და ქრისტიანული კულტურისაკენ. „გუშინდელი დღე უკვე დასრულდა“, - განაცხადა მან.

„პატარა მარკო“, როგორც მას დონალდ ტრამპი უწოდებს, აშკარად დამაბნეველად ლაპარაკობს. რომელი „გუშინდელი დღე დასრულდა“? ტრამპიზმის არსი ხომ სწორედ „გუშინდელი დღის“ აღდგენაა, მისი ფანტაზიების რეალიზება „ძველ კეთილ და დიდებულ დროზე“. მსგავსი ილუზიებით ვლადიმერ პუტინიც იკვებება: ომი მისი რევანშისტული პროექტის ნაწილია, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ რუსეთი ისევ დიდებული გახადოს, აღუდგინოს რუსეთს საბჭოთა კავშირისდროინდელი ძლიერება და გავლენები. ანალოგიური პოზიცია აქვს სი ძინპინსაც - ჩინეთის მეთაურს, რომელიც ცდილობს, მაოძედუნისებური „დიდი ნახტომი“ განახორციელოს, მაგრამ უკან - იგი თანდათანობით ისეთ დიქტატორულ წყობას აყალიბებს, რომელიც მისი დიდი წინამორბედის - „ჩინელი ხალხის მამა-მარჩენალის“ შემდგომ პერიოდში არ ყოფილა.

ღია, თავისუფლების მოყვარე და მრავალფეროვანი ევროპა, თავისი დემოკრატიითა და კანონის უზენაესობით, სრულიად განსხვავებულია ზემოთ ჩამოთვლილი ფრანკენშტეინისეული რეტრო-მონსტრებისაგან და მათი ულტრამემარჯვენე მხარდამჭერებისაგან. მათ არ სიამოვნებთ ევროპის დღევანდელი დღე, შეიძლება ითქვას, ეშინიათ მისი და ამიტომ ემუქრებიან. ევროპა, ისევე, როგორც უკრაინა, მათ გზაზე არსებულ დაბრკოლებას წარმოადგენს.

ობიექტურები რომ ვიყოთ, უნდა ვთქვათ, რომ აშშ-ის ღალატი უკრაინის მიმართ დონალდ ტრამპის დროს არ დაწყებულა. დონალდ ტრამპი მას მხოლოდ აგრძელებს. უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც კიევს ბილ კლინტონმაც მისცა 1994 წელს („ბუდაპეშტის მემორანდუმის“ სახით), შეუსრულებელი აღმოჩნდა: ბარაკ ობამამ მხოლოდ თვალები დააფახულა, როცა ვლადიმერ პუტინმა ყირიმი დაიპყრო, 2014 წელს. ჯო ბაიდენს, რომელსაც თან ცივი ომის აჩრდილები სდევდა, 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე გადაჭარბებულად ფრთხილი რეაქცია ჰქონდა.

თუ რაიმე შეიცვალა დონალდ ტრამპის მმართველობის მეორე ვადაში, არის მხოლოდ ის, რომ უკრაინის მიმართ ამერიკის ღალატი, რომელიც ახლა ხდება, წინასწარგანზრახულს წარმოადგენს. ყოველ ახალ დღეს აშშ-ისათვის ახალი სირცხვილი მოაქვს. გასულ წელს უკრაინაში სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლმა ყველაზე მეტს მიაღწია, ომის დაწყების დროიდან: ვლადიმერ პუტინმა იმ ომის მასშტაბები კიდევ უფრო გააფართოვა, რომლის შეწყვეტას დონალდ ტრამპი 24 საათში იქადნებოდა. ვაშინგტონმა კიევისათვის იარაღის პირდაპირი მიწოდება გაანულა. ტრამპისეული სიცილის მომგვრელი „სამშვიდობო პროცესი“, რომელსაც მისი ბიზნესპარტნიორი [სტივ უიტკოფი] და გაპრანჭული სიძე [ჯარედ კუშნერი] კურირებენ, ვლადიმერ პუტინის მაქსიმალისტური მოთხოვნების ფონზე მიმდინარეობს და მასში ევროპას მონაწილეობას უკრძალავენ.

დონალდ ტრამპის 28-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა, რომელიც, ფაქტობრივად, რუსეთის გამარჯვების ერთმნიშვნელოვანი „დოკუმენტია“, სწრაფად იქნა დისკრედიტირებული, მაგრამ ამის მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტი მაინც ითხოვს, რომ კიევმა თავისი სუვერენული ტერიტორიები დათმოს ანუ ამით ქმნის კატასტროფულ პრეცედენტს და თანაც - უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს არ აძლევს. დონალდ ტრამპი ძველებურად ცდილობს, „ფული იშოვოს“ უკრაინის მინერალური წიაღისეული რესურსების სარგებლობით და რუსეთთანაც იგივე სურს. დონალდ ტრამპი მუდმივად ემუქრება უკრაინის შესანიშნავ პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, ამცირებს თავის ევროპელ მოკავშირეებს და ლოიალურ დამოკიდებულებას ამჟღავნებს ისეთი ავტორიტარი ლიდერების მიმართ, როგორებიც არიან რუსი ვლადიმერ პუტინი, უნგრელი ვიქტორ ორბანი, არგენტინელი ჰავიერ მიელი და ისრაელელი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

დონალდ ტრამპს თავის უსირცხვილო ღალატში ბადალი არ ჰყავს, და მაინც, მატულობს იმის რწმენა, რომ ასე არ შეიძლება და ასეთი მოქმედება დიდხანს აღარ გაგრძელდება. განა რამდენ ხანს შეუძლიათ ტყუილების თქმა ისეთ ნებაყოფლობით ცრუ ადამიანებს, როგორებიც არიან ნატოს გენმდივანი მარკ რიუტე, რომელიც ხშირად ლაპარაკობს ტრანსატლანტიკური კავშირების სასიცოცხლო მნიშვნელობაზე იმ დროს, როცა დონალდ ტრამპი ყოველდღიურად მჟავას და ღვარძლს ასხამს იმავე ტრანსატლანტიკურ ალიანსს? როგორ ბედავს მარკო რუბიო ლექცია წაუკითხოს ევროპელებს ქრისტიანულ ცივილიზაციაზე იმ დროს, როცა ის და „ახალი სამყაროს“ სხვა ბარბაროსები თვალს ხუჭავენ ისრაელის სისასტიკეზე ღაზას სექტორში? ახლა ისინი ისევ გეგმავენ, კვლავ თავს დაესხან ირანს და, ალბათ, კუბასაც. რა უფლებით?

დონალდ ტრამპის ვერაგული ტირანია ერთნაირად დამღუპველია როგორც აშშ-ისთვის, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც. რაც უფრო მეტხანს გაგრძელდება მისი მოთმენა, სიტუაცია მით უფრო დამძიმდება. მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, რომლებიც აშშ-ისა და ევროპას შორის არსებობს, უკიდურესად აუცილებელია, რომ ევროპელებმა და იმ ამერიკელებმა, რომლებიც დონალდ ტრამპის მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილნი, შუალედური არჩევნების წინ, ერთიანი ხმით ლაპარაკი დაიწყონ და სიტყვა საქმით, პრაქტიკული მოქმედებით განამტკიცონ... და ყველაზე უკეთესი იქნება, დაიწყონ სწორედ უკრაინის მხარდაჭერით - იმ ქვეყნისა, რომელიც ლიბერალურ დემოკრატიასა და ტრამპ-პუტინის ღერძს შორის მიმდინარე რეალური ბრძოლის წინახაზზე დგას.

ასევე დაგაინტერესებთ:სამუშაოდ ქცეული ჯოჯოხეთი: "როდის დამთავრდება ომი? ეს უაზრო კითხვაა" - The New York Times

სკანდალური სტატია: რაკეტა "ფლამინგოს" პროექტი ჩაიშალა?! - უკრაინის სამხედრო მრეწველობის დილემა

"ჩერნობილი" კავკასიაში - რუსების კიდევ ერთი დამცირება: ამერიკელები პუტინს სომხეთის ენერგეტიკიდან აძევებენ

"ტრამპი - ევროპის მთავარი მტერი?!" - Financial Times

აი, რისი გაკეთებაა აუცილებელი: ა) შეყვანილი უნდა იქნას უკრაინაში იმ ევროპული ქვეყნების ჯარები, რომლებიც სამხედრო დახმარების გაწევის კოალიციის („ნებაყოფლობითი კოალიციის“) წევრები არიან, კიევისა და სხვა დიდი ქალაქების დაცვის მიზნით; ბ) რუსეთს არ უნდა მიეცეს ვეტოს დადების შესაძლებლობა; გ) დაწესდეს ფრენებისთვის აკრძალული ზონა; დ) უნდა განადგურდეს რუსეთის „ჩრდილოვანი საზღვაო ფლოტი“, რომლის მეშვეობით ნავთობის ექსპორტი ხდება; ე) ევროპამ მეტი რაკეტისა და დრონის წარმოება უნდა დაიწყოს; ვ) უნდა გააქტიურდეს და გახშირდეს კიბერშეტევები და საბოტაჟი რუსეთის წინააღმდეგ; ზ) დაჭერილი და გაძევებულნი უნდა იქნენ რუსი ჯაშუშები კრემლის ჰიბრიდული ომის გასანეიტრალებლად; თ) გამომჟღავნებული უნდა იქნას რუსული საინფორმაციო ომის ტყუილები და სიცრუე, უნდა შეიცვალოს ნარატივი; ი) ევროპამ მტკიცედ უნდა მოითხოვოს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და რუსეთის ჯარების ეტაპობრივი გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიიდან, წამყვანი როლი უნდა შეასრულოს ნებისმიერი დონის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.

და ეს თუ არ განხორცელდება, მაშინ რა მოხდება? ალტერნატივა ასეთია: მოხდება ის, რომ ომი უსასრულოდ გაგრძელდება, იქნება დაუსრულებელი მკვლელობები... ალბათ, შეიძლება მშვიდობაც დამყარდეს, მაგრამ ეს იქნება დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინს შორის გარიგებით დამყარებული უსამართლო მშვიდობა.

ევროპა გაფრთხილებულია: ამერიკისადმი ნდობა არ შეიძლება. გამოწვევა მართლაც ეგზისტენციალურია. ყველაფერი, რასაც ევროპა უფრთხილდება და მისთვის ძვირფასია, პოტენციურად სასწორზეა დადებული. იმისგან დამოუკიდებლად, გაკეთდება თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი, უკრაინის გაწამებული და ტანჯული, იმავდროულად კი - გმირი ხალხისათვის და საკუთარი კონტინენტის მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის, ევროპელებმა (დიდი ბრიტანეთის ჩათვლით) ბოლოს და ბოლოს, უნდა მოიკრიბონ ძალა, უნდა გაერთიანდნენ, უნდა მოძებნონ რესურსები, რათა გადავიდნენ ეკონომიკურ, სამხედრო-პოლიტიკურ, დიპლომატიურ და მორალურ შეტევაზე რუსეთის წინააღმდეგ.

ევროპამ უნდა დაიწყოს ბრძოლა უშუალოდ ვლადიმერ პუტინთან და მტკიცედ უთხრას დონალდ ტრამპს, რომ ევროპელების „თვალიდან დაიკარგოს“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო