"არ დაიდარდო" ტრამპისა და აიათოლას შჭესრულებით - ამხელა არმია მივაყენე ირანს და  თავს რატომ არ მიხრიან? - კვირის პალიტრა

"არ დაიდარდო" ტრამპისა და აიათოლას შესრულებით - ამხელა არმია მივაყენე ირანს და  თავს რატომ არ მიხრიან?

А почему ты мне не кланяешься?-გახსოვთ ეს ფრაზა შესანიშნავი ქართული მხატვრული ფილმიდან „არ დაიდარდო“, რომლითაც დოდო აბაშიძის გმირი, თავადი ვახვარი პორუჩიკ იშხნელს მიმართავს და შემდეგ დუელში იწვევს და კლავს?

დაახლოებით იგივე ხდება დღეს დიდ პოლიტიკაშიც. თურმე აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი ძალიან გაკვირვებული ყოფილა -ამხელა სამხედრო მანქანა მივაყენე ირანს, ატომური ავიამზიდები,წყალქვეშა ნავები, ბომბდამშენები, ფრთოსანი რაკეტები და მიუხედავად ამისა ირანის ხელისუფლება აიათოლას სახით, მაინც არ თანხმდება ჩემს მოთხოვნებს და ურჩობსო...

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ასე უპასუხა გაკვირვებულ ტრამპს - ჩვენ ირანელები ვართ და თავს არ ვხრითო...

ამ ყველაფერს ექნება თუ არა იგივე გაგრძელება, როგორც ზემოთ ხსენებულ ქართულ ფილმშია და აშშ-ისა და ირანის სიტყვიერი დაპირისპირება გადაიზრდება თუ არა „დუელში“ , ამას უახლესი დღეები გვიჩვენებენ, რადგან „თოფის ჩახმახი“ შეყენებულ მდგომარეობაში უსასრულოდ ვერ დარჩება ანუ ირანის გარშემო თავმოყრილი ამერიკული სამხედრო დაჯგუფება, რომელიც 40 ათასამდე ოფიცერსა და ჯარისკაცს, შვიდ საავიაციო ფრთასა (თითოეული საავიაციო ფრთაში 70-მდე თვითმფრინავი და შვეულმფრენია) და 16 საბრძოლო ხომალდს (რომლებზეც სასტარტოდ გამზადებული რამდენიმე ასეული ფრთოსანი „ტომაჰავკია“) მოიცავს, თვეობით ვერ გაჩერდება ახლოაღმოსავლეთის რეგიონში, რადგან ეს უზარმაზარ ხარჯებს მოითხოვს აშშ-ის ბიუჯეტიდან.

რაშია ძირითადი პრობლემა ანუ რა მოთხოვნილება აქვთ ამერიკელებს და რა საპასუხო მოთხოვნებს აყენებენ ირანელები, რომ ამდენი მოლაპრაკებების შემდეგაც ვერ თანხმდებიან და დიდი ომის დაწყების წკიპზე დგანან? პრეზიდენტ ტრამპის თავდაპირველი მოთხოვნა აიათოლას ხელისუფლებისადმი იყო შემდეგი - ირანი საერთოდ წყვეტს ურანის შემდგომ გამდიდრებას, ხოლო უკვე 60%-მდე გამდიდრებულ 409 კგ ურან-235-ს გადასცემს მესამე ქვეყანას, რის მკაცრ კონტროლსაც ახორციელებენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დამკვირვებელები.

ამასთან, ირანის ხელისუფლებას უნდა შეეწყვიტა ქუჩებში საპროტესტო დემონსტრაციების დახვრეტა და შეეჩერებინა დაპატიმრებული, ყველაზე აქტიური დემონსტრანტების ჩამოხრჩობა მოედნებზე დაყენებულ ამწეებზე...

თეირანი ამაზეც არ იყო თანახმა და პოლიტიკურ ვაჭრობას აწარმოებდა ვაშინგტონთან, როდესაც ტრამპმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრის - ნეთანიაჰუს „ჩაწოდებით“, ახალი კატეგორიული მოთხოვნებიც დაამატა ირანის მიმართ - ირანი მნიშვნელოვნად ზღუდავს თავისი ბალისტიკური რაკეტების წარმოებას, მათი ფრენის სიშორეს 300 კმ-მდე ამცირებს და ყოველგვარ ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უჩერებს სამხრეთ ლიბანში მოქმედ „ჰეზბოლასა“ და ღაზას სექტორში მყოფ „ჰამასის“ ტერორისტულ დაჯგუფებებსო...

გასაგებია, რომ აიათოლას ხელისუფლება ასეთ მნიშვნელოვან დათმობაზე არ წავა, მით უმეტეს, როდესაც ის ისრაელის მხრიდან მოდის, ამასთან, ათას კმ-ზე შორს მფრენი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, ასევე, კამიკაძე-დრონები, ის ძირითადი საბრძოლო საშუალებებია, რითაც ირანს შეუძლია, მიწვდეს ისრაელის ქალაქებს იმ საპასუხო საჰაერო დარტყმების დროს, რომელიც აუცილებლად მოჰყვება ირანზე თავდასხმას, გინდაც მხოლოდ ამერიკული ძალების მიერ.

ჟენევაში მიმდინარე ამერიკულ-ირანულ ბოლო მოლაპარაკებებზე თეირანი თითქოს თანხმდება ურან-235-ის შემდგომი გამდიდრების პროცესის შეჩერებას და უკვე არსებული გამდიდრებული ურანის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დამკვირვებლების ქვეშ დატოვებას, ოღონდ საკუთარ ტერიტორიაზე (ისე, შეიძლება თავად ირანელებმაც კი არ იციან, თუ ზუსტად რამდენი 60%-მდე გამდიდრებული ურან-235 დარჩათ იმ 409 კგ-მიდან, რომელთა შენახვის სამი მიწისქვეშა ბუნკერი ამერიკულმა ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებმა გასულ წელს მიწასთან გაასწორეს და მათი ამოთხრა ძალზე გაძნელებულია), სამაგიეროდ, თეირანი ვაშინგტონისგან ითხოვს იმ საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების ძირითადი ნაწილის მოხსნას, რომლებიც აიათოლების ირანზე დასავლეთს ორ ათეულ წელზე მეტია, აქვთ დაწესებული.

მაგრამ იქნება კი ეს საკმარისი იმისთვის, რომ პრეზიდენტი ტრამპი დაყაბულდეს მხოლოდ ამას და უზარმაზარი ამერიკული სამხედრო არმადა მოხსნას ირანის „ალყიდან“?

ალბათ - არა, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს ძალიან არ სურს ირანზე სამხედრო შეტევის დაწყება და ყველანაირად ითრევს ფეხს, რადგან კარგად ხვდება -ირანზე მასობრივი და დროში გახანგრძლივებული საჰაერო დარტყმების სერიაც კი არ იქნება იმის სრული გარანტია, რომ ირანში აიათოლების რეჟიმი დაემხობა ანუ ის, რაც ასე სურთ ვაშინგტონში და კიდევ უფრო მეტად - თელ-ავივში...

2003 წელს ერაყზე ხელმეორედ შეტევის შედეგად (1991 წლის „უდაბნოს ქარიშხლის“ ფართომასშტაბიანი ოპერაციის შემდეგ) ამერიკელებმა შეძლეს სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა და დღეს ირანის გარშემო არანაკლები რაოდენობის სამხედრო ძალაა თავმოყრილი, ოღონდ ერთი დიდი განსხვავებით - ერაყში ამერიკულ საჰაერო დარტყმებს საერთაშორისო კოალიციის სახმელეთო ჯარების შეტევა მოყვა, თითეულ ერაყულ ქალაქში და ბოლოს - დედაქალაქ ბაღდადში ადგილზე ხელისუფლების აღების სახით...

ასევე დაგაინტერესებთ: 30 მ-იანი ნაპრალი რუსული სარაკეტო ქარხნის სახურავზე - აი, რა შესძლებია უკრაინულ „ფლამინგოს“...

ნატო რუსეთის მიერ "ოკუპირებული" ესტონეთის "გასათავისუფლებლად" იწყებს მზადებას?

უკრაინელებმა ამერიკელებს ნახევარსაუკუნოვანი ოცნება აუსრულეს და მთავარ რუსულ სარაკეტო ქარხანას დაარტყეს...

ოთხი წლის წინ ვინ დააჯერა ზელენსკი, რომ პუტინი უკრაინას თავს არ დაესხმებოდა და მხოლოდ "იარაღს აჟღარუნებდა"...

დღეს კი არის ირანის სიახლოვეს თავმოყრილი 40-ათასამდე ამერიკელი სამხედრო, მაგრამ ისინი, ძირითადად, იორდანიის, საუდის არაბეთისა და კუვეიტის საჰაერო ბაზებზე მყოფი ამერიკული ავიაციისა და სამხედრო ლოჯისტიკის მომსახურე პირები და მათი დაცვის უზრუნველყოფის დანაყოფებია, რომლებიც არ განიხილებიან სახმელეთო საერიშო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად ანუ პრეზიდენტ ტრამპს ირანის გარშემო არ ჰყავს ის ქვეითი შენაერთები თავისი „აბრამსებით“, „ბრედლებითა“ და „ჰაიმარსებით“, რომლებიც ხმელეთიდანაც შეუტევდნენ ირანს აიათოლების რეჟიმის ჩამოსაგდებად, როგორც ეს ერაყში მოხდა, ხოლო ვენესუელის პრეზიდენტის მოსატაცებლად გადასხმული საშვეულმფრენო დესანტის ტაქტიკა ირანში არანაირად არ იმუშავებს...

ტრამპის ადმინისტრაცია შეიძლება იმის იმედზეც იყოს, რომ ირანის ქალაქებში ისევ დაიწყება დემონსტრანტების მასობრივი გამოსვლები, როგორც ეს წლის დასაწყისში მოხდა (ირანელ სტუდენთა ნაწილმა მართლაც განაახლა ქუჩებში საპროტესო მსვლელობები), მაგრამ შეუიარაღებელ სამოქალაქო მომიტინგეს ბევრი არაფრის გაკეთება შეეძლება...

აშშ-ის სპეცსამსახურებს შეუძლიათ ირანელი ქურთების შეიარაღებული ჯგუფების დარაზმვა, მაგრამ ეს საკმარისი ძალა არ იქნება.

უახლესი დღეები გვიჩვენებს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენი საქართველოდან ორასიოდე კმ-ში მდებარე ირანში და თუკი მართლაც დაიწყო ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები, ის აუცილებლად მოახდენს გავლენას არა მარტო ახლო აღმოსავლეთზე, არამედ -მთელ მსოფლიოზე და მით უმეტეს - სამხრეთ კავკასიაზეც...