"პატივისცემის ნიშნად შევთავაზე დახმარება და 300 000 ლარი მივეცი" - რომეო მიქაუტაძის მძახალი სასამართლოზე - კვირის პალიტრა

"პატივისცემის ნიშნად შევთავაზე დახმარება და 300 000 ლარი მივეცი" - რომეო მიქაუტაძის მძახალი სასამართლოზე

პატივისცემის ნიშნად შევთავაზე დახმარება და 300 000 ლარი მივეცი - რაში სჭირდებოდა, არ ჩავძიებივარ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესზე, დაცვის მხარის მოწმემ, გიორგი მოწყობილმა განაცხადა, რომელიც მიქაუტაძის მძახალია.

მისი თქმით, ფულის გადაცემის შემდეგ, მხარეებს შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ეგზემპლარი კი, რომეო მიქაუტაძის მიმართ „ნდობიდან გამომდინარე“ გადააგდო.

„2010 წელს გავიცანი რომეო მიქაუტაძე. 2023 წელს ჩვენმა შვილებმა იქორწინეს და დავნათესავდით. 2024 წელს რომეოსთან ვიყავი სახლში და საუბარი ჩამოვარდა, რომ თანხა სჭირდებოდათ. პატივისცემის ნიშნად შევთავაზე დახმარება და 300 000 ლარი მივეცი. ვუთხარი, რომ არ მეჩქარებოდა და როდესაც შეძლებდა, მაშინ დაებრუნებინა. რაში სჭირდებოდა, არ ჩავძიებივარ. თანხა რომ მივაწოდე, მითხრეს, რომ ხელშეკრულებისთვის ხელი უნდა მომეწერა და მოვაწერე. ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი მე გადმომცეს, მაგრამ გადავაგდე, რადგან არ მჭირდებოდა, ნდობიდან გამომდინარე. ფული სახლში მივუტანე და ნინოს გადავეცი [რომეო მიქაუტაძის მეუღლეს]“, - განაცხადა გიორგი მოწყობილმა.

პროკურორის კითხვაზე, თუ საიდან ჰქონდა 300 000 ლარი, მოწმემ განაცხადა, რომ ეს თანხა მისი დანაზოგი იყო, რომელიც სხვადასხვა ქონების რეალიზაციიდან და ბიზნესსაქმიანობიდან ჰქონდა დაგროვებული.

ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.

სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა