"იმის თქმა, რომ 100 წლის წინ მარო მაყაშვილი, 2008-ში გიორგი ანწუხელიძე ქართულმა ხელისუფლებამ მოკლა, არის ბერბიჭაშვილობა" - ნუგზარ წიკლაური
პოლიტიკური პარტიების ისტორიული პასუხისმგებლობაა, რომ ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმება მოახერხონ - ყველა საკითხზე ერთობა ვერ შედგება, მაგრამ ერთობა მთავარი საკითხების გარშემო უნდა შედგეს! დემოკრატიული და ეროვნული ალტერნატივა იქნება უმნიშვნელოვანესი გზავნილი როგორც ქართველი ხალხისთვის, ასევე დასავლელი პარტნიორებისთვის, - აღნიშნული განცხადება „პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა გააკეთა.
წიკლაურის თქმით, ის ღრმად დარწმუნებულია, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმება შედგება და შესაბამისს დოკუმენტს ყველა ნახავს.
“იმ პოლიტიკურ ძალებში, რომლებიც ახლა პოლიტიკურ ერთობას კრავენ, არიან ისეთები, რომელთაც სურთ, რომ პარტიათა იდენტობა იყოს შემცირებული და საერთო პოლიტიკური კავშირი შედგეს, მაგრამ არიან ისეთები, რომელთაც პირიქით, თავიანთი პარტიული იდენტობის გამოკვეთა სურთ. ასეთია განსაკუთრებით ახალი პოლიტიკური პარტიები - მაგალითად, “თავისუფლების მოედანი“, რომელიც ძალიან სიმპათიური ადამიანებისგან შეიქმნა. რამდენიმე თვეა, რაც ეს პოლიტიკური გაერთიანება შეიქმნა და ბუნებრივია, რომ სურთ, ამომრჩეველს დაანახონ, რომ მათ რაღაც ახალი და განსხვავებული სათქმელი აქვთ. არის ძველი პარტიები, რომელთაც ამდაგვარი იდენტობის საკითხები უკვე გამოკვეთილი აქვთ. ამიტომ არის სხვადასხვა მოსაზრება და ამ მოსაზრებებს შეთანხმება სჭირდება. ეს არის პასუხი იმაზე, თუ რატომ გაჭიანურდა.
პოლიტიკური პარტიების ისტორიული პასუხისმგებლობაა, რომ მოახერხონ ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმება, რაც ახლა ჩვენი ქვეყნის წინაშეა. გასაგებია, რომ ვიღაც არის მემარცხენე, ვიღაც - მემარჯვენე, ვიღაცას განათლების სისტემაში ცვლილებები სხვანაირად წარმოუდგენია, ვიღაცას შესაძლოა სხვა ტიპის ეკონომიკური ორიენტირები აქვს, მაგრამ არის ფუძემდებლური საკითხები - ეს შეეხება დიქტატურას, ქვეყნის გეოპოლიტიკურ კურსს და ცივილიზაციურ არჩევანს. ამიტომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პირადი პოლიტიკური ამბიციები უკან უნდა დავწიოთ იმისთვის, რომ ამ ტიპის ერთობა შედგეს.
როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ყველა ხედავს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ზღვარს გადააბიჯა და ყველა დემოკრატიული უფლება შელახა. ყველა ელოდება, რომ ოპოზიცია ისტორიულ პასუხისმგებლობას აიღებს და იტყვის: ჩვენს შორის არის განსხვავებები, ჩვენ მრავალფეროვანი ხალხი ვართ, ვართ დემოკრატიული ოპოზიცია, მაგრამ როცა საქმე საქართველოს დამოუკიდებლობის და დემოკრატიის დაკარგვას ეხება, გვაქვს ძალა იმისა, რომ შევთანხმდეთ“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, წიკლაური “აბსურდის თეატრს“ უწოდებს საბოტაჟის ბრალდებით ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებს. წიკლაურის შეფასებით, თუკი ვინმემ ქართველი ხალხის მიმართ საბოტაჟი მოახდინა, ეს “ქართული ოცნებაა“.
მისივე თქმით, სიტყვა “საბოტაჟი“ ყველაზე პოპულარული სწორედ ტოტალიტარულ ქვეყნებშია და ამ თვალსაზრისით საბჭოთა კავშირი ლიდერი იყო.
“მთელი იმ პერიოდის განმავლობაში გვესმოდა, რომ ვიღაც საბოტირებას ახდენდა. ასე იმიტომ აკეთებდნენ, რომ ტოტალიტარულ სისტემებს არ შეუძლიათ ეკონომიკა მართონ, არ შეუძლიათ მოქალაქეებისთვის კეთილდღეობის დამყარება. ამიტომ სულ მუდმივად მტრის ხატი სჭირდება - არსებობს ვიღაცა მტერი, რომელიც მას ხელს უშლის და ანადგურებს. საბჭოთა კავშირში საბოტაჟის ცნობილი საქმეები იყო, თითქოს და, ადამიანები მარცვლეულს ანადგურებდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ მას. ესეც ძალიან მწარე მემკვიდრეობის გაგრძელებაა. ხელისუფლებას არ შეუძლია ურთიერთობების დამყარება ცივილიზებული სამყაროს არც ერთ წარმომადგენელთან, ამიტომ უნდა ამოარჩიოს ადამიანები, რომლებიც თითქოს და, ხელს უშლიან და გარკვეულ პროცესებში საბოტირებას უწყობენ. ცხადია, ეს არის პოლიტიკური აბსურდის თეატრი, სადაც არაფერი სიმართლესთან კავშირში არ არის. ამ ადამიანებს არანაირი საბოტირება არ მოუხდენია. თუკი ვინმემ ქართველი ხალხის მიმართ საბოტაჟი მოახდინა, ეს არის თვითონ “ქართული ოცნება“.
როდესაც იმაზე ლაპარაკობენ, რატომ ესაუბრებით დასავლელ პარტნიორებს, რატომ გადაეცით მათ მასალები, იმიტომ, რომ ჩვენ საქართველო წარმოგვიდგენია არა ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის და ბოცვანას გარემოცვაში, არამედ ცივილიზებული სამყაროს ქვეყნებთან თანამშრომლობაში. ჩვენ ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყნის განვითარება, მათ წარმოუდგენიათ სხვანაირად - ამიტომაც არის ასეთი დრამატული დისონანსი ოპოზიციის და “ქართული ოცნების“ პოზიციებს შორის“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
წიკლაური იმასაც ამბობს, რომ “ქართული ოცნება“ ქართველი ერის საწინააღმდეგო ინტერესს გამოხატავს. მისი თქმით, რასაც დღეს “ქართული ოცნება“ აკეთებს ისაა, რომ ყველა მეგობართან სტრატეგიული პარტნიორობა შეწყვიტა და ქვეყანა იზოლირებულია.
“ძალიან ნიშანდობლივია, როცა რამდენიმე დღის წინ - მარო მაყაშვილის დაღუპვის დღეს, “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა პროპაგანდისტმა თქვა, რომ მარო მაყაშვილი 100 წლის წინ ქართულმა ხელისუფლებამ მოკლა და ანწუხელიძეც - ქართულმა ხელისუფლებამ. აი, ეს არის “ქართული ოცნების“ პოზიცია და ის ბერბიჭაშვილობა, რასაც ისინი წარმოადგენენ - როგორ ადანაშაულებენ საკუთარი სამშობლოს გმირებს იმაში, რომ ქვეყანას და ქვეყნის დამოუკიდებლობას იცავდნენ. ერთი მხრივ, არის ივანე ჯავახიშვილი და მისი ცნობილი მოწოდება: - შეიარაღდით! მან მიმართა სტუდენტებს და უთხრა, რომ არის დრო, როცა თქვენ აუდიტორიებში სხედხართ და განათლებას იღებთ, მაგრამ ქვეყანაში დგება დრო, როდესაც დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება და ფრონტზე უნდა წახვიდეთ. ეს არის ჭეშმარიტი ქართველი პატრიოტის სახე. მეორეს მხრივ, არის პროპაგანდისტი “უცნობის“ გამონათქვამი, რომელმაც მარო მაყაშვილის დაღუპვა საქართველოს დააბრალა. ეს არის დრამატული განსხვავება ადამიანთა ორ ჯგუფს შორის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს", - აცხადებს წიკლაური.
"ინტერპრესნიუსი"