"კარგად იციან, რომ ეს გაერთიანება „ჩაფლავდება“ - ამ ნაბიჯებით „ოცნებას“ ძალიან კარგად ეხმარებიან" - ტატა ხვედელიანი ოპოზიციის გაერთიანებაზე
ძალიან კარგად იციან, რომ ეს გაერთიანება „ჩაფლავდება“, როგორც „ჩაფლავდა“ აქამდე არსებული გაერთიანებები - ისინი ამ ნაბიჯების გადადგმით „ოცნებას“ ძალიან კარგად ეხმარებიან, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა ოპოზიციის ნაწილის შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
ხვედელიანის თქმით, მისი პარტიის „ნაცური“ წარმომადგენლობის პარტიებთან გაერთიანებაზე საუბარი ზედმეტია და ეს წითელი ხაზია.
„ჩვენ დღევანდელ სივრცეში ერთობას ვერ ვხედავთ. მითუმეტეს, ვერ ვხედავთ, ჩვენი და „ნაცური“ წარმომადგენლობის პარტიებთან ვერავითარ ერთობას. ეს ჩვენთვის წითელი ხაზია. ერთობაზე საუბარი ზედმეტია, როცა „ნაცმოძრაობის“ განშტოებებია, რომლებიც სხვადასხვა პარტიაში არიან განაწილებული. მათ შეუძლიათ, შეერთდნენ და „ნაცმოძრაობის“ ერთობა იყოს. ჩვენ ჩვენს მყარ დღის წესრიგს მივყვებით, რომელიც კონსტიტუციურია და მშვიდობიანია. ჩვენ ბრძოლისთვის არჩევნები ავირჩიეთ, როცა სხვებმა „ოცნების“ მიერ დაგეგმილი 4 ოქტომბერი აირჩიეს და ქვეყანა უარეს მდგომარეობაში ჩააგდეს. ჩვენი ბრძოლა მწვავე და თანმიმდევრულია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო „ნაცური“ წარმომავლობის პარტიების და მათი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ბრძოლასთან", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
"ინტერპრესნიუსი"