"ერთი ყაველაშვილია პრეზიდენტი და მეორე თქვენ ხართ მოსამართლე - ვის ეკითხები სახელს და გვარს?" - გიორგი ბარამიძე მოსამართლეს, რომელმაც სააკაშვილს მიმართა, მისი ვინაობა ეთქვა
ე.წ. საბოტაჟის საქმის მოსამართლე თამარ მახარობლიძემ მისი აცილების თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მახარობლიძის განმარტებით, შუამდგომლობა შესაბამისი გარემოებების არ არსებობის გამო არ დაკმაყოფილდა.
მოსამართლემ დაადასტურა, რომ დაცვის მხარის მიერ დასახელებული განცხადებები მას ეკუთვნოდა, „რადგან მაშინ მოსაზრებების დაფიქსირებისგან შეზღუდული არ იყო, განსხვავებით დღევანდელი მდგომარეობისა“.
აღნიშნულის შემდეგ მოსამართლეს ნიკა გვარამიამ კითხვით მიმართა, „დღესაც ასე ფიქრობს თუ არა მასზე, როგორც ადრე და აქვს თუ არა იგივე დამოკიდებულება“, რაზეც მახარობლიძემ მას უპასუხა, რომ „მოსამართლეს კითხვებს ნუ უსვამდა“.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორ ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, „თამარ მახარობლიძეს როგორც მოქალაქეს და სამართლის ექსპერტს ისე ჰქონდა ნიკა გვარამიას საქმეზე შეფასება დაფიქსირებული და ხელისუფლების ქმედება დადებით კონტექსტში შეფასებული“.
პროკურორის თქმით, მას არ აქვს მტკიცებულება, რომ მოსამართლე საქმეზე გადაწყვეტილებას საქმიდან გამომდინარე არ მიიღებს.
სხდომის გაგრძელებისას მოსამართლე ბრალდებულების ვინაობის დადგენაზე გადავიდა, რა დროსაც მიხეილ სააკაშვილს მიმართა კითხვით, ეთქვა მისი სახელი და გვარი.
აღნიშნულს დარბაზიდან გიორგი ბარამიძის რეპლიკა მოჰყვა, თუ როგორ ეკითხებოდა ის სააკაშვილს ვინაობას.
„ერთი ყაველაშვილია პრეზიდენტი და მეორე თქვენ ხართ მოსამართლე. ვის ეკითხები სახელს და გვარს?“, - განაცხადა ბარამიძემ.
მას მანდატურის თანამშრომლებმა სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.
"ინტერპრესნიუსი"
განაგრძე კითხვა