"ბერი ზღვაში რომ ჩავიდა, წყალზე მისი სამოსელი ნავად იქცა და ასე გაუჩინარდა ათონის მიმართულებით... ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანები ტაძრის გადახურვას ცდილობდნენ, კონსტრუქცია დანგრეული ხვდებოდათ" - ერთადერთი უგუმბათო ტაძრისა და "უჭკნობი ვარდის საიდუმლო"
ამბობენ, როდესაც ხატი ტაძარში ბრუნდება, ირგვლივ განსაკუთრებული კეთილსურნელება იფრქვევა, ხოლო თუ ადამიანს გულში მძიმე ცოდვა ან ბოროტი განზრახვა აქვს, მას ხატთან მიახლოება უჭირს...
მართლმადიდებლურ სამყაროში ღვთისმშობლის ხატები ხშირად სახელებით გვახსოვს: ივერიის, ყაზანის, ვლადიმირის... თუმცა არსებობს იშვიათი ხატები - საოცარი და იდუმალი ისტორიით. სწორედ ასეთია დედა ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ხატი - პანაღია კაკავიოტისა, იგივე „უჭკნობი ვარდი“, რომელიც საუკუნეების განმავლობაში, კუნძულ ლემნოსის უმთავრეს სულიერ საგანძურს წარმოადგენს.
ეს სიწმინდე ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, საბერძნეთის ერთ-ერთ უძველეს კუნძულზე, კლდოვანი კაკავოსის მთის წიაღშია დავანებული, სადაც მსოფლიოში ერთადერთი უგუმბათო ტაძარი მდებარეობს. ადგილობრივი ისტორიკოსებისა და უხუცესების გადმოცემით, ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანები მის გადახურვას ცდილობდნენ, კონსტრუქცია დანგრეული ხვდებოდათ.

მე-20 საუკუნეშიც კი იყო მცდელობა, ტაძრისთვის მყარი გადახურვა გაეკეთებინათ, რათა წვიმას კედლები არ დაეზიანებინა. თუმცა, ყოველი მცდელობის შემდეგ იგივე მეორდებოდა - ეს იყო ნიშანი, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ტაძრის გუმბათად მხოლოდ კლდის ბუნებრივი თაღი და ცის კაბადონი ინება.
ეკლესიის შუაგულში პატარა ღიობია - მლოცველები მას „პანაგიას თვალს“ უწოდებენ, ხოლო კლდიდან მომდინარე წყალს - „დედის ცრემლებს“. გამოქვაბულის ჭერიდან მუდმივად ჟონავს წყალი, რომელიც ყველაზე მშრალ ზაფხულშიც კი არ წყდება.
ისტორიული ფესვები
პანაგია კაკავიოტისას ისტორია 1305 წლიდან იწყება, როდესაც ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში მეკობრეების თავდასხმები გახშირდა. ამ საფრთხის გამო, მეზობელი კუნძულის - აგიოს ეფსტრატიოსიდან წამოსულმა ექვსმა ბერმა თავშესაფარი ლემნოსის მიუვალ კლდეებში იპოვა. მათ სალოცავად შეარჩიეს ბუნებრივი გამოქვაბული, რომელიც კლდოვანი თაღის ქვეშ საიმედო თავშესაფარს ქმნიდა.
ბერებმა აქ მოკრძალებული სამლოცველო მოაწყვეს. წლების გასვლასთან ერთად, ისინი სათითაოდ ტოვებდნენ მიწიერ ყოფას. ლეგენდის თანახმად, უკანასკნელმა ბერმა გადაწყვიტა, დაეტოვებინა ლემნოსი და ათონის მთაზე წასულიყო. გამგზავრებამდე მან იხმო ლიმნიელი მწყემსი მუმცისების ოჯახიდან, რომელსაც სამლოცველოსთან ახლოს ფერმა ჰქონდა და მას ღვთისმშობლის ხატი - „უჭკნობი ვარდი“ ჩააბარა.
ბერმა მწყემსს უანდერძა, რომ სამლოცველო ღია ყოფილიყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე (15 აგვისტო) და ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს. მწყემსმა აღთქმა დადო, რომ ანდერძს შეასრულებდა. ამის შემდეგ მოხდა სასწაული: ბერი ზღვაში ჩავიდა, წყალზე თავისი სამოსელი გაშალა, რომელიც ნავად იქცა და ასე გაუჩინარდა ათონის მიმართულებით.
„უჭკნობი ვარდის“ სიმბოლოები
ხატი „ამარანტის ვარდი“, იგივე უჭკნობი ვარდი სიმბოლურად განასახიერებს ღვთისმშობლის მარადიულ ქალწულებას. როგორც ეს ყვავილი არასოდეს ჭკნება, ისე მისი მადლია უცვლელი. ხატის მუქი, ასკეტური ფერები მიანიშნებს მის სიძველესა და იმ ბერების სულიერ სიმტკიცეზე, რომლებმაც აქ ლოცვა აღავლინეს.

მას შემდეგ კაკავოსის მთაზე ბერები აღარ გამოჩენილან, თუმცა ტრადიცია არ მომკვდარა. ყოველწლიურად, აღდგომის შემდეგ პირველ სამშაბათს, მუმცისების შთამომავლები სათუთად დაცულ ხატს თავის პირველყოფილ სავანეში მიაბრძანებენ. ამბობენ, რომ როდესაც ხატი ტაძარში ბრუნდება, ირგვლივ განსაკუთრებული კეთილსურნელება იფრქვევა.
ხალხში მრავალი ამბავი არსებობს ამ ადგილის მადლზე. მორწმუნეები ჰყვებიან „პანაგიას ცრემლების“ სამკურნალო ძალაზე - წყალი განსაკუთრებით თვალის სნეულებებს კურნავს. ასევე, ცნობილია, რომ ხატი შეეწევა უშვილო წყვილებს, რომლებიც რწმენით ადიან ციცაბო ბილიკზე.
ადგილობრივებს სჯერათ, რომ სანამ „ამარანტის ვარდი“ კუნძულზეა და მუმცისების ოჯახი მას უფრთხილდება, ლემნოსი დაცულია. ასევე ამბობენ, რომ თუ ადამიანს გულში მძიმე ცოდვა ან ბოროტი განზრახვა აქვს, მას ხატთან მიახლოება უჭირს, ან ხატი მისთვის უჩვეულოდ „მძიმე“ ხდება.
დღეს პანაგია კაკავიოტისა მომლოცველებისა და ტურისტების საყვარელი ადგილია. სამლოცველომდე მიმავალი 45-წუთიანი საფეხმავლო ბილიკი, რომელიც ველურ ბუნებასა და მრავალსაუკუნოვან კლდეებს შორის მიიკლაკნება, მნახველს სამყაროს ხმაურისგან თიშავს და იმ სულიერ სიმშვიდეს აგრძნობინებს, რომელშიც საუკუნეების წინ ბერები ცხოვრობდნენ.
შორენა მერკვილაძე
(სპეციალურად საიტისთვის)