რუსთაველის გამზირი: "კაგებეს" საცდელი პოლიგონი?! - საიდუმლო ნივთიერება, რომლითაც ქართველები დაწამლეს - კვირის პალიტრა

რუსთაველის გამზირი: "კაგებეს" საცდელი პოლიგონი?! - საიდუმლო ნივთიერება, რომლითაც ქართველები დაწამლეს

ხვალ, 25 თებერვალს, სრულდება 105 წელი მას შემდეგ, რაც „წითელი რუსეთის“ არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი თბილისი დაიკავა და ქვეყნის ოკუპაცია-ანექსია დაიწყო. ამის შემდეგ სამოცდაათი წელი გრძელდებოდა საბჭოთა/რუსეთის იმპერიის ბატონობა და თითქოს 1991 წლის შემდეგ მაინც უნდა მიეღოთ თავისუფლება და რეალური დამოუკიდებლობა „თეთრი და წითელი“ რუსეთის მიერ დაპყრობილ ქვეყნებს, თუმცა „მუდამ ფხიზელი“ ელცინის შეკოწიწებული ახალი იმპერია (ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) შემდეგ „ჩეკისტმა“ პუტინმა გააძლიერა და დღესაც მის მარწუხებში არიან ყოფილი კოლონია/რესპუბლიკები.

საბჭოთა კავშირი რომ იმპერია და „ხალხთა საპყრობილე“ იყო, ეს ყველამ კარგად იცოდა, ბალტიის ზღვიდან კასპიის ზღვამდე, თუმცა ამის შესახებ ღია და საჯარო განცხადებები მხოლოდ საქართველოდან ისმოდა. 1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეების მესანგრის ხელბარებით დაუნდობელი ჩეხვა და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენება საბჭოთა პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ მიტინგზე, ვითომდა, ექსტრემისტული მოწოდებებითა და „სახელმწიფო სტრატეგიული შენობა-ნაგებობების“ ხელში ჩაგდების აღკვეთის აუცილებლობით გაამართლა. ყველამ კარგად ვიცით, რომ მაშინ არანაირი „სახელმწიფო გადატრიალება“ არ მზადდებოდა, ხოლო რაც შეეხება გამომსვლელების „ექსტრემისტულ მოწოდებებს“: გამოტანილ პლაკატებსა და ბანერებზე არსებული წარწერები („ძირს კომუნისტური რეჟიმი“; „საქართველო დამოუკიდებლობას ითხოვს“; „სსრ კავშირი ხალხთა საპყრობილეა”, „ძირს საბჭოთა ხელისუფლება!“ და სხვ.) სწორედ რომ „პერესტროიკისა“ და „გლასნოსტის“ შედეგი და დემოკრატიის „პირველი ყლორტები“ იყო. საბჭოთა კავშირის

picture3-1771917651.jpg

ფოტოზე თავად ხედავთ, თუ რა „ექსტრემისტული“ მოთხოვნები ჰქონდათ მომიტინგეებს.

მოქალაქეები საკუთარი აზრის საჯაროდ გამოხატვას სწავლობდნენ. თუმცა ეს საბჭოთა რეჟიმის არსებობისთვის უდიდესი საფრთხე გახლდათ, ამიტომ ტოტალიტარული მანქანა სრული ძალით ამოქმედდა, რათა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნებით გამოსული ქართველები სამაგალითოდ დაესაჯა.

მაშინ - საბჭოთა კავშირის, დღეს კი - რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ 9 აპრილს სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარებისა და საბჭოთა არმიის ძალების მიერ თბილისში ჩატარდა სპეციალური ოპერაცია, რომელიც მიმართული იყო საქართველოს სსრ მთავრობის სახლთან შეკრებილი ნაციონალისტ- ექსტრემისტების მიტინგის დასაშლელად.

ტრაგედიის შემდეგ ქართველმა ექიმებმა და მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მშვიდობიანი მიტინგის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოყენებული იყო უცნობი მომწამვლელი ნივთიერებები. ამას კატეგორიულად უარყოფდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამედიცინო სამსახური, ასევე, ამ ინფორმაციას უარყოფდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროც, რომელიც აცხადებდა, რომ მათ სამხედრო ნაწილებს ეს მომწამვლელი ნივთიერება შეიარაღებაში საერთოდ არ ჰქონდა. არ გაგიკვირდეთ და ეს მართლაც ასე იყო.

მხოლოდ 1989 წლის 14 აპრილს აღიარა სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქიმიური სამსახურის უფროსმა შინაგანი ჯარების პირადი შემადგენლობის მიერ „ჩერიომუხას” (CN) გამოყენების, ხოლო 3 მაისს - „სი-ესის“ (CS) გამოყენების ფაქტები. ორივე ქიმიური ნივთიერების გამოყენებას ღია სივრცეში არ უნდა გამოეწვია მასობრივი მოწამლვები.

სახალხო დეპუტატის, ანატოლი სობჩაკის თავმჯდომარეობით მოქმედი სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა საგამოძიებო კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ CN და CS ტოქსიკური ნივთიერებებია, რომლებიც იწვევენ ძლიერ ცრემლდენას, თვალებში მკვეთრ ტკივილს, ყელის წვის შეგრძნებას და კანის ბუშტუკებს. კომისიამ მათი გამოყენება „უდავოდ აღიარებულად“ შეაფასა, თუმცა არ გამორიცხა კიდევ სხვა მომწამლავი ნივთიერებების გამოყენება.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს გამოყენებული კიდევ სხვა მომწამლავი ქიმიური ნივთიერებების დადგენა მძაფრსიუჟეტიან დეტექტივს დაემსგავსა. 1989 წლის 7 მაისს თბილისში ჩამოვიდნენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები, რომელთა შორის იყო ცნობილი ნევროლოგ-ტოქსიკოლოგი, ქალაქ ბერნის უნივერსიტეტის პროფესორი მარკო მუმენტალერი, ასევე, ტოქსიკოლოგი, პროფესორი რუდოლფ პორტმანი და სხვები. თბილისის სხვადასხვა კლინიკასა და საავადმყოფოში ისინი დაწვრილებით გაეცნენ 9 აპრილს ქიმიური ნივთიერებებით მოწამლულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას. 12 მაისს მარკო მუმენტალერმა ძალზე საყურადღებო განცხადება გააკეთა: „მე არ შემიძლია დაგიმალოთ, რომ კლინიკური სურათის შესწავლისას შეგვხვდა მედიცინისთვის უცნობი ასპექტები, რადგან ეს ახალი დაავადება გახლავთო“. მ. მუმენტალერი მსოფლიო დონის მეცნიერი იყო, რომელიც სამხედრო კონფლიქტებსა და კრიზისულ ზონებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სხვადასხვა მისიაში მონაწილეობდა. მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ნევროლოგია დღესაც მისი სახელმძღვანელოებით ისწავლება. ამიტომ, მით უფრო დასაფიქრებელია გამოცდილი მეცნიერისა და პრაქტიკოსის ზემოთ მოყვანილი განცხადება.

მიუხედავად იმისა, რომ CN და CS საბრძოლო ქიმიური ნივთიერებებია, 9 აპრილს მხოლოდ მათი გამოყენება მედიცინისთვის მანამდე უცნობი დაავადების მაპროვოცირებელი ვერ იქნებოდა. ვფიქრობ, რომ „ბოროტების იმპერიის“ სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ერთმა ჯგუფმა

picture2-1771917651.jpg

პროფესორი მარკო მუმენტალერი (1925-2016)

თბილისში მშვიდობიან მომიტინგეებზე და ათეულობით მოშიმშილეზე ახალი ქიმიური იარაღის გამოცდა/ექსპერიმენტი ჩაატარა. სხვა არგუმენტებით ვერ აიხსნება პროფესორ მარკო მუმენტალერის და მისი კოლეგების განცვიფრება: CN -ისა და CS-ის გამოყენების შემდეგ დამდგარი კლინიკური სურათი მაშინ უკვე კარგად იყო ცნობილი მედიკოსებისთვის, ტრაგედიის დროს მოწამლულთა კლინიკური სურათი კი სულ სხვაგვარი იყო.

თბილისში მყოფმა ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა, პროფესორმა ბარი რუმექმა, რომელმაც შეისწავლა 9 აპრილს გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების ნიმუშები და მოწამლულთა კლინიკური სურათი, 1989 წლის 21 მაისს განაცხადა, რომ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ნიმუშებში ასევე აღმოჩნდა მხუთავი ნივთიერება ქლოროპიკრინიც. ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციით ქლოროპიკრინის გამოყენება არა თუ მშვიდობიანი დემონსტრაცია-მიტინგების დაშლის, არამედ - სამხედრო მოქმედებების დროსაც კი აკრძალულია. მიუხედავად ამისა, ამ მომწამლავ ნივთიერებას საბჭოთა არმია ავღანეთში ხშირად იყენებდა, მაგრამ ეს ფაქტები დღემდე გასაიდუმლოებულია.

1989 წლის 28 სექტემბერს გამოქვეყნდა „თამაზ შავგულიძის კომისიის“ ოფიციალური დასკვნა, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ 9 აპრილს, მიტინგის დაშლის დროს, საჯარისო ქვედანაყოფებმა გამოიყენეს: სხვადასხვა სახის „ჩერიომუხა“, უფრო ძლიერი მომწამვლელი ქიმიური ნივთიერება „სი-ესი“ და ქლოროპიკრინი. „დასკვნაში“ ასევე აღნიშნულია, რომ სწორედ აკრძალული ქიმიური საშუალებების ( „სი–ესი“ და ქლოროპიკრინი) გამოყენებას მოჰყვა განსაკუთრებით მძიმე შედეგი: 19 დაღუპული ადამიანიდან 12 სიკვდილი გამოწვეული იყო მხოლოდ გაგუდვით, რაც გამოიწვია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების შესუნთქვამ.

ასე რომ, 9 აპრილს გამოყენებული ერთ–ერთი უცნობი მომწამლავი ნივთიერება უდავოდ ქლოროპიკრინი იყო, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია მისი გამოყენების დეტალები.

არსებობს კიდევ ერთი საყურადღები გარემოება: ქლოროპიკრინი ქიმიური ნარევების მნიშვნელოვანი კომპონენტია და მას ხშირად იყენებენ სხვადასხვა სახის ახალი ტოქსიკური შენაერთების მიღების ექსპერიმენტების დროს. ჩემი აზრით 1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი მიტინგის დასაშლელ–დასარბევად ქლოროპიკრინის ან მისგან მიღებული ექსპერიმენტალური შენაერთების გამოყენება სრულიად საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო, ამიტომაც არც სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარს და არც საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილებს ამ ამოცანის შესრულება არ დაევალებოდათ. აქედან გამომდინარე, საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად აუცილებელი იყო ქლოროპიკრინის ან მისგან მიღებული ექსპერიმენტალური მომწამლავი შენაერთების გამოყენება საბჭოთა იმპერიის ყველაზე ერთგულ და ამ სახის ოპერაციებში ყველაზე გამოცდილ სამხედრო დანაყოფს შეესრულებინა. სწორედ ასეთი გახლდათ კა–გე–ბეს სპეციალური სადაზვერვო–დივერსიული ჯგუფი „ალფა“.

picture1-1771917650.jpg

ვლადიმერ კრუჩკოვი

9 აპრილის ტრაგედიის შესახებ არსებული მრავალი ოფიციალური დოკუმენტებისა და მემუარული ლიტერატური შესწავლა/ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ ამ, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებრივ სპეცოპერაციაში, ოფიციალურად არსად დასტურდება კა–გე–ბეს და მით უფრო „ალფას“ მონაწილეობა. იმ საბედისწერო დღეებში მათი მხოლოდ თბილისში ყოფნის ( და არა სპეცოპერაციაში მონაწილეობის) დამადასტურებელი მწირი ინფორმაციის მოძიება მოხერხდა. თბილისში მათი ჩამოსვლის შესახებ სამი დამოუკიდებელი წყაროდან ირკვევა. კერძოდ:

1. „ალფას“ მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციებს შორის ვკითხულობთ: „...1989 წლის აპრილში „ალფასა“ და „ვიმპელის“ ჯგუფებს დაევალათ სამთავრობო შენობების დაცვა, ქართველი ნაციონალისტების მასობრივი საპროტესტო აქციების დროს“;

2. საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილმა პირველმა მდივანმა, სახალხო დეპუტატმა ჯუმბერ პატიაშვილმა 1989 წლის 31 მაისს სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე განაცხადა: „7 აპრილს... რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე გუმბარიძემ შემატყობინა, რომ ესაუბრა ცენტრს და თბილისში ჩამოდის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ჯარების რაზმი“;

3. საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მაშინდელი თანამშრომლების პირადი საუბრებიდან.

ასევე დაგაინტერესებთ: "ეს სტალინისთვის! ეს ბერიასთვის!" - ქართველთა დასჯის ქრონიკა: რა საიდუმლო დოკუმენტები მოიპოვა "სობჩაკის კომისიამ"

პუტინის შხამიანი ბაყაყი: როგორ მოკლეს რუსეთის მთავარი ოპოზიციონერი - კრემლის ბინადრის სტალინური ფორმულა: "არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა"

უცნობი ამბები 9 აპრილის ტრაგედიაზე: საიდუმლო სპეცრაზმები თბილისში - როგორ მზადდებოდა პროტესტის სისხლში ჩახშობა

"თვითმფრინავის ბიჭებიდან" ალმა-ათის ტრაგედიამდე: საბჭოთა სპეცსამსახურების მზაკვრული ჩანაფიქრი და სპეცრაზმ "ალფას" საიდუმლო მისია"

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არც სამთავრობო შენობების დაცვა და არც მომიტინგების ფიზიკური დარბევა „ალფას“ ამოცანებში არ იყო. იმ პერიოდში საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში არსებობდა ქ. თბილისის საბჭოთა და პარტიული ორგანოების შენობათა დაცვის ობიექტების მილიციის განყოფილება და ამ საქმისთვის ყველაზე გასაიდუმლოებულ საბჭოთა სპეცრაზმს მოსკოვიდან არავინ ჩამოიყვანდა. ხოლო რაც შეეხება მომიტინგების ფიზიკურ დაშლა-დარბევას: ამისთვის თბილისში უკვე იმყოფებოდნენ თავდაცვის სამინისტროსა და სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო დანაყოფები. „ალფას“ კი განსაკუთრებული დავალება ჰქონდა. მკითხველს მინდა შევახსენო, რომ სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი „ალფა“ სპეციალური და განსაკუთრებული ამოცანების შესასრულებლად შეიქმნა. მათ შორის იყო, მაგალითად, თვითმფრინავში მყოფი მძევლების გათავისუფლება. „ალფას“ ვეტერანები დღესაც სიამაყით იხსენებენ, რომ მათი შეკვეთით კა-გე-ბეს სპეციალურ ლაბორატორიებში ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც განკუთვნილი იყო გამტაცებლების მწყობრიდან გამოსაყვანად. ესენი იყო: ცრემლსადენი, მხუთავი, ასევე - ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი ნივთიერებები. თვითმფრინვის სალონში ამ მომწამლავი ნივთიერებების შეშვების შემდეგ ზემოქმედების შესწავლა/ანალიზისთვის კი საჭირო იყო რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული ექსპერიმენტები. ასევე, აუცილებელი იყო ღია სივრცეში ახალი მომწამლავი ნივთიერებების მოქმედების გამოცდაც. ვფიქრობ, რომ სწორედ ამგვარ „საცდელ პოლიგონად“ აქციეს მშვიდობიანი მიტინგი კა-გე-ბეს თავმჯდომარემ ვლადიმერ კრუჩკოვმა და „ალფას“ მეთაურმა ვიქტორ კარპუხინმა.

სამწუხაროა, რომ ამგვარი ექსპერიმენტები შემდგომაც გრძელდებოდა. ამ ვერსიას ამყარებს 9 აპრილის მოვლენებიდან ცამეტი წლის შემდეგ, 2002 წლის 23 ოქტომბერს მოსკოვში თეატრალურ ცენტრში მომხდარი დიდი ტრაგედია, როდესაც „ალფამ“ მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს გაზის სახით გამოიყენა უცნობი ქიმიური ნივთიერება, რის შედეგადაც 130 მძევალი დაიღუპა. ამ ფაქტის შესახებ შემდეგ ვისაუბროთ.

(მეცხრე ნაწილის დასასრული)