ანიელების ოჯახის საქმე - FIAT-ი - კვირის პალიტრა

ანიელების ოჯახის საქმე - FIAT-ი

იტალიის სახალხო ავტომობილის ისტორია

კომპანია FIAT-ი იტალიის მონაპოვარია, ცნობილი და პატივსაცემი. მას სათავეში უდგას ანიელების ოჯახი. ”ფიატის” ისტორია იტალიის ისტორიაა - კომპანია თანამშრომლობდა ამერიკელებთან, ნაცისტებთან, კომუნისტებთან. ამბობენ, რომ ანიელების ოჯახს იტალიურ მაფიასთანაც ჰქონდათ კავშირები.

ჯოვანი ანიელი 1866 წლის 13 აგვისტოს დაიბადა ვილარ-პეროზაში, პიემონტის პატარა ქალაქში. მამა ხუთი წლისას გარდაეცვალა. ჯოვანი ინჟინრის პროფესიას დაეუფლა, ჯარშიც იმსახურა და 26 წლისა ვილარ-პეროზას მერი გახდა. ეს პოსტი მას სიცოცხლის ბოლომდე ეკავა, თუმცა იქ მუდმივად ყოფნას სულაც არ აპირებდა. როცა საუკუნის მიწურულს ხალხი ”თვითმოძრავ საზიდრებზე” ალაპარაკდა, ანიელი დაინტერესდა. იგი შეძრა ვილჰელმ მაიბახისა და გოტლიბ დაიმლერის მიღწევებმა. ჯოვანის სურდა, იტალიასაც ეწარმოებინა ტრანსპორტის ეს სახეობა.

მალე ანიელი ტურინში გადაბარგდა, სადაც გაიცნო ბევრი ადამიანი, ვინც მასავით შეპყრობილი იყო ავტომობილებით. მათი უმრავლესობა იტალიის არისტოკრატიას განეკუთვნებოდა. მათ ჰქონდათ ფული და საკუთარი საქმის წამოწყების სურვილი. 1899 წლის 11 ივლისს შეიქმნა კომპანია შოციეტა Anonima Fabbrica Iტალიანა Automobili Torino (ტურინის საავტომობილო ქარხნის სააქციო საზოგადოება), ანუ FIAT-ი, რომლის მმართველობის წევრი ჯოვანი ანიელი გახდა. თავისი წილისთვის მან $400 გადაიხადა.

კომპანია მთლად ცარიელ ადგილას არ ”ამოზრდილა”. მას საფუძვლად დაედო ჯოვანი ჩეირანოს ავტოსახელოსნო. ჩეირანო ცნობილი იყო, როგორც პირველი ავტომობილის შემქმნელი იტალიაში. FIAT-მა ჩეირანოსგან მთელი ბიზნესი 30 ათას ლირად გამოისყიდა, თუმცა თავდაპირველად კომპანიას არ შეეძლო მანქანის აგება მთლიანად საკუთარ ბაზაზე. კორპუსი და ძრავა საფრანგეთსა და გერმანიიდან მოსდიოდათ და ადგილზე აწყობდნენ.

”შანსიანი კაცი”

ანიელის ჰქონდა თვისება, ადვილად მოეპოვებინა ადამიანების კეთილგანწყობა. მან მალე შეაღწია იტალიის არისტოკრატიულ წრეებში და იქ ადგილიც დაიმკვიდრა. ბოლოს და ბოლოს, მერი გახლდათ, თუმც კი პატარა ქალაქისა.

1900 წელს გაიხსნა ”ფიატის” პირველი ქარხანა კორსო დანტეში. პირველ წელიწადს კომპანიამ 150 მუშა აიყვანა და 24 ავტომობილი გამოუშვა. უნდა ითქვას, რომ ”ფიატის” ქმნილებები დიდი ვერაფერი შვილი გახლდათ და ამერიკელ თუ ევროპელ კონკურენტებს საგრძნობლად ჩამორჩებოდა. ”ფიატის” პირველი მოდელის ძრავა 3,5 ცხენის ძალისა იყო. 12 წლის შემდეგ კი კომპანიამ გამოუშვა ცნობილი შ76, ოთხცილინდრიანი და 290 ცხენისძალიანი. ფირმა მაშინ უკვე იმდროინდელი ავტორბოლების ერთი-ერთი ძირითადი მონაწილე იყო.

რბოლებში პირველი გამარჯვება ”ფიატმა” 1902 წელს მოიპოვა. მოდელ 24 HP-ის საჭესთან ვინჩენცო ლიანჩა იჯდა, ზოგიერთ რბოლაში თვით ანიელიც მონაწილეობდა. 1902 წელსვე ჯოვანი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. იმ დღიდან საუკუნის შუა წლებამდე, კომპანიაში მთელი ძალაუფლება მის ხელთ იყო. ანიელი ხისტი დიქტატორი გახლდათ, თანაც თითქმის ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. მას არასოდეს შეუწყვეტია სწავლა. დირექტორის პოსტის დაკავებისთანავე აშშ-ში ”ფორდის” ქარხანა მოინახულა და იქ ბევრი საინტერესო რამ ნახა. ”ფიატში” ცვლილებები დაიწყო.

თავდაპირველად ”ფიატის” ავტომობილი საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო, მხოლოდ არისტოკრატთათვის ხელმისაწვდომი. მისი ნამდვილი სერიული წარმოება 1912 წლიდან დაიწყო და ფუფუნების საგნიდან გადაადგილების საშუალებად იქცა.

ფირმა ჯერ ევროპულ ბაზრებზე გავიდა, 1908 წელს კი აშშ-ში გახსნა წარმომადგენლობა. ”ფიატი” უკვე უშვებდა ავტობუსებს, გემის ძრავებს, სატვირთო მანქანებსა და ტრამვაებს. იმავე წელს კომპანიის საქმე სასამართლოში აღმოჩნდა, რაკი აქციების კურსის ასამაღლებლად ფინანსური ანგარიშებით მანიპულირებდა. ამ სკანდალის შემდეგ მმართველი საბჭო ბევრმა წევრმა დატოვა, ჯოვანი ანიელი კი გაამართლეს. 1910 წლისთვის ანიელიმ კომპანიის აქციების ნაწილ-ნაწილ შესყიდვა დაასრულა და მესაკუთრე შეიქნა. ”ფიატი” კი იტალიის უმსხვილეს ავტომწარმოებლად იქცა.

როცა ჰენრი ფორდი ერთგვაროვან, ერთი ფერის ავტომობილებს უშვებდა, ”ფიატმა” დიდი ყურადღება დაუთმო ყოველი მოდელის დიზაინს. 1916 წელს დაიწყო Laserati-ს ცნობილი ქარხნის მშენებლობა, რომელიც ექვს წელიწადს გაგრძელდა. ის ევროპაში უმსხვილესი ავტოქარხანა იყო, იტალიის ნამდვილი სიმბოლო.

პირველი მსოფლიო ომის დროს კომპანია იძულებული გახდა, სამხედრო საჭიროებისამებრ გარდაქმნილიყო. ომის შემდეგ პრობლემები იქმნებოდა იტალიელ კომუნისტებთან. ფირმა სიძნელეებს განიცდიდა. თუმცა ფაშისტების მოსვლამ მათი მდგომარეობა გამოასწორა. მუსოლინი ხელს უწყობდა ქვეყანაში ავტოწარმოების განვითარებას. სახელმწიფომ ჰოლდინგიც კი შექმნა, რომელშიც ”ფიატიც” შევიდა. ანიელი მჭიდროდ თანამშრომლობდა მთავრობასთან და სენატორიც გახდა.

სამთავრობო პროგრამის მიღწევა იყო ნამდვილი სახალხო ავტომობილი ”ტოპოლინო”. ის გაყიდვის ჰიტი გახდა და ელვის სისწრაფით დაიტაცეს ევროპაში. თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ანიელი ”ფიატის” მმართველობას ჩამოაშორეს. იგი 1945 წლის 16 დეკემბერს გარდაიცვალა. მოხდა კომპანიის ნაციონალიზაცია და რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ის სახელმწიფოს საკუთრებად რჩებოდა.

პაპის იმედი

საქმის შემდგომი წარმატებები ჯოვანი ანიელის შვილიშვილს - ჯანის უკავშირდება. რაც შეეხება ვაჟიშვილ ედუარდოს, მან მაშინ გაიბრწყინა, როცა 1923 წელს სათავეში ჩაუდგა ტურინის საფეხბურთო კლუბ ”იუვენტუსს” და წარმატებითაც ხელმძღვანელობდა, მაგრამ ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ჯანი პაპამ გაზარდა, ბავშვობიდან შეასწავლა ”ფიატისა” და ზოგადად საავტომობილო ბიზნესის საიდუმლოებანი. ჯანიმ ომის წლები ფრონტზე გაატარა. 24 წლისა ”იუვენტუსს” ჩაუდგა სათავეში, ათი წლის შემდეგ კი კლუბზე მისი ძმა ზრუნავდა, ხოლო თვით ჯანი დროსტარებასა და ლამაზმანებს ახმარდა დროს. მის მეგობარ ქალებს შორის ცნობილი მსახიობები და მომღერლები იყვნენ. ბიზნესს იგი 60-იან წლებში მიუბრუნდა, როცა დღის წესრიგში ”ფიატის” პრივატიზაციის საკითხი დადგა. უმცროსმა ანიელიმ გადაწყვიტა, ბაბუას საქმე აეღორძინებინა. ფულიც ჰქონდა. საავტომობილო გიგანტი ანიელების ოჯახს დაუბრუნდა.

60-იანი წლები ”ფიატისთვის” წინააღმდეგობრივი გამოდგა. ეკონომიკური ბუმის პირობებში ავტოწარმოება და შემოსავლები იზრდებოდა, თუმცა უზარმაზარი სამუშაო დრო ეწირებოდა მუშათა მასობრივ გაფიცვებს. მხოლოდ 1969 წელს გაფიცვამ 15 მილიონი სამუშაო საათი შეიწირა. ხელსაყრელი იყო 1966 წელს საბჭოთა კავშირთან დადებული ხელშეკრულება. ქალაქ ტოლიატიში ავტოქარხანა აიგო, რომელმაც გამოუშვა ”ფიატის” საბჭოთა ნაშიერი - ”ჟიგული”. მიუხედავად იმისა, რომ ტოლიატიში აწყობილი მანქანები იტალიურის ასლი იყო, ”ფიატთან” შედარებით მაინც უარესი გამოსდიოდათ.

70-80-იან წლებში გამუდმებულ გაფიცვებს ნავთობის კრიზისი დაერთო, თუმცა ხელისუფლება კეთილგანწყობით ეკიდებოდა ”ფიატს”. საზოგადოებას ესმოდა, რომ ანიელების ოჯახს (ისევე, როგორც ბერლუსკონის) კავშირი ჰქონდა მაფიასთან. მაგრამ ვერავინ იტყოდა, რამდენად ძლიერი იყო კომპანიაზე მათი გავლენა. ”ფიატი” იტალიის უმსხვილესი ავტომწარმოებელი და უდიდესი დამსაქმებელი გახლდათ.

მომდევნო წლიდან ”ფიატი” ჰოლდინგი გახდა. კომპანიამ შეიძინა წარმატებული ბრენდები Lancia, Abart-ი და Ferrar-ი. 1984 წელს ჰოლდინგს Alfa Romeo შეუერთდა, 1993 წელს კი ბრენდების ასორტიმენტი Maserati-თ შეივსო. 90-იანების დასაწყისში კომპანიის ბრუნვის 60%-ზე მეტი იტალიის გარეთ მანქანების გაყიდვაზე მოდიოდა. 2003 წელს ჯანი ანიელი გარდაიცვალა.

საჭირო კაცი საჭირო დროს

საუკუნეთა მიჯნაზე ”ფიატი” ნამდვილ კრიზისს განიცდიდა. პრობლემების გადაჭრას სახელმწიფოს დახმარებით ცდილობდნენ, თუმცა ცხადი იყო, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. ერთმანეთს ცვლიდნენ ანიელების შერჩეული ხელმძღვანელები. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ სერჯიო მარკიონე. მან განათლება კანადაში მიიღო, იქვე ხელმძღვანელობდა რამდენიმე ძლიერ ფირმას. ”ფიატში” ის 2004 წელს მივიდა. კომპანია თითქმის წაგებაზე მუშაობდა. მას აგრეთვე ხელშეკრულება ჰქონდა ამერიკულ ”ჯენერალ მოტორსთან”. GM-ს ”ფიატის” აქციების 20% უნდა მიეღო მისი 5%-ის სანაცვლოდ, უახლოეს წლებში კი მთლიანად უნდა ეყიდა. თუმცა ამერიკელებს პრობლემები შეექმნათ და გეგმები აერიათ. მარკიონემ გააუქმა ეს ხელშეკრულება და ამერიკულ გიგანტს სოლიდური კომპენსაციაც გამოართვა. ”ფიატში” მარკიონემ შეცვალა მმართველთა საბჭო; უარი თქვა მუშათა გათავისუფლებაზე, რითაც პროფკავშირის კეთილგანწყობა მოიპოვა; მოინახულა კომპანიის ყველა ქარხანა და პირადად გაერკვა მდგომარეობაში; გარიგება დადო ”ფორდთან”, იტალიელების მიერ პოლონეთში, თავიანთ ქარხნებში ამერიკულ მანქანის აწყობაზე. მარკიონემ ამოცანებს თავი წარმატებით გაართვა. ბაზარზე გამოვიდა რამდენიმე კარგი მოდელი, მათ შორის, ”ბრავო” და ”სკუდო”.

დღეს ავტოწარმოებაში ”ფიატ გრუპი” მუშაობს. 2000 უმსხვილესი საჯარო კომპანიის ”ფორბსის” წლევანდელი აპრილის რეიტინგში ის 314-ე ადგილზეა $7,79-მილიარდიანი კაპიტალიზაციით, 197 ათასი თანამშრომლითა და $77-მილიარდიანი წლიური გაყიდვით. დანარჩენი წარმოება (სატვირთოები, მათ შორის ”ივეკოს” ბრენდი, ტრაქტორები, მრავალგვარი მოწყობილობა) გაერთიანებულია 2010 წელს დაფუძნებულ ”ფიატ ინდასტრიალში”. იმავე რეიტინგში ის 387-ე ადგილზეა - $13,3-მილიარდიანი კაპიტალიზაციით, 63,6 ათასი თანამშრომლითა და $31,46-მილიარდიანი წლიური გაყიდვით.

მოამზადა ნატა ენუქიძემ