რა უნდა "წამოიღოს" ქართულმა არმიამ რუსეთ-უკრაინის ომიდან?!
დღეს, 2026 წლის 24 თებერვალს შესრულდა ოთხი წელი, რაც მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომი...
ჩვენი საქართველო, საბედნიეროდ, დისტანცირებულია ამ საშინელი ომისგან, თუმცა მიუხედავად ამისა, ქართველი საზოგადოების უმეტესი ნაწილი უკრაინელი ხალხის გულშემატკივარია, რადგან აგრესორი რუსეთი დღეს იმას აკეთებს უკრაინაში, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ უკვე გააკეთა 1921, 1992-92 და 2008 წლებში და, საქართველოსი არ იყოს, რუსეთს უკრაინის ტერიტორიის ასევე 20 % აქვს ოკუპირებული...
ყოველივე ამის გათვალიწინებით, უპრიანი იქნებოდა, საქართველოს თავდაცვით ძალებს, გენშტაბს, ასევე, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მოეხდინათ იმის ღრმა ანალიზი, რაც ოთხი წელია, ხდება რუსეთ-უკრაინის ომში, რამაც სრულიად შეცვალა მიდგომა თანამედროვე ომებთან...
იმედს ვიტოვებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ასეთი ღრმა ანალიზი მართლაც კეთდება ზემოხსენებულ სახელმწიფო სტრუქტურებში.
ჩვენი მხრიდან კი ვეცდებით ბლოგ „არსენალის“ ერთგულ მკითხველს რამდენიმე ნაწილად წარვუდგინოთ ჩვენებური ხედვა იმისა, თუ როგორ წარმატებულად შეიძლება გამოვიყენოთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის ის, მართლაც დიდი სისხლით მოპოვებული გამოცდილება, რაც რუსეთ-უკრაინის ამ საშინელი ოთხწლიანი ომის შედეგად დაგროვდა...
რუსეთის მხრიდან წამოწყებული სამხედრო აგრესია, რომელიც გათვლილი იყო ბლიცკრიგით უკრაინის სწრაფ, რამდენიმე კვირაში დამარცხებაზე, სინამდვილეში გადაიზარდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ყველაზე ფართომასშტაბიან და ხანგრძლივ საბრძოლო მოქმედებებში, რომლებიც მიმდინარეობს ხმელეთზე, ჰაერში, ზღვაზე (არის ფაქტები საბრძოლო მიზნებისთვის მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოყენების, ასევე, რუსული წყალქვეშა ნავებიდან წყალქვეშა მდგომარეობაში ფრთოსანი რაკეტების გაშვების).
თითქმის 2-ათას კმ სიგრძის ფრონტის ხაზზე ყოველდღიურად მიმდინარე ფართომასშტაბიანმა საბრძოლო მოქმედებებმა ბევრი ახალი ნიუანსი გამოავლინა ორივე მებრძოლი მხარიდან, როგორც საბრძოლო ტაქტიკის, ისე - სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასთვის“ შესაძლოა, საინტერესო გახდეს რუსეთ-უკრაინის ომში გამოვლენილი ახალი სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად ესადაგება „დელტას“ დღევანდელ საკონსტრუქტორო-საწარმოო საქმიანობას.
ჯავშანმანქანების დაცვა რკინის ცხაურებით

4X4 ფორმულის ბორბლებიანი ჯავშანმანქანები, რომლებიც შეესაბამებიან „დელტას“ „დიდგორებს“, აქტიურად გამოიყენება რუსეთ-უკრაინის ომში, ორივე მხრიდან.
ასეთი ჯავშანმანქანების საბრძოლო გამოყენების ეფექტიანობა მთლიანად დამოკიდებულია საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკაზე, რადგან საბრძოლო მანევრირებისას-სწრაფი სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციების ჩატარებისას მათი საბრძოლო ეფექტიანობა შედარებით მაღალია, თუმცა მნიშვნელოვნად იკლებს, როდესაც ბრძოლები პოზიციურ ხასიათს იღებს.
ეს კი დამოკიდებულია ამ კლასის ჯავშანმანქანების დაცვის დონეზე, რომელიც გათვლილია მხოლოდ მცირე კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისა და პატარა ნამსხვრევების შეჩერებაზე, მაგრამ წინ ვერ აღუდგება მსხვილკალიბრიან ჯავშანგამტარ ტყვიებს, მცირეკალიბრიანი ავტომატური ქვემეხების ჭურვებს, უმართავ და მართვად ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციურქობინიან რაკეტებს.
როგორც ეს ომი აჩვენებს, ამ ტიპის ჯავშანმანქანებზე დინამიკური დაცვის ელემენტების (ისეთივე, როგორიც ტანკების კორპუსზე მაგრდება) დაყენება არალოგიკურია, რადგან მისი ამოქმედების შედეგად უკუცემის ძალა ანგრევს თავად ჯავშანმანქანის კორპუსს.
აქტიური თავდაცვის სისტემის (რადიოლოკატორითა და ანტირაკეტებით) დამონტაჟება კი ძალზე ძვირი სიამოვნებაა და ამასთან - სახიფათოა იმ ქვეითებისთვის, ვინც ჯავშანმანქანის სიახლოვეს აღმოჩნდებიან.
„ეფექტიანობა-ღირებულების“ კრიტერიუმით, ერთადერთი მისაღები ვარიანტი, რომელიც მეტ-ნაკლებად გააძლიერებდა „დიდგორის“ კლასის ჯავშანმანქანების დაცვას, რკინის დამცავი ცხაურების დამონტაჟებაა.
უკრაინის ფრონტზე ორივე მებრძოლი მხარის ჯავშანტექნიკა, მათ შორის - ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჯავშანმანქანები და თვით სატვირთო ავტომობილებიც კი, აღჭურვილია სწორედ ასეთი რკინის დამცავი ცხაურებით (სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, უკრაინელებმა აშშ-იდან მიღებული „აბრამსის“ ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკები თავიდანვე არ აღჭურვეს ასეთი დამცავი ცხაურებით, რის გამოც ორ ათეულამდე „აბრამსი“ მალევე დაკარგეს).
რკინის დამცავი ცხაური ჯავშანმანქანას ჯავშანგამტანი ტყვიების, ჭურვებისა და ნამსხვრევების მოხვედრისგან ვერ დაიცავს, სამაგიეროდ, შეიძლება შეამციროს ან საერთოდ გაანეიტრალოს ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციურქობინიანი რაკეტებისა და FPV (First Person View) კამიკაძე-დრონებისაგნ წამოსული საფრთხე.

რკინის დამცავი ცხაურის კონსტრუქცია და ჯავშანმანქანაზე დამონტაჟების სქემა სპეციალურ გათვლას მოითხოვს, ისე, რომ ცხაურს მოხვედრილი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის კუმულაციური ქობინის ნაადრევი დეტონაცია განხორციელდეს და ამ დროს წარმოქმნილმა მიმართული მოქმედების კუმულაციურმა ჭავლმა ჯავშანმანქანის კორპუსამდე მიღწევისას დაკარგოს მეტწილი ენერგია (ამიტომაც ცხაური არანაკლებ 50 სმ-ის დაშორებით მაინც უნდა ეყენოს ჯავშანმანქანის კორპუსიდან). რაკეტის ცხაურებს შორის გაჭედვის შემთხვევაში არ ხდება მისი ქობინის ინიცირება, მაგრამ სამაგიეროდ, რაკეტის მსუბუქი, ალუმინის კორპუსი დეფორმირდება და საფრთხის თავიდან აცილება ხდება.
ეს ყველაფერი ასევე აქტუალურია FPV-დრონების გამოყენებისას, რომლებმაც ჯავშანმანქანას შეიძლება ყველა მხრიდან, მათ შორის - ზემოდანაც შეუტიონ.
ამიტომაც რკინის დამცავი ცხაურების, რომლებიც კუმულაციური ქობინებისგან შეძლებდნენ ჯავშანმანქანის ყველა მხრიდან დაცვას, კონსტრუირება და სერიული წარმოების აწყობა, არც თუ ისე მარტივი საქმეა, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს, რადგან ზუსტად გასათვლელია დამცავი ცხაურის მასალის გამძლეობა, ზომების დაცვა ცხაურებს შორის, მისი ისე დამონტაჟების სქემა, რომ ხელი არ შეუშალოს ჯავშანმანქანიდან ცეცხლის წარმოებას და ეკიპაჟის დესანტირებას და ა.შ.
გამომდინარე იქიდან, რომ შედარებით იაფფასიანი FPV -დრონები უკვე გამოჩნდა თვით ყველაზე ღარიბი სამხედრო დაჯგუფებების, მათ შორის - სეპარატისტული შეიარაღებული ფორმირებების არსენალში, უპრიანი იქნებოდა ასეთი რკინის დამცავი ცხაურების კონსტრუქციების შემუშავება და დაყენება „დიდგორის“ იმ სხვადასხვა მოდიფიკაციებზე, რომლებიც გადაცემულია საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის.
თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ „ფორდის“ პიკაპის ძარა, რომელზეც არის აგებული შეჯავშნული „დიდგორი“, უკვე ისედაც გადატვირთულია და დამატებითი რკინის ცხაურების დამონტაჟება ახალ პრობლემებს წარმოქმნიდა, თუმცა გამოსავლის მოძებნა მაინცაა შესაძლებელი...
ასევე დაგაინტერესებთ: "არ დაიდარდო" ტრამპისა და აიათოლას შესრულებით - ამხელა არმია მივაყენე ირანს და თავს რატომ არ მიხრიან?
30 მ-იანი ნაპრალი რუსული სარაკეტო ქარხნის სახურავზე - აი, რა შესძლებია უკრაინულ „ფლამინგოს“...
ნატო რუსეთის მიერ "ოკუპირებული" ესტონეთის "გასათავისუფლებლად" იწყებს მზადებას?
ასევე, მიზანშეწონილი იქნებოდა განსხვავებული კონსტრუქციის რკინის დამცავი ცხაურების დამზადება საქართველოს თავდაცვის ძალების სხვა ჯავშანტექნიკისთვისაც -ტანკებისთვის, ქვეითთა საბრძოლო მანქანებისთვის, ჯავშანტრანსპორტიორებისთვის, ჯავშანმანქანებისთვის და სატვირთო ავტომობილებისთვისაც კი.

რკინის დამცავი ცხაურების კონსტრუქცია იხსნება და ის ტექნიკაზე სწრაფად ყენდება, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონაში შესვლის წინ.

ეს „დელტას“ მისცემდა რკინის დამცავი ცხაურების საკონსტრუქტორო მუშაობის და ასევე, მისი საველე პირობებში ექსპლუატაციის დიდ გამოცდილებას, რაც მომავალში გახსნიდა გზას შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე ამ მიმართულებით საინტერესო შეთავაზებების გასაკეთებლად.
(პირველი ნაწილის დასასრული)