ყველაფერი „იმედისა“ და PosTV-ს სანქციებზე - აქტივების გაყინვა, ფინანსური მომსახურების აკრძალვა, დირექტორების დისკვალიფიკაცია
დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და Postv-ს სანქციები დაუწესა.
დაწესებული სანქციები მოიცავს:
აქტივების გაყინვას - მთავრობების, სასამართლოების ან მარეგულირებელი ორგანოების მიერ დაწესებული იურიდიული, დროებითი შეზღუდვა, რომელიც ხელს უშლის ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებს ან ერებს გაყიდონ, გადაადგილონ ან მიიღონ წვდომა მათ აქტივებზე, როგორიცაა საბანკო ანგარიშები, ქონება ან ფასიანი ქაღალდები;
აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვას - გამორიცხავს ბრიტანეთთან დაკავშირებით კომპანიის წილების გადაცემას და ქონების ამ გზით მართვას;
კომპანიების დირექტორების დისკვალიფიკაციას - - კრძალავს ბრიტანეთის მოქალაქის ჩართვას კომპანიის მართვაში. სანქციების ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ სახელმწიფო მდივნის გონივრული ეჭვის საფუძველზე, ორივე ტელეკომპანია, „იმედი“ და Postv-ი მის აუდიტორიაში განზრახ ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ.
„ეს მხარს უჭერს იმ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც უკრაინის დესტაბილიზაციას ხელს უწყობს ან ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას. კერძოდ, რეგულარულად ავრცელებენ "კონტენტს", რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ, უკრაინა და დასავლეთი საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობენ“, - ნათქვამია სანქციების დოკუმენტში.
შეგახსენებთ, თებერვლის დასაწყისში „იმედის“ უკვე ყოფილმა მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ არხის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.
„პარტნიორებთან დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება” - დაწერა მან სოციალურ ქსელში და იმედი „პრაიმ მედია გლობალზე“ გაასხვისა. ამ უკანასკნელი კომპანიის მესაკუთრე ილია მიქელაიშვილია. კონკურენციის სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ გარიგების ფასი სიმბოლურ 1000 ლარს შეადგენდა.