"არავის ეგონა, თუ ბავშვი გადარჩებოდა... გაკეთდა უნიკალური ოპერაცია" - რა დეტალები ხდება ცნობილი ჩვილის მდგომარეობაზე, რომელიც დედამ მოსაკლავდ გაიმეტა - კვირის პალიტრა

"არავის ეგონა, თუ ბავშვი გადარჩებოდა... გაკეთდა უნიკალური ოპერაცია" - რა დეტალები ხდება ცნობილი ჩვილის მდგომარეობაზე, რომელიც დედამ მოსაკლავდ გაიმეტა

სამართალდამცავებმა დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს ქალი, რომელსაც ბრალი საკუთარი ახალშობილის მკვლელობის მცდელობა ედება. შემზარავი ფაქტი, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა, ბათუმში, 22 თებერვალს მოხდა.

კლინიკა “მედინაში” სანიტარმა გამთენიას საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგ ახალშობილს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ამ დრომდე მძიმეა ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც რამდენიმე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ის ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია.

“საპირფარეშოში უმშობიარია.... ბავშვს ყელი აქვს გამოღადრული. არ გამოვიდა საპირფარეშოდან ბავშვსაც და ქალსაც უამრავი სისხლი ჰქონდა დაკარგული, მერე ერთი ამბავი ატყდა... ბავშვი არის ცოცხალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა”, - ამბობდნენ კლინიკაში პირველ დღეს.

როგორც კლინიკა “მედინას” დირექტორი ჯუმბერ უნგიაძე აცხადებს, ახალშობილს ოპერაციები ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. "არავის ეგონა, თუ ბავშვი გადარჩებოდა... გაკეთდა უნიკალური ოპერაცია. ოდნავ გაუმჯობესება გვაქვს, დღეს დილითაც დასრულდა მეორე ოპერაცია რეკონსტრუქციული, ცოტა გაუმჯობესება გვაქვს. საკმაოდ ძლიერი იყო ინფექციის განვითარება. უკეთესობა არის, ჯერ-ჯერობით მძიმედ მაინც ფასდება მდგომარეობა, თუმცა იმედის ნაპერწკალი ჩაგვესახა. შანსები ახლა უფრო გვაქვს... ალბათ ბავშვს დასჭირდება შემდეგ პლასტიკური ოპერაციებიც. დედა დღეს გაეწერა კლინიკიდან, ის წაიყვანეს სამართალდამცავებმა” - ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი ჯუმბერ უნგიაძე.

როგორც ცნობილი ხდება, ბათუმის სასამართლომაც უკვე იმსჯელა დაკავებული ქალისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე და მას პატიმრობა უკვე შეუფარდა. პროცესზე არ ყოფილა თავად ბრალდებული ქალი, ის ამ დროს კლინიკაში იმყოფებოდა და ამიტომ წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. საქართველოს პროკურატურამ უკვე გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია და დაადასტურა, რომ სასამართლო უკვე ჩატარდა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2026 წლის 22 თებერვალს, ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის საპირფარეშოში, ამავე კლინიკის სანიტარმა იმშობიარა, რის შემდეგაც მოკვლის განზრახვით, ახალშობილს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და სამედიცინო ნარჩენების პოლიეთილენის პარკში მოათავსა. ახალშობილი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,- წერია პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში.

როგორც ირკვევა, ჩვილის დედა, ბრალდებული ქალი ამ კლინიკაში რეანიმაციის განყოფილებაში სანიტრად მუშაობდა. მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. კლინიკაში იმასაც ამბობენ, რომ ქალი ორსულობას მალავდა. ამიტომ აქვთ ეჭვი, რომ ეს დანაშაული მას წინასწარ განზრახული ჰქონდა. რას ამბობს მომხდარზე თავად ბრალდებული ქალი, ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ პროკურატურა დანიშნავს ექსპერტიზასაც, რათა გაირკვეს ქალის ფსიქიკური მდგომარეობა. ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 21 აპრილს ჩაინიშნა.

თეა ხურცილავა

(სპეციალურად საიტისთვის)