დრონები, დრონები...დრონები ჩქარა! - რა სჭირდება ყველაზე მეტად ქართულ არმიას - კვირის პალიტრა

დრონები, დრონები... დრონები ჩქარა! - რა სჭირდება ყველაზე მეტად ქართულ არმიას?

დრონები, დრონები... დრონები ჩქარა!

დიდებული ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის ცნობილი ლექსის „დროშები, დროშები... დროშები ჩქარა!“ პერიფრაზირებით დავიწყებთ ამ ბლოგის გუშინდელი თემის - „რა უნდა "წამოიღოს" ქართულმა არმიამ რუსეთ-უკრაინის ომიდან?!“ გაგრძელებას, რომლის მეორე ნაწილში დრონების თემას შევეხებით.

დრონები ანუ უპილოტო, დისტანციურად მართვადი საფრენი, სახმელეთო თუ საზღვაო აპარატების პირველი საცდელი ნიმუშები, რამდენადაც ეს წარმოუდგენლად უნდა ჩანდეს, ჯერ კიდევ გასული საუკუნეების ომებში გამოჩნდნენ - 1849 წლის 12 ივლისს ავსტრიელებმა ალყაშემორტყმული ვენეციისკენ ორი უეკიპაჟო აეროსტატი გაუშვეს, რომლებზე დამონტაჟებულმა სპეციალურმა მექანიკურმა მოწყობილობამაც შრაპნელიანი ბომბები ჩამოყარა ვენეციის თავზე...

პირველ და განსაკუთრებით კი - მეორე მსოფლიო ომში უკვე ინტენსიურად იყენებდნენ ბომბებით დატვირთულ და რადიომართვად თვითმფრინავებს, მოწინააღმდეგის პოზიციების დასაბომბად თუ სამხედრო ხომალდების ჩასაძირად. გერმანელებმა სადენით მართული მუხლუხებიანი დანაღმული „მინი-ტანკებიც“ კი გაუშვეს იერიშებზე...

მაგრამ განსაკუთრებული გავრცელება სადაზვერვო და კამიკაძე-დრონებმა ჯერ 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომში ნახეს, როდესაც აზერბაიჯანულმა არმიამ ისრაელის წარმოების „ჰაროპებით“ დიდი საბრძოლო უპირატესობა მოიპოვა, ხოლო რუსეთ-უკრაინის ოთხწლიანმა ომმა კი ყველა სახის დრონის საბრძოლო გამოყენება ზენიტში აიყვანა და საერთოდ შეცვალა წარმოდგენა თანამედროვე ომებზე...

ამის ფონზე, ძალზე აქტუალური ხდება ქართული არმიის აღჭურვა სადაზვერვო და კამიკაძე-დრონების სხვადასხვა კლასისა და ტიპის დრონებით, რომელთა რაოდენობა საკმარისი არასოდეს იქნება, რადგან დრონი ომის დროს ის სახარჯი საშუალებაა, რომელიც შენი ჯარისკაცების სიცოცხლეს გიზოგავს, რადგან საშიში დავალების შესასრულებლად მათ მაგივრად სწორედ დრონს აგზავნი და მისი დაკარგვის შემთხვევაში, დიდადაც არ განიცდი, რადგან ბრძოლის ველიდან არც დაჭრილ ჯარისკაცის გამოყვანასა და მის შემდგომ მკურნალობაზე იტკიებ თავს და არც დაღუპული ჯარისკაცის გლოვა გიწევს.

რა მდგომარეობაა საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა დანიშნულების დრონებით აღჭურვის საქმეში?

FPV და ცრუ სამიზნე-დრონები

picture2-1772011382.png

სამი წლის წინ ამოქმედდა ქართულ-პოლონური ერთობლივი საწარმო „დელტა-ვებე“, სადაც იწყობა თვითმფრინავის კონსტრუქციის სადაზვერვო FlyEye და WARMATE-ის კამიკაძე-დრონები, რომლებსაც რუსეთ-უკრაინის ომში საკმაოდ წარმატებით იყენებს უკრაინული მხარე.

თუმცა უპრიანი იქნებოდა, თუკი ეს ერთობლივი საწარმო კვადროკოპტერის კონსტრუქციის, შედარებით დაბალფასიანი FPV-დრონების სერიულ წარმოებასაც დაიწყებდა.

რუსეთ-უკრაინის ომმა აჩვენა, რომ FPV-დრონების დანაკარგები საბრძოლო მოქმედებების დროს ძალიან მაღალია (ეფექტურ ვიდეოკადრებში FPV-დრონები ტანკებსაც პირველივე დარტყმით ადვილად აფეთქებენ, თუმცა რეალობაში ყოველი ათი კამიკაძე-დრონიდან წარმატებას მხოლოდ ორი-სამი თუ აღწევს), ამიტომაც სხვადასხვა რადიოსიხშირეებზე, ასევე, ოპტიკურბოჭკოვანი სადენით მომუშავე FPV-დრონების დიდი მარაგის დაგროვება სჭირდება საქართველოს თავდაცვის ძალებს, სპეციალური დანაყოფების შექმნის ჩათვლით, რომლებსაც ოპერატიულად შეეძლებათ იმ მიმართულებაზე ამოქმედება, საიდანაც მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის შემოჭრის დიდი საფრთხე წარმოიშვება.

ისე კი, კარგი იქნებოდა, თუკი საქართველოს თავდაცვის ძალებში არათუ ბრიგადის, ბატალიონისა და ასეულის, არამედ - ოცეულის დონეზეც შეიქმნებოდა FPV-დრონების ოპერატორების ორკაციანი საშტატო ერთეული, რომლებსაც თავიანთი დანაყოფის დონეზე, ახლომანძილზე სადაზვერვო და FPV-დრონების ოპერატიულად გამოყენება შეეძლებოდათ.

რუსეთ-უკრაინის გახანგრძლივებული ომის გამოცდილებამ ორივე მხარე მიიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ თავიანთი თავდაცვის სტრუქტურებში შექმნეს ჯარების ახალი გვარეობა -უპილოტო სისტემების ძალები, რამაც უფრო მაღლა აწია, აიყვანა დრონების ტაქტიკურ და ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე საბრძოლო გამოყენების ინტენსიურობა და შესაბამისი საბრძოლო ეფექტიანობის მიღებაც.

ასევე დაგაინტერესებთ: "არ დაიდარდო" ტრამპისა და აიათოლას შესრულებით - ამხელა არმია მივაყენე ირანს და თავს რატომ არ მიხრიან?

30 მ-იანი ნაპრალი რუსული სარაკეტო ქარხნის სახურავზე - აი, რა შესძლებია უკრაინულ „ფლამინგოს“...

ნატო რუსეთის მიერ "ოკუპირებული" ესტონეთის "გასათავისუფლებლად" იწყებს მზადებას?

უკრაინელებმა ამერიკელებს ნახევარსაუკუნოვანი ოცნება აუსრულეს და მთავარ რუსულ სარაკეტო ქარხანას დაარტყეს...

მაგრამ არის დრონების კიდევ ერთი კატეგორია, რომელთა კონსტრუირება და სერიული წარმოების დაწყება არავითარ ტექნიკურ პრობლემას არ წარმოადგენს თავად „დელტასთვისაც“, რომელიც საჭირო მომენტში ძალზე წაადგებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და ამასთან, კომერციულად ძალიან მომგებიანიც შეიძლება გახდეს...

ლაპარაკია ცრუ სამიზნე-დრონებზე ანუ იმ უპილოტო საფრენ აპარატებზე, რომლებიც არც ძვირად ღირებული სადაზვერვო ოპტიკურ-ელექტრონული აპარატურით არიან აღჭურვილნი და არც საბრძოლო ქობინი გადააქვთ FPV-დრონებისმაგვარად, ისინი უბრალოდ დაფრინავენ და ახდენენ მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის საშუალებების გადატვირთვას...

picture1-1772011382.png

ცრუ სამიზნე-დრონები აქტიურად გამოიყენება რუსეთ-უკრაინის ომში, რადგან მოწინააღმდეგის რადიოლოკატორების მონიტორებზე მათი განსხვავება კამიკაძე-დრონებისგან შეუძლებელია, შესაბამისად, ისინიც მოითხოვენ სასწრაფოდ ჩამოგდებას - სიტყვაზე, ათასდოლარიან ცრუ სამიზნე-დრონზე მოწინააღმდეგის მეზენიტეები ხარჯავენ ასი ათას ან კიდევ უფრო ძვირად ღირებულ საზენიტო რაკეტებს...

ასეთი ცრუ სამიზნე-დრონების თვითღირებულება მინიმალურია, რადგან არ გადააქვთ სასარგებლო ტვირთი (სადაზვერვო აპარატურა ან საბრძოლო ქობინი) და მათი კორპუსის დამზადება ხდება ყველაზე იაფფასიანი პლასტმასის ნაწილებისგან (მათ შორის პლასტმასის წყლის მილებისგანაც), ერთადერთ ღირებულს ძრავა (შიდაწვის ან ელექტრო) და ინერციული მართვის ხელსაწყო წარმოადგენს.

ასეთი იაფფასიანი ერთჯერადი ცრუ სამიზნე-დრონების წარმატებით გამოყენება შეიძლება საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების სავარჯიშოდ - საშტატო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან - ავტომატური კარაბინებიდან და ტყვიამფრქვევებიდან დრონების მოგერიების ტაქტიკის დასახვეწადაც.

(მეორე ნაწილის დასასრული)