“ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ: ერთხელ მაინც კაცურად მოიქცნენ და ევროკავშირიდან საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი გამოიწვიონ" - თაზო დათუნაშვილი
“ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ: ერთხელ მაინც კაცურად მოიქცნენ და ევროკავშირიდან საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი გამოიწვიონ! – პირდაპირ თქვან, რომ უნდათ ევროკავშირიდან საქართველოს კანდიდატობა გამოიწვიონ და ამას ქართველმა ხალხმა უპასუხოს! – თუ ევროკავშირი ასე გეზიზღება, მას დამპალ ბიუროკრატიას ეძახი, ამბობ, რომ ევროკავშირი ჩამოიქცა, დაინგრა და აღარ არსებობს, ჩადი ბრიუსელში და ევროკავშირიდან საქართველოს კანდიდატურა გამოიტანე! - ეს განცხადება “პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, “ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა გააკეთა.
როგორც დათუნაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, “ქართული ოცნების“ მხრიდან პარტნიორებთან ურთიერთობაში ყველა ზღვარი გადალახულია. მისი თქმით, საქართველო უკვე არის ქვეყანა, რომელშიც დაკანონებულია ავტოკრატიული, ადამიანის ღირსების შემლახავი კანონები მოქმედებს და არაფერია ახალი იმაში, რაც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში განსახილველად წარდგენილ ანგარიშში წერია.
დათუნაშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული კომპანიის “იმედისა“ და “პოსტვ“-ის დასანქცირებაც შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში ბრიტანულ სანქციებს ყველაზე დიდი ფასი აქვს. მან აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა თავიდან ბოლომდე ბრიტანეთზეა მიბმული.
“ერთის მხრივ, დიდი კატასტროფაა, როცა დიდი ბრიტანეთის სანქციებში ქართული ტელეკომპანიები ჰყვებიან, რადგან ჩათვალეს რომ რუსული პროპაგანდის არხები არიან. ჰიბრიდულ ომში რუსეთის მხარეს ყოფნა იმას ნიშნავს, რომ ამ ომის მხარეს ხარ ანუ ტელეკომპანია “იმედი“ და “პოსტვ“ როგორც კლასიკური რუსული პროპაგანდის ორგანოები, ჰიბრიდული გზით საომარ მოქმედებებში რუსეთის სასარგებლოდ არიან ჩართული. უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების ნაწილი არიან ანუ არიან ცივილიზებული სამყაროს მტრები. ამ არხების ყველა თანამშრომელს ვეტყვი: - თქვენ ხართ არა მხოლოდ სამშობლოს მოღალატეები, არამედ ხართ ცივილიზებული სამყაროს მტრები და რუსეთის სასარგებლოდ სისხლში გასვრილი ხალხი!
საქართველოში ბრიტანულ სანქციებს ყველაზე დიდი ფასი აქვს. საქართველოს სამი მსხვილი ბანკი - “თიბისი“, “საქართველო ბანკი“ და “ლიბერთი ბანკი“ ოპერირებს. სამივე ბანკი პირდაპირ მიბმულია ბრიტანეთზე. აქედან ორი გატანილია ბირჟაზე, ხოლო “ლიბერთი ბანკის“ დამფუძნებლები ბრიტანული წარმომავლობის კომპანიები არიან, შესაბამისად, საქართველოს საფინანსო სისტემა თავიდან ბოლომდე მიბმულია ბრიტანეთზე. შესაბამისად, ეს სანქციები ყველაზე მძიმედ მოქმედებს. არ არსებობს სხვა სანქცია, რომელიც ისე მძიმედ მოქმედებს, როგორც ბრიტანული სანქცია.
ილუზია იმისა, რომ ეს ორი ტელევიზია ოპერირებას შეწყვეტს, არა მაქვს, რადგან ამ ტელევიზიებში ძალიან ბევრი ქეში ტრიალებს. ეს არის ქოლ-ცენტრების ბინძური საქმეების ქეში, ქოლ-ცენტრებიდან წამოსული შავი ფული. ამ ტელევიზიებში ხელფასებს ასე იღებენ. ამიტომ ილუზია იმისა, რომ მათ არსებობას პრობლემა შეექმნება არა მაქვს, რადგან მმართველობის რუსულ მოდელზე უკვე გადაწყობილი არიან. “პოსტვ“ იმ რაღაც რუსულ სერიალებს იყიდის და ეს საღორე ისევ გაგრძელდება, მაგრამ “იმედი“, რომელსაც დასავლური ლიცენზირებული გადაცემები აქვს, ამ გადაცემებს ვეღარ გაუშვებს, “იმედი“ კარგ სერიალებს, რომლითაც ის რეიტინგს იკავებს, ვეღარ იყიდის, თანხებს ოფიციალურად ვეღარ გადარიცხავს და “იმედის“ ყველა თანამშრომელს ძალიან დიდი დისკომფორტი ექნება - ანგარიში “ქართუშიც“ რომ გადაიტანონ, Visa და MasterCard მათ არ მოემსახურებათ. შესაბამისად, იქნება ერთი დიდი ქეშის ტრიალი. გარდა ამისა, გადახდის კუთხით პრობლები შეექმნებათ ისეთ კომპანიებთან, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში სატელევიზიო სფეროში სერვისის მომწოდებელია“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"