ბრძოლა თბილისისთვის ანუ საქართველო-რუსეთის პირველი ომი - შეეძლო თუ არა ქართულ ჯარს ბოლშეევიკური ურდოების დამარცხება?! - კვირის პალიტრა

ბრძოლა თბილისისთვის ანუ საქართველო-რუსეთის პირველი ომი - შეეძლო თუ არა ქართულ ჯარს ბოლშევიკური ურდოების დამარცხება?!

105 წელი რუსეთთან პირველი ომიდან...

1921 წლის 25 თებერვალი საქართველოს გასაბჭოების თარიღად ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მას დიდი ზარზეიმით აღგვანიშნინებდნენ ხოლმე საბჭოთა კავშირის პერიოდში, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს თარიღი ჩვენი ერის ტრაგედიის დღედ აღიქმება.

ის, თუ რა მოხდა რუსეთ-საქართველოს პირველი ომის დროს, ერთი საუკუნის წინ, დღეს ჩვენი თაობისთვის უკვე მეტ-ნაკლებად გასაგები ხდება, რადგან რუსეთთან 2008 წლის მეორე ომის უშუალო მონაწილე და თვითმხილველი იყო უმეტესი ჩვენგანი...

როგორც რუსეთის მეფის დროს, მე-19 საუკუნეში, ისე ბოლშევიკ-კომუნისტებს მე-20 და ოლიგარქ-ნაციონალისტებს 21-ე საუკუნეში სურთ რუსეთის დიდი იმპერიის შექმნა-გაფართოება, რასაც ყოველ საუკუნეში რუსეთის უშუალო მეზობლების სუვერენიტეტები და ტერიტორიები ეწირებოდა, მათ შორის, პირველ რიგში კი - ჩვენი საქართველოსი.

საერთაშორისო საზოგადოება, გაეროსა და მისი უშიშროების საბჭოს თამადობით, მიუხედავად დემოკრატიის ქადაგებისა, უძლური აღმოჩნდა, წინ აღდგომოდა 21-ე საუკუნის რუსულ ღია სამხედრო აგრესიას ჯერ საქართველოს და შემდეგ - უკრაინის მიმართ და ადვილი წარმოსადგენია, რისი გამკეთებელი იქნებოდა ერთა ლიგა ერთი საუკუნის წინ, როდესაც ბოლშევიკური რუსეთი ერთმანეთის მიყოლებით იპყრობდა სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობა გამოცხადებულ სამივე რესპუბლიკას.

1-o-1772019266.jpg
აი, ეს ქართველები შეებრძოლნენ 105 წლის წინ რუს ბოლშევიკებს, ქართული მიწის დასაცავად, მაგრამ...…

მაშინ, 105 წლის წინ, ბოლშევიკებს საქართველოს დასაპყრობად წარმოშობით ქართველებიც შემოუძღვნენ. მათ, მსოფლიო კომუნიზმის იდეებით მოწამლულებმა, თავისი ისტორიული სამშობლოს დამოუკიდებლობასა და ეროვნულ ღირსებებს პროლეტარიატის გაერთიანების არარეალური მიზნები ანაცვალეს.

დღეს იმედია, მსოფლიო კომუნიზმის უტოპიური იდეების თაყვანისმცემლები საქართველოში თითქმის აღარ მოიძებნებიან, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, რჩებიან ადამიანები და ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ისევე შემოუძღვებიან რუსულ ტანკებს თბილისისკენ, როგორ ერთი საუკუნის წინ სერგო ორჯონიკიძე მოუძღვოდა ბოლშევიკების ცხენოსან ესკადრონებს - ჩვენი დედაქალაქისკენ.

ამის სამარცხვინო, მაგრამ რეალური შემთხვევები უკვე გვქონდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს მეორე ომის დროს, როდესაც ქართული არმიის გორისა თუ სენაკის სამხედრო ბაზებში რუსი სამხედროების მეგზური ზოგიერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი ხდებოდა და თანაც - საკუთარი ინიციატივით...

ისტორია ერთგვარი სპირალია და უყვარს გამეორებები, მცირედი ცვლილებებით - მიუხედავად იმისა, რომ თბილისის აღებიდან 105 წელი გავიდა, დღესაც აქტუალური რჩება იგივე საფრთხე, რის წინაც მაშინ, გასულ საუკუნეში გმირი ქართველი იუნკრები დადგნენ - საქართველოს არა მარტო ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მის სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას კვლავ დამოკლეს მახვილივით ემუქრება რუსული სამხედრო აგრესიის განახლების საშიშროება და ჯერჯერობით არ არსებობს სრული გარანტიები, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანდა ჩრდილოეთიდან მომდინარე პოტენციურ საფრთხეს, რისი გათვალისწინებაც, გვინდა თუ არა, გვიწევს...

ქვემოთ გთავაზობთ სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალში", რუსეთ-საქართველოს პირველი ომის ერთი საუკუნის თარიღთან დაკავშირებით, "არსენალის" პასუხისმგებელი რედაქტორის - თემურ ჩაჩანიძის მიერ სპეციალურად მომზადებულ სტატიას, რომელსაც ვურთავთ საბრძოლო მოქმედებების რუკას, თუ როგორც ცდილობდნენ საქართველოსა და მისი დედაქალაქის -თბილისის დაცვას ჩვენი წინაპრები...…

ომი თბილისისთვის 1921 წლის თებერვალში

რუსეთის სათავეში 1917 წლის ნოემბერში მოსული ბოლშევიკები საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ ეგუებოდნენ და ქართველ თანამოაზრეთა მონაწილეობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აჯანყებებსა თუ გამოსვლებს აწყობდნენ.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაც დაძაბული იყო. მოსკოვი თბილისს მუდმივად ადანაშაულებდა თეთრი მოძრაობის დახმარებაში, რუსეთის დიპმისიის უფლებათა შებღალვაში, ქართველი კომუნისტების დევნა-დაკავებაში, სომხეთისკენ რუსული სამხედრო ეშელონების გატარების აკრძალვაში და ა.შ.

აზერბაიჯანისა და სომხეთის გასაბჭოების შემდეგ საფრთხემ უფრო იმატა, ამიტომ 1920 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის საბჭომ ბორჩალოს მაზრა შესაძლო აგრესიის მთავარ მიმართულებად შეაფასა და საფრთხის აღსაკვეთად შექმნილ სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტს უფროსად გენერალ-მაიორი იოსებ გედევანიშვილი დაუნიშნა.

აგრესიის მოლოდინში მყოფ ქვეყანას თავდაცვისთვის, სულ მცირე, 60-ათასიანი არმია სჭირდებოდა, საქართველოს 25-ათასიანი ჯარი ჰყავდა. აქედან: გაგრასთან - 1 900, ბათუმის ოლქში - 4 900, ახალციხე-ახალქალაქ-ართვინის რაიონში - 4 900, ლაგოდეხთან - 1 000, ყაზბეგთან - 150, სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტზე - 9 500 და თბილისში - 2 500 კაცი იყო თავმოყრილი.

ბორჩალოს მაზრაში კი ბოლშევიკები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლისთვის საფუძვლიანად ემზადებოდნენ. სომხურ სოფლებში მიმდინარეობდა

ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა, იგზავნებოდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული წითელარმიელები იარაღით, მოსახლეობა ქართველ სამხედროებს სასმლით უმასპინძლდებოდა, დისციპლინის მოსაშლელად და სხვ.

1921 წლის 9 თებერვალს ბორჩალოს მაზრაში დაკავებულმა წითლების ოთხმა აგენტმა აღიარა, რომ რუსის ჯარი ქართველებზე ძალიან მალე თავდასხმას აპირებდა. ინფორმაცია სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის შტაბს დროულად გადაეცა, მაგრამ რეაგირება არ მომხდარა.

11 თებერვლის ღამით წითელარმიელებმა სანაპირო პატარა რაზმის ოცი გალეშილი ჯარისკაცი და ოფიცერი ტყვედ აიყვანეს, ლორეს მაზრის სამხრეთით, სადგურ შაგალთან, დანაღმული რკინიგზის ხიდი ხელში ჩაიგდეს. დაიკავეს მდინარე დებედის ხეობაში მდებარე სოფელი შინიხი და სადახლომდე გასასვლელი გაინაღდეს.

საქართველოში რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თავდასხმა სომხებს გადააბრალა, ხოლო სომხეთმა თავდასხმაში მონაწილეობა უარყო. ტყვე წითელარმიელები კი ამბობდნენ, რომ ისინი რუსეთ-სომხეთის საბჭოთა ჯარს წარმოადგენდნენ.

ქართველმა კომუნისტებმა მომენტით ისარგებლეს და სერგო ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით წითელი არმიის ოკუპირებულ შულავერში რევოლუციური კომიტეტი (რევკომი) შექმნეს, ხოლო წითელ არმიას ადგილობრივები, საქართველოს რევკომის შაგალის, სადახლოსა და ვორონცოვკის (ტაშირი) რაზმები შეუერთდნენ.

ქართულმა ჯარმა მდგომარეობის ნაწილობრივ გამოსწორება მოახერხა, მაგრამ 14 თებერვალს, რუსების ძლიერი კონტრშეტევის შემდეგ, უკან დაიხია და მდინარე ხრამის მარცხენა ნაპირზე გამაგრდა.

ბორჩალოს მაზრის მოვლენები, ფაქტობრივად, რუსეთის აგრესიის დაწყებას ნიშნავდა. ამის მიუხედავად, ქართული არმიის მთავარსარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ილია ოდიშელიძემ რუსეთთან მეგობრული განწყობის მიზეზით ცეცხლის გახსნის ნებართვა არ გასცა, 15 თებერვლის ღამით, როცა ფოილოს ხიდთან რუსული ჯარის წითელი ხიდისკენ სვლა და საბრძოლო პოზიციებზე ბატარეების განთავსება დაფიქსირდა.

ლენინის დეპეშა მე-11 არმიის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს

1921 წლის 14 თებერვალი

„ცენტრალური კომიტეტი იხრება იქით, რომ მე-11 არმიას ნება დართოს, საქართველოში აჯანყებას აქტიური მხარდაჭერა გაუწიოს და თბილისი საერთაშორისო ნორმების დაცვით დაიკავოს იმ პირობით, თუკი მე-11 არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭოს წევრები, ყველა მონაცემის სერიოზული განხილვების შემდეგ, წარმატებას უზრუნველყოფენ“...

ლენინის დეპეშა მე-11 არმიის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს

1921 წლის 15 თებერვალი

„ცენტრალური კომიტეტი განიხილავს მე-11 არმიის ოპერაციას, როგორც ადგილობრივ აჯანყებულთა დაცვას ნეიტრალურ ზონაში, თეთრგვარდიელთაგან განადგურების ასაცილებლად. ჩათვალეთ ეს თქვენი ოპერაციის პოლიტიკურ ხასიათად, ყველა საჯარო გამოსვლაში. ჩვენ ველით მე-11 არმიისგან ენერგიულ, სწრაფ მოქმედებას, რომელიც არ შეჩერდება თბილისის აღების წინ“..

2-o-1772019267.jpg
ქართველი მეტყვიამფრქვევეების რაზმი ბრძოლის წინ…

ამასობაში ბოლშევიკებმა მე-11 წითელ არმიას 16 თებერვლის გამთენიისას ფოილოსა და წითელი ხიდებით საქართველოში შეჭრისა და 19 თებერვლისთვის თბილისის აღება უბრძანეს.

ასეთი გათვლა კავკასიაში ხელისუფლების შესაცვლელი წინაოპერაციების საფუძველზე გაკეთდა. მე-11 არმია აზერბაიჯანში 1920 წლის 26-27 აპრილს შეიჭრა და 28 აპრილს ბაქოში იყო. სომხეთის გაბოლშევიკება მე-11 არმიამ 29 ნოემბერს დაიწყო და 4 დეკემბერს ერევანში შევიდა.

1918 წლის 18 თებერვლის დირექტივა N28/КФ მე-11 არმიისგან მოითხოვდა თბილისის აღების შემდეგ სწრაფი ტემპით გორის, სურამისა და ბორჯომის დაკავებას, ცხენოსანი რაზმის გაგზავნას ახალქალაქისკენ, რათა კავშირზე გასულიყო თურქების ნაწილებთან, საქართველოს საზღვარზე.

მე-9 არმიის სარდალს გაგრის რაიონის დაკავების შემდეგ წინ წაწევა და სოხუმის აღება, აფხაზთა ამბოხების დაწყება და მხარდაჭერა ჰქონდა დავალებული.

ოსეთის სამხედრო გზით, ზარამაგის გავლით წამოსული 33-ე მსროლელი დივიზიის 98-ე მსროლელი ბრიგადის ოსური ნაკრები ბატალიონი და თერგის საკავალერიო დივიზიონი ოსებს აჯანყებაში უნდა დახმარებოდნენ.

დარიალის ხეობაში აფეთქებული ხიდის აღდგენა და ამ გზით თბილისისკენ დაძრული რაზმი, ცალკეული მსროლელი ბატალიონის, ნახევარ-ბატარეისა და განსაკუთრებული განყოფილების რაზმის შემადგენლობით, თბილისის ჩრდილოეთით მე-11 არმიას უნდა დაჰკავშირებოდა.

98-ე მსროლელ ბრიგადას ნაბრძანები ჰქონდა მამისონის უღელტეხილის მხრიდან შემოსვლა და ქუთაისის დაკავება.

მტკვარზე ფოილოს რკინიგზის ხიდს იცავდნენ 2 ქვეითი ბატალიონი, 1 ბატარეა, კავალერისტთა ესკადრონი, სანაპირო ასეული, მესანგრეთა ოცეული და ჯავშანმატარებელი #4. ამ ძალების წინააღმდეგ მოქმედებდნენ მე-11 არმიის მე-9 მსროლელი დივიზიის 26-ე ბრიგადა და საკავალერიო პოლკი, ასევე - 5 ჯავშანმატარებელი.

მდინარე ხრამზე წითელი ხიდის დაცვა და საჭირო მომენტში აფეთქება გვარდიის გურიის ბატალიონს დაევალა. მოწინააღმდეგეს ამ მიმართულებაზე მნიშვნელოვანი ძალა ჰყავდა: მე-18 მსროლელი დივიზიის 54-ე ბრიგადა, მე-20 მსროლელი დივიზიის 58-ე ბრიგადა, მე-12 საკავალერიო დივიზია და სხვ.

დამხმარე დარტყმისთვის ქარაყალა-სადახლოს რაიონში თავმოყრილი იყვნენ: 32-ე მსროლელი დივიზიის 96-ე ბრიგადა, მე-20 მსროლელი დივიზიის მე-60 ბრიგადა და საკავალერიო პოლკი, სომხური საკავალერიო ბრიგადა, ქართველ ბოლშევიკთა რაზმები.

ზაქათალიდან სიღნაღის გავლით თბილისისკენ მე-18 საკავალერიო დივიზია და მე-20 მსროლელი დივიზიის 59-ე ბრიგადა მოიწევდნენ.

ფოილოს ხიდის აფეთქება მოესწრო იმ დროს, როცა წითელარმიელები მეორე ნაპირზე გადარბენას ცდილობდნენ. ხიდი მძიმედ დაზიანდა, ხოლო მტკვარზე ფონით გადასულ კავალერისტთა პირველი შეტევა ქართულმა ქვედანაყოფებმა უკუაგდეს.

მდინარე ხრამზე წითელი ხიდი დაცულ-დანაღმული იყო და მას გუშაგები მუდმივად მეთვალყურეობდნენ, მაგრამ ბოლშევიკებმა აფეთქების თავიდან აცილება მაინც მოახერხეს და შეტევისთვის საკმაო სივრცე მიიღეს. სამხედრო სკოლის უფროსის, პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის შეფასებით, გვარდია ბრძოლის ველიდან გაიქცა, ფრონტი ღია აღმოჩნდა და მტრის ცხენოსან ბრიგადას თბილისში იმავე დღეს შესვლა შეეძლო.

ფრონტზე შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, 16 თებერვლის ღამით ქართული არმიის მთავარსარდლობა გენერალ-მაიორმა გიორგი კვინიტაძემ ჩაიბარა და მაშინვე შეუდგა დედაქალაქის თავდაცვის ორგანიზებას. თბილისის მისადგომები სამ სექტორად დაიყო. მარჯვენა სექტორს (კოჯორი - თელეთის მონასტერი) სათავეში გენერალ-მაიორი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი ჩაუდგა, ცენტრალურს (თელეთის მონასტერი - მტკვრის მარჯვენა ნაპირი) - გენერალ-მაიორი გიორგი მაზნიაშვილი, ხოლო მარცხენას (მტკვრის მარცხენა სანაპირო სოფელ ლილო) გენერალი არტემ ჯიჯიხია.

წითელი ხიდიდან გადმოსული მე-11 არმიის ნაწილები თბილისისკენ შავნაბადა-სოღანლუღის გავლითა და კოჯრის გზით მოემართებოდნენ. 18 თებერვალს, ღამით, რუსების დიდმა კოლონამ იალღუჯის მაღლობებს გვერდი აუქცია და გზატკეცილით თბილისისკენ წამოვიდა, გადაკვეთა რკინიგზის ხაზი და სადგური სოღანლუღი დაიკავა.

19 თებერვლის გარიჟრაჟზე არტილერიისა და ორი ჯავშანმატარებლის საცეცხლე მხარდაჭერით, საყარაულო პოლკი და გვარდიის ბატალიონები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, მტერს ხიშტებით შეუტიეს და ხელჩართულ ბრძოლაში უკუაქციეს. ჰაერიდან რუსებს ამ დროს 2 თვითმფრინავი ბომბავდა. ქართული მონაცემებით, მტრის 1 500-1 600 ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა, რუსულით კი - წითლების 58-ე ბრიგადამ 530 კაცი დაკარგა.

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ 1921 წლის 22 თებერვალს წერდა: „ფრონტიდან 19-20 თებერვალს რამდენიმე ასეული ტყვე მოიყვანეს თბილისში. ყველანი სასომიხდილი, დაფხავებულები, ფეხშიშველი, ნახევრად ტიტვლები არიან, მაგრამ ყველას მაინც ტომარა აქვს. ალბათ, თბილისში შემოსვლისთანავე აპირებდნენ "გრაბ ნედელიას" მოწყობას, რომ ნაძარცვ-ნაგლეჯით მუცლების გარდა, ტომრები ამოევსოთ.

რას გვანან, როგორც პირველყოფილი ადამიანის, მხეცური გამომეტყველება აქვს ყველას. ჩემი მტრის სახლში შევიდნენ ესენი სტუმრად“ – ამბობდა ერთი.

მძიმე ბრძოლები გაჩაღდა კოჯორის გზაზე, ტაბახმელის მისადგომებთან, სადაც პოზიციებზე, პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის მეთაურობით, სამხედრო სკოლის 120-მდე იუნკერი და 350-მდე ახალწვეული ჯარისკაცი - მომავალი ნაცვალი იდგა. წითლებმა 19 თებერვლის დილიდან შეტევა დაიწყეს და კოჯორიც აიღეს, მაგრამ მეორე დღეს ძლიერი კონტრშეტევით კოჯრის უკან დაბრუნება და მტრის ქოროღლის ციხემდე განდევნა მოხერხდა.

საყურადღებოა 1918 წლის 21 თებერვლის დირექტივა N31/КФ-ში მოყვანილი შეფასებები. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ "თბილისის ოპერაცია მიზნის მისაღწევად წინასწარ მოფიქრებული საერთო გეგმის გარეშე მიმდინარეობდა, როცა მოწინააღმდეგემ თბილისის დასაცავად და შეტევების ხელშესაშლელად ყველაფერი მუშტად შეკრა. ამის შედეგია მარჯვენა ფლანგზე დამარცხებული 26-ე, მარცხენაზე კი 96-ე ბრიგადა. ჩვენ (ბოლშევიკებს) გვეგონა, რომ 19-ში კოჯრის აღებით 20-ში თბილისის ბედი გადაწყვეტილი იქნებოდა, მაგრამ 21-ში ჩვენი (ბოლშევიკების) ნაწილები მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე უკუაგდო შეტევაზე გადმოსულმა მოწინააღმდეგემ, რომელსაც აგდებული დამოკიდებულებით არ უნდა მიუდგე" .

ბრძოლებში მიღებულ დანაკარგს მე-11 არმია ახალ-ახალი ძალებით ივსებდა და 19 თებერვლისთვის წითლების განკარგულებაში იყო 17 937 ქვეითი, 4 316 კავალერისტი, 1 065 ტყვიამფრქვევი, 181 საველე და 15 მძიმე ქვემეხი, 5 ჯავშანმატარებელი, 4 ტანკი, 4 ჯავშანავტომობილი, 16 თვითმფრინავი.

თბილისზე 24 თებერვლის გადამწყვეტი შეტევის წინ მე-11 არმიის ნაწილები კუმისი-ვაშლოვნის რაიონში გადაჯგუფდნენ და გაძლიერდნენ ფოილოს აღდგენილი ხიდით შემოსული ტანკებითა და ჯავშანმატარებლებით შემოყვანილი დესანტით. ამჯერად მთავარი დამრტყმელი ძალის დანიშნულებას ასრულებდა ფლანგებზე მოქმედი კავალერია, რომელსაც ზურგში დარტყმებით ქართული ჯარის დემორალიზაცია და სარდლობაში დაბნეულობა უნდა გამოეწვია.

მთავარი დარტყმის მიმართულებად ნავთლუღის სადგური და თბილისში სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შესვლა იყო განსაზღვრული. ნავთლუღისკენ ბაქოსთან დამაკავშირებელი რკინიგზის ხაზითა და გზატკეცილით მოიწევდნენ - ჯავშანმატარებლები, 26-ე ბრიგადის დანაყოფები, საკავალერიო ესკადრონები, ქართველ კომუნისტთა რაზმები და სხვები.

რუსულმა სამმა ტანკმა 24 თებერვლის დილით სადგურ აღთაქლასთან საწყისი პოზიციები დაიკავა და 17 საათზე დაიძრნენ. გზაში ერთი ტანკი, სახელად "ვ ჩიომ დელო" ოცმეტრიან ხევში გადაიჩეხა, ხოლო ორმა ნავთლუღს 25 თებერვლის დილით მიაღწია. ჯავშანმატარებლები სამჯერ შეეცადნენ სადგურ ყარაჯალარის ასაქცევის გავლას, მაგრამ ქართული არტილერიის ძლიერი ცეცხლი კარგა ხანს ამის საშუალებას არ აძლევდა, სანამ წითლების ქვეითებმა პოზიციები არ გაარღვიეს და წინ არ წაიწიეს. ბრძოლაში ჯავშანმატარებლებს ოთხმა ქართულმა თვითმფრინავმა 30 ბომბი ესროლა, მაგრამ სერიოზული დაზიანებები ვერ მიაყენეს.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ წითლების 25-ე, 54-ე და 58-ე ბრიგადებს შავნაბადის ეკლესიის დაკავების შემდეგ შეტევაზე გადასვლისა და თბილისში სამხრეთიდან შესვლა ებრძანა. შეტევა მტერმა 24 თებერვლის 18 საათზე მუხრან-თელეთის რაიონიდან დაიწყო და ე.წ. ტრიგონომეტრიული პუნქტი დაიკავა, მაგრამ კონტრშეტევის შედეგად ერთ საათში ისევ დაკარგა და შემდგომ აქტიურობას არ ამჟღავნებდა.

96-ე ბრიგადა, აღმოსავლეთის წითელ კურსანტთა ბრიგადა და სხვა ნაწილები ერტისის გზით ვაშლოვნის სიმაღლეებზე შეტევის, კოჯრის აღებისა და თბილისში დასავლეთის მხრიდან შესვლის ბრძანებას ასრულებდნენ.

ტაბახმელასთან რუსებმა შეტევები 23 თებერვლის საღამოს განაახლეს და მეორე დღეს გააგრძელეს. შეტევების წინარიგებში აღმოსავლეთის წითელი კურსანტები იყვნენ. უთანასწორო ბრძოლებში ქართველმა ოფიცრებმა, იუნკრებმა და ჯარისკაცებმა გმირობის არა ერთი მაგალითი აჩვენეს და პოზიციები არ დათმეს.

4-o-1772019267.jpg
აი ამ, ბოლშევიკების მუშურ-გლეხურმა წითელმა არმიამ ერთი საუკუნის წინ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა სამხედრო აგრესიის შედეგად დაიპყრო...

უკიდურეს მარჯვენა ფლანგიდან წითლების საკავალერიო ჯგუფი მე-20 მსროლელი დივიზიის საკავალერიო პოლკის, სომხური საკავალერიო ბრიგადისა და საარტილერიო ბატარეის შემადგენლობით დედაქალაქს წყნეთიდან შეჭრით ემუქრებოდა.

კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა 24 თებერვალს თავდაცვის მარცხენა ფლანგზე, სადაც მე-18 საკავალერიო დივიზიამ მარტყოფი დაიკავა და მცხეთისკენ გაჭრით ქართულ ჯარს უკანდასახევ გზას უჭრიდა.

მცხეთაზე გასვლის დავალებას ასევე ასრულებდნენ და სადგურ ორხევისკენ მოიწევდნენ მე-12 საკავალერიო დივიზიის პოლკები, მაგრამ მტკვრიდან ორხევის მთელ გაყოლებაზე, დიდი ლილოს სიმაღლეებამდე, სანგრებითა და მავთულხლართებით დაცულმა პოზიციებმა ამის საშუალება არ მისცა და დივიზია იძულებული გახდა, დიდი ლილოსთვის შემოევლო.

თავდაცვის ყველა სექტორში როგორღაც მოხერხდა მე-11 არმიის შეტევების მოგერიება. თუმცა მრავალრიცხოვანი მტრის წინაშე არმია, ფაქტობრივად, რეზერვების გარეშე დარჩა და ფლანგებზე მტრის კავალერისტთა შეჩერებას ვერაფრით ახერხებდა. დასახმარებლად ახალციხის ფრონტიდან მოხსნილი ნაწილები ამ დროს თბილისისკენ ფეხით მოემართებოდნენ. შექმნილ ვითარებაში 24 თებერვლის საღამოს მთავრობის თავმჯდომარემ თბილისიდან უკან დახევის ბრძანება გასცა.