ტრამპი ზელენსკისგან ომის ერთ თვეში დამთავრებას ითხოვს - პუტინთან ალასკაზე საიდუმლო შეთანხმების შესასრულებლად?! - კვირის პალიტრა

ტრამპი ზელენსკისგან ომის ერთ თვეში დამთავრებას ითხოვს - პუტინთან ალასკაზე საიდუმლო შეთანხმების შესასრულებლად?!

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა, რომ მას ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს.

ტრამპსა და ზელენსკის შორის გუშინდელი 30-წუთიანი სატელეფონო კავშირი პირველი საუბარი იყო იანვრის ბოლოს დავოსში გამართული შეხვედრის შემდეგ.

„ზელენსკიმ განაცხადა, რომ იმედოვნებს, ომი წელს დასრულდება, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ომი ძალიან დიდი ხანია, მიმდინარეობს და სურს, რომ ის ერთ თვეში დასრულდეს“, - აცხადებენ ამერიკული წყაროები.

ზელენსკისა და ტრამპის მიერ განხილული ერთ-ერთი საკითხი ლიდერებს შორის შესაძლო სამმხრივ სამიტს ეხებოდა. ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ იმუშავებს ასეთი სამმხრივი სამიტის ჩატარების მიზნით, თუ აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის მომლაპარაკებლებს შორის მარტის დასაწყისში დაგეგმილი შემდეგი შეხვედრა მეტ პროგრესს გამოიწვევს.

ის, რომ ეს სატელეფონო საუბარი ტრამპის წარმომადგენლების, ჯარედ კუშნერისა და სტივ უიტკოფის, უკრაინის დელეგაციასთან ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე შედგა, შემთხვევითი არ არის, რადგან ყველაფერს ამას აშშ-ის 47-ე პრეზიდენტისგან უკრაინის ხელისუფლებაზე მორიგი პოლიტიკური ზეწოლის მცდელობის ელფერი დაჰკრავს...

ის, რომ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ თეთრ სახლში მისვლისთანავე ერთგვარი მეორე „პოლიტიკური ფრონტი“ გაუხსნა, ისედაც რუსეთთან პირველ, რეალური ფრონტის მდგომარეობაში მყოფ უკრაინას, სახეზეა...

ეს მეორე „პოლიტიკური ფრონტი“, მარტო იმით როდი გამოისახება, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ყოველგვარი უფასო სამხედრო დახმარება შეუწყვიტა უკრაინას, არამედ იმითაც, რომ კულუარულად და ღიადაც ტრამპის თეთრი სახლი დიპლომატიურ ზეწოლას აგრძელებს კიევზე, რომ მან შეასრულოს პუტინის კრემლის კატეგორიული მოთხოვნები და მათ შორის - უკრაინის დონბასის დარჩენილი არაოკუპირებული ნაწილის უბრძოლველად დათმობა აგრესორი რუსეთისთვის...

არსებობს ძალიან დიდი ეჭვი იმისა, რომ გასული წლის ზაფხულში, ალასკაზე პირისპირს შეხვედრისას, ტრამპი, სავარაუდოდ, ფარულად შეუთანხმდა და დაჰპირდა პუტინს, რომ ზელენსკის აიძულებდა დონბასის დარჩენილი ნაწილის უბრძოლველად დათმობას, რის შესრულებასაც დღეს მოსკოვი ვაშინგტონისგან ითხოვს...

ტრამპის გაბრაზების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ესაა, რომ აქამდე ვერ დაიყოლია კიევი დონბასის სრულ დათმობაზე, რომ უკრაინისთვის წამგებიანი დროებითი ზავი მაინც დაიდოს, რათა ტრამპმა შემდეგ ტელეკამერების წინ გაუთავებლად იტრაბახოს „მეცხრე ომის შემაჩერებლის“ რანგში...

საგულისხმოა, რომ პრეზიდენტ ტრამპს ამის მიღწევა აუცილებლად 14 ივნისამდე სურს, როდესაც ამერიკული დროშის დღეს აღნიშნავენ, თუმცა სწორედ ამ დღეს ემთხვევა... ტრამპის 80 წლის დაბადების დღეც!

საკუთარი დაბადების დღისთვის ასეთი „დიდი საჩუქრის“ მიღება ტრამპს ძალიან სწადია, მერე რა, რომ უკრაინის ხარჯზე, აბა, ტრამპი იმას ხომ ვერ აღიარებს, რომ ამ საშინელი, მეხუთე წელში გადაზრდილი ომის წამომწყების - პუტინის იძულება, ამავე ომის შესაჩერებლად, მას უბრალოდ არ ძალუძს...

ასევე დაგაინტერესებთ: ბრძოლა თბილისისთვის ანუ საქართველო-რუსეთის პირველი ომი - შეეძლო თუ არა ქართულ ჯარს ბოლშევიკური ურდოების დამარცხება?!

დრონები, დრონები... დრონები ჩქარა! - რა სჭირდება ყველაზე მეტად ქართულ არმიას?

რა უნდა "წამოიღოს" ქართულმა არმიამ რუსეთ-უკრაინის ომიდან?!

"არ დაიდარდო" ტრამპისა და აიათოლას შესრულებით - ამხელა არმია მივაყენე ირანს და თავს რატომ არ მიხრიან?

P.S. ისე, გასაოცარი მსგავსებაა, როდესაც ბრეჟნევისდროინდელი საბჭოთა პერიოდის მსგავსად, ტრამპის ამერიკაც კონკრეტული საკითხების დასრულებას კონკრეტულ საზეიმო თარიღებთან მიბმას ცდილობს, ისევე, როგორც ამას საბჭოთა კავშირი აკეთებდა 7 ნოემბერს, 9 მაისსა თუ 23 თებერვალს...

თუმცა აღარ მიკვირს მას შემდეგ, რისი თვითმხილველიც შევიქმენი - 2004 წლის იანვარში კაპიტოლიუმის შენობის დარბაზში ჟურნალისტთა ლოჟიდან, რომელიც სწორედ ტრიბუნის უკან იყო, ვუყურებდი და ვუსმენდი აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუში-უმცროსის ყოველწლიურ მიმართვას კონგრესმენებისადმი და თავი ჩემს ბავშვობაში, საბჭოთა ტელევიზორის წინ მეგონა, სადაც გადმოსცემდნენ ბრეჟნევის სიტყვით გამოსვლას, რომელსაც დარბაზში მსხდომნი ყოველ ათ წუთში ფეხზე წამოხტომითა და მხურვალე ტაშით აწყვეტინებდნენ...

ამერიკელი კონგრესმენები ყოველ ხუთ წუთში, ასევე, ფეხზე დგებოდნენ და ოვაციას უმართავდნენ პრეზიდენტ ბუშს, რითაც ძალიან წააგავდნენ ბრეჟნევისეულ საბჭოთა დეპუტატებს...

თუმცა ერთი განსხვავება, საბედნიეროდ მაინც ჩანდა - ფეხზე წამომხტარი ტაშის დამკვრელი კონგრესმენები პრეზიდენტ ბუშის რესპუბლიკული პარტიიდან იყვნენ, მაშინ, როდესაც დემოკრატი კონგრესმენები სკამებზე მოღუშული სახით ისხდნენ...