გასაბერი ტანკები: სჭირდება თუ არა ეს ქართულ არმიას - როგორ მოვატყუოთ მოწინააღმდეგე - კვირის პალიტრა

გასაბერი ტანკები: სჭირდება თუ არა ეს ქართულ არმიას - როგორ მოვატყუოთ მოწინააღმდეგე?!

გასაბერი ტანკებით მოწინააღმდეგის მოტყუება...

„არსენალის“ ბლოგში ვაგრძელებთ თემას, თუ რა გამოცდილება შეიძლება გადმოიტანოს რუსეთ-უკრაინის ომიდან საქართველოს თავდაცვის ძალებმა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა („დელტას“ სახით) და მის მესამე ნაწილში ყურადღებას გავამახვილებთ... გასაბერ ტანკებზე...

რუსეთ-უკრაინის ომში ძალზე გაიზარდა წერტილოვანი, ზუსტი დარტყმების რიცხვი, რომლებიც სადაზვერვო დრონებისა და მართვადი სარაკეტო, საარტილერიო და საავიაციო შეიარაღების ერთობლივი მოქმედებებით ხორციელდება.

ბრძოლის ველზე ან ღრმა ზურგშიც სამხედრო ტექნიკის გადამალვა-შენიღბვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

ამისთვის ფართოდ გამოიყენება სამხედრო ტექნიკის საიმიტაციო მოდელები, რომლებიდანაც ზოგი გასაბერია, ზოგიც - ფანერისგან მზადდება.

picture2-1772093764.jpg

კუსტარული იმიტატორებით თანამედროვე სადაზვერვო დრონების ოპერატორების მოტყუება შეუძლებელი ხდება, რადგან დრონზე დაყენებული ოპტიკურ-ელექტრონული აპარატურა ძალიან მაღალი ხარისხის გამოსახულებას იწერს, მათ შორის - ღამითაც, თბოვიზორის გამოყენებით და თუკი „ტანკი“ ინფრაწითელ დიაპაზონში „არ ასხივებს“ (არადა ძრავაგამორთული ჯავშანტექნიკა მაინც სითბოს გამოყოფს, რადგან მისი კორპუსი დღის განმავლობაში მზის სხივებით თბება), ე.ი. ცუდად დამზადებული ტანკის იმიტატორია.

სამხედრო ტექნიკის მაღალი დონის იმიტატორებს სითბოს გამომყოფ მინიღუმელებსაც უმონტაჟებენ და ლითონის ნაწილებსაც აყოლებენ, რომ რადიოლოკაციურ დიაპაზონშიც მოხდეს მისი აღქმა, როგორც ნამდვილი ტანკისა.

მაღალი ხარისხის სამხედრო ტექნიკის იმიტატორებზე უდიდესი მოთხოვნაა, როგორც რუსეთ-უკრაინის ფრონტზე, ისე იმ სხვა ქვეყნების არმიებში, რომელთა სარდლობამაც სწორად გათვალა, თუ რამდენად მოგებიანი გახდება ასეთი იმიტატორებით მოწინააღმდეგის სამხედრო დაზვერვის მოტყუება, მომავალ ომებში.

picture1-1772093764.jpg

სამხედრო ტექნიკის გასაბერი იმიტატორების შექმნისა და მით უმეტეს - სერიული წარმოების გამოცდილება „დელტას“ არ აქვს, თუმცა კომერციულად ეს ძალზე მოგებიანი მიმართულებაა და პირველ ეტაპზე შეიძლებოდა ბევრად უფრო მარტივი იმიტატორების დამზადება, ფანერისა და სხვა იაფფასიანი მასალის გამოყენებით - მთავარია ამ იმიტატორების ვიზუალური სახე ძალზე უახლოვდებოდეს ორიგინალს და ამასთან - ჰქონდეს გამოსხივების წყაროები ინფრაწითელ და რადიოლოკაციურ დიაპაზონებში.

სამხედრო ტექნიკის საიმიტაციო გასაბერი კონსტრუქციები დიდი ხანია, გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნის არმიების საბრძოლო ტექნიკის შესანიღბად - ანუ ცრუპოზიციებზე გასაბერი ტანკები და საარტილერიო დანადგარები თავსდება, რომლებიც ვიზუალურად ძალიან ჰგვანან ნამდვილს და აღჭურვილნი არიან სითბოს გამომყოფი ხელსაწყოებითა და რადიოტალღების ამრეკლი მეტალის კუთხოვანებით, რათა მოწინააღმდეგე, ვიზუალური დაზვერვის გარდა, თბო და რადიოლოკაციურ რეჟიმებშიც დარწმუნდეს, რომ მის წინ 41-ტონიანი ნამდვილი ტანკია და არა - 41 კგ-იანი გასაბერი.

ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპი ზელენსკისგან ომის ერთ თვეში დამთავრებას ითხოვს - პუტინთან ალასკაზე საიდუმლო შეთანხმების შესასრულებლად?!

ბრძოლა თბილისისთვის ანუ საქართველო-რუსეთის პირველი ომი - შეეძლო თუ არა ქართულ ჯარს ბოლშევიკური ურდოების დამარცხება?!

დრონები, დრონები... დრონები ჩქარა! - რა სჭირდება ყველაზე მეტად ქართულ არმიას?

რა უნდა "წამოიღოს" ქართულმა არმიამ რუსეთ-უკრაინის ომიდან?!

შეიძლება კითხვა გაჩნდეს - თუკი ცრუსამიზნეებით ასე ატყუებენ ერთმანეთს, მაშინ რატომღა აქვეყნებენ გასაბერი "ჰაიმარსებისა" თუ ფანერის საარტილერიო დანადგარების ფოტოებს, ამით ხომ შემდგომში შეიძლება გაარჩიოს მოწინააღმდეგემ გასაბერი "ჰაიმარსი" თუ ფანერის "გვოზდიკა" რეალურისგან?

საბრძოლო მოქმედებების ორომტრიალში ნაკლები დრო რჩება სამიზნის დეტალურად შესასწავლად, დიდი ხნის განმავლობაში დრონით დასაზვერად და ცრუსამიზნის ნამდვილისგან გარჩევის პრობლემა ყოველთვის დარჩება, სამაგიეროდ, მოწინააღმდეგეს ყოველთვის შეეპარება ეჭვი ნამდვილი "ჰაიმარსის" ან ტანკის აღმოჩენისას - ძვირად ღირებული რაკეტისა და კამიკაძე-დრონის გახარჯვა ღირს თუ არა, რადგან მის წინაშე შეიძლება გასაბერი ან ფანერის ცრუსამიზნე იდგეს?!

ქართული არმიის არსენალში „გასაბერი ტანკების“ გამოჩენაც არ იქნებოდა ურიგო, საჭირო კრიტიკულ მომენტში მოწინააღმდეგის საჰაერო დაზვერვის შეცდომაში შესაყვანად...

(მესამე ნაწილის დასასრული)