"ოცნებაში“ კოლექტიური „ჯაყოები“ არიან, ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება და გაიძახიან: „ასე იცის ჯაყომა“ - თამუნა გამყრელიძე
„ქართულ ოცნებაში“ კოლექტიური „ჯაყოები“ არიან, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება და მიუხედავად იმისა, რომ ის ადგილები არ ეკუთვნით, სადაც არიან, აბრახუნებენ მაგიდაზე და გაიძახიან: „ასე იცის ჯაყომა“ - ვინც კი მათ უგონო პოლიტიკას შეეწინააღმდეგება, ელჩი თუ საქართველოს მოქალაქე, ცდილობენ ყველას დისკრედიტაცია გაუკეთონ და ძალით აღიარებინონ მათი ლეგიტიმაცია, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ წევრმა, თამუნა გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩის „იმედისა“ და „პოსტვისთვის“ სანქციების დაწესების საკითხზე დაბარებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის მხრიდან „იმედის“ და „პოსტვისთვის“ დაწესებული სანქციები მხოლოდ დასაწყისია და კიდევ უნდა ველოდოთ სანქციებს, რომლებიც „კიდევ უფრო გამკაცრდება „ქართული ოცნების“ მიმართ“.
„ამ სანქციებით, „იმედის“ და „პოსტვის“ გაქრობით, „ქართულ ოცნებას“ სატელევიზიო სივრციდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენი გამოეცლება. ეს მხოლოდ დასაწყისია და კიდევ უნდა ველოდოთ შესაბამის სანქციებს, რომლებიც კიდევ უფრო გამკაცრდება „ქართული ოცნების“ მიმართ. რაც შეეხება ელჩების დაბარებას, ვნახეთ, რომ რამდენიმე დღის წინ ესტონეთის ელჩიც დაიბარეს იმის გამო, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდასაჭერი განცხადება გააკეთეს. ეს არის სრულიად უგონო პოლიტიკა, რომელიც ერთი მხრივ ქვეყანას აზარალებს, რაც მათ არ აინტერესებთ, მეორე მხრივ კი, აზარალებს მათაც - ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. „ქართული ოცნება“ კოლექტიური „ჯაყოები“ არიან, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება და მიუხედავად იმისა, რომ ის ადგილები არ ეკუთვნით, სადაც არიან, აბრახუნებენ მაგიდაზე და გაიძახიან: „ასე იცის ჯაყომა“. ასე უგონოდ აწვებიან თავიანთ პოლიტიკას. ვინც კი მათ ამ უგონო პოლიტიკას შეეწინააღმდეგება, ელჩი თუ საქართველოს მოქალაქე, ცდილობენ ყველას დისკრედიტაცია გაუკეთონ და ძალით აღიარებინონ მათი ლეგიტიმაცია“, - განაცხადა თამუნა გამყრელიძემ.
ამასთან, კითხვაზე რომელიც შეეხებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებას „იმედსა“ და „პოსტვის“ დასანქცირებაზე, თამუნა გამყრელიძემ უპასუხა, რომ ხელისუფლება „ხავსს ეჭიდება, ცდილობს თავი გადაირჩინოს - მათი საყრდენი ტელევიზიები „პოსტვ“ და „იმედი“ გადაარჩინონ, თუმცა საინტერესოა, რას მოიმოქმედებენ ბანკები“.
"ინტერპრესნიუსი"