"ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული დავკარგე..." - რას ჰყვება ქეთი ლეშკაშელი, რომელსაც ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ, მეუღლე ომში დაეღუპა
ომის რეალობაში, სადაც სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ზღვარი ყოველდღიურად იშლება, ქართველი სამხედრო მედიკოსის პირადი ისტორია ტკივილისა და იმედის ყველაზე მძაფრ თანაარსებობას ასახავს. უკრაინაში დაჭრილთა გადასარჩენად მყოფმა ქართველმა ქალმა - ქეთი ლეშკაშელმა ფრონტის ხაზზე უკრაინელი ქმარი დაკარგა, მებრძოლი, რომელიც სამშობლოს დაცვისას გმირულად დაიღუპა. თავად კი დღეს, ყველაზე მძიმე დანაკარგის პარალელურად, ახალ სიცოცხლეს ელოდება და ომის ფონზე აგრძელებს გზას, სადაც სიყვარულის, მსხვერპლისა და მომავლის რწმენა ერთმანეთში იკვეთება.
ქეთი ლეშკაშელი:
- ჩემი მეუღლე ვლადიმირ (ვოვა) ვეკლიჩი კუპიანსკის რაიონში, დასახლებულ პუნქტ პიშანეში დაიღუპა. საბრძოლო მოქმედებების დროს თვითგანადგურებადი დრონის, ე.წ. „ჟდუნის“ დარტყმას ემსხვერპლა. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების მაიორი, 43-ე ცალკე მექანიზებული ბრიგადის მეორე მექანიზებული ბატალიონის მეთაურის მოადგილე იყო. ძალიან კარგი ადამიანი და მოსიყვარულე მეუღლე იყო. ამასთან, შეუპოვარი მებრძოლი, რომელსაც შიშის შეგრძნება თითქმის არ ჰქონდა. ხშირად ვეუბნებოდი, ნუ გადიხარ ცხელ წერტილებში, შეგიძლია უკან დარჩე და იქიდან აკონტროლო ბრძოლა, უფროსი ხარ-მეთქი, მაგრამ ყოველთვის ერთსა და იმავეს მპასუხობდა, - ჯარისკაცს მაგალითი უნდა აჩვენო, თუ შიში შეგატყვეს, აღარ დაგემორჩილებიანო.
- როგორც ვიცი, დაჭრილიც იყო...
- კი, 2022 წელს პირველად მარცხენა ფეხში დაიჭრა, თუმცა აქტიური ბრძოლების გამო საავადმყოფოში არ გადასულა, ბრძოლა გააგრძელა და ჭრილობას ადგილზე, მედიკების დახმარებით ამუშავებდა. დაჭრილმაც კი ბოლომდე გაათავისუფლა დასახლებული პუნქტი, რის გამოც ჯილდოც მიიღო. ამის გამო ძალიან ბედნიერი იყო. გააგრძელეთ კითხვა