(+18) შემზარავი აღმოჩენა სამტრედიაში: ძველი ფერმის საიდუმლოება - "რა ადამიანების სხეულების ნაწილები, რას ლაპარაკობთ?" - კვირის პალიტრა

(+18) შემზარავი აღმოჩენა სამტრედიაში: ძველი ფერმის საიდუმლოება - "რა ადამიანების სხეულების ნაწილები, რას ლაპარაკობთ?"

დღეს "ტვპირველმა" ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამტრედიაში, სოფელ მელაურში მცხოვრები ადამიანები დახმარებას ითხოვდნენ. როგორც ჟურნალისტი ამბობს, ადგილობრივებმა მათ ვიდეო მასალაც მიაწოდეს და ამბობენ, რომ სოფელში, ერთ-ერთ მიტოვებულ ძველი ფერმის შენობაში, კლინიკიდან წამოღებული ძალიან დიდი რაოდენობის სამედიცინო ნარჩენები, მათ შორის სხეულის ამპუტირებული ნაწილებიც ყრია. ადგილობრივების თქმით, ერთ თვეზე მეტია ეს ნარჩენები იქ ყრია და მოსახლეობა შიშობს, რომ შესაძლოა სოფელში ეპიდემია გავრცელდეს. მათი თქმით, ძველი ფერმის დანგრეულ შენობაში სავარაუდოდ საღამოობით მიაქვთ ეს ნარჩენები და იქ პარკებში შეფუთულს ტოვებენ. ამის ამსახველი ფოტოებიც გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე "ტვპირველი" ჩავიდა და როგორც ჟურნალისტი იტყობინება, მას შემდეგ, რაც ადგილზე "პირველების" გადამღები ჯგუფი მივიდა, მიტოვებულ შენობასთან სოფლის რწმუნებულიც გამოჩნდა და შესაბამისმა სამსახურმა ტერიტორიის გაწმენდა დაიწყო.

“კვირის პალიტრა” დაინტერესდა აღნიშნული ფაქტით და დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს სოფელ მელაურში სოფიკო კიკაჩეიშვილს, რომელმაც მიტოვებულ შენობაში დაგროვებული სამედიცინო ნარჩენების ფაქტი დაადასტურა, თუმცა ის კატეგორიულად უარყოფს, რომ ამ ნარჩენებში იყოს სხეულის ამპუტირებული ნაწილები. მერის წარმომადგენელი ვერ ხსნის, თუ როგორ აღმოჩნდა მათ სოფელში სამედიცინო ნარჩენები, რატომ და ვინ აგროვებდა მას, თუმცა მასთან საუბრით ვიგებთ, რომ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც აღძრულია და რომ სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

- ქალბატონო სოფიკო, რა შეგიძლიათ გვითხრათ, მიტოვებულ შენობაში აღმოჩენილ სამედიცინო ნარჩენებთან დაკავშირებით, როგორ აღმოჩნდა ეს მასალა იქ?

- მომისმინეთ, გენაცვალე, ეს არის კერძო საკუთრება და ხელისუფლებას ადგილობრივი იქნება ეს, თუ ცენტრალური, უფლება არა გვაქვს შევიჭრათ იქ, მაგრამ როცა დაფიქსირდა უკვე ეს ფაქტი და გახდა ეს ინფორმაცია საჯარო, მოხდა მყისიერად, დაუყოვნებლივ, ოპერატიულად მოქმედება. ჩვენ დავუკავშირდით იმ პირებს, ვისაც ევალებოდათ ამის გატანა და ყოველდღიურად, დღე და ღამე, ჩვენ თვითონ ვაკითხავთ ტერიტორიას და ვხედავთ, რომ გადის ეს ნარჩენები იქიდან. გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს იქ საშინელი სუნია, არ არის სიმართლე, იქ არანაირი სუნი არ არის, მე პირადად ამ დილითაც ვიყავი შიგნით შესული, ადამიანები ჩვეულებრივად მუშაობენ იქ და ჩემი ყოფნის დროსაც მოვიდა დიდი მანქანები და გაიტანეს ეს ნარჩენები. გიდასტურებთ,რომ პირველად როცა ვნახე ეს სიტუაცია, იყო დიდი რაოდენობა ნარჩენების, მაგრამ დღეს ნახევრის ნახევარი არის და ტელევიზიის გაშუქებით ეს საქმე არ მოგვარდება. ყურადღება რომ არ მიექციათ, უგულებელყოფილი ყოფილიყო და ისე დაეტოვებინათ ეს საკითხი, ნამდვილად პირველი მე დავდგებოდი იმ ტელევიზიის წინაშე და ამ ხალხის წინაშეც, მაგრამ ამასთან დაკავშირებით რეაგირება ხდება, ყოველდღიურად გააქვთ. ამ საღამოსაც ვაპირებ გადავიდე და ვნახო რა სიტუაციაა. ხელისუფლება რა შუაშია, უბრალოდ, ეს არის კერძო პირის საკუთრება.

- კონკრეტულად ვისია ეს საკუთრება, სამტრედიის რომელიმე კლინიკის საკუთრებაა? ან რა მიზნით გროვდებოდა ეს ნარჩენები იქ?

- ძველი მიტოვებული შენობაა და არ ვიცი ახლა ვის სახელზე ირიცხება.

- ადგილობრივ ხელისუფლებას ინფორმაცია არ გაქვთ ტერიტორია ვის ეკუთვნის?

- არ დავინტერესებულვარ, მაგის დადგენაც არ არის პრობლემა. ყოველდღიურად ხუთი ექვსი მანქანა გადის. დღეს დიდი ტრაილერი იყო კიდევ შემოსული, მე თვითონ ვნახე ჩემი თვალებით რომ გაიტანეს ეს ნაგავი. როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, ეს ნარჩენები ჩადის რუსთავში და იქ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას იწვება.

- ვინ ყრიდა იქ ამ ნარჩენებს? - ამბობენ, ოპერაციის დროს ამპუტირებული სხეულის ნაწილებიც ყრია და საშინელი ანტისანიტარიააო.

-სადაც ეს შენობაა იმის უკან ვცხოვრობ, მეც მაგ სოფელში ვცხოვრობ, არანაირი სუნი არ არის. ჩემი ოჯახის მტერი ვარ, მსგავსი რამ რომ იყოს? მობრძანდით და ნახეთ თქვენი თვალით. რა ამპუტირებული, რის ამპუტირებული სხეულის ნაწილები, ეს არის ტყუილი. უბრალოდ, ეს არის საავადმყოფოდან გამოტანილი ნარჩენები, რასაც ხმარობენ, ნაოპერაციები, შპრიცები და მსგავსი რაღაცები, თორემ რა სხეულის ნაწილები, რას ლაპარაკობთ.

- სამტრედიის რომელი კლინიკიდან არის ეს სამედიცინო ნარჩენები გამოტანილი?

- ვერ გეტყვით ამაზეც ვერაფერს. საიდან რა მოდიოდა, ინფორმაცია არ მაქვს. რამდენიმე დღეა პირადად მე რაც გავიგე, სამი ოთხი დღეა და როგორც გავიგეთ, მაშინვე რეაგირება მოჰყვა. ღამის 11 საათზეც იქ ვიყავით და ვადევნებდით თვალს როგორ გადიოდა ეს ნარჩენები. წინააღმდეგობაში არ წამოსულა არავინ, თვითონ ვისაც ევალება ეგ სიტუაცია ძალიან შეშფოთებულია. რა თქმა უნდა კარგი ფაქტი არ არის, მაგრამ რადგან მოხდა, ხდება ახლა გატანა ამის და ამხელა ხმაური რა საჭიროა.

- ვის ევალებოდა ამის გატანა, ვის გააქვს ახლა ეს ნარჩენები?

- არ ვიცი გენაცვალე. შეიძლება ვისაც ევალებოდა საავადმყოფოდან ამის გატანა ალბათ იმას გააქვს. ვერ გეტყვი ვერაფერს. ყოველდღიურად ხდება ნარჩენების გატანა, აქ რატომ გროვდებოდა, ამაზე პასუხიც არ ვიცი. დაკავებულია მაგასთან დაკავშირებით პიროვნება და საქმის ძიება მიმდინარეობს. დანარჩენი მე არ ვიცი. ჩემთვის მთავარი ის არის, რაც შეიძლება დროულად გაიტანონ მაგ ნაგავი სოფლიდან, თორემ სხვა მეტი ინტერესი არა მაქვს, მე არც არავის დაჭერა მიხარია და არც ნაგვის დაყრა მანდ. არ არის გასახარი და სასიამოვნო ფაქტი, მაგრამ არც ისეთი საგანგაშო არ არის, როგორაც შეფუთა ეს ამბავი "ტვპირველმა". სოფელში სუნი ტრიალებს და მსგავსი რაღაც, არ ხდება. მე თვითონ არც პირბადე მეკეთა, არც არაფერი. ჩვეულებრივად დავდივარ ყოველდღიურად, დღეში ორჯერაც. ამ საღამოსაც უნდა გადავიდე და ვნახო.

- ვინც დააკავეს ადგილობრივია?

- გეტყვით, რომ ერთი პირია დაკავებული, მაგრამ ვერ გეტყვით ვინ არის. ჩემი ინტერესია ნაგვის გატანა. ვიცი, რომ მოხდა მსგავსი ფაქტი, რამდენიმე დღის წინ გავიგე და იმის შემდეგ ოპერატიულად ჩართულები ვართ ყველა ადგილობრივებიც და ჩვენი ზემდგომიც, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ამ ნარჩენების გატანა. საიდან მოჰქონდათ, როგორ ხდებოდა, მეპატრონე ვინ არის, მსგავსთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არა მაქვს და არც მაქვს სურვილი მაგის ცოდნის. ალბათ დროებით ათავსებდნენ. იქ სადაც არის ეს ღუმელი, სადაც იწვება, იქ უნდა წაეღოთ, დიდი რაოდენობით იყო მიტანილი ეს ნარჩენები და ვერ ასწრებდა ეტყობა ქარხანა გადამუშავებას და შეინახეს აქ. გაიტანდნენ რა თქმა უნდა, მაგას ახლა მანდ არავინ დატოვებდა. ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ დროებით შეინახეს და უნდა გაეტანათ, ანუ აგროვებდნენ რაღაც რაოდენობას, რომ ბევრი გაეტანათ მერე ერთად. საავადმყოფოდან რომ არის წამოღებული ფაქტია, მაგრამ არ ვიცი საიდან და რანაირად წამოიღეს. ამპუტირებული რაღაცებიაო რომ ამბობენ, კიდევ ვამბობ, ტყუილია. მე მაგალითად იქ დავდივარ და მსგავსი არაფერი არ მინახია. ჩვეულებრივად ახალგაზრდა ბიჭები მუშაობენ. საერთოდ, ხელი და ფეხი რომ იჭრება ოპერაციის დროს, როგორც ვიცი, ოჯახის პატრონს მიაქვს და სასაფლაოზე მარხავენ. რა უნდა ნარჩენებში იმას. შეიძლება ნაოპერაციები ზეწრები და რაღაცები იყო, მაგრამ ახლა ხელი და ფეხი, თითები და ორგანოები მე იქ არ მინახია. ტყუილია თუ დამიჯერებთ, არავითარი ამპუტირებული სხეულის ნაწილები არ არის მანდ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ფაქტზე გამოძიების დაწყებას. უწყების ცნობით, რამდენიმე დღის წინ დააკავეს სამი პირი და მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 288 მუხლით მიმდინარეობს, რაც გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევას გულისხმობს.

თეა ხურცილავა

(სპეციალურად საიტისთვის)