"ღამით დედაქალაქში უხვი ნალექია მოსალოდნელი, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური სრულ მზადყოფნაშია" - რა ინფორმაციას ავრცელებს დედაქალაქის მერი?
თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და შპს "თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელთან გიორგი პაპავასთან ერთად, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამინდის გაუარესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, თბილისი მოსალოდნელ თოვას მომზადებული დახვდება.
"დღეს ღამე უხვი ნალექია დედაქალაქსა და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე გამოცხადებული. მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური მზადყოფნაშია, შესაბამისი ტექნიკით ყველა საჭირო სამუშაო ჩატარდება გზების გასაწმენდად. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის მადლობას გადავუხდი. წინა დიდთოვლობის დროს მათთან კარგი თანამშრომლობა ჩამოგვიყალიბდა. ოპერატიულად ვიღებდით მონაცემებს, საპატრულო პოლიცია საგზაო უსაფრთხოების განხორციელებაში გვეხმარებოდა. აუცილებლობის შემთხვევაში, არსებობს ცხელი ხაზი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.