რატომ არ დაეხმარა ედუარდ შევარდნაძე ჰეიდარ ალიევს?! - უცნობი ამბები წარსულიდან
თითქმის ოთხი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა იმპერიის მიერ დაპყრობილ ე.წ. მოკავშირე რესპუბლიკებში პოლიტიკური თვითგამორკვევისა და ეროვნული დამოუკიდებლობის საკითხებზე საუბრებმა და კამათმა შიშის ბარიერი გადალახა და კულუარებიდან საჯარო სივრცეში გადაინაცვლა. თავად ვარ ამ პროცესების მომსწრე და მონაწილე, ამიტომ მენდეთ: ეს არ ყოფილა მარტივი და სწრაფად გადასაწყვეტი. კა-გე-ბეს „თვალი“ და „ყური“ ყველგან იყო, მათ შორის - სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულება-ორგანიზაციებში. ისინიც აქტიურად მონაწილეობდნენ „შინაურულ დისკუსიებში“, შემდეგ კი აგენტურულ ცნობა/შეტყობინებას წერდნენ კურატორი ოპერატიული თანამშრომლის სახელზე.
ასე რომ, სიფრთხილე აუცილებელი იყო. საბჭოთა კავშირის მოქალაქეები შიშის სინდრომის დამარცხებას ნაბიჯ-ნაბიჯ ახერხებდნენ და უკვე გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ე.წ. მოკავშირე რესპუბლიკებში იმატა დემონსტრაცია/მიტინგების რაოდენობამაც და მონაწილეთა რიცხოვნობამაც. იქ წამოჭრილი საკითხები თავიდან მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს ეხებოდა, შემდეგ კი - უკვე საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის მოწოდებებმა იმძლავრა. „კრემლი“ ცდილობდა, მრავალრიცხოვანი აგენტურის საშუალებით ემართა ეს პროცესები: რა დასამალია, რომ თავად ე.წ. არაფორმალურ ორგანიზაციებში კა-გე-ბეს აგენტები მრავლად მოქმედებდნენ და ხშირად ყველაზე რადიკალური და არარეალურ/მაქსიმალისტური ლოზუნგებით და მოქმედებებით ისინი გამოირჩეოდნენ. კრემლის გეგმა ამგვარი იყო: ჯერ პროვოკაციების გზით გაეჩაღებინა „ცხელი წერტილები“, შემდეგ - სამხედრო ძალის გამოყენებით სისხლში ჩაეხშო, ხოლო საგანგებო ვითარების გამოცხადების საბაბით, რუსეთის ფედერაციის რეგიონებიდან გადასროლილი სამხედრო ნაწილები და შინაგანი ჯარის დანაყოფები, სხვადასხვა სტატუსით, „ცხელ წერტილებში“ განუსაზღვრელი ვადით დაეტოვებინა.
დღევანდელი გადასახედიდან კარგად ჩანს, რომ 1986-1991 წლების ტრაგიკული მოვლენები ალმა-ათაში, თბილისში, ბაქოში, დუშანბესა და ვილნიუსში „კრემლის“ მიერ კარგად გათვლილი და განსაკუთრებული სისასტიკით ჩატარებული სპეცოპერაციები გახლდათ. მაშინ ამ ქალაქებში მრავალათასიანი დემონსტრაცია/მიტინგების გამართვის მრავალი განსხვავებული და სპეციფიკური მიზეზი არსებობდა, თუმცა საერთო იყო ის სისასტიკე, როგორც მშვიდობიან მოქალაქეებს უსწორდებოდნენ. ყველა ამ სამხედრო სპეცოპერაციაში მონაწილეობას იღებდა კა-გე-ბეს სადაზვერვო დივერსიული დანაყოფი „ალფა“.
დღეს აზერბაიჯანელი ხალხის უდიდეს, „შავ იანვრად“ წოდებულ ტრაგედიაზე, კერძოდ კი - 1990 წლის 20 იანვარს ბაქოს მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკ დარბევაზე ვისაუბროთ.
ჩემი აზრით, ყველაფერი გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ 1987 წლის გაზაფხულზე დაიწყო. განვითარებული მოვლენების მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი გვიჩვენებს, რომ კრემლი, ეშინოდა რა მოკავშირე რესპუბლიკებში, მათ შორის -აზერბაიჯანში, დაწყებული ეროვნული მოძრაობის გაფართოების, ცდილობდა, ისტორიულად არსებული ეთნოკონფლიქტების გაღვივება/პროვიცირებით დაესუსტებინა ეს რესპუბლიკები და როგორც პოლიტიკურად, ასევე - ეკონომიკურად მთლიანად „ცენტრზე“ დამოკიდებული გაეხადა. ეს გეგმა საბჭოთა (ანუ რუსეთის) შეიარაღებულ ძალებსა და სპეცსამსახურებს უნდა განეხორციელებინათ. ბუნებრივია, საბჭოთა კავშირის პირველი პირი, მიხეილ გორბაჩოვი, იწონებდა კა-გე-ბესა და გე-ერ-უს კაბინეტებში შემუშავებულ ამ ღონისძიებებს. უფრო მეტიც: ვფიქრობ, რომ „მართვადი ქაოსის“ პროვოცირება და პროცესების კულისებიდან რეგულირება/წარმართვა გორბაჩოვს და მის თანამზრახველებს საბჭოთა იმპერიის შენარჩუნების ერთადერთ და რეალურ გზად მიაჩნდათ.
1986 წლის 17-18 დეკემბერს ალმა-ათაში დაწყებული სამართლიანი პროტესტი და შემდეგ განვითარებული ტრაგიკული მოვლენები, რაც ყაზახეთის „პოლიტიკური აქსაკალის“, დინმუხამედ კუნაევის თანამდებობიდან გადაყენებას და მის ადგილზე რუსეთიდან მივლენილი, რუსი ეროვნების, გენადი კოლბინის დანიშვნას მოჰყვა, ნამდვილი „ცივი შხაპი“ იყო გორბაჩოვისთვის. ეს „ცენტრის“ სისუსტეს აჩვენებდა და შეიძლება სხვა მოკავშირე რესპუბლიკებისთვისაც მაგალითი გამხდარიყო.
„კრემლისთვის“ განსაკუთრებით საგანგაშო სამხრეთ კავკასია იყო: ენერგორესურსებით მდიდარი აზერბაიჯანი ადრე თუ გვიან დამოუკიდებლობის გზაზე დადგებოდა; მუდმივად ურჩი და თავნება ქართველებიც არასდროს იყვნენ სანდო: ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ცდილობდნენ რუსეთის იმპერიისგან დასხლტომას და „პერესტროიკა-გლასტნოსტის“ დროს ხომ უარესს იზამდნენ? რჩებოდა სომხეთი: მუდამ ერთგული ქვეშევრდომი და მუდამ მოსკოვის იმედად მყოფი. ამიტომ „ცენტრმა“ მაშინ ჯერ „ყარაბაღის ნაღმი“ ააფეთქა და აშკარად სომხეთს მიემხრო. ეს ისტორიული კონფლიქტი ხან მინავლდებოდა და ხან ახალი ძალით გაჩაღდებოდა ხოლმე. 1987 წლის ზაფხულიდან ყარაბაღისა და სომხეთის გაერთიანების პროვოკაციული მოთხოვნებით იწყება „საინფორმაციო ომი“ აზერბაიჯანის წინააღმდეგ. ეს მოთხოვნები და ისტორიული დასაბუთებები საბჭოთა „სამხრეებიანი მეცნიერებისა“ და „სამხრეებიანი ჟურნალისტების“ მიერ იწერებოდა და „ცენტრში“ იგზავნებოდა. აზერბაიჯანის დასუსტებას და დამორჩილებას ერთი კაცი უშლიდა ხელს, რომელიც მოსკოვში ძალზე დიდ თანამდებობაზე მუშაობდა: ეს პიროვნება სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და პოლიტბიუროს წევრი, იური ანდროპოვის პროტეჟე, ჰეიდარ ალიევი (1923-1983) გახლდათ. ერთხელ კიდევ გავიხსენოთ მისი ძალზე

იური ანდროპოვი და ჰეიდარ ალიევი
საინტერესო ბიოგრაფიის მთავარი მოვლენები. ჰეიდარ ალიევი, რომელიც სრულიად ახალგაზრდა ჩაირიცხა აზერბაიჯანის სსრ უშიშროების ორგანოებში, 1964 წელს აზერბაიჯანის სუკ-ის თავჯდომარის მოადგილედ, ხოლო 1967 წელს თავმჯდომარედ დანიშნეს. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ალიევის მფარველად საკავშირო სუკ-ის თავმჯდომარე იური ანდროპოვი გვევლინება. ორი წლის შემდეგ ალიევი უკვე აზებაიჯანის ცეკას პირველი მდივანია. სტალინის ეპოქის შემდეგ (როდესაც ლავრენტი ბერია “ჩეკადან“ პირდაპირ „ცეკაში“ აღმოჩნდა) ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სპეცსამსახურების შეფი რესპუბლიკის პირველ პირად “აირჩიეს”.
1972 წელს თითქმის ანალოგიური დანიშვნა განხორციელდა საქართველოშიც: შსს-ს მინისტრი ედუარდ შევარდნაძე საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი გახდა (მანამდე, მცირე ხნით, თბილისის ქალაკომის მდივნად წაიმუშავა), რაშიც მას მილიციის საკავშირო მინისტრი, ბრეჟნევის პროტეჟე ნიკოლაი შჩოლოკოვი დაეხმარა. არავისთვის იყო საიდუმლო ანდროპოვსა და შჩოლოკოვს შორის არსებული დიდი დაპირისპირება. საბჭოთა მილიცია ანდროპოვს კორუფციის სათავედ მიაჩნდა, მისი ბრძანებით, ფარულად მიმდინარეობდა კომპრომატების შეგროვება მილიციის მაღალჩინოსნებზე და მათი ოჯახის წევრებზე. 1982 წლის ნოემბერში საბჭოთა იმპერიის სათავეში იური ანდროპოვი მოვიდა და მაშინვე დაიწყო რეპრესიები შჩოლოკოვისა და მისი პროტეჟეების მიმართ. იმავე წლის 18 დეკემბერს შჩოლოკოვი გაათავისუფლეს თანამდებობიდან და გარიცხეს პარტიიდან. 1984 წლის 13 დეკემბერს კი, დაპატიმრების თავიდან აცილების მიზნით, ნ. შჩოლოკოვმა თავი მოიკლა.
ი. ანდროპოვი აპირებდა მისთვის არასასურველი პარტიული მუშაკების შეცვლას, არსებული ინფორმაციით, შავი ღრუბლები ჩამოწვა ედუარდ შევარდნაძის თავზეც, მაგრამ ახალი გენმდივნის ფავორიტის, ჰეიდარ ალიევის და საქ. ცეკას ყოფილი პირველი მდივნის, კანდიდ ჩარკვიანის დახმარებით მან შეძლო სიტუაციის დროებით განმუხტვა. ამ დროს კი მძიმე ავადმყოფობის გამო, ანდროპოვი გენსეკად არჩევიდან ექვსი თვის შემდეგ კრემლის საავადმყოფოში მოათავსეს, საიდანაც არც გამოსულა და 1984 წლის 9 თებერვალს გარდაიცვალა. მაშინ ბევრი პარტიული ლიდერი გადაურჩა, არა მხოლოდ მოხსნას. ამ მოვლენების შემდეგ, 1985 წლის ივნისში, ე. შევარდნაძე ყველასთვის მოულოდნელად სსრკ-იდ საგარეო საქმეთა მინისტრად და პოლიტბიუროს წევრად მოგვევლინა.

მიხეილ გორბაჩოვი და ჰეიდარ ალიევი
ჰეიდარ ალიევის მდგომარება მყარი ჩანდა: მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა გორბაჩოვთან და, თითქოსდა, არაფერი მოასწავებდა მათ დაპირისპირებას. თუმცა 1987 წლის გაზაფხულიდან დაიწყო ღია ზეწოლა ჰეიდარ ალიევზე. მოთხოვნა ერთი იყო: ის უნდა გადამდგარიყო პოსტიდან და გასულიყო პენსიაზე. ალიევი ჯიუტობდა.
1987 წლის 11 მაისს მან სამსახურში ისაუზმა. ნახევარი საათის შემდეგ თავი იმდენად ცუდად იგრძნო, რომ ექიმებმა ჰეიდარ ალიევი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გასაკვირი იყო, რომ სრულიად ჯანმრთელ ალიევს, რომელიც სიგარეტს თითქმის არ ეწეოდა, შოტლანდიური ვისკის ან ამერიკული ბურბონის მხოლოდ რამდენიმე ყლუპს თუ მიირთმევდა და მუდმივად ექიმების მეთვალყურების ქვეშ იყო, მოულოდნელად უმძიმესი ინფარქტი დაემართა. კა-გე-ბეს მე-9 სამმართველოს ექიმები დაჟინებით ურჩევდნენ ალიევს, განცხადება გადადგომის შესახებ სასწრაფოდ, პალატაშივე დაეწერა. საბჭოთა კავშირის ჯანდაცვის მინისტრი ევგენი ჩაზოვიც იმავეს „ურჩევდა“. ალიევი უარზე იყო. გორბაჩოვმა ამდენი აღარ იცადა და მესამე დღესვე, მძიმე ავადმყოფობის მიზეზით, გაათავისუფლა 64 წლის ჰეიდარ ალიევი თანამდებობიდან და გამოიყვანა პოლიტბიუროს შემადგენლობიდან.
ასევე დაგაინტერესებთ: რუსთაველის გამზირი: "კაგებეს" საცდელი პოლიგონი?! - საიდუმლო ნივთიერება, რომლითაც ქართველები დაწამლეს
ვითომ შემთხვევით დაემთხვა ამ მოვლენებს მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის სომხეთთან შეერთების მოთხოვნების გააქტიურება?
1988 წლის გაზაფხულზე გორბაჩოვის რეპრესიებში უმცროსი ალიევიც მოჰყვა. ილჰამ ალიევი, რომელმაც საკანდიდატო დისერტაცია 1985 წელს დაიცვა და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის ლექტორი იყო, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ეს ინსტიტუტი სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო და შევარდნაძეს უპრობლემოდ შეეძლო საკითხის გადაწყვეტა. ჩანს, რომ ჰეიდარ ალიევს პირდაპირი კონტაქტი აღარ ჰქონდა შევარდნაძესთან - მან მინისტრის მისაღებში (!) დარეკა და ითხოვა, შევარდნაძეს, როდესაც დრო ექნებოდა, მისთვის დაერეკა, თუმცა „დიდი გურული“ გულმავიწყი აღმოჩნდა და ჰეიდარ ალიევს ამაგი არ დაუფასა. ალბათ, გორბაჩოვის განაწყენებას მოერიდა.
1988 წლიდან ჰეიდარ ალიევი მოსკოვში კა-გე-ბეს მეთვალყურეობის ქვეშ, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში ცხოვრობდა და სამშობლოში დაბრუნება აკრძალული ჰქონდა. 1990 წლის 19 იანვარს მოულოდნელად საბჭოთა იმპერიის ხელმძღვანელმა მიხეილ გორბაჩოვმა პენსიონერ ჰეიდარ ალიევს სახლში დაურეკა. მათ შორის ძალზე დაძაბული საუბარი გაიმართა.
(მეათე ნაწილის დასასრული)