"კიევის ევროპელმა მოკავშირეებმა პუტინის წინაშე „თავი დახარეს“: უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ჯარები რუსეთის თანხმობის გარეშე ვერ შევლენ" - The Daily Telegraph
„კიევის ევროპელმა მოკავშირეებმა პუტინის წინაშე „თავი დახარეს“: უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ჯარები რუსეთის თანხმობის გარეშე ვერ შევლენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) ჟურნალისტების - ჯო ბარნსისა და ანტონინა ლენგფელდის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც განხილულია უკრაინაში სამშვიდობო ძალების სავარაუდო გაგზავნის საკითხი: რამდენად არის შესაძლებელი ევროპელი მშვიდობისმყოფლების შესვლა ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ტერიტორიაზე, როდის შეიძლება განხორციელდეს სამშვიდობო ოპერაცია და როგორი იქნება რუსეთის რეაქცია?!
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„უკრაინის დახმარების მსურველთა კოალიცია“ თავის სამშვიდობო ძალებს უკრაინაში „მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგზავნის, თუ ამაზე რუსეთი დათანხმდება“, - იტყობინება საქმეში ჩახედული წყარო, რომელიც ვითარებას კარგად იცნობს.
უკრაინის მოკავშირეებმა კერძო საუბრებში აღიარეს, რომ კიევში სამშვიდობო ძალების გაგზავნა ვლადიმერ პუტინის თანხმობის გარეშე არ მოხერხდება. „ეს ნიშნავს, რომ ფრანგულ-ინგლისური გეგმა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაკონტროლებისა და მასზე ზედამხედველობის მიზნით, ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაიშალოს, თუ ამას კრემლი მოისურვებს“, - ამბობენ წყაროები, დიპლომატიურ და სამხედრო წრეებიდან.
უკრაინის მოკავშირეებს შორის არსებული შიდაწინააღმდეგობები, რომლებიც ომის მე-4 წლისთავზე გამოვლინდა, კიევისათვის მტკივნეულ დარტყმას წარმოადგენს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 თებერვალს ათეულამდე ევროპელი პოლიტიკოსი და მაღალჩინოსანი მიიღო, რომლებიც უკრაინისადმი სოლიდარობის გამოვლენის მიზნით კიევში ჩავიდნენ.
პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო ვირტუალურ შეხვედრაშიც, „დახმარების მსურველთა კოალიციის“ ლიდერებთან, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის - კირ სტარმერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის - ემანუელ მაკრონის თავმჯდომარეობით, სადაც ევროპული სამშვიდობო დიპლომატიის მიმდინარეობა განიხილეს. როგორც ცნობილია, 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე, უკრაინელი და რუსი ოფიციალური პირები, ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ, მაგრამ სიტუაცია „მკვდარი წერტილიდან არ დაძრულა“.
პრობლემა ის არის, რომ ვლადიმერ პუტინი მტკიცედ იცავს თავის მოთხოვნებს, უკრაინის მიმართ დონბასის იმ ტერიტორიის დათმობაზეც, რომელსაც რუსეთის არმია ჯერ კიდევ ვერ აკონტროლებს. კიდევ ერთ მნიშვნელოვან გადაუჭრელ საკითხად - „დაბრკოლების ლოდად“ რჩება უკრაინისათვის სამომავლო უსაფრთხოების უზრუნველმყოფი გარანტიების მიცემა.
დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ვალდებულება აიღეს უკრაინაში ჯარისა და შეიარაღების შეყვანაზე, ომის მშვიდობიანად დასრულების გეგმის ჩარჩოებში, რათა თავიდან იქნას აცილებული რუსეთის განმეორებითი შეჭრა. 26 ქვეყნისგან ჩამოყალიბებულმა „მოხალისეთა კოალიციამ“, რომელშიც შევიდნენ ევროკავშირის წევრები, აგრეთვე - თურქეთი, ნორვეგია და ისლანდია, უკრაინას თანადგომა აღუთქვეს.
მაგრამ როგორც ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დიპლომატიურმა წყარომ აღნიშნა, თვითონ მოისმინა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომ ისინი სამშვიდობო სამხედრო ქვედანაყოფებს უკრაინაში „მხოლოდ რუსეთის თანხმობის მიღების შემდეგ გაგზავნიან“.
გარდა ამისა, არის იმის შიშიც, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვლადიმერ პუტინი ევროპის სამშვიდობო ძალების შეყვანაზე უარს იტყვის, ევროპელები კი მაინც შეეცდებიან განზრახვის შესრულებას, მაშინ კრემლისთვის ნებისმიერი უცხოური სამხედრო ძალა (სამშვიდობო თუ არასამშვიდობო) უკრაინის ტერიტორიაზე მის კანონიერ სამხედრო სამიზნედ გადაიქცევა. „თუ რუსეთი იტყვის, რომ იგი შეყვანას არ ეთანხმება და ევროპულ ძალებს სამიზნედ ჩათვლის, მაშინ სიტუაცია გამწვავდება. ამრიგად, რუსეთის თანხმობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - აღიარა წყარომ.
მეორე დიპლომატმა მოსაუბრემ ევროპული ძალების უკრაინის ტერიტორიაზე სავარაუდო შეყვანას „ჰიპოთეტური“ უწოდა - იმიტომ, რომ ვლადიმერ პუტინი ნატოს ჯარების განლაგებას უკრაინაში არ შეურიგდება.
თავდაპირველი 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც რუსი და ამერიკელი ჩინოვნიკების მონაწილეობით იყო შემუშავებული, არ ითვალისწინებდა უკრაინაში დასავლური ალიანსის ჯარების გაგზავნას, მშვიდობის შესანარჩუნებლად. პუნქტი, რომელიც ნატოს ძალების შეყვანას გულისხმობდა, 20-პუნქტიანი კორექტირებული გეგმის ბოლო ვერსიიდან ამერიკელი, უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირების მიერ უკვე ამოღებულია.
კრემლი არაერთგზის აცხადებდა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შეყვანილ ნებისმიერ ევროპულ სამხედრო ძალას დაარტყამს და გაანადგურებს. ორი დღის წინ „ცეცხლზე ნავთი დაასხა“ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა, რომლის ბრალდებით, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისადმი ბირთვული იარაღის გადაცემას აპირებს და ამ მიზნით, შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
კრემლის მაღალჩინოსანმა - მრჩეველმა იური უშაკოვმა უკვე განაცხადა, რომ ამ საკითხის წამოწევას ვაშინგტონში აპირებს და თუ იგი ნამდვილად ასე გააკეთებს, მისმა ნაბიჯმა შეიძლება, მოლაპარაკების ჩაშლა გამოიწვიოს.
„უკრაინის დახმარების მსურველთა კოალიციის“ ერთობლივი განცხადების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას გააძლიერებენ, „მათ შორის - დამატებითი სანქციების მეშვეობითაც“. დიდმა ბრიტანეთმა, თავის მხრივ, უკვე გამოაცხადა ახალი ანტირუსული სანქციების პაკეტის რეალიზება, რომელიც, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი და მოცულობითია, ომის დაწყებიდან. ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რიუტეს მიერ ბრიუსელში გაკეთებული განცხადების თანახმად, „უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ გააგრძელოს სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების მიღება, რუსეთის დარტყმების თავიდან აცილებისა და ფრონტის ხაზის შენარჩუნების მიზნით“.
„მხოლოდ დაპირებებით ომი არ დასრულდება“, - აღნიშნა მარკ რიუტემ და კიევის მოკავშირეებს სამხედრო დახმარების გაფართოებისაკენ მოუწოდა: „დღეს უკრაინას საბრძოლო მასალები სჭირდება და თანაც - ყოველდღიურად, თორემ ისე სისხლისღვრა არ შეჩერდება“.
ევროკავშირის ლიდერები, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ანტონიუ კოშტას ჩათვლით, სამშაბათს კიევში, ფაქტობრივად, ცარიელი ხელებით ჩავიდნენ, რადგანაც ვერ მოახერხეს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მე-20 პაკეტის მიღება: უნგრეთმა ვეტო დაადო როგორც ანტირუსულ ზომებს, ასევე - კიევისათვის გამოყოფილ დახმარებას, 90 მილიარდი ევროს რაოდენობით. როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ვოლოდიმირ ზელენსკის მილსადენ „დრუჟბას“ აფეთქებაში ადანაშაულებს, რითაც რუსული ნავთობი უნგრეთს და სლოვაკეთს მიეწოდება.
„ჩვენ არაფერში მხარს არ დაგიჭერთ, იმედი ნუ გექნებათ: არც ფულს მოგცემთ, არც მშვიდობისმყოფელ ჯარისკაცებს გამოვგზავნით და თქვენს მხარეს არ ვიომებთ“, - ასე განაცხადა ბუდაპეშტში გაბრაზებულმა ვიქტორ ორბანმა ვოლოდიმირ ზელენსკის გასაგონად.
ასევე დაგაინტერესებთ: სკანდალური სტატია: „ღალატი უკრაინის მიმართ - ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ღალატი, რაც კი ამერიკას ჩაუდენია“ - The Guardian
სამუშაოდ ქცეული ჯოჯოხეთი: "როდის დამთავრდება ომი? ეს უაზრო კითხვაა" - The New York Times
სკანდალური სტატია: რაკეტა "ფლამინგოს" პროექტი ჩაიშალა?! - უკრაინის სამხედრო მრეწველობის დილემა
კიევის ქუჩებში გავლისას „დეილი ტელეგრაფის“ კორესპონდენტი იქვე მყოფ ბრიტანეთის ექსპრემიერს - ბორის ჯონსონს გაესაუბრა: „ახლა ის დროა, რომ დასავლეთმა ძალების კონცენტრირება მოახდინოს... ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს დიდმა ბრიტანეთმა უნდა უხელმძღვანელოს, ვლადიმერ პუტინს უფრო მეტად მიაწვეს... კრემლი ვერ გრძნობს საკმარის ზეწოლას, რომ ომი შეწყვიტოს, ჩვენ კი უნდა ვაგრძნობინოთ“, - აცხადებს ბორის ჯონსონი.
ექსპრემიერის თქმით, აუცილებელია, რომ უკრაინის არმიამ მიიღოს როგორც ამერიკული რაკეტები - „ტომაჰავკები“, ისე - გერმანული „ტაურუსები“, რათა ააფეთქონ და მწყობრიდან გამოიყვანონ რუსეთის ქარხნები... ევროპამ მკაცრი ზომებით ხელი უნდა შეუშალოს რუსული ნავთობის ექსპორტს და უკრაინას უნდა მისცეს გაყინული რუსული აქტივები.
„ვიდრე ვლადიმერ პუტინი არ მიხვდება, რომ ჩვენ მართლაც სერიოზულად ვართ განწყობილნი, იგი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება. ჩვენ კრემლი უნდა ვაიძულოთ“, - ხაზი გაუსვა ბორის ჯონსონმა.
მოამზადა სიმონ კილაძემ