ირანში ომის მოლოდინში, პაკისტან-ავღანეთის ომი დაიწყო - რა არის ესკალაციის მთავარი მიზეზი?!
„...პაკისტანმა ყველა ღონე იხმარა ნორმალური სიტუაციის შესანარჩუნებლად, პირდაპირი საშუალებებით და მეგობარი ქვეყნების მეშვეობით. ჩვენი მოთმინების ფიალა აივსო. ახლა ჩვენსა და თქვენს შორის ღია ომია... ახლა ეს სისხლიანი ომი იქნება… “, - დაწერა დღეს დილით სოციალურ ქსელში პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა ხავაჯა ასიფმა, რასაც ცოტა ხანში მოჰყვა საჰაერო დარტყმები ავღანეთის სასაზღვრო საგუშაგოებზე, ასევე, დაიბომბა ყანდაარი და თვით ქაბულიც...
ქაბულსა და ისლამაბადს შორის ურთიერთობები ბოლო თვეების განმავლობაში მკვეთრად გაუარესდა. პაკისტანი ავღანეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს პაკისტანის რადიკალური დაჯგუფებების, პირველ რიგში, „ტეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანის“ (TTP) საქმიანობის შეზღუდვაში, რომელიც, ისლამაბადის თქმით, ავღანეთის ტერიტორიას პაკისტანის ძალებზე თავდასხმისთვის იყენებს. ქაბული უარყოფს ამ ბრალდებებს.
27 თებერვალს ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე ბრძოლები კვლავ გამწვავდა. ქაბულმა პაკისტანის საჰაერო დარტყმების საპასუხოდ სასაზღვრო რაიონებში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. ისლამაბადმა, თავის მხრივ, მმართველი ავღანური მოძრაობის, თალიბანის ძალების წინააღმდეგ ოპერაცია - „ღაზაბ ლილ-ჰაკის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა. პაკისტანმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ავღანეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის - დედაქალაქ ქაბულში, იტყობინება „ალ ჯაზირა“, წყაროზე დაყრდნობით. პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა ათაულა ტარარმა განაცხადა, რომ ოპერაციის შედეგად, სულ მცირე, 133 თალიბანის მებრძოლი დაიღუპა, 200-ზე მეტი დაიჭრა და ათობით სამხედრო ობიექტი განადგურდა. ავღანეთის ძალები აცხადებენ, რომ მათმა ძალებმა დარტყმები განახორციელეს და 50-ზე მეტი პაკისტანელი ჯარისკაცი მოკლეს, რომელთაგან ზოგიერთი ტყვედ ჩავარდა. ამ განცხადების დამოუკიდებელი დადასტურება არ არსებობს.
პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა თალიბანის მთავრობა დაადანაშაულა „ავღანეთის ინდოეთის კოლონიად გადაქცევაში“, „მთელი მსოფლიოდან ტერორისტების შეკრებასა და ტერორიზმის ექსპორტში“, „ინდოეთის მარიონეტებად გახდომაში“ და იმაშიც, რომ „მათ საკუთარ ხალხს წაართვეს ადამიანის ძირითადი უფლებები. მათ წაართვეს ისლამის მიერ ქალებისთვის გარანტირებული უფლებები“...
როგორ შეიძლება განვითარდეს პაკისტან-ავღანეთს შორის დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც სწრაფად იღებს სრულფასოვანი ომის სახეს?
ერთი შეხედვით, შეიძლება მოულოდნელად ჟღერს, როდესაც პაკისტანს, რომელიც ყველანაირად ეხმარებოდა ავღანელ მოჯაჰედებს, 1979-89 წლებში საბჭოთა საოკუპაციო არმიასთან ბრძოლაში და 2001-2021 წლებში ავღანელ თალიბებსაც გარკვეულ ფარულ მხარდაჭერას უწევდა, ამერიკელების წინააღმდეგ მოქმედებებში, ერთმანეთთან ისე დაეძაბათ ურთიერთობა ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, რომ საქმე ერთმანეთის ქალაქების დაბომბვებამდე მივიდა, მაგრამ აქ არის კანონზომირება...
2021 წელს ქაბულში გამარჯვებულის რანგში შესულ თალიბანს თავში აუვარდა და ჩათვალა, რომ თუკი შეეძლო მისი მშობლიური ავღანეთიდან ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების ასე სამარცხვინოდ გაყრა, ოცწლიანი პარტიზანული ომის შემდეგ, მაშინ თალიბანს შესწევდა იმის ძალაც, რომ „თალიბანური წესრიგის“ ექსპორტი განეხორციელებინა მეზობელ მუსლიმურ ქვეყნებშიც, რომელთა შორის პირველი სწორედ პაკისტანი აღმოჩნდა, სადაც დიდი ხანია, არაკანონიერად მოქმედებს პაკისტანის რადიკალური დაჯგუფება „ტეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანი“.
ქაბულელი თალიბების ლიდერებს სურთ, პაკისტანურმა „თალიბანმა“ ისლამაბადში ხელისუფლება ძალის გამოყენებით ჩაიგდოს ხელში და შეიქმნას „თალიბანის ჰალიფატი“, რომელიც შემდგომ უკვე იმავეს გამეორებას ეცდება მეზობელ, ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში -ტაჯიკეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში...
ავღანელი თალიბების ლიდერები ნელ-ნელა იხსნიან „საერთშორისო ტერორისტის“ მანტიას და უკვე ოფიციალურ შეხვედრებს ატარებენ მოსკოვში, დელიში, დოჰაში...
გასაგებია, რომ ავღანელ თალიბებს „ისლამური რევოლუციების“ ექსპორტი სურთ, მაგრამ ხომ არ წაიტეხენ ისინი კისერს პაკისტანის სამხედრო მანქანასთან, პირველივე დიდ ბრძოლებში?
ამერიკელების და მათი მოკავშირეების ავღანეთიდან 2021 წელს სწრაფად გასვლის შემდეგ, ავღანელ თალიბებს ალაფის სახით დარჩათ ათი ათასობით ამერიკული ავტომატური შაშხანა და ტყვიამფრქვევი, ასობით ჯავშანმანქანა, ათობით ჰაუბიცა და შვეულმფრენი, რამაც მათ ლიდერებს შეიძლება შეუქმნა იმის განცდა, რომ ამიერიდან თალიბების არმიას მეზობელი ქვეყნის დამარცხებაც ძალუძს, თუმცა ეს ძალიან დიდი შეცდომაა მათი მხრიდან.
ასევე დაგაინტერესებთ: გასაბერი ტანკები: სჭირდება თუ არა ეს ქართულ არმიას - როგორ მოვატყუოთ მოწინააღმდეგე?!
დრონები, დრონები... დრონები ჩქარა! - რა სჭირდება ყველაზე მეტად ქართულ არმიას?
საქმე ის არის, რომ შეიარაღება, რითაც ორი ათეული წლის განმავლობაში პენტაგონი ამარაგებდა ავღანეთის პროამერიკული ხელისუფლების რეგულარულ ავღანურ არმიას, ძირითადად, განკუთვნილი იყო თალიბების წინააღმდეგ პარტიზანული ომის საწარმოებლად, შესაბამისად, სახლებში გაქცეული ავღანური არმიის საწყობებიდან თალიბებს არ დარჩათ ისეთი შორსმოქმედი საბრძოლო საშუალებები -ბომბდამშენი თვითმფრინავების, დამრტყმელი შვეულმფრენებისა და „ჰაიმარსის“ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების სახით, რომლებითაც თალიბებს შეეძლებოდათ, მტკივნეული საჰაერო დარტყმები მიეყენებინათ პაკისტანელებისთვის, მათივე ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში.
ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი თხევადსაწვავიანი „ელბრუსის“ (რომელსაც დასავლეთში „სკადს“ უწოდებენ) ტიპის რამდენიმე ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის (რომლებიც თალიბებმა ქაბულში, აღლუმზე ჩაატარეს) საბრძოლო მზადყოფნა კი ძალიან დიდ ეჭვს იწვევს...
მეორე მხრივ, ბირთვული შეიარაღების მქონე პაკისტანის განკარგულებაშია ისეთი თანამედროვე ადგილობრივი და ჩინური წარმოების საბრძოლო თვითმფრინავები და სარაკეტო კომპლექსები, რომლებითაც გასულ წელს, ინდოეთთან რამდენიმედღიანი საბრძოლო შეტაკების დროს, ისლამაბადმა დელი, ფაქტობრივად, დაჯაბნა და მტკივნეული საბრძოლო დანაკლისი მიაყენა ინდოეთის საჰაერო ძალებს...
შესაბამისად, პაკისტანის არმიის უპირატესობა ავღანეთის ცაში სრული იქნება, რადგან თალიბებს „სტინგერზე“ უფრო ძლიერი საჰაერო თავდაცვის საშუალება რეალურად არც აქვთ ანუ მათ არ შეეძლებათ 4 კმ-ზე მაღლა მფრენი პაკისტანური საბრძოლო თვითმფრინავების დაზიანება/ჩამოგდება.
თუმცა, თუკი „სტინგერიანი“ თალიბები ჰინდიქუშის მთების მწვერვალებზეც აცოცდებიან, როგორც ამას მოჯაჰედები საბჭოთა ავიაციის წინააღმდეგ აკეთებდნენ, მაშინ „სტინგერით“ ათ კმ სიმაღლეზე მფრენ თვითმფრინავებსაც კი მიწვდებიან.
ის, რომ პაკისტანის თავდაცვის მინისტრი ავღანელი თალიბების უკან ინდოეთის „ფარულ ხელს“ ხედავს, შემთხვევითი სულაც არ არის, რადგან პაკისტან-ინდოეთის ისტორიული დაპირისპირების ფონზე, ასეთი ქმედებები მუდმივად შეიმჩნეოდა.
არც ის არის შემთხვევითი, რომ როდესაც ყარაბაღის პრობლემის გამო, პაკისტანს დღემდე არ უღიარებია სომხეთის დამოუკიდებლობა და ისლამაბადი ღიად უჭერდა მხარს ბაქოს, დელიმ პაკისტანელების ჯინაზეც, ინდური სარაკეტო და საარტილერიო დანადგარებით დაიწყო სომხეთის არმიის გადაიარაღება...
პაკისტან-ავღანეთის შეიარაღებული დაპირისპირება რუსეთ-უკრაინის სრულფასოვანი, ფართომასშტაბიანი და დროში გახანგრძლივებული ომის სახეს ვერ მიიღებს -პაკისტანელების საჰაერო დარტყმებს მოჰყვება ავღანელი თალიბების შეტევები საზღვრისპირა რაიონებში, თუმცა პაკისტანელი თალიბების დახმარებით, მოსალოდნელია, სისხლიანი ტერორისტული აქტების სერიის განხორციელება პაკისტანურ ქალაქებში...