რატომ და როგორ იქცა ოთარ ფარცხალაძე ხელისუფლების მტრად: გია ხუხაშვილის ანალიზი -"ეს არის მძიმე პროცესი, რომელიც პოლიტიკურ და კრიმინალურ სივრცეებს ერთ - კვირის პალიტრა

რატომ და როგორ იქცა ოთარ ფარცხალაძე ხელისუფლების მტრად: გია ხუხაშვილის ანალიზი -"ეს არის მძიმე პროცესი, რომელიც პოლიტიკურ და კრიმინალურ სივრცეებს ერთმანეთში ხლართავს"

ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებების წარდგენა და მათ შორის ყოფილი გენპროკურორ ოთარ ფარცხალაძის ფიგურირება, ბაჩიაშვილის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლება, ელისო კილაძის დაკავება - ეს არის ჩამონათვალი, რომლებზეც პოლიტიკის ანალიტიკოსი­ გია ხუხაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და აცხადებს, რომ გახმაურებული საქმეები არა მხოლოდ ცალკეულ პერსონებს, არამედ სისტემურ პრობლემებსაც წარმოაჩენს.

- ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვხედავთ, რომ დანაშაული სისტემური ხასიათისაა. ხელისუფლება ტრაგიკომიკურად ცდილობს აირიდოს პასუხისმგებლობა სისტემურ კორუფციაზე, რომლითაც გაჟღენთილი იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და საკითხს პერსონალური ხასიათი მისცეს.

ფრთიანი ფრაზა წარმოთქვა კახა კალაძემ, მე მხოლოდ საკუთარ თავზე ვაგებ პასუხსო. წარმოიდგინეთ, ქალაქის მერი ამბობს ამას. "ქართული ოცნება"“ისე იქცევა, თითქოს ოთარ ფარცხალაძე არ იყო ხელისუფლების წარმომადგენელი, თანაც დომინანტური ფიგურა, რომელიც თავდაპირველად ფორმალურად, შემდეგ კი არაფორმალურად აკონტროლებდა ძალოვან სისტემას. მმართველი გუნდის ლიდერები ახლა ამბობენ, რომ პასუხისმგებლები არ არიან და ყველაფერში ფარცხალაძეა დამნაშავე, რაც სრული აბსურდია. დანაშაულები მათი მითითებებით სრულდება და თითოეულ ეპიზოდში ათეულობით, ზოგჯერ ასეულობით ადამიანია ჩართული. ამიტომ ეს სისტემური პრობლემაა.

- როდესაც ვაშინგტონმა ფარცხალაძე­ რუსეთის ინტერესების აგენტად გამოაცხადა,­ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციებმა­ კანონის დონეზე არა მხოლოდ ფარცხალაძის, მისი ფინანსური ინტერესების დაცვაც უზრუნველყ­ვეს.­ წლების განმავლობაში ძალოვანი სტრუქტუ­რების დომინანტური ფიგურა როგორ მოექცა სისტემის "პერსონალური ბოროტების" როლში?

- მაშინ ფარცხალაძე ხელისუფლებას განასახიერებდა, ამიტომ ხელისუფლება ფარცხალაძეს კი არა, საკუთარ თავს იცავდა. ის კარნახობდა თამაშის წესებს და გადაწყვეტილებებსაც თავად იღებდა. ირაკლი კობახიძე უფრო შემსრულებლის როლში იყო. იგივე შეიძლება ითქვას ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავაზე, რომელმაც დანაშაულებრივი დავალება შეასრულა და ფარცხალაძის ფინანსურ ინტერესები დაიცვა. ეს იმიტომ კი არ გააკეთა, რომ სისტემის ლოგიკით იმოქმედა.

- როგორ დაკარგა ფარცხალაძემ ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბერკეტები?

- გრძელი ისტორიაა, თუმცა ფაქტია, რომ მოხდა გადაჯგუფება, ერთი ინტერესთა ჯგუფი მეორემ ჩაანაცვლა. ასეთ დროს ახალი ჯგუფი ცდილობს ყველა პრობლემაზე პასუხისმგებლობა წინამორბედს დააკისროს. შემდეგ იგივე ციკლი მეორდება - მომავალში პასუხისმგებლობა სხვას გადაბრალდება და ასე ვიტრიალებთ ერთ წრეზე. თუ გუშინ ქოლცენტრებს ფარცხალაძე და ლილუაშვილი, დღეს კი სხვა ფიგურები აკონტროლებდნენ, სახელმწიფოსთვის არსებითად რა შეიცვალა? ახლა ამას გვაწვდიან, როგორც კორუფციასთან ბრძოლას, თუმცა რეალურად ამ ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლის რესურსი არ გააჩნია. ავტორიტარული ტიპის რეჟიმებში კორუფცია ხშირად სისტემის შენარჩუნების მექანიზმად იქცევა. სისტემა მუდმივ რესურსს საჭიროებს, რასაც ოფიციალური შემოსავლები ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ ჩნდება ე.წ. გვერდითი შემოსავლები - კორუფცია, კრიმინალური საქმიანობა, ქოლცენტრები და სხვა მსგავსი სქემები.

- ფარცხალაძემ განაცხადა, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ საქმე უცხოელი პატრონების დავალებით არის შეთხზული.

- ისიც თქვა, რომ საქმე ეხება ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ჯგუფებს. ეს, ცხადია, განხილვის თემაა, თუმცა ჩვენ ვაკვირდებით დაპირისპირებას სხვადასხვა გავლენის ჯგუფს შორის. ეს არის მძიმე პროცესი, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ და კრიმინალურ სივრცეებს ერთმანეთში ხლართავს და, სამწუხაროდ, მთელი ქვეყანა ამ დაპირისპირების ფონზე ცხოვრობს.

- შეიძლებოდა თუ არა, რომ ფარცხალაძეს ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენის საქმეში გარკვეული როლი ჰქონოდა და ახლა ამ როლის ვერშესრულებისთვის­ ისჯებოდეს?

- დღეს ქვეყნებს შორის ისეთი ტიპის ურთიერთობაა, რომ ფარცხალაძე კი არა, ნებისმიერი სხვა ფიგურა რომ ჩამოვიდეს, ამ ურთიერთობების დალაგების რესურსი­ არ არსებობს. პერსონალიებზე არაფერია დამოკიდებული. ჩვენ გვაქვს სისტემური პრობლემა, ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და ამავე დროს უპირისპირდება­ იმ საერთაშორისო სივრცეს, რომლისკენაც ჩვენ კონსტიტუციურად მივისწრაფვით, ორმხრივად ვერ დავალაგებთ ურთიერთობებს. ამას სჭირდება მრავალმხრივი ძალისხმევა და არა პერსონალური ინიციატივები. აქედან გამომდინარე, ვინც ამბობს, რომ ამას ერთი ადამიანი შეძლებს, ეს არის ან თვითმოტყუება, ან რუსეთის ინტერესების შესაბამისი ნარატივის გამეორება. სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკა მხოლოდ ფულისა და ძალაუფლების გასაძლიერებელ ინსტრუმენტად გადაიქცა. ბაჩიაშვილის საქმეც ამის მკაფიო მაგალითია: ის მძიმე ბრალდებებით დააკავეს, მაგრამ ფული გადაიხადა და გამოუშვეს. ეს იყო პროცესი, რომელიც რეალურად კრიმინალური ალგორითმის წესებით მიმდინარეობდა: უკანონო დაკავება, ფულის მოთხოვნა, ძალადობა და გავლენა სხვადასხვა ინსტიტუტის დონეზე.

წაიკითხე ვრცლად